in

ანა ყიფიანი — გაკვეთილები წარმატებული ქართველი ქალებისგან

წარმატებულ ქალებზე არაერთხელ მოგვიყოლია, ბევრი ჯილდოც ერთად გვიზეიმია და გამარჯვებაც. თუმცა, რადგან მარტი ქალების თვეა, ახლა შესანიშნავი დროა მათთან პირდაპირ სასაუბროდ, რათა გავიგოთ, რა შექმნეს, რა შეცვალეს, რა შეცდომები დაუშვეს და რას გვირჩევენ დღეს… სწორედ ამიტომ, მარკეტერი წარმატებულ ქართველ ქალ მეწარმეებსა და ხელოვანებს დაუკავშირდა. მათ შორისაა ანა ყიფიანი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, Forbes Under 30-ისა და Verbier Festival Academy-ის გამარჯვებული, დანარჩენი კი, მოდით, ერთად გავიგოთ:

M: ანა, რამდენიმე სიტყვით მოგვიყევით თქვენი პროფესიის შესახებ…

პროფესიით პიანისტი ვარ. 3.5 წლის ასაკში დავიწყე დაკვრა, რა თქმა უნდა, ბევრი რამ არ მახსოვს იმ პერიოდიდან, თუმცა, ძალიან ნათლად მახსენდება მომენტი, როდესაც დაკვრის წინ როიალთან ვირგებდი უბრალო ხის სკამს. ვერ ვწვდებოდი პედლებს, რის გამოც სკამზე ან ბალიშების, ან დიდი წიგნების, დალაგება მიწევდა. დიდი დრო გავიდა და იმის მიუხედავად, რომ ახლა სცენაზე თანამედროვე მექანიკური სკამი მხვდება, მაინც იგივე ემოციები და შეგრძნებები მეუფლება — კონცენტრაცია, მომზადება და სიხარული იმისა, რაც წინ მელოდებოდა. ყოველი კონცერტი იყო დღესასწაული და ის ოვაციები, რომლებსაც ვიღებდი დაკვრის ბოლოს, ზუსტად იმ მოტივაციას წარმოადგენდა, რის გამოც განსაკუთრებულად მიყვარდა სცენა და მსმენელთან შეხვედრა.

7 წლის ვიყავი პირველად რომ მოვიგე კონკურსი პარიზში და ეს გახდა იმ საინტერესო გზის დასაწყისი, რომელიც სირთულეებით, თუმცა, ბევრი გამარჯვებითა და სიხარულით იყო სავსე.

M: როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება არჩეულმა პროფესიამ?

იქიდან გამომდინარე, რომ პროფესია ადრეული ასაკიდან ავირჩიე, როიალი ჩემი ცხოვრების მუდმივი მეგზური გახდა, გავიზარდე მასთან ერთად და ახლაც ცხოვრების ყველა ეტაპს ერთობლივად გავდივართ. სამწუხაროდ, ბოლო 3 წელიწადი ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის, რადგანაც პროფესიული ტრავმის და ხელზე ჩატარებული ოპერაციის გამო ჩემს მეგზურთან დროებით განშორება მომიწია.

M: როგორ ფიქრობთ, რა იყო/არის თქვენი წარმატების გასაღები?

ჩემს გამარჯვებებში უდიდესი წვლილი მიუძღვით ბებიას, მშობლებსა და პედაგოგებს. მათი ერთობლივი დაუღალავი და თავდადებული შრომის შედეგი იყო ჩემი ყოველი პრემია და აღიარება. მე კი, ჩემი მხრივ, ყველა გამოსვლით ვცდილობდი მაქსიმალურად გამემართლებინა მათი იმედები, მიმეღო სიამოვნება დაკვრისგან და გადამეცა გულწრფელი ემოციები მსმენელისთვის.

M: გვესაუბრეთ შეცდომაზე, რომელიც დიდი გაკვეთილი გამოდგა თქვენთვის კარიერაში…

ჩვენს სფეროში ფიზიკური და მენტალური დატვირთვა სპორტსმენების დატვირთვას უტოლდება. მთელი პროცესი პერპეტუმობილეა — ყოველდღიური მრავალსაათიანი ფიზიკური მეცადინეობა, ფსიქოლოგიური მდგრადობა და მზაობა, ყველანაირი შედეგის მიუხედავად.

როდესაც ხელის ტკივილი დამეწყო, ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერასდროს წარმოვიდგენდი იმას, რაც მელოდა. სახსარში გაკეთებული ინექციებით ბოლო კონცერტებს ვატარებდი. არასდროს ვაქცევდი ყურადღებას იმას, თუ როგორ მემსახურებოდნენ ჩემი ხელები, რაც უკვე მოგვიანებით დავაფასე. ოპერაციის შემდგომ ქირურგმა მითხრა, რომ ხელებს სპორტსმენივით უნდა მოვუარო, უნდა ვისწავლო კუნთის დასვენება და აუცილებლად უნდა ვუსმინო ჩემს ორგანიზმს.

ამიტომ, დღევანდელი გადასახედიდან, მეტ ყურადღებას მივაქცევდი ფიზიკურ მომზადებას და რამდენჯერაც რაიმე ცოტათი დამზარებია და შემდეგი დღისთვის გადამიდია გასაკეთებლად, აღარ გადავდებდი… რას ვიფიქრებდი, თუმცა, ვერც ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეში შეიძლებოდა ისეთი ტკივილი მქონოდა ხელში, რომ ჭიქაც კი ვერ ამეწია — იმედს ვიტოვებ, ჩემს ყველაზე საყვარელ სცენას მალე დავუბრუნდები.

M: ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოთ მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ქალებისთვის, რა იქნებოდა ეს?

ჩემ სფეროში ქალები უმცირესობაში არიან. როგორც უკვე ვახსენე, დაკვრა დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამძლეობას მოითხოვს. სამწუხაროდ, ასევე, სხვა ბევრი გარე ფაქტორია, რომელიც ზემოქმედებს კარიერის წარმატებულად წარმართვაზე. მახსოვს ერთ-ერთ კონკურსზე ავიღე მეორე ადგილი და ყველა დამატებითი პრიზი, რითაც მოვხსენი რეკორდი ამ კონკურსის ისტორიაში — სცენაზე ვიდექი ერთადერთი გოგო და არაფერი იყო იმაზე სასიამოვნო, სასიხარულო და საამაყო, ვიდრე ჩემ უკან არსებული ქართული დროშა. ბევრი დაბრკოლების გადალახვა გვიწევს, რათა მივაღწიოთ პატიოსან, დამსახურებულ შედეგს, თუმცა, ყველა ძალისხმევა ღირს ამად, რადგანაც კენწეროში ნამდვილად გატკბილდების.

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

ანანო დოლაბერიძე — გაკვეთილები წარმატებული ქართველი ქალებისგან

ანნა გუგუტიშვილი – დედობა და პროფესია