in

ანა ჯანელიძის ფერებით შექმნილი ზღაპრული სამყარო

სახელი – ანა

გვარი – ჯანელიძე

პროფესია (ები) – საბავშვო ლიტერატურის ილუსტრატორი, ადრეული განათლების სპეციალისტი

წარმომავლობა – საქართველო

ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი – ჩეხეთი

ეს ილუსტრატორ ანა ჯანელიძის მოკლე დოსიეა. მოკლედ ჩამოვწერეთ, რომ მსგავს ფაქტობრივ დეტალებზე სტატია არ მოგვეცდინა და ეს ადამიანი თქვენთვის უკეთ, თავისი საქმიანობისა თუ შინაგანი სამყაროს კვეთაზე გაგვეცნო. 

ამბობს, რომ უხარია, როცა მის რეგალიად საბავშვო ლიტერატურის ილუსტრატორს მოიხსენიებენ, რადგან ეს მისი ერთადერთი პროფესია არ არის. სწავლა აშკარად უყვარს, რადგან უკვე რამდენიმე მიმართულებით მოასწრო განათლების მიღება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, თუმცა ბავშვობიდან რაც ყველაზე მეტ სიამოვნებას ანიჭებდა და რაც ბნელ 90-იან წლებს უფერადებდა, ხატვა იყო. რაკი ბავშვობა უკვე ნახსენებია, ბარემ ამითვე გავაგრძელოთ და მოვყვეთ, რომ ანა თბილისში იზრდებოდა. დადიოდა სკოლაში და სამხატვრო სტუდიაში, სადაც გაკვეთილები კვირაში 3-ჯერ უტარდებოდა და ეს მისთვის ყველაზე ბედნიერი საათები იყო. იმის მიუხედავად, რომ ხატვის გაკვეთილები სკოლის შემდეგ, საღამოობით ჰქონდა, წასვლა არასოდეს ეზარებოდა. ეს იყო ხოლმე ადგილი, სადაც ისვენებდა.

„სკოლაში ხომ ყველა ბავშვი რაღაც ნიშნითაა გამორჩეული: ზოგი ხუთოსანია, ზოგი ოროსანი, ზოგს ცეკვა ეხერხება…ჩემზე ყველა ამბობდა: „ანა კარგად ხატავს, ანას ხატვა შეუძლია”. ეს იარლიყი თითქოს მომეკერა, რამაც თავდაჯერება შემმატა და უფრო მონდომებული ვიყავი ამ საქმეში. მახსოვს, მასწავლებელს ბუნების პეიზაჟი დავუხატე და ისე მოეწონა, პიანინოზე ედო, საკლასო ოთახში, ეს ჩემთვის მაშინ უბედნიერესი მომენტი იყო”, – იხსენებს ანა ჩვენთან საუბარში.

ამასთან ერთად ახსენდება პირველი ჟირაფი, რომელიც ვიტრაჟებისგან ააწყო, სურათებიანი წიგნები, რომლებიც იმ პერიოდში ბევრი არ გამოდიოდა, ამიტომ ის რამდენიმე ეგზემპლარი, რაც სახლში ჰქონდა, განსაკუთრებით უყვარდა და დღემდე ახსოვს. ასეთი იყო „სამი დათვი”, ასევე წიგნი, სადაც უამრავი ლამაზად დახატული პროდუქტი და სუპერმარკეტი იყო წარმოდგენილი. 90-იანებში, როცა წესიერი მაღაზიაც კი არ მოიძებნებოდა, ამ წიგნის თვალიერება მისთვის ისეთ სამყაროსთან ასოცირდებოდა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ჯერ არ არსებობდა. 

რადგანაც მაშინ არ იყო ბევრი ილუსტრირებული ლიტერატურა, ნახატები ყველა გვერდზე კი არა, ალაგ-ალაგ თუ შემოგხვდებოდა წიგნში. ჩემთვის აღმატებული მომენტი იყო ხოლმე, როცა რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ ილუსტრაციას დავინახავდი. ამ წამს მოუთმენლად ველოდებოდი, რადგან თითქოს რაც მანამდე წავიკითხე და თავში წარმოვისახე, უცებ ის გაიშლებოდა ხოლმე. მართალია, ნახატების უმეტესობა შავ-თეთრი იყო და არც ისეთი ხარისხიანი, როგორებიც ახლა გამოდის, მაგრამ მე მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი”.

სკოლის დასრულების მერე ანა პოლიტიკურ მეცნიერებას სწავლობდა აშშ-ში, თუმცა ხელოვნების გარეშე ვერც იქ გაძლო და რადგან უნივერსიტეტი აძლევდა საშუალებას, აეღო საგანი Liberal Arts კურსიდან, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვია. საინტერესოა ისიც, რომ ერთხანს მოქანდაკეების ნატურადაც მუშაობდა, რასაც ასევე სიამოვნებით იხსენებს. ამის შემდეგ ანამ სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე, ბავშვის განვითარების მიმართულებით განაგრძო და ცოტა ხნით ხელოვნებაში პაუზა აიღო. თუმცა 26-27 წლის ასაკში ბავშვებისთვის შემოქმედებითი პროექტების კეთებით დაინტერესდა.

„ამაზე გარკვეულწილად ჩემმა მეორე პროფესიამაც იმოქმედა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ჩემს მომავალ მეუღლესთან, მწერალ, ალექსა ჩიღვინაძესთან ერთად პირველ პროექტზე მუშაობა დავიწყე. ეს პროცესი ჩემთვის „დაჟანგებული უნარების” აღდგენას ჰგავდა, რადგან იმ პაუზის შემდეგ, რაც ხატვის კუთხით მქონდა, მუშაობას გადაჩვეული ვიყავი”.

წიგნის ილუსტრაციაზე უფრო პროფესიონალურად რომ ემუშავა, სტუდია „ილუსტრატორს” ეწვია და მოკლე კურსი გაიარა. მისი ნახატებით რამდენიმე წიგნი გამოვიდა. ესენია: „ტანტალა მეფის საშინაო თამაშები”, „ჰიპა ირჩევს პროფესიას”, „ჩიტები თბილისში”, „რეცეპტების წიგნი ბავშვებისთვის” და სხვა. პროექტებზე მუშაობის პარალელურად, ის ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებდა და კიდევ უფრო გაუმძაფრდა ამ მიმართულების სრულფასოვნად შესწავლის ინტერესი, ამიტომ განაცხადი ჩივნინგის სტიპენდიაზე შეიტანა, რომელიც მოიპოვა და წიგნების ილუსტრაციის სასწავლად ლონდონში წავიდა. სწორედ აქ დაიწყო თავის ბოლო პროექტზე მუშაობა, რომელიც დღის შუქს მალე იხილავს. 

„ეს არის პოსტმოდერნისტული ისტორია წითელქუდაზე, რომელიც უკვე მოხუცებულია და ახალი თავგადასავლით ჩნდება მკითხველის წინაშე. იუმორით გაჯერებული, საინტერესო ზღაპარია და ვფიქრობ, ბავშვებს მოეწონებათ. საკმაოდ დიდი ხანია ამ წიგნზე ვმუშაობ, მივიღე უამრავი საჭირო უკუკავშირი ჩემი ლექტორებისგან, რაც ძალიან დამეხმარა პროექტზე მუშაობაში”.

ანას თავისი ყველა ნამუშევარი ძალიან უყვარს და ბევრ მათგანს კრიტიკული თვალითაც უყურებს, განსაკუთრებით – პირველ პროექტებს. მუშაობის პროცესში თავისუფლება უყვარს. ამბობს, რომ შეზღუდული დრო ხელს უშლის. მოსწონს, როცა შეუძლია კარგად დაფიქრდეს, გაიარ-გამოიაროს, დააგროვოს იდეები, ცადოს რამდენიმე ვერსია და ასე შეჯერდეს საბოლოო ვარიანტზე. მისი ინსპირაცია ხშირად ხდებიან ადამიანები, მათ შორის უცხოებიც. პროექტების გამორჩევა უჭირს, თუმცა მაინც დაგვისახელა „იცეკვე, ალუბალა, იცეკვე”. ეს პროექტი ბილინგვური წიგნის იშვიათი პრეცედენტია საქართველოში, ქართულ-აზერბაიჯანულია და ამიტომ გამოარჩია. 

ყველაზე დიდი გამოწვევა თავის საქმეში ისეთი სტილის მოძებნაა, რომელიც საბოლოოდ წიგნს შეკრავს. ზოგჯერ შეიძლება უცებ იპოვოს პერსონაჟი, თუმცა ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი პერსონაჟის შექმნაზე რამდენიმე თვეც კი უფიქრია. ასევე ბევრი ცდაა საჭირო შესაფერისი ტექნიკის საპოვნელად, რომელსაც ტექსტის შინაარსს მოარგებს.

„როცა საშუალებაა, აუცილებლად უნდა წახვიდე იმ გარემოში, რომელზეც ილუსტრაცია გაქვს გასაკეთებელი. მაგალითად, თუ წიგნი ცხოველებზეა, ეწვიო ზოოპარკს, დააკვირდე ცხოველების ხასიათს, მათ ქმედებებს, რეაქციებს, აკეთო პატარა ჩანახატები…ეს ყველაფერი ძალიან გეხმარება კარგი ილუსტრაციების შექმნაში. რა თქმა უნდა, შეგიძლია უბრალოდ დაგუგლო და ფოტოები დაათვალიერო, მაგრამ რაღაცნაირად, ყოველთვის ვამჩნევ ხოლმე ილუსტრაციას, ცოცხალი კადრითაა ინსპირირებული თუ უბრალოდ ფოტოზეა ნანახი”.

საუბრის ბოლოს ის ჩვევებიც გაგვიზიარა, რომლებიც სამუშაო პროცესში ახასიათებს. პირველი თავისი პერსონაჟების პოზებში ფოტოების გადაღებაა, მეორე კი ხატვისას მხიარული პოდკასტების მოსმენა.

„ჩემი ფოტოაპარატი რომ ვინმემ ნახოს, შეიძლება იფიქროს, რომ ყველაფერი რიგზე ვერ მაქვს. ის სავსეა უცნაური ფოტოებით, სადაც ისე ვპოზიორობ, როგორც ჩემი პერსონაჟები. ეს შეიძლება იყოს ცეკვის, სკამიდან ჩამოხტომის ან კიდევ მრავალი უცნაური კადრი. ასევე მუშაობის დროს ძალიან მეხმარება მხიარული პოდკასტების მოსმენა. განწყობაზე მოქმედებს და თითქოს საქმეს მეტი ხალისით ვაკეთებ”, – ანა ჯანელიძე.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

საგანმანათლებლო ფონდმა „ვიზიონერი“ მოზარდებისთვისა და ახალგაზრდებისთვის პროფესიული ორიენტაციის დღე გამართა

Audi მოდელ TT-ს საბოლოო გამოშვებით ემშვიდობება