in

“ვფიქრობ, ხელოვნება ძალას უნდა აძლევდეს და ეხმარებოდეს ადამიანებს” – ანა დედაბრიშვილი


ანა დედაბრიშვილი ახალგაზრდა ხელოვანია თბილისიდან. შეიძლება ითქვას, რომ მასში ხელოვნებისადმი მიდრეკილება ბავშვობიდან იყო, თუმცა, აქტიურად თანამედროვე ხელოვნების სფეროში რამდენიმე წლის წინ შეაბიჯა. მისი ნამუშევრები საკმაოდ ინდივიდუალური და ორიგინალურია, რადგანაც ანა რამდენიმე მედიუმში ერთად მუშაობს.

დეტალურად მისი შემოქმედების შესახებ ანას გავესაუბრეთ:

M: ვინ არის ანა დედაბრიშვილი- გაგვაცანი შენი თავი..

ბავშვობაში სახლის კედლებზე “არალეგალურად” ვხატავდი. ასევე, თოჯინების თმებზე ხატვაც მიყვარდა და ეს გულს მიჩქარებდა. ხატვაზეც დავდიოდი, მაგრამ იქ ყველა უფროსი იყო და მე პატარა, მრცხვენოდა ხოლმე ჩემი ნახატების, მაგრამ მახსოვს, როგორ აქებდა ჩემს ფერებს მასწავლებელი. რომ გავიზარდე აღარ ვხატავდი.. ერთხელ ჩემი მეგობრისთვის საჩუქრის გაკეთება მინდოდა, რომელიც სხვა ქვეყანაში იყო და კედელი მოვხატე. ეგ იყო დიდობაში ჩემი პირველი ნახატი, მერე დავშორდით, პირველი სიყვარული იყო და ძალიან განვიცადე, რის შემდეგაც ხატვაზე სიარული დავიწყე. მახსოვს როცა პირველად ფერებით დავხატე, როგორ გამიძლიერდა გულისცემა. შემდეგ გრაფიკულ დიზაინერად ვმუშაობდი, თუმცა რაღაც ეტაპზე ჩემი ცხოვრება ცარიელი გახდა. ერთ დღეს აღმოვჩნდი მთებში ერთი თვით ინტერნეტის და ტელეფონის გარეშე. იქიდან რომ დავბრუნდი, სამსახურიდან წამოვედი, ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება მისტიკურობისთვის, სიყვარულისთვის და ერთი დიდი სიკეთისთვის უნდა მიმეძღვნა. ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. წელიდანახევარია ჩემს ყოველდღიურობას ხელოვნება და სტუდიაში მუშაობა შეადგენს. ახლა ვაგრძელებ პოლონეთში სწავლას შტეცინის ხელოვნების აკადემიაში. ვიქექები საკუთარ თავში, ვიცი, რომ იქ მთელი სამყაროს პოვნა შეიძლება. ბოლოს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა მოვაწყე, რომელსაც დავარქვი ,, ხელოვნება ისევ მუშაობს’’ ვერავინ დავპატიჟე პანდემიის გამო,  მხოლოდ ვიდეოს სახით მივიდა ის ადამიანებამდე, ამით ის ვთქვი, რომ რაც გულით გვინდა, შეგვიძლია, მაინც გავაკეთოთ და ჩვენ გარემოპირობებზე ძლიერები ვართ.

M: რა არის მთავარი ინსპირაცია/მოტივაცია რაც გახატინებს…

შინაგად ჩემში ბევრი ძალა, ენერგია, ემოციები, აზრებია. ყველაფერს  ვუღრმავდები და მძაფრად შევიგრძნობ, ბევრი რამით შემიძლია აღტაცება და ამ ჩემი შინაგანი ამბების თვითგამოხატვის მოთხოვნილება მაქვს. როცა ამას ვაკეთებ, თავს კარგად ვგრძნობ, თითქოს სხვანაირად ვერ ვძლებ. ხელოვნება სუნთქვასავითაა.

მანდარინები, 2020, აკრილი, ხე, 95 x 85

M: მუშაობ სხვადასხვა მედიუმში არაა ეს რთული? ან როგორ წყვეტ ხოლმე, რომელ მედიუმში იმუშავებ თავიდან? 

ეს ძალიან საინტერესო პროცესია. მე ცხოვრებისეული მისტიკური ჭეშმარიტებების გამოხატვას ვცდილობ, ისინი ჩემთან მოდიან აზრებად, იდეებად, შემდეგ ვფიქრობ ამ იდეებზე და ჩემ წინ ჩნდება მასალა, რომლითაც ეს იდეა შეიძლება გამოიხატოს. ეს შეიძლება იყოს ლურსმნები, გამადიდებელი შუშა, სამიზნე დაფა, სარკე, ხილის კურკა, მედიკამენტები, იმის მიხედვით, რა იდეაზე ვმუშაობ, ეს ნივთები ჩნდება ჩემს გონებაში. ვიცი, რომ მასალა შეიძლება იყოს ყველაფერი, რაიმე შეზღუდვა მხოლოდ ჩვენს გონებაში შეიძლება არსებობდეს. მოძრაობა ბადებს მოძრაობას და როდესაც ამ ნივთების შესაძენად მივდივარ, ჩემი ტვინი სხვანაირად იწყებს მუშაობას. იქ არსებულ სხვა ნივთებსაც ვაკავშირებ ხოლმე ჩემს გონებაში უკვე არსებულ კონცეპტებთან და იდეებთან. ანუ შეიძლება მასალამაც გიკარნახოს ნამუშევარი. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ასევე, შეიძლება დავჯდე საღებავებთან სახატავად და ჩემთვისაც სიურპრიზი იყოს, რომ ჩემი რაიმე შთაბეჭდილება ნელ-ნელა ტილოზე იკვეთება.

საკუთარ თავთან ჰარმონიაში დაბრუნება, 2019, აკრილი, ტილო, 37 x 54.

M: როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარია მახასიათებელი/მახასიათებლები, რაც მხოლოდ თქვენს შემოქმედებას ახასიათებს?

მე გამიჭირდება ჩემი ნამუშევრების შეფასება, ეს გარეშე თვალით უფრო შესაძლებელია. მე ვეძებ ჩემს სამყაროს, იმას, თუ როგორია სულ სულ შიგნით ის, ამიტომ ნამუშევრების ეს ძიებაა, გულწრფელი და თავისუფალი. ერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ  ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ჩემი ნამუშევრები ალბათ ოპტიმისტურია, მასში შეიძლება დავინახოთ იმედი და პრობლემების მოგვარების გზა. ვფიქრობ, ხელოვნება ძალას უნდა აძლევდეს და ეხმარებოდეს ადამიანებს.

კონტრასტი, 2020, შერეული ტექნიკა, ხე, აკრილი, წებო, სხვადასხვა საგნები, სკოჩი, თაბაშირი, 50 x 61

M: შენი ერთ-ერთი ნახატი მატისის ცეკვას მივამსგავსეთ – და, ვფიქრობთ, რომ გეყოლება ის მხატვრები, რომელთაგანაც შთაგონებას იღებ. შეგიძლია ჩამოგვითვალო ისინი?

მთელი ცხოვრების განმავლობაში ვან გოგის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, როცა ამსტერდამში მის მუზეუმში მოვხვდი, ეს ჩემს ცხოვრებაში გამორჩეული დღე იყო, ასევე მიყვარს პიკასო, შაგალი, გოგენი… ჩემთვის ინსპირაცია არა მხოლოდ მხატვრობაა, არამედ ზოგადად არტი, თანამედროვე ხელოვანს შეუძლია, თავისუფალი იყოს, არა მხოლოდ საღებავები გამოიყენოს თავისი სათქმელისთვის, არამედ პერფორმანსი, ინსტალაცია, სიტყვები, ვიდეო და ა.შ.. ძალიან მიყვარს ბრიტანელი არტისტი ენტონი გორმლი ( Antony Gormley), თავისი გარე სივრცეში განთავსებული ადამიანების სკულპტურებით. მიყვარს ჯეიმზ ტარელის (James Turrel)  სინათლის ხელოვნება, იოსებ ბოისის ( Joseph Beuys ) მისტიკური პერფორმანსები, იაპონელი არტისტი აი ვევეი (Ai Wei Wei), რომელიც თავისი გამბედავი ხელოვნებით დიქტატორულ მთავრობას უპირისპირდება, ტრეისი ემინის (Tracy Emin)  თამამი და სექსუალური ნამუშევრები, ჩემთვის მისტიკური და საინტერესოა მარინა აბრამოვიჩის (Marina Abramovic) პერფორმანსები, ძალიან მიყვარს ალექსანდრ ეკმანის (Alexander Ekman) ქორეოგრაფია და მისი თანამედროვე ბალეტი. ასევე პინა ბაუშის (Pina Bausch) თავისუფალი ცეკვა. არალეგალური, პროტესტის ქუჩის ხელოვნება და ბენკსის ნამუშევრები (Banksy), ეს ძალიან დიდი და საინტერესო სამყაროა.

უხერხულია, 2020, შერეული ტექნიკა, სხვადასხვა ზომის ლურსმნები, ჭიკარტი, აკრილი, ხე, წებო, 58 X 44

M: რამდენიმე ნამუშევარში ფრაზებიც გაქვს გამოყენებული, რატომ ფიქრობ, რომ შენს ნახატებს სიტყვები სჭირდებათ? 

მთელი ცხოვრება ვწერდი და ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ვნება, ეხლაც მაქვს ეს დარჩენილი, როგორც ჩანს. ხელოვნების სხვადასხვა დარგი შეიძლება ერთი და იგივე რამეზე ლაპარაკობდნენ.

ადამიანის გულის შეკეთება, 2020, შერეული ტექნიკა, თიხა, ფოლგა, მუსიკალური ფირფიტის ჩასადები, ზუმფარა, სახრახნისი, აკრილი, 31X31

M: ზოგადად რისი თქმა გსურს შენი ნამუშევრებით?

მე ალბათ იმ ჰარმონიულ, მეგობრულ და სიყვარულით სავსე გარემოს ვეძებ, რომელშიც ყველას გვინდა, რომ ვცხოვრობდეთ, მაგრამ არ გამოგვდის. მე მჯერა ადამიანის, მისი შესაძლებლობების და სიკეთის მასში. მჯერა, რომ უბრალოდ არ ვცხოვრობთ, არამედ ყველაფერი კანონზომიერი, ჯადოსნური და მისტიკურია, ამ მისტიკური ჭეშმარიტებების გადმოცემას ვცდილობ ჩემს ნამუშევრებში, რომელიც საბოლოოდ ადამიანის საკუთარ თავთან და სხვებთან ჰარმონიული ცხოვრებისკენ მიდის.

ორნი, 2020 , შერეული ტექნიკა, ყავის ჭიქები, რეზინის სათამაშოები, აკრილი, დევეპე, წებო, სარკე, 41 x 46

M: როგორ ფიქრობ, აქვს თუ არა შენ შემოქმედებას რაიმე კონკრეტული სახელი? რას დააარქმევდი?

ადამიანს საკუთარი თავისთვის ყველაზე კარგი უნდა უნდოდეს, ამიტომ მეც ყველაზე კარგ სიტყვას ავირჩევ და გეტყვით, რომ ეს არის სიყვარული, თითქოს ბანალური და გაცვეთილი, მაგრამ პასუხი ყველა შეკითხვაზე. “ჯანსაღი სიყვარულის და სინათლის ხელოვნება” – ასე მინდა რომ მერქვას.

პიკასოსეული სიზმრები, 2020, შერეული ტექნიკა, აკრილი, ხე, ფოლგა, ფაზლები, 90X70

M: დაასრულეთ ფრაზა – რომ არა ხელოვნება..

სუნთქვა უფრო რთული გახდებოდა.

ადამიანები ზოგჯერ ოცნებობენ, 2020, შერეული ტექნიკა, მუყაო, თაბაშირი, აკრილი, რეზინის სათამაშო, სილიკონი, ზიდჰარტას ქანდაკება, კაუჩუკის ბურთი, 50×50
Covid-19, 2020, შერეული ტექნიკა, პირბადეები, თოკები, მავრთულები, ელექტროგაყვანილობის ხაზი, ფურცელი, აკრილი, ტილო, ლურსმანი, ფოლგა, 80X100
ხელოვნება არის მედიკამენტი, 2020, შერეული ტექნიკა, პლასტმასი, სილიკონი, მედიკამენტები, მეტალის ნაჭრები, მინის კონტურული საღებავი, წამლის ფოლგა, კაფელის დეტალი, აკრილი, 26X 21
ერთიანობა, 2020, ზეთი, ტილო 150 x 160
ყურადღება შენი იარაღია, 2020, შერეული ტექნიკა, გამადიდებელი შუშა, აკრილი, ფოლგა, ნაჭერი, კაუჩუკი, ემდეეფი, 26×30.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე


როგორ ვუყუროთ NASA-ს როვერის მარსზე დაშვებას?

ნახეთ: დაბალი ტემპერატურით გამოწვეული საფრთხისგან 3 500 კუ გადაარჩინეს