in

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „Facebook-ზე შემოვიხედე და ვნახე, ოთხ დღეში რამდენი ადამიანი გაერთიანდა ჩემთვის“ – ანა გოგუაძე

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომლებსაც საფუძვლიანი ცვლილებები მოჰყვება ხოლმე ჩვენს გზაზე. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებას. ხანდახან ახსნაც კი გვიჭირს, რატომ გვირჩევნია სწორედ ამ გეზით წასვლა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გზაჯვარედინი დიდი ხნის გავლილია და მთლიანი სურათის აღქმის საშუალება გვეძლევა, ვამბობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამჯერად, საკუთარ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე მზიურის კაფეს პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ანა გოგუაძე გვიყვება.

ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ყოველ ჯერზე, ვნახულობდი საოცრად ადაპტირებულ და ინკლუზიურ ქალაქებს, სადაც ვერასოდეს მოისმენ ფრაზას – ამ კაფეში ვერ შემოხვალ, იმიტომ, რომ ესაა ისტორიული შენობა და პანდუსის გაკეთება არ შეიძლებაო. ყველანაირად ცდილობენ მაქსიმალურად მოარგონ ისტორიული თუ არაისტორიული შენობა ადამიანის საჭიროებებს. ყველგან ვხედავდი, რამდენად უკან არის საქართველო ამ კუთხით. ყოველი მოგზაურობის შემდეგ მწყდებოდა გული და ბრაზიც მიჩნდებოდა. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენი ქვეყანაც ასეთი იყოს. მოგზაურობებისა და ამ აზრების პარალელურად სულ ვფიქრობდი, რომ აი, მომდევნო წასვლაზე აუცილებლად დავრჩები. თანაც, მაშინ საქართველოში არ არსებობდა ასისტენტის სახელმწიფოსგან უზრუნველყოფილი მომსახურება. სულ ვდარდობდი, რა მექნა როცა ოჯახის წევრები ჩემს დახმარებას ვეღარ შეძლებდნენ.

ამასობაში, გავიდა წლები და გამოცდილებაც მემატებოდა. ერთადერთი, რაც ამ დროის განმავლობაში აქ მაკავებდა იყო მზიურის კაფე, რომლის მიტოვებაც ღალატის ტოლფასად მიმაჩნდა. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ამ პროექტის მიმართ. წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი, რაც კი მზიურის კაფეში არის, სხვა ქვეყნებში მაქვს ნანახი და გადმოტანილი – მომსახურება, სივრცის დაგეგმარება, ფერები, ტექნიკური საკითხი და ა.შ.

2022 წელს, მორიგ მოგზაურობაში წავედი და ფოტოპროექტისთვის „რატომ ევროპა“ ბრიუსელი და სტრასბურგი უნდა გადამეღო. ბრიუსელში რომ გადავედით, ფეხი მოვიტეხე. საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, ვერც ტრანსპორტირება მიხერხდებოდა, მკურნალობაც ძალიან რთული პროცესი იყო. იმ აზრამდე მივედი, რომ სწორად ახლა უნდა დავრჩენილიყავი. სოციალური მუშაკიც კი ავიყვანე და ჩემი საბუთების გამზადება დაიწყო. როდესაც Facebook-ზე შემოვიხედე და ვნახე, ოთხ დღეში, რამდენი ადამიანი გაერთიანდა, რომ ჩემთვის საქართველოში დასაბრუნებლად ფული შეეგროვებინათ, დარჩენა გადავიფიქრე და საბუთები უკან გავიწვიე.

მეგობარი მეუბნებოდა, საქართველოში რომ მოდიხარ, ვინ ან როგორ უნდა მოგხედოსო. არ ვიცი, უნდა ვიჩივლო მეთქი და სასამართლოში შევიტანე სარჩელი. სჯობს, გავრისკო და რაღაც შევცვალო არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის მეთქი. ჩამოსვლიდან სამ დღეში მოვიდა სასამართლო განჩინება, რომლის მიხედვითაც პირადი დამხმარის სერვისი დანერგა სახელმწიფომ. მაშინ კარგად ვერ გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება ყოფილიყო სხვებისთვის. სწორედ ამ დღეებში ვიყავი წასული ლილოში, სადაც უცნობმა ქალმა გამაჩერა და მითხრა, ჩემი შვილი სარგებლობს ამ პროგრამით, დამხმარე ჰყავს და დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრებაო. ცრემლები წამომივიდა. მაგ დროს მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო დარჩენის გადაწყვეტილება.

რუბრიკას „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” წარმოგიდგენთ Wissol.

რისი გაგება სურდათ ისტორიაში პირველი ბაზრის კვლევით?

მომხმარებელი, პირველ რიგში, ადამიანია და მერე – სამიზნე აუდიტორია