ქართველი ილუსტრატორის, ანა მიმინოშვილის ნამუშევრები კიდევ ერთხელ მოხვდა უცხოური სააგენტოების ყურადღების ცენტრში და ცნობილი კორეული ბრენდის FILA-ს ტანსაცმელზე გამოჩნდა. კოლექცია 2022 წლის ზაფხულს მიეძღვნა და ანას ნამუშევრები უშუალოდ ქუდებსა და მაისურებზე აღიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქუდები ლიმიტირებული გამოშვებით შეიქმნა და თვალის დახამხამებაში აღარ იყო გაყიდვაში. რაც შეეხება მაისურებს, მათი შეძენა მომხმარებელს ახლაც შეუძლია.
რამდენიმე საინტერესო დეტალის დასაზუსტებლად, თავად ანას გავესაუბრეთ:
M: ანა, FILA-ს საზაფხულო კოლექციაზე თქვენი ილუსტრაციები გამოჩნდა. მოგვიყევით, როგორ შედგა ეს თანამშრომლობა თქვენს შორის?
AXOO არის სააგენტო სეულიდან, რომელთანაც უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობ სხვადასხვა პროექტზე. სწორედ მათგან წამოვიდა FILA-სთან კოლაბორაციის ინიციატივაც.
დიზაინი ზაფხულის კოლექციისთვის შეიქმნა. თავიდან მეტად ილუსტრირებული მაისურების კონცეფცია გვქონდა, თუმცა შემდეგ ეტაპზე შევცვალეთ მიმართულება და უფრო გრაფიკული, სადა ვიზუალი გავაკეთეთ. გამოყენებულია როგორც ქსოვილზე ბეჭდვა, ასევე ნაქარგი დეტალები.
M: ეს თქვენს კარიერაში უცხოურ კომპანიებთან მუშაობის პირველი შემთხვევა არ არის, რით იყო გამორჩეული FIlA-სთან კოლაბორაცია?
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და ,,უმტკივნეულო’’ პროექტი იყო რაზეც მიმუშავია, რაც AXOO-ს პროფესიონალიზმის დამსახურებაა. ყოველთვის მიზიდავს ისეთი დიზაინის შექმნა, რომელიც შემდეგ პროდუქტად იქცევა ხოლმე და ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.
M: კონკრეტულად, რომელი ნამუშევრები გამოიყენეთ ამ კოლექციისთვის – ეს იყო საგანგებოდ FILA-სთვის შექმნილი თუ თქვენი რომელიმე სერიიდან უკვე არსებული ნიმუშები?
დიზაინი სპეციალურად 2022 წლის ზაფხულის კოლექციისთვის შეიქმნა. ჩემი ნამუშევრების გარდა სერიაში Lee Haekang-ის ილუსტრირებულ მაისურებსაც შეხვდებით.
მკითხველს შევახსენებთ, რომ FILA სამხრეთ კორეული, სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ცნობილი ბრენდია. კომპანია ეტორე და ჯიანსვერო ფილამ 1911 წელს დააარსეს. 2003 წელს ის იყიდა ამერიკულმა Sports Brand International-მა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს.