in

18 წლის ანა ნიკოლაიშვილი Microsoft-ში იწყებს მუშაობას!

ეს ამბავი ხომ საოცარია, მაგრამ ანაზე კიდევ რამდენიმე ფაქტი უნდა გაგაცნოთ: 9 წლის ასაკში კომპიუტერში პატარა თამაშების აწყობა შეეძლო, 11 წლისამ რობოტექნიკა შეისწავლა და 12 წლის უკვე პატარა ანიმაციებს აწყობდა. არასდროს შეუწყვიტავს სწავლა, არც გენდერულ სტერეოტიპებს შეუშინებია და გვერდით ედგნენ მშობლები, რომლებიც ნებისმიერ წამოწყებაში უჭერდნენ მხარს. ახლა კი ვიგებთ, რომ მეთერტმეტე კლასელი ანა მაიკროსოფტში Back-end დეველოპერის პოზიციაზე იწყებს მუშაობას!

BOG
BOG

მახსოვს პატარაობაში ვხუმრობდი ხოლმე, რომ Google-ში ან Microsoft-ში ვიმუშავებდი, რაც თურმე ხუმრობა არ ყოფილა… ვიაზრებ, თუ როგორი ამაყი არის ჩემი 10-12 წლის თავი, რომელიც მხოლოდ ფილმებში ხედავდა პროგრამისტებს და წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ სად იქნებოდა ახლა.

მარკეტერი კი გიყვებათ, როგორი იყო 18 წლის ანას გზა მაიკროსოფტში მოხვედრამდე:

M: როგორც ვიცით, თქვენი და ტექნოლოგიების ურთიერთობა ადრეული ბავშვობიდან იწყება… 

დიახ, პატარაობიდანვე მშობლები ვერ მაშორებდენ კომპიუტერს, თავიდან, რა თქმა უნდა, უბრალოდ ვერთობოდი, შემდეგ კი სხვადასხვა ტექნოლოგიას გავეცანი. მამაჩემი ფოტოგრაფია, რის გამოც ხშირად ვხედავდი, თუ როგორ იყენებდა ფოტოშოპს. 8 წლის ვიყავი პირველად გავხსენი და ინტერნეტში მოვძებნე გაკვეთილები, თუმცა მალევე მომბეზრდა. ამის შემდეგ 9 წლის ასაკში Unity ჩავწერე კომპიუტერზე და პატარა თამაშები ავაწყვე, ისევ ინტერნეტში მოძებნით. რადგან ძალიან პატარა ვიყავი, უფროსები ცდილობდნენ კომპიუტერი დიდი ხნით არ გამომეყენებინა, ამიტომ უფრო სერიოზულად ტექნოლოგიებთან ურთიერთობა მოგვიანებით 11 წლის ასაკში დავიწყე. მაშინ რობოტექნიკის კურსზე შევედი, სადაც ძირითადად რობოტის მექანიკურ აწყობას მასწავლიდნენ.

მანდ დამებადა კითხვა, თუ როგორ იწერება კოდი რობოტების უკან და ზუსტად ამ მომენტიდან გადავწყვიტე პროგრამირების სწავლა.

M: როგორ ისწავლეთ მულტფილმების კოდების წერა 12 წლის ასაკში?

11 წლის რომ ვიყავი, საერთოდ არ ვიცოდი, თუ რა იყო პროგრამირება, 0-ები და 1-ები მეგონა. ამიტომ, ერთ საღამოს საძიებელში ჩავწერე „პროგრამირების სწავლა ონლაინ“ და გადამიყვანა JavaScript-ის კურსზე, სადაც პატარა ანიმაციებს აკეთებდნენ კოდის საშუალებით. ის კურსი 3 დღეში დავამთავრე და შემდეგ გავყევი ამ გზას. 12 წლის ასაკში, მართლაც უკვე ჩემით პატარა ანიმაციებს ვაწყობდი. ამაში დიდად არავინ დამხმარებია, მთელი ზაფხული სოფელში გავატარე და კომპიუტერი ხელიდან არ გამიშვია, მხოლოდ ვსწავლობდი და ანიმაციებს ვაწყობდი.

M: მოგვიყევით, როგორი იყო გზა Microsoft-ში მოხვედრამდე? 

მაშინ, როდესაც პატარა ანიმაციების გაკეთება ვისწავლე კოდით, დავინტერესდი თუ რისთვის შეიძლება პროგრამირების გამოყენება სინამდვილეში. აღმოვაჩინე, რომ საიტების გაკეთება, ძირითადად იყოფა Back-end და Front-end პროგრამირებად. გადავწყვიტე Front-end შემესწავლა. დაახლოებით წელიწადნახევარი ვსწავლობდი მხოლოდ ჩემით და დიდი საიტების ვიზუალურად აწყობა შემეძლო. ამის შემდეგ აღმოვაჩინე WordPress-ის ტექნოლოგია, რომელიც მარტივად და ბანალურად რომ ავხსნა, Back-end ნაწილს „ავტომატურად“ აკეთებს. ეგ რომ შევისწავლე, ჩემი პირველი პროექტი ავიღე, თუმცა მხოლოდ ჩემი ცოდნა არ მყოფნიდა და ამ პროექტის გაკეთებისას პროგრამირების ერთ-ერთი ენა PHP-იც შევისწავლე საწყის დონეზე. ამის პარალელურად, ჩემმა ოჯახმაც გაიაზრა, რომ პროგრამირებას მივყვები და კიდევ ერთი პროგრამირების ენის Python-ის კურსზე შემიყვანეს. სიმართლე რომ ვთქვა, იქ, რასაც სამი თვე მასწავლიდნენ, 1 კვირაში გავიარე ჩემით, რის გამოც კურსის ბევრ ლექციას არც ვუსმენდი, მხოლოდ დავალებებს ვაკეთებდი, რადგან სერტიფიკატი ამეღო.

ამდენი ხნის სწავლის შემდეგ, ვხდებოდი, რომ დიდი ცოდნა მქონდა, თუმცა მისი კარგად გამოყენება არ შემეძლო.

მიზეზი ის იყო, რომ ნაწყვეტ-ნაწყვეტ მქონდა ნასწავლი, რის გამოც ისევ ინტერნეტის საშუალებით ვსწავლობდი სხვადასხვა ტექნოლოგიას. 14 წლის რომ გავხვდი, დედაჩემის ახლობელმა პროგრამირების მასწავლებელი დავით დვალი მიგვასწავლა. მისგან მივიღე C#/.Net-ისა და სხვა უამრავი ცოდნა, რაც Back-end დეველოპერს სჭირდება. ამ ადამიანმა დამაყენა პროგრამირების ნამდვილ გზაზე და მას მიუძღვის დიდი წვლილი ჩემს წარმატებაში. ზუსტად ის იყო, პირველი ადამიანი, ვისაც მადლობა გადავუხადე, როდესაც მაიკროსოფტიდან დადებითი პასუხი მომივიდა.

2-წელიწადნახევარი დავდიოდი დავითთან, რის პარალელურადაც საზღვარგარეთ სკოლებში ვაგზავნიდი საბუთებს, რადგან საქართველოს სკოლის დიპლომი არ აკმაყოფილებდა იმ უნივერსიტეტებს, რომლებშიც ჩაბარება მინდა. მიმიღეს რამდენიმე სკოლაში, თუმცა მე ამოვირჩიე EMIS-ის სკოლა ისრაელში. პროგრამირებას ნახევარი წლით გავანებე თავი, რადგან სკოლისთვის ვემზადებოდი და სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული, შემდეგ 17 წლის ასაკში გავემგზავრე ისრაელში. აქ ისევ, რა თქმა უნდა, ვსწავლობდი კომპიუტერულ მეცნიერებას, რამაც IT სფეროზე კარგი წამოდგენა შემიქმნა. ამ წლის ზამთარში გადავწყვიტე, რომ ზაფხულში დრო კარგად გამომეყენებინა, თავიდან ტანზანიაში მოხალისეობას ვაპირებდი, თუმცა სკოლის მასწავლებელმა გადამაფიქრებინა, მითხრა, რომ საკმარისი ცოდნა მქონდა მუშაობის დასაწყებად და მეც მოვუსმინე. მასთან ერთად შევქმენი ჩემი CV და გავაგზავნე არაერთ კომპანიაში, იმედი მქონდა, თუმცა რეალისტურად ვცდილობდი, მეფიქრა და ბოლო მომენტამდე არ ველოდი დადებით პასუხს.

M: რა პოზიციაზე აგიყვანეს მაიკროსოფტში?

ახლა Back-end დეველოპერის პოზიციაზე ამიყვანეს. ზოგადად კი, Backend დეველოპერის პასუხისმგებლობა მოიცავს პროგრამის ან სისტემის მთელი უკანა ნაწილის შექმნას, შენარჩუნებას, ტესტირებასა და გამართვას. ეს მოიცავს აპლიკაციის ძირითად ლოგიკას, მონაცემთა ბაზებს, მონაცემთა და აპლიკაციების ინტეგრაციას, API-სა და მიმდინარე სხვა პროცესების გამართვას.

M: რას ნიშნავს თქვენთვის Microsoft-ში მოხვედრა?

რა თქმა უნდა, ეს დიდი მიღწევაა. ვიაზრებ, თუ როგორი ამაყი არის ჩემი 10-12 წლის თავი, რომელიც მხოლოდ ფილმებში ხედავდა პროგრამისტებს და წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ სად იქნებოდა ახლა. სიმართლე რომ ვთქვა, ახლაც ვერ ვაანალიზებ სრულად, რომ 18 წლის ასაკში ისრაელში მარტო ვცხოვრობ და ამხელა IT კომპანიაში ვიწყებ მუშაობას. ამავდროულად, ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩემი მიზნები ბევრად უფრო დიდია, რის გამოც აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას კარგ უნივერსიტეტში — ეს მხოლოდ პირველი ეტაპია იმ ოცნენებისკენ, რაც მაქვს.

M: ანა, რა არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო ამ პროფესიაში?

ამ კითხვას ხშირად ვუსვამ ჩემ თავსაც, თუმცა ერთი პასუხი არ მაქვს. პატარაობაში დავინტერესდი და დღემდე არ ვიცი, რატომ მომწონს ეს პროფესია, უპირველესად ჩემთვის ადვილია, და მგონი ყველას მოსწონს ის, რაც ადვილად გამოდის. მეორე, მჯერა, რომ მომავლის პროფესიაა და არასოდეს გაქრება. ისიც მომწონს, ამ პროფესიაში რომ არსებობს კონკრეტული მიზანი, შექმნა კოდის ნაწილი, რომელიც კონკრეტულ ფუნქციას ასრულებს, რაც ხშირად მხოლოდ ჩემზე ან ჩემთან ერთად მომუშავე დეველოპერების გუნდზე არის დამოკიდებული. მომწონს ის ფაქტი, რომ ადამიანური ფაქტორი დიდ როლს არ თამაშობს, როგორც ეს არის მაგალითად მარკეტინგში ან ბიზნესში.

M: რას ურჩევდით მოზარდებს, რომლებიც ამ პროფესიით არიან დაინტერესებულნი?

უპირველესად გოგოებს მინდა მივმართო, საზოგადოებისგან ხშირად მიგრძვნია არასერიოზული დამოკიდებულება, მაგალითისთვის, რამდენიმე მასწავლებელთან მქონდა პრობლემა, თუმცა

სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, სქესს, ასაკს, გენდერს, ნიჭს, ფინანსურ მდგომარეობას და ასე შემდეგ, მონდომებით ადამიანს წარმოუდგენელის მიღწევა შეუძლია.

ასევე, ზოგადად, მოზარდებს მინდა ვურჩიო, დიდი მიზნები დაისახონ, დიდი ოცნებები ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია სამეგობრო წრეც, რომელიც მოტივაციას მოგვცემს, რომ მეტს მივაღწიოთ და ჩვენს ბედნიერ მომენტებსაც გაიზიარებს. ჩემს წარმატებაში მეგობრებსაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი, რადგან უამრავი მომენტი შემიძლია გავიხსენო, როდესაც მეჩვენებოდა, რომ არ გამომივიდოდა და ისინი მაძლევდნენ მოტივაციას. მოკლედ რომ ვთქვა, საზოგადოების აზრს არ მოუსმინოთ, თქვენს თავზე იმუშავეთ და გარშემო მხოლოდ ისეთი ადამიანები გყავდეთ, რომლებიც მხოლოდ კარგს გისურვებენ.

M: კიდევ ხომ არ არის რაიმე, რის გაზიარებასაც ჩვენთვის ისურვებდით?

იმ მშობლებს მინდა მივმართო, რომლებიც ამას წაიკითხავენ. გვერდში დაუდექით შვილების ყოველ წამოწყებას, რადგან მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს, ჩემზე მეტად, ჩემი მშობლების მიღწევაა. ბავშვობაში უამრავი წამოწყება მქონდა, ბევრი, სიმართლე უნდა ითქვას, სულელურიც, თუმცა ჩემი მშობლები ყოველთვის გვერდში მედგნენ. ბევრი ოჯახი მინახავს, რომელიც ხელს უშლის შვილს წამოწყებებში, რადგან სერიოზული საქმე არ ჰგონიათ. ბევრი მშობელიც გოგოებს უშლის ხელს პროგრამირებაში, რადგან ეს არ არის „მათთვის შესაფერისი საქმე“. გახსოვდეთ, რომ ჩვენ გავიზრდებით და მაინც იმ საქმეს გავაგრძელებთ, რაც გვინდა, განსხვავება კი იმაში იქნება, რომ ზოგი მადლობას ვეტყვით მშობლებს, ზოგი კი, არა…  

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

აი, როგორ გადაურჩნენ ადამიანები ბაქტერიებს

„კატოს სიზმრები” – შვილის სიზმრით შთაგონებული ქართული ანიმაცია