თანამედროვე სამშენებლო სექტორში მცირე ტექნიკურმა დეტალმაც კი შეიძლება მასშტაბური პროექტის ფინანსური ბედი გადაწყვიტოს. საინჟინრო სისტემების პროექტირებისა და ინსტალაციის კომპანია ბაუმერმა ამ გამოწვევას ინოვაციური მიდგომით უპასუხა და მართვის ბრიტანული მოდელი – რაოდენობრივი შემფასებლის (Quantity Surveyor – QS) ინსტიტუტი დამოუკიდებელ, სტრატეგიულ ერთეულად აქცია. ამ მიმართულების სათავეში კომპანიაში ანა ტაბატაძე დგას. მისი მთავარი მიზანი მოგების ოპტიმიზაცია და რისკების მინიმიზაციაა. როგორ მკვიდრდება საქართველოში რაოდენობრივი შემფასებლის როლი და რა აქცევს ბაუმერს ამ პროცესის მოწინავე პოზიციაზე – ანა ტაბატაძე საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას გვიზიარებს.
ტექნიკური სამყარო ჩემთვის ყოველთვის ყველაზე ბუნებრივი და კომფორტული სივრცე იყო. ბავშვობიდანვე, იქ სადაც სხვები უბრალოდ რიცხვებსა და ფორმულებს ამჩნევდნენ, მე ახალ შესაძლებლობებსა და საინტერესო გამოწვევებს ვხედავდი. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გონება მუდამ ანალიზისა და აღმოჩენის პროცესში იყო. მეორე მხრივ, შემოქმედებითი პროცესები მუდმივად მიზიდავდა. ვცადე ყველაფერი: ხატვა, სიმღერა, ინსტრუმენტებზე დაკვრა, ლექსებსაც კი ვწერდი. პარალელურად, ვკითხულობდი წიგნებს ფსიქოლოგიაზე, ფილოსოფიასა და რელიგიაზე. თუმცა, საბოლოოდ გადავწყვიტე, ხელოვნების ერთგულ მოყვარულად დავრჩენილიყავი, საკუთარ თავში კი ის „ტექნიკური შემოქმედებითობა“ განმევითარებინა, რომელიც ყველაზე კარგად გამომდიოდა.
ჩემი ტექნიკური უნარებისა და იმდროინდელი რეალობის გათვალისწინებით, ოჯახის რჩევით ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულება ავირჩიე. დღეს, გადასახედიდან, ნათლად ვხედავ, რომ ეს გადაწყვეტილება საუკეთესო ფუნდამენტი აღმოჩნდა იმ პროფესიული გზისთვის, რომელსაც ახლა მივყვები.
თავიდან გარკვეული პერიოდი უბრალოდ დინებას მივყვებოდი. პირველი სტაბილური სამსახური 20 წლის ასაკში, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ბუღალტერიის სტაჟიორად დავიწყე. ჩემი ადაპტაციის უნარი იმდენად მოეწონათ, რომ მალევე სრულ განაკვეთზე, ბუღალტრად დამტოვეს. ამ სფეროში 5 წელი გავატარე, მაგრამ ჩემი ცნობისმოყვარე ბუნება მხოლოდ რიცხვების აღრიცხვით ვერ კმაყოფილდებოდა. მეგობრებთან ერთად მცირე ბიზნესი წამოვიწყე, მუდმივად ვმონაწილეობდი სტარტაპ პროგრამებში და რამდენიმე საგრანტო კონკურსშიც გავიმარჯვეთ.
ჩემი ნამდვილი პროფესიული იდენტობა მაშინ ვიპოვე, როდესაც სამშენებლო კომპანიაში მოვხვდი. სწორედ იქ გავიაზრე, რომ ფინანსური ხედვისა და ტექნიკური გარემოს სინთეზი ჩემთვის იდეალური კომბინაცია იყო. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მართვის ბრიტანულ მოდელზე გადაწყობას იწყებდა, სადაც რაოდენობრივი შემფასებლის (Quantity Surveyor – QS) როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მან დაინახა ჩემი პოტენციალი და გადაწყვიტა, რომ ეს კადრი მე უნდა ვყოფილიყავი. ასე გადმოვინაცვლე ბუღალტერიიდან QS-ის პოზიციაზე.
ეს უზარმაზარი გამოწვევა იყო. მომიწია ნახაზების კითხვა, სამშენებლო პროცესების სპეციფიკისა და ისეთი ტექნიკური დეტალების შესწავლა, რასთანაც მანამდე შეხება საერთოდ არ მქონია. თუმცა, რადგან მშენებლობაში ყველა პროექტი უნიკალურია და რუტინა არ არსებობს, ეს მუდმივი სწავლის პროცესი ჩემს კომფორტის ზონად იქცა.
კოვიდ პანდემიის გამო, სამშენებლო კომპანიამ მუშაობა შეაჩერა. დროებით კვლავ ფინანსისტის პოზიციას დავუბრუნდი სადაზღვევო სფეროში, მაგრამ ძალიან მალე მივხვდი, რომ სამშენებლო სექტორს ასე მარტივად ვერ შეველეოდი. დეველოპერულ კომპანიაში მცირეხნიანი მუშაობის შემდეგ, საბოლოოდ „ბაუმერში“ აღმოვჩნდი.
„ბაუმერში“ თავდაპირველად ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე მიმიწვიეს. მალევე გვქონდა სტრატეგიული საუბარი იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შემსრულებელი კომპანიისთვის QS-ის როლი. ჩვენი ხედვები იდეალურად დაემთხვა. მაშინვე დავინახე – ეს კომპანია ჩემსავით ზრდასა და უწყვეტ განვითარებაზე იყო ორიენტირებული. ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან მუდმივი მხარდაჭერა მივიღე ჩემი იდეების განსახორციელებლად. შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ QS „ბაუმერში“ ცალკე მდგომ, დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა.
დღეს, ჩემი მთავარი ამოცანა მოგების ოპტიმიზაციაა – კომპანიას მოვუტანო მაქსიმალური შემოსავალი და ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანო. მუდმივად ვარ ჩართული პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე. ბრიტანული მოდელით, QS ფაქტობრივად პროექტის ფინანსური მენეჯერია. ამ საქმეში ჩემი ბუღალტრული წარსული უდიდეს უპირატესობას მანიჭებს, რადგან ზუსტად ვიცი, როგორ უნდა მოვაწყო სისტემები ისე, რომ ყველაზე სწორი და ზუსტი მონაცემები მივიღო.
ამ ეტაპზე, ჩემი მთავარი მოტივატორი ქართულ ბაზარზე QS როლის პოპულარიზაცია და მისი მნიშვნელობის აღიარებაა. „ბაუმერში“ ამ კუთხით უკვე უდიდესი ნაბიჯები გადავდგით. მე ვიდექი გზაჯვარედინზე, სადაც ბევრი პროფესიიდან შემეძლო არჩევანის გაკეთება, მაგრამ მე ავირჩიე მშენებლობა – სფერო, სადაც ჩემს თავს სრულად და 100%-ით ვხედავ.
[R]











