11
Sep
2019

მეტაფორები, რომლებიც აზროვნებას გვიცვლის – ანა ჩხაიძე

11 Sep 2019

თქვენი არ ვიცი და მე, ასაკის მატებასთან ერთად, ნელ-ნელა დავეწიე ფრთიან ფრაზებს. რამდენიმე მოხერხებულ სიტყვაში ჩატეული სიბრძნე ადრე პროტესტის გრძნობას მიჩენდა, თუმცა მეტ-ნაკლები ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებასთან ერთად, აზრი ნელ-ნელა შევიცვალე.

ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება არის „ხალხი ბრძენია“ (ცხადია, ხალხისვე აზრით). ეს ფრაზა შემთხვევით არ ამომიჩემებია. მეცნიერებას რომ “აკეთებ”, ხშირად შენს საკვლევ კითხვებზე პასუხი ინტუიტიურად ცხადია ხოლმე. რიცხვებში რომ გაზომავ და სტატისტიკურად გაამყარებ ამ პასუხს, ლაბორატორიაში შამპანურს ხსნით (და ზოგჯერ სტოკჰოლმიდან ზარსაც ელოდებით), მეგობრებს რომ აღტაცებით უყვები კიდევ – ეს ხომ ისედაც ცხადი იყოო, გეუბნებიან. მოკლედ, ხშირად მეცნიერება იმ თეორიების დამტკიცებაა, ხალხმა რომ იცოდა “before it was cool” და ფრთიან ფრაზებად გვისახსოვრა, ანუ “ხალხი ბრძენია“.

ერთ-ერთი  ასეთი მეცნიერებით გამყარებული ლამაზი ფრთიანი “ხალხური იდეაა”, რომ ენა სუპერძალაა და ადამიანებზე იმდენად დიდი გავლენა აქვს, რომ “ენით ვიკოდებით”, “იმდენი ადამიანი ვართ, რამდენი ენაც ვიცით” და ა.შ.

ადამიანის ენა საინტერესო ფენომენია. როგორღაც ვახერხებთ, რომ კომპლექსური იდეები არაცხადი კომუნიკაციის არხით გავცვალოთ ხოლმე. ბგერითი ტალღების ნეირონულ სიგნალებად გარდაქმნით აზრი როგორ იბადება, ამაზე “ბრიტანელი მეცნიერები” ჯერაც ტვინს იჭყლეტენ.

ბოლო წლებში დადასტურებული “განსხეულებული სიმულაციის” თეორიის მიხედვით, ჩვენთვის ნათქვამ წინადადებაში აღწერილი ქმედების აღქმისას ჩვენს ტვინში ის უბნები აქტიურდება, რომელთაც ამ ქმედებების რეალურად განხორციელებისას ვიყენებთ. ანუ საყველპურო ენაზე რომ ვთქვათ – თუ მეტყვით, რომ კვერცხი უნდა შეწვათ, ამით ჩემს ტვინში ზუსტად იმ ნეირონებს გაააქტიურებთ, რომლებიც გააქტიურდებოდა მართლა რომ ვწვავდე კვერცხს.

ადამიანისთვის მნიშვნელოვან ცნებათაგან ბევრი აბსტრაქტულია, რომელთაც ვერ ვხედავთ და ვერ ვეხებით. მაგალითად, ურთიერთობები, იდეები, დრო – ეს ის ცნებებია, რომლებზეც ძალიან ბევრს ვფიქრობთ და მათ მოსახელთებლად ენობრივ ხრიკებს, კერძოდ კი, მეტაფორებს ვიყენებთ ხოლმე. შევთანხმდით, რომ კონკრეტული წინადადებების გასააზრებლად მათ სიმულაციას ვიყენებთ. როგორ ვიაზრებთ აბსტრაქტულ ცნებებს?

“განსხეულებული სიმულაციის თეორია” ლოგიკურად უკავშირდება “კონცეპტუალური მეტაფორების თეორიას”, რომლის მიხედვითაც აბსტრაქტულ ცნებებს “განსხეულებული მეტაფორებით” ვიაზრებთ. ამ ორი თეორიის გაერთიანებით ვიღებთ ერთგვარ აზროვნების – პარადიგმას: აბსტრაქტულ იდეებს კონკრეტული სიტყვებით აღვწერთ, რომელთა გასააზრებლადაც მენტალურ სიმულაციას ვიყენებთ.

ამ, ერთი შეხედვით, აბსტრაქტულ მეცნიერულ თეორიას ძალიან საინტერესო პრაქტიკული გამოვლინება აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, თითქმის შეუძლებელია, რომ ვისაუბროთ დროზე, სივრცისა და მოძრაობის ხსენების გარეშე: დრო მიდის, “დედლაინი ახლოვდება”, წარსული უკან ჩამოვიტოვეთ და ა.შ. დროის სივრცეში გადაადგილება განსხვავებულია სხვადასხვა კულტურებში, მაგრამ თითქმის ყველა კულტურა სივრცით იხელთებს დროს. აღმოჩნდა, რომ მეტაფორები აზროვნებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესსაც განაგებს.

2017 წელს „Trends in Cognitive Sciences”-ში გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია, რომელიც მიმოიხილავს ენობრივი მეტაფორების გავლენას ადამიანის ფიქრისა და აზროვნების ფორმირებაზე. სტატიაში განხილულია ათეულობით სამეცნიერო კვლევა, რომელიც სხვადასხვა ექსპერიმენტული მანიპულაციით გვიჩვენებს, თუ რამხელა ძალაუფლება აქვს ენას ჩვენზე და როგორ ძერწავს ადამიანის ფიქრებს, რწმენებსა და ქმედებებს. ამ კვლევებიდან რამდენიმე განსაკუთრებით მომეწონა და თქვენც გაგიზიარებთ – იქნებ, ეს სამეცნიერო შედეგები დაგვეხმაროს უკეთ ვმართოთ ჩვენი რესურსები, ვისწავლოთ სწორ და ჭეშმარიტად აქტუალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება (და გამახვილებინება) და ეფექტური კომუნიკაციის მიღწევები უკეთეს  მენეჯმენტად, კანონმდებლობასა და სოციალურ რეფორმებად ვთარგმნოთ.

  • მეტაფორები, რომლებიც ჩვენს აზროვნებას ძერწავს

კლიმატის ცვლილება, ვაქცინაცია, ავადმყოფობა, დანაშაული, ნარკოტიკი, სიყვარული – ეს ცნებები ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. Facebook-ის ერთი “ჩამოსქროლვისას”, თითოეულის შესახებ არაერთი პოსტი შეგხვდებათ. ხალხის დამოკიდებულება ამ ცნებებისადმი კი ცვლადია იმის მიხედვით, თუ რომელ ლინგვისტურ მეტაფორას ვიყენებთ მათზე საუბრისას – ამ ფენომენს “ფრეიმის გავლენა” ჰქვია და ეს გავლენა არაერთი სამეცნიერო კვლევითაა დადასტურებული.

  • მეტაფორები სოციალური ცვლილებისთვის

ერთ-ერთი  ექსპერიმენტი იკვლევდა, თუ რა გავლენა აქვს მეტაფორებს ადამიანების ქმედებაზე, როდესაც ისინი ცდილობენ კრიმინალთან დაკავშირებული სოციალური პრობლემების გადაჭრას. მკლვევარებს აინტერესებდათ, განსხვავებული მეტაფორების გამოყენება შეცვლიდა თუ არა ადამიანების დამოკიდებულებას კრიმინალის მიმართ და შესაბამისად, მასთან ბრძოლის გზებს. იდენტური დანაშაული ერთ შემთხვევაში “მხეცის თავდასხმად”, ხოლო მეორეში – “ვირუსის მიერ ინფიცირებად” აღწერეს. აღმოჩნდა, რომ ცდის პირები კრიმინალის შემცირების განსხვავებულ სტრატეგიას ირჩევდნენ იმის მიხედვით, დამნაშავე მხეცი იყო თუ ვირუსი. მხეცის შემთხვევაში, პრობლემის მოგვარების გზა სასჯელი იყო, ვირუსის შემთხვევაში კი კანონმდებლობის რეფორმა. ამ კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიგნება ის იყო, რომ ამ გავლენას ცდის პირები ვერც იაზრებდნენ და თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზად არა მოქმედ პირს, არამედ ამბავში მოყვანილ სტატისტიკას ასახელებდნენ.

ამ მაგალითში, საკმარისად დაკვირვებული თვალი, იმის ერთგვარ სამეცნიერო დასტურს ამოიკითხავს, რომ ‘სიტყვას (მართლაც) ძალა აქვს’ და ეს ძალა შეგვიძლია პოზიტიური სოციალური ცვილებებისთვის გამოვიყენოთ.

  • მეცნიერების კომუნიკაცია: როგორ ვებრძოლოთ მეტაფორებით კლიმატის ცვლილებას?

აქ და ახლა, დედამიწაზე, ყველანი ომში ვართ. “ზამთარი  მოდის” და კლიმატის ცვლილებას ვებრძვით. ეს საკითხი თუ უკვე ისედაც გაღელვებთ, დიდი ალბათობით თქვენი ქცევა უცვლელი იქნება იმის მიუხედავად, თუ რა მეტაფორებით აღვწერთ ამ პრობლემას. მაგრამ  აღმოჩნდა, რომ ხალხის კლიმატის ცვლილებისადმი დამოკიდებულება იცვლება იმის მიხედვით, თუ რა სიტყვებით ვლაპარაკობთ ამ თემაზე.

იმისთვის, რომ კლიმატის ცვლილების ვირწმუნოთ, სამეცნიერო კვლევების შედეგებს უნდა გავეცნოთ. შემდეგ, ამ ცვლილებების ვიწამოთ და მათი გავლენით ჩვენი ყოველდღიური ქცევები შევცვალოთ. თითქოს მარტივი ფორმულაა, მაგრამ ხშირად სამეცნიერო კვლევები ჟარგონებითაა გაჯერებული, რომლებიც ყველაზე მონდომებულ მკითხველსაც კი უკლავს სტატიის ბოლომდე წაკითხვის მოტივაციას. მოკლედ, პირველ რიგში, საზოგადოებასთან მეცნიერების სწორი კომუნიკაცია გვჭირდება. სოციალური მეცნიერები აქტიურად იკვლევენ მეცნიერების კომუნიკაციის პრობლემებს და აღმოაჩინეს, რომ ენასა და “ფრეიმის გავლენას” დადასტურებულ ფაქტებზე უფრო დიდი ძალა აქვს.

დღეს, 2019 წელს “ბრტყელი დედამიწის საზოგადოების” ოფიციალურ Facebook-ის გვერდს 200 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ეს ფაქტი კარგი მაგალითია იმისა, რომ უტყუარი სამეცნიერო მტკიცებულებებიც კი არ არის ხალხისთვის საკმარისი არგუმენტი (მართალია! თქვენი თვალით გინახავთ რომ მრგვალია? ნასაში აფერისტები მუშაობენ. აპოლო 11 საჰარაში დაჯდა…. კარგი, უკაცრავად).

შესაბამისად, სამეცნიერო ფაქტების მიწოდებაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ მივაწვდით ამ ფაქტებს. პრობლემა ფაქტებთან წვდომის ნაკლებობა არ არის. პრობლემა ისაა, რომ ეს ფაქტები არასწორი კომუნიკაციითაა მიწოდებული. ლინგვისტური “ფრეიმებით” შეგვიძლია, რომ ადამიანის ყურადღება იდეებისა და რთული კონცეპტების ამა თუ იმ მახასიათებლისკენ მივმართოთ. ბიოლოგი ენდრიუ თალერი სტატიაში “When I talk about climate change, I don’t talk about science” არ საუბრობს სამეცნიერო ფაქტებზე, არამედ მკითხველი აუდიტორიისთვის ცხადად გასაგებ და მნიშვნელოვან საკითხებს ეხება: თევზაობას, წყალდიდობას, რწმენასა და მომავალს. ამ  საკითხებს იყენებს გლობალურ დათბობაზე სალაპარაკო მედიუმად. ამით მას აბსტრაქტული კონცეპტი “გლობალური დათბობა” ადამიანის ყოველდღიურობაში შემოჰყავს.

კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას “ფრეიმის გავლენა” შეგვიძლია გამოვიწვიოთ დროის სხვადასხვა მონაკვეთებზე აქცენტირებით. ფსიქოლოგებმა მეთიუ ბოლდუინმა და იორის ლამერსმა ცდის პირების ნაწილს წააკითხეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მესიჯები, რომლებიც წარსულ დროზე იყო ორიენტირებული (“..ადრე ნაკლები საცობი იყო”), დანარჩენებს კი – მომავალზე (“სამომავლოდ მეტი საცობი იქნება”).

აღმოჩნდა, რომ ცდის პირები, რომლებიც თავს კონსერვატორებად მიიჩნევდნენ, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას მეტად აუცილებელს მიიჩნევდნენ, როდესაც წარსულზე ორიენტირებულ მესიჯებს კითხულობდნენ. ლიბერალები კი პირიქით – მომავალზე ორიენტირებული “ფრეიმის” წაკითხვის შემდეგ ტეხდნენ განგაშს.

ხშირად, კლიმატის ცვლილებაზე სწორედ მომავლის არგუმენტებით ვსაუბრობთ. ამ კვლევის შედეგები კი გვაჩვენებს, რომ შეიძლება “მომავალზე ორიენტირებული” მიდგომა სულაც არ იყოს უნივერსალურად ეფექტური.

არ არსებობს “ფრეიმინგის” უნივერსალური ფორმულა ან უნივერსალური მეტაფორა, რომელიც ყველა სიტუაციას მოერგება. მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის დამყარებისას ვიცნობდეთ აუდიტორიას. თუმცა როცა არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ და აუდიტორიასაც არ ვიცნობთ, ზემოთ ნახსენები და სხვა მრავალი სამეცნიერო კვლევა დაგვეხმარება, რომ მეტაფორებით გზა გავიკვლიოთ და აუდიტორიის ფიქრები მოვიხელთოთ.

ყოველგვარი მეტაფორებისა და  მიკიბვ-მოკიბვის (ეს ბოლო იყო)  გარეშე რომ ვილაპარაკოთ, მოცემულ მომენტში გვაქვს მყარი საფუძველი (არა, ეს იყო ბოლო) ვივარაუდოთ, რომ მეტაფორა ძერწავს (…)  და აყალიბებს ჩვენს ცნობიერებას. ახლა კი ამ ცოდნის გამოყენება უნდა დავიწყოთ.

 

ანა ჩხაიძე – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი 

განხილვა