in

ანა ჩუბინიძე: „ანიმირება ილუზიონისტის ფოკუსებს ჰგავს“

პერსონაჟებსა და ნივთებს კამერის წინ ისე ვამოძრავებთ, რომ ანიმატორის კვალი შეუმჩნეველი დარჩეს და მაყურებელს მხოლოდ იმ სამყაროს არსებობის სჯეროდეს, რომელსაც მათთვის ვქმნით.

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა: 

ანა ჩუბინიძე, ანიმაციური ფილმების რეჟისორი – 

M: ანა, როგორია, რას გულისხმობს ანიმაციური ფილმების რეჟისორის პროფესიული საქმიანობა?

ანიმაციური ფილმის შექმნა საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და მრავალფეროვანი პროცესია. ალბათ, ყველა რეჟისორს თავისებური მუშაობის სისტემა და ყოველდღიურობა აქვს. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი იდეიდან იწყება. შემდეგ ვმუშაობ პერსონაჟებზე, სცენარსა და კადრირებაზე. ვეძებ ვიზუალურ სტილს, ფერებსა და ფორმებს. მუშაობის პროცესში უამრავი ადამიანის აზრს ვისმენ და მათ რჩევებს ვიზიარებ. შემდეგ, როდესაც უკვე ანიმაციის იდეა და სტილი ჩამოყალიბებული მაქვს, ვცდილობ, ვიპოვო გზა, რომ ძლიერი ჯგუფი შევკრა და მათთან ერთად შევუდგე თითოეული კადრის გაცოცხლებას.

ანიმირება ილუზიონისტის ფოკუსებს ჰგავს. პერსონაჟებსა და ნივთებს კამერის წინ ისე ვამოძრავებთ, რომ ანიმატორის კვალი შეუმჩნეველი დარჩეს და მაყურებელს მხოლოდ იმ სამყაროს არსებობის სჯეროდეს, რომელსაც ჩვენ მათთვის ვქმნით. ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი ეტაპია. ძალიან მომწონს, როდესაც გუნდთან ერთად ვმუშაობ, ყველას ერთი იდეის გვჯერა და მისი ხორცშესხმა გვახარებს და აღგვაფრთოვანებს.

M: და რა უნარ-ჩვევები/ცოდნაა საჭირო შენს პროფესიაში? შესაძლებელია აკადემიური განათლების გარეშე ანიმაციის კეთება?
რა თქმა უნდა, პროფესიული განათლება და გამოცდილება ამ საქმეში სასურველია, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარია, რეჟისორს (ადამიანს) ანიმაციური ფილმის გადაღების ძლიერი სურვილი ჰქონდეს, სჯეროდეს საკუთარი იდეის და არ აბრკოლებდეს წინაღობები. ნებისმიერი არსებული ფილმი ხომ თავდაპირველად ერთი ადამიანის თავში გაჩენილი პატარა იდეიდან მოდის? ამიტომ, ვფიქრობ, რეჟისორისთვის მთავარი საქმის ბოლომდე მიყვანის უნარია და ცოდნა იმისა, რომ ჭეშმარიტ მონდომებას შედეგამდე (მიზნამდე) მივყავართ.

M: ცოტაოდენი საკუთარ გამოცდილებაზეც გვიამბე… რამ განაპირობა ამ სფეროსადმი შენი ინტერესი?
პატარა ვიყავი, ბებოსთან ერთად რომ ვხატავდი ხოლმე. ამაზე მეტად არაფერი მიყვარდა. ძალიან მომწონდა ბებოს ნამუშევრები და მიხაროდა, როცა პირიქითაც ხდებოდა – მას ჩემი ნახატები ელამაზებოდა.

7 წლის ვიყავი, როცა დედამ ხატვის წრეზე ზაზა კობახიძესთან მიმიყვანა. ზაზა აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, მომცა საფუძვლიანი ცოდნა და ამ საქმის სიყვარულიც მასწავლა. აქ გატარებული თითოეული დღე ახალი გამოცდილება და თავგადასავალი იყო. გრაფიკა ლევან ლონდარიძემ შემაყვარა. გამიმართლა, რომ საუკეთესო პედაგოგები შემხვდენ.

შემდეგ უკვე სხვადასხვა კურსი გავიარე ილუსტრაციისა და დაზგური გრაფიკის მიმართულებით, დავამთავრე არქიტექტურის ფაკულტეტი.

ისტორიებისა და პერსონაჟების შექმნა გამომცემლობაში ილუსტრატორად მუშაობისას დავიწყე. ამ ყველაფერმა ისე გამიტაცა, ვეღარ წარმომედგინა ჩემი ცხოვრება წიგნებისა და ანიმაციური ფილმების შექმნის გარეშე და დღემდე ასე ვარ.

M: რას ეტყვი იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ პროფესიულ სურვილებში გაერკვნენ  და სურთ ანიმაციის კეთება… თუმცა კი, არ იციან, საიდან, რით სჯობს დაწყება… რას ურჩევ მათ?
ყველას, ვისაც ეს საქმე აინტერესებს, ვურჩევ, არ დაელოდონ, როდის შეძლებენ კარგი კამერის ან კომპიუტერის შეძენას, სტუდიის ქირაობას, განათლების მიღებას, ან ახალი პროგრამის შესწავლას. ეცადონ, თავიანთი იდეების განსახორციელებლად ისეთი მარტივი გზები იპოვონ, რომლებიც იმ დღესვე და იქვეა შესაძლებელი. თუ შედეგი არ დააკმაყოფილებთ, ახალ ცოდნასა და გამოცდილებას მიიღებენ. ეს ჩემი დაკვირვებით ვისწავლე და საკუთარ თავსაც ვურჩევ, რომ არასდროს დამავიწყდეს.

M: რაც შეეხება გარე გამღიზიანებლებთან გამკლავებას, პანდემიამ შენზე რა გავლენა იქონია? რა შეცვალა შენს სამუშაო პროცესში?
ჩემი ცხოვრება პანდემიამდეც თითქმის ასეთივე იყო, როგორიც ახლაა. მაგრამ მთავარი, რაც პანდემიისას შეიცვალა ისაა, რომ საშუალება მომეცა, განვმარტოებულიყავი, ბევრი მეფიქრა და სიმშვიდეში მემუშავა – ეს ჩემი პროფესიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, სწორედ ამის დანაკლისს განვიცდიდი. აღმოჩნდა, რომ დაბრკოლებები და შეზღუდვები ჩემს საქმეში საჭიროა. სწორედ ამ დროს მივდივართ რაღაც სიახლისა და საინტერესოს აღმოჩენამდე. პანდემიამ ჩემს პროდუქტიულობას ხელი შეუწყო და ბევრი ახალი გამოცდილება მომიტანა.

M: არის მომენტი, როცა ცხადად გრძნობ, რომ ეს ზუსტად ის საქმეა, რომელიც ნამდვილად გინდა და გიყვარს? ყველაზე უფრო როდის ამაყობ ხოლმე, რომ ანიმაციური ფილმების რეჟისორი ხარ?
ვფიქრობ, ანიმაციური ფილმის შექმნა ის საქმეა, სადაც პროცესი და გზა უფრო საინტერესო და ხანგრძლივია, ვიდრე ის პატარა შედეგი, რომელსაც ეკრანზე ვხედავთ.

ბავშვობაში, როდესაც ანიმაციებს ვუყურებდი, ყოველთვის ვოცნებობდი, ეკრანის მეორე მხარეს აღმოვჩენილიყავი… იმის ინტერესი არ მასვენებდა, გამერკვია, როგორ იქმნებოდა ეს ყველაფერი. დღეს, შემიძლია, მე ვიყო ადამიანი, რომელიც სხვა ბავშვებს ამ ცნობისმოყვარეობას დაუკმაყოფილებს და ამ ჯადოსნურ სამყაროში ჩაახედებს. როცა ამ პროცესს ადამიანებს ვუზიარებ, მათი რეაქციები და შეფასებები დიდ სტიმულს მაძლევს. ყველაზე მეტად კი მაშინ ვამაყობ, როცა ჩემი ანიმაციური ფილმი მაყურებელს მოსწონს, განსაკუთრებით, ბავშვების უკუკავშირი მახარებს.

M: მას შემდეგ, რაც ცხოვრება ამ პროფესიას დაუკავშირე, რა ტაქტიკები გამოგიმუშავდა, სამუშაო პროცესს რომ გიმარტივებს?
ანიმაციის შექმნას ძალიან დიდი ნებისყოფა სჭირდება. ხანდახან უამრავი დაბრკოლება ჩნდება და გეჩვენება, რომ მეტი აღარ შეგიძლია. ამ დროს, მთავარია, გამახსენდეს – ეს საქმე ავირჩიე იმიტომ, რომ მიყვარს და მხოლოდ მაშინ აქვს ამ ყველაფერს აზრი, როცა კეთებისას სიამოვნებას ვიღებ. ეს გაფიქრება დიდ ძალას მაძლევს. ამ დროს, ყველა წინაღობა ქრება. ვიჯერებ, რომ ბოლოშიც მარტივად გავალ და როგორც წესი, მართლაც ასე ხდება ხოლმე.

M: რა რესურსების გამოყენებაა აუცილებელი შენს პროფესიაში… აი, მათ გარეშე რომ ვერ გადარჩები, ეგეთი…
ალბათ, მთავარი, რის გარეშეც ამ პროფესიაში ვერ გადარჩები, ამ საქმის კეთების სურვილი და სიყვარულია. თუ ეს ყველაფერი გაქვს, შრომას არ შეწყვეტ, ყველა რესურსსა და წყაროს თავისთავად მიაგნებ და იდეას განხორციელებამდე მიიყვან.

“ხელსაწყო” – დავით კუხალაშვილის სურათების სერია, როგორც ადამიანების მართვის სიმბოლო

ქალაქების კოლოსალური წონა მათ ჩაძირვას იწვევს