in

ANA N ANA – 20 წლის ქართველი დიზაინერის ქუდები ქვეყნის საზღვრებს მიღმა

Startauperi
Startauperi

ანა-ნანა ჩიკვილაძე 20 წლის დიზაინერია და ორი სახელი იმიტომ აქვს, რომ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ერთზე, თუმცა დღეს, უმეტესად, ნანუკათი მიმართავენ. ჯერ კიდევ მესამე კლასში დაიწყო მოდელების ხატვით ფულის შოვნა, შემდეგ კი, ოჯახში არსებულმა გარემომ უბიძგა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის საფუძვლების მიმართულებით სწავლის გაგრძელება, თუმცა მისი ახალი წამოწყების – ANA N ANA-ს გამო,  სწავლის შეწყვეტა და მთელი დროის, ძალებისა და იდეების ამ საქმეში ინვესტირება მოუწია. „ანანანა“, როგორც სიტყვა, ძალიან მომწონს, ოპტიკურადაც და მოსასმენად, ძალიან მარტივი და ლამაზია, თან პალინდრომია, წაღმა-უკუღმა ერთნაირად იკითხება“, – მარკეტერი ანა-ნანა ჩიკვილაძეს ესაუბრა:

M: რამ განაპირობა შენი ინტერესი დიზაინის, მოდელირების სფეროს მიმართ?
ჩვენთან ოჯახში ყველა ქსოვს, სახლში უამრავი ძაფი გვაქვს და ყოველდღე ვუყურებდი ბრჭყვიალა კრისტალებს, ბევრ ფერებს. ბავშვობიდან ვხატავ, ძირითადად, ადამიანებს ქუდებითა და ჩანთებით. დაახლოებით, 7-8 წლის ვიყავი, ბებომ პირველი ესკიზი რომ გამიცოცხლა. მესამე კლასში დავიწყე დეიდაჩემისთვის „მუშაობა“ – წახალისების მიზნით, ხელფასი დამინიშნეს, 10 ლარი თითო მოდელში, რომელსაც დეიდა თავისებთან ერთად, საკუთარ მაღაზიაში ყიდდა. მოგვიანებით კი, 2016 წელს, როცა მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, გადმომიფორმა და გადმომაბარა კოტე აფხაზის N42-ში მდებარე მაღაზია{ ნანუკა დიზაინი} მთელი საქონლითა და ინვენტარით.M: რა სახის პროდუქციას აწარმოებს  ANA N ANA, ვინ ქმნის ნამუშევრებს და რა მასალის გამოყენებით?
ANA N ANA ქმნის ქუდებს. ძირითადი კოლექციები იქმნება საქართველოში ჩემი, ოჯახის წევრებისა და დამხმარეების მიერ. საქართველოში წარმოებული ყველა მოდელის შესაქმნელად ვიყენებთ სხვადასხვა სახის ძაფს, როგორიცაა: 100%-იანი ბამბა, შალი, მოხერი, მირინოსი, ასევე, გაზაფხულზე ველოდები ბარსელონადან 100%-იან ალპაკას, ვიკუნიასა და ხარვერძის ძაფს, 8 თვე ველოდე რიგს, რომ 300 გრამი მეყიდა თითოეული სახეობა, იმდენად ძვირფასი და იშვიათია. დეკორაციებში ვიყენებ ქართულ გიშერსა და აბრეშუმს. კრისტალებსა და ქვებს – ინდოეთიდან. სხვადასხვა ფრინველის ბუმბულს თურქეთიდან.M: ვინ არის „ანანანას“ სამიზნე აუდიტორია, როგორი საფასო პოლიტიკა გაქვს და სარეალიზაციოდ რა არხებს იყენებ?
ბრენდი, ძირითადად, ორიენტირებულია პარტნიორებზე, რომელთა ინტერესის წყაროსაც წარმოადგენს ხელნაკეთი, ძვირადღირებული საქონელი. ჩემი კლიენტები არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე ყველაფერი აქვთ და ეძებენ გამორჩეულსა და არაჩვეულებრივს. 2018–2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ფასები 115$-დან იწყება და 1000$-მდე ადის. ANA N ANA-ს პროდუქციის გაყიდვა ევროპაში ნოემბრიდან დაიწყო – ბერლინში, ჰამბურგსა და დუსელდორფში.M: რას პირდება  ANA N ANA საკუთარ მომხმარებლებს? რით არის ბრენდი უნიკალური?
ANA N ANA არის ბრენდი, რომელიც სხვადასხვანაირ კომფორტულ მოდელებთან ერთად, მყიდველს სთავაზობს ემოციას, რომელიც მფლობელს გლამურსა და განსხვავებულობას ანიჭებს. ჯერჯერობით, ამ ემოციის შეძენა შეუძლიათ მხოლოდ ქალებს. კოლექცია იქმნება ჩემი გემოვნებით და თითოეულ ქუდს მოჰყვება ფერების სია. კლიენტი თავად არჩევს მოდელის ფერს, მაგრამ დიზაინი რჩება ყველასთვის ერთი და იგივე. გარდა კოლექციის მოდელებისა, გავაკეთე UNIQUE LINE – პერიოდულად, კლიენტები მეილზე იღებენ მოდელების სურათებს, რომელიც უნიკალურია, ან მარტო 20 ცალია.M: ANA N ANA გამოფენებში მონაწილეობას აქტიურად იღებს. რას ცვლის ამ მიმართულებით აქტიურობა, რას აძლევს ხელს?    
გამოფენებზე მონაწილეობით, ჩემი კლიენტების რიცხვი ყოველ ჯერზე ერთიორად იზრდება, მაგრამ ამას არ ვაკეთებ მხოლოდ გაყიდვების გაზრდისთვის, ეს გამოფენები მეხმარება განვითარებაშიდ. მაგალითად, ჰამბურგის ერთ-ერთ გამოფენაზე გავიცანი ჰოლანდიელი მექუდე და დიზაინერი პეტერ დე ფრიზი, რომელსაც მოეწონა ჩემი იდეები და თანამშრომლობა შემომთავაზა. დღეს, HUTDEVRIES მუშაობს ANA N ANA-ს შლიაპების კოლექციაზე, ეს არის ჩემი პირველი კოლაბორაცია.M: სად აპირებს ბრენდი თავის დამკვიდრებას, საქართველოში, თუ საზღვრებს გარეთ და რატომ?
მრავალი მცდელობის მიუხედავად, ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება საქართველოში ვერ მოვახერხე, ჩემი ბიზნეს გეგმით ვერ დავაინტერესე ვერც კულტურის და ვერც ფინანსთა სამინისტრო. ვოლფგანგ კასპერი, დღესდღეობით, ANA N ANA-ს მენეჯერი, ჩემს წამოწყებას მხარში დაუდგა და დღემდე აქტიურობს ANA N ANA-ს საერთაშორისო ბაზარზე გატანისთვის. გერმანიიდან ინვესტიცია სწორედ კასპერის დახმარებით მივიღე. ვფიქრობ, საქართველოში გამიჭირდება დამკვიდრება, სწორედ ამიტომ, გეზი მსოფლიოსკენ მაქვს აღებული.M: როგორია  ANA N ANA-ს განვითარებასთან დაკავშირებული შენი ხედვა?
2019 წლისთვის ვგეგმავ კოლექციის მასშტაბების გაზრდას, მამაკაცისა და ბავშვების ქუდების დამატებას. ამასთანავე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ კომპანია Galimard-თან საფრანგეთში, იმედია, მალე ვიპოვი ANA N ANA-ს სუნს. ჰამბურგში დაწყებულია ზაფხულის კოლექციის მზადება, ქაღალდისა და ჩალისგან დამზადებული ANA N ANA შლიაპები და ცილინდრები. 2018 წელს, გერმანიის გარდა მინდა, მონაწილეობა მივიღო პარიზისა (PREMIERE CLASSE PARIS) და მოსკოვის (CPM MOSCOW) გამოფენებში. აღსანიშნავია, ასევე, ის ფაქტი, რომ ყველა ამ გამოფენაში პირველი ქართველი ვარ, ვინც მონაწილეობას იღებს და კიდევ უფრო ზრდის ჩემს პასუხისმგებლობას.

ავტომობილად ქცეული გოგრა და რბოლა სასახლეში – კონკიას ზღაპრის ალტერნატიული ვერსია Audi-სგან

ნიკა დვალიძე – #პირველისამსახური