in

„ხელით შექმნილი ანიმაცია ხელოვნების მწვერვალია“ — ანა ჩუბინიძე

წარმოიდგინეთ, ოთახში შუქები ჩამქრალია, თქვენ პატარა ხართ და ზამთრის სიცივის ფონზე საბანში კომფორტულად ეხვევით, ბებია კი სანთლის შუქზე საკერავ მანქანას უზის, ზეიმისთვის კაბა რომ შეგიკეროთ… ეს სასიამოვნო მოგონება ანიმაციური ფილმების შემქმნელ და ილუსტრატორ ანა ჩუბინიძეს ეკუთვნის, რომელმაც შთაგონებაზე საუბრისას პირველი სწორედ ბებო გაიხსენა; ადამიანი შემოქმედებითი შესაძლებლობებით, თვითნასწავლი მხატვარი და მკერავი, რომელმაც პატარაობიდანვე შეაყვარა ანას „ხელით ქმნადობა“.

ზოგადად, ბევრი ჩვენგანის ინსპირაცია ხომ ბავშვობიდან იღებს სათავეს — აი, მაშინ, როცა ყველაფერს ღრუბელივით ვისრუტავთ და ჩვენი ცხოვრების ტრაექტორიასაც იმის მიხედვით განვსაზღვრავთ, რითაც ვივსებით. მხატვრობის სიყვარულს თან დაერთო ანიმაციით დაინტერესება, რაც ყველა პატარისთვის მეტ-ნაკლებად ბუნებრივი მომენტია: ერთხელ მაინც ყველას გვიოცნებია, ანიმაციის პერსონაჟები ვყოფილიყავით და ამ რეალობიდან იმ, ყველაზე მშვენიერ სამყაროში გადავსულიყავით. „ანიმაცია პატარაობიდან მიყვარდა და საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით, ყველაფერს ვაკეთებდი ამ მიმართულებით. მაგალითად, პლასტილინისგან ვძერწავდი პერსონაჟებს. პატარ-პატარა ანიმაციებს ვაკეთებდი, პერსონაჟებსაც ვიხატავდი. ზრდასრულობაში პირველი სამსახური ქარჩხაძის გამომცემლობაში მოვიძიე, სადაც საბავშვო წიგნებზე ვმუშაობდი, ვაკეთებდი ილუსტრაციებს და ყველაფერი ასე დაიწყო. მერე მეც მომინდა დაწერა — პირველი წიგნის პროექტიც შევკარი, ანიმაციადაც ვაქციე“.

ამჟამად ფრანგულ სტუდია Folimage-ში მუშაობს ანიმაციების შემქმნელად, რასაც საუკეთესო გამოცდილებად მიიჩნევს. აქამდე განვლილ გზასა და მისწრაფებებზე, მიმდინარე პერიოდზე კი თავად გვიყვება.

M: როცა პროფესიას ირჩევდი, რამდენად დარწმუნებული იყავი საკუთარ სურვილებში?

7 წლის ვიყავი, როცა დედამ ხატვის წრეზე ზაზა კობახიძესთან მიმიყვანა. ზაზა აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე, მომცა საფუძვლიანი ცოდნა და ამ საქმის სიყვარულიც მასწავლა. აქ გატარებული თითოეული დღე ახალი გამოცდილება და თავგადასავალი იყო. გრაფიკა ლევან ლონდარიძემ შემაყვარა — სტუდიაში გატარებულ დღეებზე ვგიჟდებოდი. გამიმართლა, რომ საუკეთესო პედაგოგები შემხვდნენ.

შემდეგ უკვე სხვადასხვა კურსი გავიარე ილუსტრაციისა და დაზგური გრაფიკის მიმართულებით, დავამთავრე არქიტექტურის ფაკულტეტი.

სიმართლე გითხრა, საწყის ეტაპზე არ ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი სამომავლო პროფესია იქნებოდა. უბრალოდ, მინდოდა, რაღაც მეცადა ამ მიმართულებით. მაინტერესებდა, რა და როგორ გამომივიდოდა. პირველი ფილმის გადაღების შემდეგ კი ახალი მოტივაცია მომეცა — ერთი იყო ის წარმატება, რაც მას მოჰყვა და მეორე თავად გადაღების პროცესი… ძალიან მესიამოვნა ასეთი ტიპის საქმიანობა, მთელი გუნდი ყველაფერს ერთად რომ ვაკეთებდით და თითოეულ დეტალზე ერთად ვზრუნავდით.

სწორედ ამან მომცა სტუდიის შექმნის შთაგონება და მალევე ჩემს მეგობართან, ელენე ჭიჭაშვილთან ერთად დავაარსე „ჯიბის სტუდია“. თავიდან მართლა ძალიან გვეშინოდა, რადგან უკვე ყველაფერი ჩვენზე იყო დამოკიდებული. როცა სხვებთან ერთად აკეთებ, პასუხისმგებლობა და მოვალეობები გადანაწილებულია, ყველა გამოცდილია. ამიტომაც თავიდან ბევრ შეკვეთაზე ვთქვით უარი — შეგვეშინდა და მეგობრებთან გადავამისამართეთ. თუმცა მერე ნელ-ნელა მოვძლიერდით, სათანადო გუნდი შევკარით და აქტიურად დავიწყეთ შეკვეთებზე მუშაობა.

M: ხშირად შემოქმედ ადამიანებს გამორჩეული ნიშა და ძირითადი ღერძი აქვთ, რომლის ირგვლივაც სხვადასხვა იდეას ავითარებენ. შენს შემთხვევაში რა არის ეს ამომავალი წერტილი, უნიკალური ესთეტიკური ხედვა?

ამის აღმოჩენას მეც ვცდილობ, რადგან ჯერჯერობით ბოლომდე ვერ გავერკვიე. ხანდახან ძალიან ვიკარგები, იმდენი რაღაც მაინტერესებს. ანიმაციურ ფილმებსაც სხვადასხვა ჟანრში, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულს ვიღებ. მინდა, ყველგან გამოვცადო საკუთარი თავი. უბრალოდ, ბოლო პერიოდში მაინც საბავშვო ანიმაციებთან ვასოცირდები და შეიძლება, ეს ესთეტიკა ყველაფერს გაჰყვება — საყვარელი, გულწრფელი და ემოციური.

ასევე, გამორჩეულ ნიშად შეიძლება ისიც დავასახელოთ, რომ ძალიან მიყვარს ყველაფრის ხელით გაკეთება. ადამიანის მიერ შექმნილი განსაკუთრებით მიზიდავს — თავისი ხარვეზები რომ ეტყობა და „არასრულყოფილია“. ზოგადად, ჩემთვის იდეალურობა იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც ნაკლოვანებები უნდა დაფარო, პირიქით, ყველაფერი ნამდვილი და გულწრფელი უნდა იყოს.

გილერმო დელ ტოროს სიტყვამაც შთამაგონა: კინოში სკამი რომ დაგჭირდება, უნდა იქირაოო, ოთახი რომ დაგჭირდება, ისიც უნდა იქირაოო, დეკორაციაც და მსახიობიც… ეს ყველაფერი უკვე არსებობსო. ანიმაციაში კი არაფერი არ არსებობს, მხოლოდ თავად უნდა შექმნა საკუთარი ხელებით. ერთი კონკრეტული ფილმისთვის უნდა შექმნა, უნიკალურია და სხვაგან არ გამოიყენება. ჩემთვისაც ეს არის ხელოვნების მწვერვალი, ჩაუნაცვლებელი.

M: ოდესმე გიოცნებია, რომ არა ასეთ რეალურ სამყაროში გეცხოვრა, არამედ ანიმაციაში შესულიყავი და იქ დარჩენილიყავი?

ბავშვობაში ძალიან ბევრს ვფიქრობდი ამაზე. ჩემი საყვარელი სერიალი იყო „ჰეი არნოლდ“ და დაუფიქრებლად დავთანხმდებოდი იქ ცხოვრებაზე. თან ერთხელ რაღაც ფილმი ვნახე, მაიკლ ჯორდანის მონაწილეობით, ანიმაციური პერსონაჟები რომ ჩნდებოდნენ ჩვეულებრივ რეალობაში და გავგიჟდი, დავფიქრდი, მართლა თუ ხდებოდა მსგავსი რამ…

M: საიდან იღებ ხოლმე ინსპირაციას და შენი აზრით, რა სჭირდება ანიმატორს ყველაზე მეტად?

ანიმაციური ფილმის შექმნა საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და მრავალფეროვანი პროცესია. ცხადია, ყველა რეჟისორი განსხვავებულად უდგება საქმეს, მაგრამ უმეტესად ყველაფერი მაინც იდეით იწყება, რომლის განხორციელებასაც ეტაპობრივად ვიწყებთ. ჩემს შემთხვევაში შთაგონება ისევ სხვა ანიმაციებიდან მოდის — როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით. თვითმკვებავი სფეროა, გარე ფაქტორები არ სჭირდება თითქოს და ყველა იდეა ისევ ანიმაციებიდან მომდინარეობს. თუმცა, მეორე მხრივ, ჩემი შვილი ყველაზე დიდი ინსპირაციაა, ისეთ რაღაცებს ხატავს, რომ მეც მაკვირვებს…

ისე კი, ჩემთვის ანიმირება ილუზიონისტობასთანაა კავშირში — ხელით შექმნილ, ხელოვნურ ობიექტებს კამერის წინ ისე ვამოძრავებთ, რომ მაყურებლისთვის სრულიად განსხვავებული სამყარო შევქმნათ.

M: შემოქმედებითი კრიზისი გქონია ან როგორ დაგიღწევია მისგან თავი?

ძალიან ხშირად მაქვს, რასაც იდეების სიჭარბე იწვევს — ერთდროულად იმდენი რაღაცის გაკეთება მინდა, რომ სათანადოდ ვერ ვანაწილებ დროს, რაც ძალიან მსტრესავს. მაგალითად, ახლა უმეტესად სულ ანიმაციებზე რომ ვმუშაობ და უცბად დასახატად გამოვძებნი დროს, ვერ ვხვდები, რა უნდა დავხატო. მართლა ძალიან განვიცდი ასეთ მომენტებს… შეიძლება, მაინც აქტიური ვიყო და ბევრ რამეს ვაკეთებდე, მაგრამ შინაგანად განვიცდიდე ამ კრიზისს.

მიუხედავად შემოქმედებითი კრიზისებისა, რომელიც ანას თქმით, ხშირად აქვს, მის პროფესიულ ცხოვრებაში წარმატებები უხვადაა. ამჯერად მისი ახალი ფილმი „ლომის ფაფარი“, რომელიც ჯერ მხოლოდ სცენარი, იდეა და პერსონაჟებია, დაფინანსდა როგორც ეროვნული კინოცენტრის, ისე ფრანგული სტუდია ფოლიმაჟის მიერ. „ამასთანავე, ახალი სტუდია 5 A. M. Studios-იც დავაინტერესეთ ჰოლანდიაში და მათაც მოიპოვეს ჰოლანდიაში დაფინანსება ამ ფილმისთვის. შესაბამისად, ეს ფილმი იქნება სამი ქვეყნის ერთობლივი წარმოება და შეიქმნება ისევ თოჯინური (სთოპმოუშენ) ტექნიკით, მაგრამ წინა ფილმებისგან განსხვავებით, აქ უკვე გვექნება უფრო მოცულობითი 3D ხელით შექმნილი თოჯინები“.


ავტორი: ქეთია ბელქანია

არქიტექტურა, როგორც მნიშვნელოვანი მისია და უკეთესი გარემოს შექმნის სურვილი

მარკეტინგული მიდგომა, რითაც Barbie-ს ბრენდი 60 წელზე მეტია ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას