in

გაიცანით, Ogilvy Georgia-ს ახალი გენერალური მენეჯერი

კრეატიული სააგენტო Ogilvy მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრიას 1948 წლიდან ემსახურება. ათწლეულების მანძილზე, დევიდ ოგილვის მემკვიდრეობას 83 ქვეყანა იზიარებს და 2019 წლიდან მათ რიცხვს საქართველოც შეუერთდა. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ Ogilvy Georgia-ს გენერალური მენეჯერის პოზიცია ანა გელაშვილმა დაიკავა. ანას გზა სააგენტოში ციფრული მენეჯერობით დაიწყო, დღეს კი, ახალ პოზიციაზე გვიყვება.

M: როგორ აღმოჩნდი გენერალური მენეჯერის პოზიციაზე?

Ogilvy ყოველთვის სასურველ სამუშაო ადგილად მიმაჩნდა, რადგან მისი გამოცდილება, მიდგომები და სტანდარტები მრავალ წელს ითვლის და ინდუსტრიაში ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა. Ogilvy Georgia-ს და ჩემი ისტორია 2019 წლიდან იწყება, როდესაც დიჯითალ მენეჯერის პოზიციაზე შემარჩიეს. შემდგომი საფეხური ექაუნთ მენეჯერობა იყო, ამ დროს დამკვეთისა და სააგენტოს გუნდის პულსს აკონტროლებ, რისი დახმარებითაც ხედვები გეცვლება და გიყალიბდება, ყველაფერს ორი თვალით უყურებ. სწორედ, ამ ეტაპიდან დავიწყე იდეების გაზიარება ხელმძღვანელებისთვის, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ გენერალური მენეჯერი გავხდებოდი. ეს შემოთავაზება ძალიან მოულოდნელი და ამავდროულად, საოცრად ამაღელვებელი იყო.

M: მიმოვიხილოთ, მანამდე რა გზა გაიარე კარიერულად?

ყოველთვის ვცდილობ, საკუთარ თავზე ვიმუშაო და რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა გამოვიყენო კარიერული განვითარებისთვის. ჩემი ინტერესის სფეროები ძალიან მრავალფეროვანია, მეწარმეობით დაწყებული მარკეტინგითა და პიარით დამთავრებული. Ogilvy Georgia-ს გენერალური მენეჯერობა ამ ყველაფერს აერთიანებს.

განათლების მხრივ, ბაკალავრი ბიზნესის მენეჯმენტის, ხოლო მაგისტრატურა – საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით დავასრულე. სამუშაო გამოცდილება სააგენტოებში 6-წლიან მუშაობას მოიცავს. ამასთანავე, ვარ მენტორი და ვეხმარები სტარტაპებს განვითარებაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საფეხურის PR მიმართულებაზე კი მოწვეული ლექტორის სტატუსით ვუძღვები კურსს.

M: რა მოლოდინები და გეგმები გაქვს ახალ პოზიციაზე?

Ogilvy-ს მასშტაბებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, არ დაგეუფლოს აღფრთოვანების განცდა. ოფისები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მართლაც, გიგანტებით არის დაკომპლექტებული და მათ მიერ გაზიარებული ცოდნა გაძლიერებს და სიამაყის გრძნობას  გიჩენს, რადგან მათ უსწორებ თვალს. ჩვენი  გუნდი პროფესიონალი და კრეატიული ტალანტებისგან შედგება. ეს გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ ამბიციურები და გავხდეთ სფეროს მოწინავე მოთამაშეები.

გეგმები ძალიან ბევრია. მსურს, გავაძლიერო საქართველოსა და სხვა ოფისების კონტაქტები. ინდუსტრიას სჭირდება რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ხარისხიანი ინფორმაცია. ამიტომაც, სფეროს განათლების მხრივაც, უდიდეს სიტყვას ვიტყვით. გპირდებით ბევრ საინტერესო პროექტსა და აქტივობას.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ვენეცია ტურისტებს ფეხბურთის დახმარებითაც მიიზიდავს

რას ხედავთ ფოტოებზე გასაოცარს? – Burger King ფიზიკურ დისტანცირებას მიჩვეულ მომხმარებლებს გაეხუმრა