in ,

ანა სანიკიძე, ლონდონში, Type Thursday-ის კონფერენციაზე სპიკერად მიიწვიეს

სულ მალე, შრიფტების დიზაინერი ანა სანიკიძე ლონდონში, Type Thursday-ის სცენიდან მიმართავს შემოქმედებით საზოგადოებას და საკუთარ გამოცდილებასა და პროექტებზე ესაუბრება. კონფერენციის მთავარი თემა არალათინურ შრიფტებს ეხება. ანა სანიკიძე კი, GRANSHAN-ის გრან პრის მფლობელია. ეს პრიზი მან ქართული შრიფტების პროექტებისთვის მიპოვა და როგორც გამარჯვებული, სპიკერადაც წარდგა აუდიტორიის წინაშე. GRANSHAN საერთაშორისო პროფესიონალური კონკურსია, რომელიც ორიენტირებულია რჩეული შრიფტების გამოვლენაზე, მსოფლიო მასშტაბით. ის ხელს უწყობს უმაღლესი სტანდარტის შრიფტების შექმნას მთელ მსოფლიოში. მაშინ, GRANSHAN-მა ასე აღნიშნა ანას გამარჯვება საკუთარ ვებპლატფორმაზე. Type Thursday London 11 ივლისს გაიმართება, მანამდე კი, დეტალები ანა სანიკიძისგან მოვისმინოთ.

BOG
BOG

„Type Thursday ყოველთვიური ღონისძიებაა, რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე ტარდება ხოლმე (ჩვენთანაც იყო რამდენჯერმე – Type Thursday Tbilisi). სულ სამი გამომსვლელი ყავთ, რომელიც თავის პროექტს აზიარებს და შეუძლია უკუკავშირი მიიღოს დამსწრეებისგან. პროექტები ყოველთვის ტიპოგრაფიასთან არის დაკავშირებული: შრიფტის დიზაინი, ლეთერინგი და ა.შ. ეს ღონისძიება ძალიან კარგი საშუალებაა სოციალიზაციისა და მსგავსი აზროვნების ადამიანების გასაცნობად, ახალი კავშირების შესაძენად.

17 ივნისს ჩამოვედი რედინგში, GRANSHAN-ის კონფერენციაზე, გრან პრის გამარჯვებული ვარ და პრიზი უნდა ამეღო, ქართულ შრიფტთან დაკავშირებით გამოსვლაც მქონდა. ამ დროს შემომთავაზეს მონაწილეობა ივლისის ღონისძიების თოქზე, სადაც აქცენტი არალათინურ დამწერლობებზე იქნება“, – გვიყვება ანა სანიკიძე.

M: გვიამბე გრან პრის მოგების შესახებ…

GRANSHAN არალათინური შრიფტების კონკურსია, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ქართული შრიფტის ასოციაციის დახმარებით, კონკურსს წელს პირველად დაემატა ქართული შრიფტი. კონკურსში სხვადასხვა კატეგორიაა.

ამასთან, ყველა დამწერლობას აქვს თავისი ტექსტის, სასათაურო და მულტიდამწერლობის კატეგორია, სადაც ქართულის გარდა სხვა შრიფტებიც შეიძლება იყოს წარმოდგენილი. ყოველი დამწერლობის კატეგორიას ცალ-ცალკე საპრიზო ადგილები აქვს, თუმცა არის ერთი გრან პრი, რომელსაც ყველა პროექტიდან არჩევენ. როგორც გრან პრის მფლობელს, ღონისძიებაზე მქონდა გამოსვლაც, სადაც ვისაუბრე ქართულ შრიფტსა და იმ ორ პროექტზე, რომლებიც მქონდა გაგზავნილი. ჩემი ნამუშევრები ტექსტის კატეგორიაში მონაწილეობდა. ერთი იყო Nocturno, რომელმაც მეორე ადგილი მოიპოვა და Adapter, რომელმაც აიღო პირველი ადგილი და გრან პრი. ჩემ გარდა, კონკურსში სხვა ქართველებსაც ერგოთ ჯილდოები – ნიკა ხიპაშვილმა აიღო პირველი ადგილი მულტიდამწერლობის კატეგორიაში, ხოლო ლაშა გიორგაძემ – და Ten Waffle Studio-მ, სერგო ტიტენკოვისა და ალექსანდრე სუკიასოვის შემადგენლობით, მეორე ადგილები, Display Typeface კატეგორიაში.

M: რა თემაზე გეგმავ ღონისძიებაზე საუბარს?

გამოსვლა არც ისე ხანგრძლივია, თითოეული დაახლოებით 15 წუთს გრძელდება. შესავალში ჩემს გამოცდილებასა და ძველ ნამუშევრებს გავუზიარებ, ქართული დამწერლობის სპეციფიკას ავუხსნი ძალიან მოკლედ. შემდეგ, ახალ პროექტს გავაცნობ. ესაა ქართული სასათაურო შრიფტი, რომელიც მუშა პროცესშია. შესაბამისად, უკუკავშირიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე.

M: რას ნიშნავს შენთვის ასეთ ღონისძიებაზე მონაწილეობა?

პირველ რიგში მიხარია, რომ ქართული შრიფტით დაინტერესება იზრდება, რაც ლოკალურ ბაზარსაც ბიძგს აძლევს რომ მეტი ყურადღება მიაქციოს ამ მიმართულებას. ასევე ყოველთვის სასიამოვნო და სასარგებლოა ამ სფეროში მომუშავე ხალხთან კომუნიკაცია, ახალი იდეების და ხედვების გაცნობა. მითუმეტეს როცა ძალიან მულტიკულტურულია საზოგადოება და ბევრი სხვადასხვა პერსპექტივის გაცნობის საშუალება გაქვს.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

შექმენი შენი სივრცე ველიზე — სახლისა და ეზოს განახლებული კატეგორია VELI.store-ზე

როგორ იმუშავა Young Cannes Lions-ის დავალებაზე მარკეტერის კატეგორიის გუნდმა