2008 წლის სექტემბერი იყო. მეორე კურსი ახალი დამთავრებული მქონდა, როდესაც GAU-მ წარჩინებულს სტუდენტებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის საშუალება მოგვცა. სწორედ ამ პროგრამაში აღმოვჩნდი და საფრანგეთში წავედი. საერთაშორისო მენეჯმენტის დამამთავრებელი კურსის სავალდებულო მოთხოვნებს შორის იყო, რომ სამთვიანი სტაჟირება გაგვევლო. ამის გარეშე, ბაკალავრის დიპლომს ვერ ავიღებდი. რაც არ უნდა კარგად მესწავლა, თუ სამსახურს ვერ ვიშოვიდი, ეს ორწლიანი სწავლა წყალში ჩამეყრებოდა.
აქტიურად ვაგზავნიდი ჩემს CV-ს კომპანიებში, თუმცა არავინ მიკავშირდებოდა. იგივე პრობლემა ჰქონდათ ჩემს ჯგუფელებს. არც იყო გასაკვირი, რადგან საფრანგეთში ვაკანსიის გამოცხადებისას, მეტწილად, ფრანგებს ანიჭებდნენ უპირატესობას. ძალიან მეშინოდა, რადგან დასაქმების შანსი ნაკლები მქონდა და სტაჟირებებიც ნაკლებად ცხადდებოდა. ამიტომ, ძალიან გამიხარდა, როდესაც მოულოდნელად დამიკავშირდა Groupe Rocher-ის (რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Yves Rocher, Arbonne, Petit Bateau, Stanhome, Dr Pierre Ricaud, Kiotis, Flormar, Sabon, ID parsums) HR და გასაუბრებაზე მისვლა მთხოვა. პარიზში რაც უნდა დიდი დრო გაატარო, ყოველთვის არის ადგილები, რომელიც ისე კარგად არ იცი. მახსოვს, აღმოვჩნდი ცათამბჯენების უბანში. როდესაც ოფისში მივედი (ესაა La Defense major business ditrict in Paris, სადაც ყველა ცნობილი კომპანიის headquarter არის თავმოყრილი), თავი New York-ში მეგონა. მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი, ნეტავ, ქართველ სტუდენტს გოგოს თუ აიყვანენ სტაჟირებაზე-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება სულ 900 ევროს შეადგენდა, არც მიფიქრია უარის თქმა, იმდენად მჭირდებოდა ეს გამოცდილება.
აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ სათავო ოფისში რეალური მაღაზიების რეპლიკები ჰქონდათ მოწყობილი, რომელიც საშუალებას გვაძლევდა გვენახა, როგორ გამოჩნდებოდა დიზაინი ინტერიერსა თუ ვიტრინაზე. ამას გარდა, ყველაფრის გაიდლაინი კეთდებოდა – რა, სად და როგორ უნდა განთავსებულიყო.
Yves Rocher-ში მუშაობამდე უნივერსიტეტში სწავლის დროს (პირველ და მეორე კურსზე), ლექციების შემდეგ, ჩემს მშობლებს პირად ბიზნესში ვეხმარებოდი ხოლმე. Yves Rocher-ში, მარკეტინგის სპეციალისტად დავიწყე მუშაობა და როგორც დამწყებს, მევალებოდა ფლაერების, კომერციული ტექსტების, დიზაინების შექმნა. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. როცა რეალურ კომპანიაში რეალურ საკითხებზე მუშაობ გუნდთან ერთად, გამოწვევებით იყო სავსე, თუმცა ყველაზე რთული თავად სამსახურის პოვნა იყო. დილაობით 5-ზე ვდგებოდი, რადგან ოფისიდან ძალიან შორს ვცხოვრობდი და მისასვლელად დიდი დრო მჭირდებოდა. Yves Rocher სტაჟირების დასრულების შემდეგ, ჩემმა უფროსმა შემომთავაზა დავრჩენილიყავი მათ გუნდში სამუშაოდ, უბრალოდ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება საქართველოში მინდოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, უზომოდ კმაყოფილი ვარ პარიზში მიღებული გამოცდილებით, რომელსაც დღესაც ვიყენებ ყოველდღიური მუშაობის დროს.
ანა ტაბატაძე – Extra.ge-ს სტრატეგიული პროექტების დირექტორი