in

ერთი წელი, ოთხი საერთაშორისო ჯილდო – ანა დოხნაძე, მეღვინე „ნაბერაულის” ღვინოების უკან

რაჭა-ლეჩხუმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ტრადიციული რეგიონია მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით. აქაურ ღვინოს უნიკალურობას ანიჭებს მრავალფეროვანი ნიადაგი, კლიმატი და ადგილობრივი, ავტოქთონური ვაზის ჯიშები. რეგიონის ხასიათი კარგად აისახება „ნაბერაულის“ ღვინოებში, რომლებიც რაჭული და ლეჩხუმური ჯიშებისგან მზადდება: ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი, ძელშავი, ცოლიკოური, უსახელოური და რაჭული მწვანე.

გასულ წელს ნაბერაულის გუნდს შეუერთდა მეღვინე ანა დოხნაძე, რომლის პირველმა ნამუშევრებმა უკვე მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება. 2023 წლის მოსავლის ქვევრის რაჭული მწვანე Mundus Vini-ს საერთაშორისო ღვინის კონკურსზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა, ისევე, როგორც 2023 წლის ცოლიკოური, რომელმაც IWSC (International Wine & Spirits Competition)– ზე მოიპოვა ოქროს მედალი.
2023 წლის ალექსანდროულMundus Vini-ის კონკურსის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო 2023 წლის ტვიში კი IWSC (International Wine & Spirits Competition)-ის ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.

როგორც ანა ამბობს, სურს, რაჭის მეღვინეობას ახალი, ინოვაციური ხედვა შემატოს და თავის გამოცდილებასაც გვიზიარებს ღვინის იმ სახეობების შესახებ, რომლებმაც უკვე მოიპოვა საერთაშორისო წარმატება. ანას მონათხრობიდან კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რატომ შეფასდა ეს პროდუქტები ასე დადებითად:

პირველი რთველი ნაბერაულში შარშან ჩავატარე, სადაც შვიდი ღვინო დავაყენე. მათ შორის ლეჩხუმის ცოლიკოური, რომელიც კარგი კონდიციით დაიკრიფა. მსურდა, ამ ყურძნისგან ღვინოს გამოკვეთილი ხასიათი და სხეული ჰქონოდა, ამიტომ ექვსი თვე ლექზე დავავარგე. შედეგად, მიღებულმა ღვინომ შეინარჩუნა ჯიშის არომატული ნიშან-თვისებები, მაგრამ დაემატა ლექზე დავარგების ელემენტებიც.

რაჭული მწვანეს შემთხვევაში განსხვავებული მიდგომა ავირჩიე და, გარკვეულწილად, რისკზეც წავედი. მინდოდა, მენახა, როგორ განვითარდებოდა იგი ქვევრში დავარგებისას. რადგან ეს ჯიში სქელკანიანია, მტევნები ვენახში შემოდგომის ბოლომდე დავტოვეთ, რათა შაქრიანობის მაქსიმალური დონე დაგროვილიყო. ამ ეტაპზე მიღებულ შედეგს დადებითად ვაფასებთ. 

ალექსანდროული მშრალად დავაყენე, რის შედეგადაც ძალიან არომატული, საშუალოსხეულიანი და ცინცხალი ღვინო მივიღე, რომელშიც რაჭული კენკრის ხილის არომატებია გამოხატული. ეს არის სახასიათო, ავთენტური ღვინო, რომელიც ამ ჯიშის პოტენციალს კარგად წარმოაჩენს.

ჩვენი ტვიში გამოირჩევა სიტკბოს, მჟავიანობისა და მინერალურობის იდეალური ბალანსით. მისი დახვეწილი გემოვნური პროფილი სრულად ასახავს რაჭული ტერუარის უნიკალურობას.

მსურს, აღვნიშნო, რომ თავისი არსებობის ისტორიაში ნაბერაულს არაერთი საერთაშორისო მედალი და აღიარება აქვს მოპოვებული. მიხარია, რომ, როგორც გუნდის ახალი წევრი, ამ სტანდარტს მეც ვაგრძელებ”.

ანა დოხნაძე ნაბერაულის მთავარი მეღვინეა. მას საერთაშორისო გამოცდილება აქვს გერმანიაში, რაინგაუს რეგიონში, სადაც გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში სწავლობდა, ასევე, რთველისა და ვენახის მოვლაში იყო ჩართული. მისი მიზანია, ვაზის ენდემური ჯიშების აღორძინებით, რაჭა-ლეჩხუმის ტერუარის უნიკალურობა პრემიუმღვინის სახეობებში დაამკვიდროს. მას სჯერა, რომ ტრადიციული მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით მეღვინეობის კულტურა საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდება, ხარისხი და მემკვიდრეობა კი მთავარი მახასიათებელი იქნება.

მისთვის ხარისხიანი ღვინის საფუძველი ვენახში იწყება. როგორც ნაბერაულის ოჯახის წევრი, ცდილობს ვენახების განვითარებას შეუწყოს ხელი. მისი პრიორიტეტია ვენახის მართვის ჭკვიანი პრაქტიკების დანერგვა, რაც ხელს უწყობს ვაზის ჯანსაღ ზრდასა და მაღალხარისხიანი ღვინის წარმოებას. გერმანიაში მიღებულმა გამოცდილებამ მისცა ახალი პერსპექტივა, რომელიც რეგიონულ ტრადიციებთან შერწყმულ ინოვაციურ მიდგომას ემყარება. ანას პროფესიონალიზმი, ბუნებრივი მიდგომები და რეგიონული იდენტობის შენარჩუნების სურვილი ქმნის ღვინოს, რომელიც მხოლოდ მედლებს კი არ იმსახურებს, არამედ რაჭა-ლეჩხუმის უნიკალურ სულიერებასაც გადმოსცემს.

[R]

ამიერიდან Facebook-ში კრეატორებს Story-ებით ფულის გამომუშავება შეეძლებათ

ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში