in

ფრენის დასწავლა მიწაზე მყარად სიარულით

photo: Ana Boko for mrktrg

Ladies and gentlemen, welcome onboard Flight 4B7 with service from Hong Kong to San Francisco. We are currently third in line for take-off and are expected to be in the air in approximately seven minutes time. Enjoy your flight.

ანა ჩიქოვანი ბლიც ინტერვიუს რომ ავსებდეს საყვარელ ხმად Boarding announcement-ს, ფავორიტ კერძად — თვითმფრინავში მოტანილ სადილს, ყველაზე კომფორტულ ადგილად კი — აეროპორტის ლაუნჯს მიუთითებდა; გასაკვირი არც უნდა იყოს, რადგან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომელი, რომელსაც 20-ზე მეტი ქვეყანა  უკვე ნანახი აქვს, ცაში ძალიან ბევრ დროს ატარებს.  

ანა ხშირად დაფრინავს, თუმცა მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით;  მისი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები საკმაოდ რაციონალურია; აეროპორტთან დაკავშირებული ბიზნესგეგმები კი — წინასწარ კარგად დაზღვეული  და ამბიციური; ანას კარიერულ მოგზაურობაზე, ტურბულენტური ზონების გავლით და მშვიდობიან დაჯდომებზე  მის შესახებ მომზადებულ პროფაილში წაიკითხავთ: 

Getting ready for a trip 

(ანას თვითშეცნობა და აუცილებლად გასავლელი ეტაპები მთავარ გაფრენამდე)

საკუთარი თავის აღქმაში, ჩემს დამოუკიდებლობაში, თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში მამას დიდი წვლილი მიუძღვის. მიყვარს მამაზე საუბარი. მიყვარს მამაზე საუბარი. სამივე დას თავისუფლების მაღალი განცდით გვზრდიდა და სჯეროდა, რომ ბევრს მივაღწევდით. კარიერულ წარმატებას არ ვგულისხმობ – მნიშვნელოვანია ადამიანი იყოს თვითრეალიზებული, რაც თავისთავად ხდება როდესაც გაქვს საშუალება აკეთო ის რაც გიყვარს, ბოლომდე დაიხარჯო და განვითარდე, ჩემთვის ამ პროცესის სწორედ გავლა არის წარმატება. 

მიყვარს მამაზე საუბარი

სკოლაში მივხვდი, რომ იურიდიული მიმართულებით  მინდოდა სწავლის გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ უფრო ადამიანის უფლებების მიმართულებით წარმომედგინა მომავალი, ჩემი სამუშაო პრაქტიკა უფრო მრავალპროფილური და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. 

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია დავამთავრე და დღემდე ძალიან მიყვარს ეს სკოლა, რომელმაც ბევრი საინტერესო მეგობარი და გამოცდილება შემძინა.  აკადემიის მერე კავკასიის უნივერსიტეტში ჩავაბარე სამართლის მიმართულებით,  მაგისტრატურა კი ამერიკაში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში დავამთავრე. 

photo: Ana Boko for mrktrg

Departure Check-in

(ანა წარმოადგენს პასპორტს და ადასტურებს ვინაობას: ანა ჩიქოვანი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების აღმასრულებელი მენეჯერი)

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მართავს ქუთაისის, მესტიის, ამბროლაურის აეროპორტებს, თბილისისა და ბათუმის აეროპორტები კი სამართავად გადაცემულია TAV ჯორჯიასთვის. როგორც აეროპორტების გაერთიანების  აღმასრულებელი მენეჯერი, იურიდიულ და ბიზნეს განვითარების განყოფილებებს ვხელმძღვანელობ. 

Security Check

(ანას შემოწმება — რამდენად დარწმუნებულია მის ახალ ინტერესებსა და გადაწყვეტილებაში)

საწყის ეტაპზე, ჩემი პროფესიული პრაქტიკა ძირითადად სამართალს უკავშირდებოდა. წლების განმავლობაში იურიდიული განხრით ვმუშაობდი და ბოლო სამსახური ამ მიმართულებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იყო. ამერიკიდან დაბრუნებულმაც ისევ იურიდიული საქმიანობა გავაგრძელე, ამასთან, მინდოდა მიღებული განათლება შესაბამისი მიმართულებით გამომეყენებინა და მეტად ვერთვებოდი დარგობრივ პროექტებში.   ვფიქრობ გამიმართლა, რომ შესაბამის მხარდაჭერას და ნდობას მუდმივად ვიღებდი ხელმძღვანელებისგანაც. მოგვიანებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში გადასვლის შეთავაზებაც მივიღე.

მივხვდი, რომ ტურიზმის მხოლოდ იურიდიული მხარე კი არა, ზოგადად ინდუსტრია მაინტერესებდა

ბავშვობიდან მიყვარდა ხალხმრავალი და დინამიკური ადგილები, აეროპორტი სწორედ ესეთი სივრცეა — აეროპორტი მნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისი ადგილია. მოგზაურობისას, მიყვარს მგზავრების ქცევაზე დაკვირვება. ეს ის იშვიათი მომენტია, როდესაც არსად გეჩქარება, ფრენის მოლოდინის რეჟიმში ხარ და შეგიძლია ფილმის კადრებივით უყურო და დააკვირდე პროცესებს. მას შემდეგ, რაც აეროპორტებს პროფესიულად დავუკავშირდი, ამ ჩვევას საქმიანი დატვირთვაც მიეცა, ახლა კიდევ უფრო საინტერესოა მოგზაურობისას იმ სხვადასხვა დეტალებზე დაკვირვება, რომელსაც დაგეგმვისას აეროპორტი ითვალისწინებს და თვლის. 

Immigration

(ანა ირჩევს ფრენის ახალ მიმართულებებს და 

ამატებს ბეჭდებს პასპორტში)

ცაში გატარებულ საათებს არ ვითვლი, თუმცა აპლიკაცია მაქვს, სადაც იმ ადგილებს ვნიშნავ, სადაც მივდივარ ხოლმე. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს 10 %-მდე მაქვს ნანახი. კონტინენტების მიხედვით, ეს ევროპის 26 %-ია, აზიის 8 % და აფრიკის მხოლოდ 2 %. განსაკუთრებით მომხიბლა იაპონიამ. იაპონიაში მოგზაურობას დიდ გარდასახვად შევაფასებდი. ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ამ მრავალმილიონიანმა და საოცრად ორგანიზებულმა ქვეყანამ თავის უძველესი და განსხვავებული კულტურით, საინტერესო ტექნოლოგიური ინოვაციებით და ხალხით რომელთა მოქალაქეობრივი თვითშეგნება უმაღლეს დონეზეა. 

ზოგადად დიდი ქალაქები მომწონს, ხალხით გადაჭედილი ადგილები, სისწრაფე და დინამიკა

მართალია, სუბიექტურად, მაგრამ მაინც – ჩემი საყვარელი აეროპორტი — ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია. ქუთაისში ხშირად მიწევს წასვლა საქმიდან გამომდინარე.  ერთის მხრივ, აეროპორტს ვაცნობთ დაინტერესებულ ავიაკომპანიებს და მათ წარმომადგენლებს. ამასთან, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის კომერციული ფართების დასატვირთად. ვცდილობთ, რომ დაინტერესებული კომპანიები აეროპორტში ჩავიყვანოთ და ვაჩვენოთ ადგილი რომელსაც წინ დიდი მომავალი და განვითარების გეგმები აქვს. თითქმის არ მახსენდება კომპანია, რომელიც ადგილზე ჩასვლის შემდეგ პოზიტიური გადაწყვეტილებით არ მოგვიბრუნდა. სწორედ ახლა დავდეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტთან (duty free) დაკავშირებით. 

გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით,  ვიზეარს ქვეყანაში პირველი ადგილი უჭირავს. იაფი ფრენების ბიზნეს მოდელი, რამდენიმე სტრატეგიულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, მათ შორის მნიშვნელოვანია: დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ყიდულობს უახლეს და ენერგოეფექტურ ხომალდებს, რითაც საწვავის ხარჯს ზოგავს,  აჰყავს კვალიფიციური პროფესიონალები და მათ ტრენინგზე ეკონომიას არ აკეთებს; ინარჩუნებს ერთგვაროვანი ხომალდების ფლოტს, რომელთა კონფიგურაცია გათვლილია მეტი მგზავრის განთავსებაზე და მთავარი – ასეთი ავიაკომპანიების შემოსავლების უმნიშვნელოვანეს წყაროს დამატებითი სერვისები წარმოადგენს (მაგალითად, ბორტზე ადგილის შერჩევა, ბარგი, რეგისტრაცია აეროპორტში და ა.შ.) დაბალბიუჯეტურ კომპანიებს უმნიშვნელოდ პატარა გადაცდომაც კი, საკმაოდ ძვირი შეიძლება დაუჯდეთ რეპუტაციულად, შესაბამისად, არ უღირთ კადრების კვალიფიკაციასა ან უსაფრთხოებაზე თანხის დაზოგვა და გარისკვა. მათი მიზანია, რომ ჩამოთვლილი გზების საშუალებით მოახდინონ შემოსავლების გენერირება.  უსაფრთხოებაში ეკონომია არ არის ასეთი ავიაკომპანიების მუშაობის პრინციპი — ამიტომ, ისეთივე სანდოა იაფი ფრენები, როგორც მაღალი კლასის; 

photo: Ana Boko for mrktrg

Boarding

(ანა უკვე ბორტზეა და მიფრინავს) 

ემოციურსა და რაციონალურს შორის, ალბათ უფრო რაციონალური ვარ. უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ტურბულაციები ჩემს პროფესიულ ცხოვრებას ნაკლებად ახლავს, მაგრამ თუკი რამემ “შემანჯღრია” ეს 7 წლის წინ იყო. სფეროს ცვლილება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოწვევა იყო: რადიკალური სიახლეების მთელი ციკლი, გუნდზე აღებული პასუხისმგებლობა, სიახლეები რომელიც არ სრულდებოდა; მე და ჩემს გუნდს მკაცრი სუბორდინაციული სტრუქტურა არ გვაქვს, საკითხებზე ერთად ვმსჯელობთ და ვცდილობთ მიღებული გადაწყვეტილებები გუნდური მუშაობის შედეგი იყოს. გამიმართლა, რომ გვერდში მყავს მოტივირებული პროფესიონალები, რაც სამუშაო პროცესებს საინტერესოს და შედეგიანს ხდის. 2eu

თუმცა, როგორც ყველა ტურბულაციამ ამანაც მშვიდად გაიარა; ფრენა შეიძლება ხანგრძლივი და დამღლელი იყოს, მაგრამ მე მიყვარს თვითმფრინავში “მოშინაურება”, კითხვა, მუშაობა, სიმყუდროვის პოვნა. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც – ყველა რთულ სიტუაციას შეიძლება უპოვო გასაღები, მთავარია შეინარჩუნო მოტივაცია და ჩადო ძალისხმევა. დიდ ფრენებს ყოველთვის რაღაც საინტერესო მოჰყვება.

Arrival

(ანა ირჩევს დაბრუნების ადგილს – ყოველთვის საქართველო) 

დაბრუნება ძალიან მიყვარს. აეროპორტში დაჯდომისთანავე უნდა იგრძნო იმ ქვეყნის ატმოსფერო, სადაც ჩამოხვედი და ამის მნიშვნელოვანი ნაწილი, აეროპორტის თანამშრომლები არიან. ჩვენ ვცდილობთ, რომ თითოეული მგზავრისთვის მოგზაურობა და აეროპორტში გატარებული დრო დადებითი ემოციებით იყოს დატვირთული. ბრუნდები და მოგაქვს თავგადასავლები, მოსაყოლი ამბები, სუვენირები — აეროპორტი ის ადგილია, სადაც გარკვეულწილად სტრესული პროცესი მგზავრმა მშვიდად და კომფორტულად უნდა გაიაროს. დაბრუნებისას პირველ რიგში მიყვარს ჩემი ოჯახისთვის და დებისთვის შთაბეჭდილებების გაზიარება, ყოველთვის ვცდილობ უცხო ქვეყნიდან რაიმე სამახსოვრო, მაგრამ გამოყენებადი ნივთი ჩამოვიტანო, როგორც ამ ქვეყნის პატარა სამახსოვრო ნაწილი. 

photo: Ana Boko for mrktrg

ისეთი დიდი ქალაქებიდან როგორიც ნიუ-იორკი ან ტოკიოა სხვანაირად დამუხტული ბრუნდები. ჩემს ხასიათს, სიახლეებისკენ მისწრაფებას, ამ ქალაქების ტემპი ძალიან ემთხვევა. იქაური რიტმი და დინამიკა  არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. მუდმივ კონკურენციაში ხარ და ხვალისთვის ვერაფერს გადადებ. მოგზაურობის ხიბლი უცხო კულტურების აღმოჩენასთან ერთად, ჩემთვის სწორედ ეს არის — უცხო გარემო საშუალებას გაძლევს საკუთარი თავიც უკეთ შეიცნო.   

ამის მერე ქუთაისი პატარა ხომ არ არის შენთვის?

ქუთაისის აეროპორტში ამჟამად 30-მდე საერთაშორისო ფრენა სრულდება – აქედან 22 მიმართულება ევროპულია. დიდი მხარდაჭერა და ჩართულობა გვაქვს ამ მიმართულების განვითარებაში ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ვმუშაობთ სისტემურად და თანმიმდევრულად ტურიზმის სტრატეგიისა და ხედვების გათვალისწინებით.

მე ზომას არა — მოვლენების განვითარებას ვგულისხმობ

ქუთაისის აეროპორტი, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია – წლიურად საშუალოდ 30%-ით იზრდებოდა პანდემიამდე და ახლაც ამ ტემპს მივყვებით. არამხოლოდ აღდგენილია მგზავრთა ნაკადისა და რეისების რაოდენობა თვიურ ჭრილში, არამედ გვაქვს მატება. გვეამაყება ეს შედეგები, მაგრამ არ ვჩერდებით, წინ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს, ამიტომ ქუთაისის აეროპრორტისთვის მუშაობა ჩემთვის საინტერესო გამოწვევებით და სიახლეებით სავსე პროცესია. 

შესაბამისად, შენს სამომავლო გეგმებში საქართველოში დარჩენა იგულისხმება?

განმიხილავს უცხო ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობა, თუმცა ღრმად მჯერა რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალი ახალგაზრდები ქვეყანაში დარჩნენ, თუ ამის საშუალება აქვთ. ამაშიც ალბათ გამიმართლა, რომ მაქვს საშუალება დავრჩე სამშობლოში და ჩემი ენერგია და ცოდნა მას მოვახმარო. ჩემი სიყვარული საქმის მიმართ და ენთუზიაზმი, ალბათ, სწორედ იქიდან მოდის, რომ ამას საკუთარი ქვეყნისთვის – ჩემი ოჯახისთვის ვაკეთებ. შესაბამისად, ძალიან მინდა, რომ ჩემს  შორეულ სამომავლო გეგმებში საქართველოში დარჩენა იგულისხმებოდეს. 

ამისთვის გჭირდება, რომ ქუთაისის აეროპორტი რაღაცით მაინც ჰგავდეს იაპონიის აეროპორტებს? 

აეროპორტების მასშტაბებიდან გამომდინარე რთულია ამ შედარების გაკეთება, თუმცა მიზნები დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს; აეროპორტების გაერთიანების მთელი გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ აეროპორტში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები იყოს დაცული, ხარისხი უნდა იგრძნობოდეს ყველა ნიუანსში, მიუხედავად იმისა ვსაუბრობთ ტოკიო ნარიტას აეროპორტზე, თუ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე. იმედი მაქვს მალე მოხვდებით განახლებულ ქუთაისის აეროპორტში და ამას თავად ნახავთ. 

იღბლიანი ხარ, ხომ?

ხშირად ვარ ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებისა და სამყაროს მიმართ მადლიერი, ამიტომ ვთვლი, რომ ბევრ რამეში იღბლიანი ვარ ნამდვილად.

Amazon-ის Alexa თქვენს კითხვებზე პასუხისას რეკლამებს შემოგაპარებთ!

Audi R8-ს ახალი თაობისთვის ამზადებს