in

ანა აბესაძე MSN ჟურნალის „ყველაზე შთამაგონებელ 10 ქალ ლიდერს“ შორის მოხვდა

2026 წლის მაისში ანა აბესაძე დასახელდა MSN ჟურნალის „ყველაზე შთამაგონებელ 10 ქალ ლიდერს“ შორის. MSN არის გლობალური ციფრული მედიაპლატფორმა, რომელსაც ყოველდღიურად ათეულობით მილიონი მკითხველი ჰყავს.

ინტერვიუს საშუალებით, გავეცნობით ანას პროფესიული გზასა და საერთაშორისო გამოცდილებას.

რას ნიშნავს თქვენთვის MSN ჟურნალის 2026 წლის „ყველაზე შთამაგონებელ 10 ქალ ლიდერს“ შორის დასახელება?

დიდ მადლიერებას ვგრძნობ, რომ ჩემი საქმიანობა ასეთ გლობალურ პლატფორმაზე აღიარეს. ამავე დროს, ამ აღიარებას ვუყურებ, როგორც ბევრად უფრო დიდ პროცესს, ვიდრე მხოლოდ ინდივიდუალურ მიღწევას. ის ასახავს წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას, სწავლას, თანამშრომლობას, გამძლეობას და იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც ჩემი გზის ნაწილი იყვნენ: ოჯახი, მეგობრები, მენტორები, კოლეგები და ჩემი სტუდენტები.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრება, რომ ადგილობრივ დონეზე დაწყებულ მნიშვნელოვან საქმიანობასაც შეუძლია გლობალური რეზონანსი ჰქონდეს, თუ ის თანმიმდევრული და მიზანმიმართულია.

როგორც ქართველი ქალისთვის, ჩემთვის ამ აღიარებას დამატებითი მნიშვნელობაც აქვს. იმედი მაქვს, ის იქნება შთაგონება სხვა ქალებისა და ახალგაზრდა გოგონებისთვის, რომლებიც ჩემს გზას აკვირდებიან – განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საკუთარ თავში ეჭვი ეპარება ან ფიქრობს, რომ მათი ოცნებები ზედმეტად მასშტაბურია. თუ ჩემი ისტორია თუნდაც ერთ ახალგაზრდა ქალს უფრო მეტად დააჯერებს საკუთარ თავში, მაშინ ეს აღიარება ჩემთვის კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს.

როგორ ჩამოაყალიბა თქვენმა საერთაშორისო გამოცდილებამ თქვენი ლიდერობისა და თანამშრომლობის ხედვა?

საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, ესტონეთსა და აშშ-ში მუშაობამ ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. თითოეულმა გარემომ განსხვავებული წვლილი შეიტანა იმაში, თუ როგორ ვიგებ კომუნიკაციას, ლიდერობასა და კულტურათაშორის თანამშრომლობას.

სხვა ქვეყანაში ჩასვლისთანავე მომიწია ძალიან დიდი შრომა იმისთვის, რომ პროფესიულად დავმკვიდრებულიყავი. ეს მარტივი გზა არ ყოფილა – იყო ბევრი გამოწვევა, თუმცა თანმიმდევრული შრომისა და გამძლეობის შედეგად, ეტაპობრივად გადავედი გადარჩენიდან განვითარებაზე. ამ გამოცდილებამ ყველაზე მეტად გამზარდა როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულადაც.

ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად ალბათ გამოვყოფდი აშშ-ს, სადაც ძალიან კონკურენტული გარემო დამხვდა და სადაც ყველაზე მეტი ვისწავლე. ეს გამოცდილება დღემდე ახდენს გავლენას იმაზე, როგორ ვაზროვნებ, ვმუშაობ და ვუყურებ შესაძლებლობებს.

აშშ-ში ასევე გავეცანი ე.წ. “Servant Leadership” ლიდერობის მიდგომას, რომელიც ეფუძნება მოსმენას, მხარდაჭერას და ადამიანების ზრდაზე ფოკუსირებას. ამან მასწავლა, რომ ნამდვილი ლიდერობა არ არის პოზიცია ან ავტორიტეტი, არამედ პასუხისმგებლობა, ემპათია და სხვებისთვის განვითარების სივრცის შექმნა. ეს ფილოსოფია დღესაც განაგრძობს ჩემი პროფესიული და აკადემიური საქმიანობის წარმართვას.

თქვენი თანაავტორობით გამოცემული სამი წიგნი გამოიცა ნიუ-იორკში, ლონდონსა და ვანკუვერში. რა თემებს აერთიანებს ისინი?

უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება საოცარი ქალების, ფის მიჩელისა და ქეითი გარნერის მიმართ ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის და ქალების გაძლიერებისთვის მთელ მსოფლიოში. მათი მხარდაჭერისა და რწმენის გარეშე, ვერ შევძლებდი, რომ წიგნის ავტორი ვყოფილიყავი.

წიგნები, რომელთა თანაავტორიც ვარ, ქალებისთვის მნიშვნელოვან თემებსა და პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას ეხება. Women Living Fearlessly-ში, რომელიც ნიუ-იორკში გამოიცა, ვსაუბრობ იმპოსტერის სინდრომზე და მისი მართვის პრაქტიკულ გზებზე, განსაკუთრებით მაღალი მიღწევების გარემოში, სადაც ბევრი ქალი ჩუმად ებრძვის საკუთარ თავში ეჭვებს.

Authenticity and Action-ში, რომელიც ლონდონში გამოიცა, ვწერ გამოცდილებასა და რჩევებზე, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო პროფესიონალი გახდე, რასაც ვისურვებდი, რომ ვინმეს ჩემთვის ადრე გაეზიარებინა.

Begin It Now, რომელიც ვანკუვერში გამოიცა, წარმოადგენს წერილებს ჩემს უმცროს საკუთარ თავთან, სადაც ვაზიარებ გამოცდილებებს, გაკვეთილებსა და რჩევებს ახალგაზრდა ქალებისთვის უფრო პირადი და რეფლექსიური ფორმით.

სამივე წიგნის მთავარი გზავნილი არის თავდაჯერებულობა, ავთენტურობა და გამბედაობა – ქალების წახალისება, ენდონ საკუთარ ხმას, გადალახონ შიდა ბარიერები და იმოქმედონ მაშინაც კი, როდესაც არ არიან ბოლომდე მზად ან დარწმუნებული.

რა გამოწვევებს წააწყდით როგორც ქართველი პროფესიონალი საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ გარემოში?

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ახალგაზრდა ქართველი პროფესიონალისა და ემიგრანტის სტატუსით საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ გარემოში მუშაობა. ზოგიერთ კონტექსტში ეს ნიშნავდა საკუთარი პოზიციისა და სამუშაოს ღირებულების მუდმივად დამტკიცების საჭიროებას.

ამასთან, მცირე ქვეყნიდან ჩამოსვლა გულისხმობდა კონტაქტების, ქსელებისა და აღიარების ეტაპობრივად მოპოვებას და არა უკვე არსებულ სისტემებში ავტომატურ ინტეგრაციას. ეს საჭიროებდა ყოველდღიურ მუშაობას, თვითდისციპლინას და საკუთარი საქმიანობისადმი რწმენას, განსაკუთრებით გაურკვევლობის პერიოდებში.

დროთა განმავლობაში ამ გამოცდილებებმა გააძლიერა ჩემი ადაპტაციის უნარი და ფოკუსი. დღეს ამას ვუყურებ, როგორც საერთაშორისო გარემოში პროფესიული განვითარების პროცესის ნაწილს და არა ბარიერს.

მიგიღიათ თუ არა პროფესიული ჯილდოები ან აღიარებები თქვენი კარიერის განმავლობაში?

დიახ. მქონდა პატივი, მიმეღო რამდენიმე საერთაშორისო პროფესიული აღიარება სხვადასხვა კონტექსტში. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია „პრეზიდენტის ჯილდო მოხალისეობრივი ჩართულობისთვის,“ რომელიც თეთრი სახლის მადლობის წერილთან ერთად გადმომეცა პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს; ასევე „2024 წლის ქალი ცვლილებების აგენტი“ (Woman Changemaker of the Year 2024) ჯილდო GISR Foundation-ისგან; „2024 წლის ლიდერი“ (Leader of the Year 2024) ჯილდო Women Changing the World-ისგან; და „2025 წლის გლობალური გავლენის ჯილდო“ (Global Impact Award 2025) Women Entrepreneur Magazine-ისგან. გარდა ამისა, GESS Education-ის აღიარება განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

რა არის თქვენი სადოქტორო კვლევის ფოკუსი და რა იყო მისი დაწყების მოტივაცია?

ჩემი სადოქტორო კვლევა ეხება საერთაშორისო პროექტებსა და ხელოვნური ინტელექტის გავლენას კულტურათაშორის გარემოში. კვლევა ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს პროექტის მენეჯმენტში, სხვადასხვა კულტურულ და ინსტიტუციურ კონტექსტში.

ამ თემის არჩევა დაკავშირებულია ჩემს გამოცდილებასთან საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში, სადაც დავინახე როგორც შესაძლებლობები, ასევე პრაქტიკული გამოწვევები მრავალკულტურულ გარემოში მუშაობისას.

სადოქტორო კვლევა მაძლევს შესაძლებლობას დავაკავშირო პროფესიული გამოცდილება აკადემიურ კვლევასთან და შევიტანო წვლილი საერთაშორისო თანამშრომლობის უფრო პრაქტიკულ გაგებაში სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ გარემოში.

რა გზავნილს ხედავთ თქვენს გამოცდილებაში ახალგაზრდა ქალებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ?

ჩემი გამოცდილება აჩვენებს, რომ არ არის აუცილებელი დაიწყო განსაკუთრებული უპირატესობებით, რათა შექმნა მნიშვნელოვანი პროფესიული გზა. ჩემი განვითარება ძირითადად ეფუძნებოდა ეტაპობრივ პროგრესს, თანმიმდევრულობასა და გამოცდილებით სწავლას. კარიერულ გზაზე იყო გაურკვევლობის ბევრი მომენტი, თუმცა მთავარი იყო მოძრაობის გაგრძელება, თუნდაც მცირე ნაბიჯებით და მიმართულების შენარჩუნება.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ჩვენ სრულად არ ვიცით, მომავალი რას მოიტანს. ჩემი მიდგომა ეფუძნება იმაზე კონცენტრირებას, რაც ჩემს კონტროლშია: ძალისხმევა, დისციპლინა და კეთილსინდისიერება – და იმის შეგუებას, რაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება.

[პარტნიორის კონტენტი]

„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ – თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

VR Holding-მა ილია თოფურიასთან სტრატეგიული პარტნიორობა დააანონსა