in

რატომ უნდა იყოთ კვირაში ერთ სამუშაო დღეს „მიუწვდომელი“?

ყველას გვქონია მომენტი, როდესაც ტექნიკური საკითხების გარკვევასა და მოსამზადებელ სამუშაოებს იმდენი დრო დასჭირვებია, ჩვენი უშუალო საქმის გასაკეთებლად არც დრო და არც ენერგია აღარ დაგვრჩენია. ხშირად, წვრილმანების გამო, ძირითად საქმეზე კონცენტრირებას ვერ ვახერხებთ. ვაგზავნით ათეულობით წერილს ელ.ფოსტით, ვპასუხობთ სატელეფონო უამრავ ზარს და SMS შეტყობინებას, დავდივართ გაუთავებელ შეხვედრებზე და ძალიან ცოტა დროს ვუთმობთ კონრეტულ საკითხზე ფიქრს, გადაწყვეტილების მიღებას, „სფიჩის“ მომზადებას, სტატიის დაწერას და ა.შ.

იშვიათია ადამიანი, ეს „სატანჯველი“ რომ არ ეხებოდეს. თუმცა, არსებობს ხალხი, ვინც გამოსავალი იპოვა. ერთ-ერთი ასეთი „იღბლიანი“ ნილ პასრიჩაა. ნილი ახლა ბლოგერი, მწერალი (5 წიგნის ავტორი), ანტრეპრენუარი და სპიკერია. თუმცა, წლების განმავლობაში სრული განაკვეთით მუშაობდა. ბოლოს ამერიკული ჰიპერმარკეტების ქსელის, Walmart-ის ხელმძღვანელობის განვითარების დირექტორი იყო.

ნილ პასრიჩა: მძულს შეხვედრები. ვინიშნავ, ვემზადები, ქვეცნობიერად სულ იქაურ თემაზე ვფიქრობ, ყველგან პატარა-პატარა ჩანაწერს ვაკეთებ. მერე  შევხდებით, ვისაუბრებთ. რომ მგონია, ყველაფერი დასრულდა, ისევ თავიდან იწყება. შეხვედრები. შეხვედრები. შეხვედრები.

Walmart-ში რომ ვმუშაობდი, მთელი დღის მანძილზე უამრავი შეხვედრა მქონდა. როცა კომპანიიდან წამოვედი, ვიფიქრე, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა-მეთქი.თურმე, ვცდებოდი. როცა ბლოგერი, წიგნების ავტორი და სპიკერი გავხდი, იგივე გაგრძელდა: სხვადასხვა კვლევის განხილვა, სატელეფონო ინტერვიუ, ლანჩი ლიტერატურის აგენტებთან და ვებ დეველოპერებთან, „ონლაინ“ კონსულტაციები წიგნის სათაურსა და მისი გამოცემის თარიღებზე, რადიო ინტერვიუები და მედია ორგანიზაციებში ვიზიტი, დაუსრულებელი მოსამზადებელი შეხვედრები ყოველი ლექციის წინ. ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანდა. არა და ჩემი საქმე შემოქმედება და შემოქმედებითი აზროვნებაა. მთავარი პრობლემაც ეს იყო  – ამდენი ტექნიკური საკითხის მოგვარებაში შემოქმედებისთვის დრო, ფაქტობრივად, აღარ მრჩებოდა. ჩვენი ყოველდღიურობა იმდენად საქმიანი და დატვირთულია, ყველას ყურადღებისა და შემოქმედებითი რესურსის დეფიციტი გვაქვს. კონკურენცია იმდენად დიდია, ჩვენგან მხოლოდ ღირებულ იდეებს ელოდებიან. თუ ამას ვერ „გაწვდები“, უბრალოდ, აღარავის სჭირდები. ადრე გამთენიის 4 საათზე ვდგებოდი, ან საერთოდ არ ვიძინებდი და დილის  4- 5 საათამდე ვმუშაობდი. მეგონა, ასე უკეთესი იყო, მაგრამ ამ რეჟიმს დიდხანს ვერ გავუძელი. ერთ დღეს „გადავიწვი“.

და ზუსტად აქ ვიპოვე გამოსავალი . . . 

ასე აღარ ვიქცევი. სახლში რომ მივდივარ, მთლიანად ოჯახს, ცოლსა და ორ არაჩვეულებრივ პატარა ბიჭს ვეკუთვნი. ამ დროს უფრო მნიშვნელოვანი საქმე ან პიროვნება, ჩემთვის, უბრალოდ, არ არსებობს და ყველას იმავეს ვურჩევ. შემდეგ მივხდი, რომ მეტად პრაქტიკული უნდა ვყოფილიყავი: გაცილებით მეტი მემუშავა, უკეთ ვკონცენტრირებულიყავი საქმეზე და სწორად გამენაწილებინა ჩემი დრო და რესურსი. როცა სრულ განაკვეთზე არ მუშაობ და ყოველ დილას ოფისში არ მიდიხარ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულია. ნელ-ნელა ჩემი პროდუქტიულობა მცირდებოდა. ამ საკითხს სერიოზულად განვიცდიდი. ბოლოს, როგორც იქნა, გამოსავალი ვიპოვე და ასე გადავარჩინე ჩემი კარიერა, დრო და თქვენ წარმოიდგინეთ, ფსიქიკური ჯანმრთელობაც კი. კვირაში ერთხელ დავაწესე დღე, როდესაც მე აბსოლუტურად მიუწვდომელი ვარ და დროს მხოლოდ ჩემს ძირითად საქმიანობას ვუთმობ: ვწერ, ვკითხულობ, განვიხილავ წინადადებებს და ვიღებ გადაწყვეტილებას. მაგალითისთვის, ასეთ „მიუწვდომელ“ დღეებში, 10-ჯერ მეტად პროდუქტიული ვარ, ვიდრე მაშინ, როდესაც შემოქმედებით საქმესთან ერთად, ათას წვრილ-წვრილ ტექნიკურ საკითხს ვაგვარებ.

რა არის „მიუწვდომელი დღე“? 

როგორც გითხარით, ასეთ დღეებში მე, სხვა საქმისა და ადამიანებისთვის, უბრალოდ, არ ვარსებობ. „მიუწვდომელ“ დღეს კალენდარში 16 კვირით ადრე ვნიშნავ. ამ ინტერვალით ზუსტად ვიცი, რომ კონკრეტულ რიცხვში რაფერი მაქვს დაგეგმილი და შესაბამისად, ვნიშნავ, როგორც „მიუწვდომელ დღეს“. და როცა ეს ჯადოსნური დღე დგება, მობილური ტელეფონი Airplane Mode-ზე გადამყავს, ლეპტოპში Wi-Fi -ს ვთიშავ, არანაირი ზარი, შეხვედრა, SMS ან „რემაინდერი“. ამ ქვეყნად ხელი არაფერმა არ უნდა შემიშალოს. თავიდან ბოლომდე ვეფლობი საქმეში – მხოლოდ გონება მუშაობს, ვფიქრობ და ვკონცენტრირდები შემოქმედებაზე. ასეთი „მიუწვდომელი დღე“ სავალდებულოა კვირაში ერთხელ.

რა ხდება გადაუდებელ სიტუაციაში?  

მოკლე პასუხი ასეთია – ჩემს შემთხვევაში ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. მაგრამ არსებობს უფრო გრძელი პასუხიც: ამ დღეებში აბსოლუტურად მარტო ვარ, ყველასგან შორს, მართლაც სრულიად მიუწვდომელი. თავიდან ჩემი მეუღლე წუხდა, რომ ვერაფრით მიკავშირდებოდა. ამიტომ, ერთი პერიოდი, შევთანხმდით, სადილის დროს 1 საათით ტელეფონი ჩამერთო. და იცით, რა მოხდა? მისგან შემოვიდა 10 ზარი, მივიღე 17 SMS, საიდანაც 10 „ძალიან საჩქარო“ იყო. მე ამ საკითხების გარკვევა დავიწყე როგორც მერე აღმოჩნდა, გადაუდებელი არც ერთი ყოფილა სამაგიეროდ ჩემი „მიუწვდომელი დღე“ ჩაიშალა. ამიტომ, შევთანხმდით, რომ მას ეცოდინებოდა, სად ვარ და თუ მართლაც რაიმე გადაუდებელი მოხდებოდა, ბოლოს და ბოლოს, იქ მოვიდოდა. ახლა მას ვუგზავნი ხოლმე ფოტოს, სად და როგორ ვმუშაობ და ყოველთვის იცის სად ვარ, რომ თუ მართლაც რაღაც „სასწაული“ მოხდა, ადვილად მომძებნოს, მაგრამ როგორც გითხარით, ჯერ ასეთი საოცარი არაფერი მომხდარა. სამაგიეროდ, ორივე მშვიდად ვართ დღის მანძილზე.

როგორ ვმუშაობ, როცა „მიუწვდომელი“ ვარ?! 

ყველას გვქონია მომენტები, როდესაც სერიოზულ პროექტზე ვმუშაობთ და უცბად, თითქოს, საწვავი გვითავდება, არა პროდუქტიულები ხვდებით, იმედგაცრუება გვიპყრობს. ამ ყველაფერთან საბრძოლველად თითოეულ ჩვენგანს საკუთარი მეთოდი გვაქვს: სპორტულ დარბაზში ვარჯიში, სირბილი, ფეხით სიარული ან, თუნდაც, ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისთვის იმის თქმა, თუ როგორ გვიყვარს ისინი. ანუ ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც ახალი ენერგიით გვავსებს, შემდგ კი საქმეს ვუბრუნდებით. ჩემთვის ზუსტად ასეთია „მიუწვდომელი დღე“. ყველა პრობლემა ან მოსაგვარებელი საკითხი მავიწყდება და მხოლოდ ჩემს To Do List-ზე ვფიქრობ. ჰო, კიდევ ერთი „მიუწვდომელი დღე“ არასოდეს უქმდება. შეიძლება, ვთქვათ, ოთხშაბათიდან ხუთშაბათს გადავიტანო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ „ჩავაგდებ“. როდესაც კალენდარში ამ დღეს წინასწარ ვინიშნავ, გონება სულ ფიქრობს და კონცენტრირდება დაგეგმილ სამუშაოზე. ამ მოცემულობით კი, როდესაც არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს და ტვინიც სულ საქმეზე ფიქრობს, შემოქმედების თვალსაზრისით, ნამდვილად მაქსიმუმს ვაკეთებ.

სანამ ჩემს კალენდარში „მიუვწდომელი“ დღეები გაჩნდებოდა, „წყალს ვნაყავდი“. ვწერდი სტატიებს, სიტყვით გამოვდიოდი, მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო. 2017 წლიდან დავიწყე კვირაში თითო „მიუწვდომელი დღის“ მონიშვნა. ამ დრო მთლიანად შემოქმედებაზე გადავერთე – დავწერე 50 000 სიტყვიანი მემუარი, ჩავწერე და „გავუშვი“ 60 წუთიანი „სფიჩი“, განვიხილე და შევარჩიე ხელსაყრელი ვარიანტიები 3 ახალი წიგნის გამოსაცემად და დავიწყე პოდკასტების „კეთება“. თანაც, ამ პერიოდში ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი და იმაზე მეტ ღონისძიებაზე გამოვდიოდი სიტყვით, ვიდრე სხვა დროს.

და რა მოხდა ერთი წლის შემდეგ? კვირაში ერთის მაგივრად,  ახლა 2 „მიუწვდომელი დღე“ მაქვს“.

წყარო: Harvard Business Review (www.hbr.org)



15 000 000 ნახვა, ანუ „მოკოლენდმა“ „რა ჰქმნა“?!

აპლიკაცია Place, რომელიც სახლის მოწყობაში გეხმარებათ! – IKEA-ს ექსპერიმენტი