„ჩვენ უკვე გამოვცადეთ ამგვარი მიდგომების დადებითი შედეგი და ახლა გვინდა სხვა კომპანიებსაც აღმოვაჩენინოთ, როგორ შეიძლება განსხვავებული ენითა და ფორმით გადმოსცე მთავარი და გამორჩეული სათქმელი.“
ანაგრამა საკომუნიკაციო ჯგუფია, რომელიც წლების განმავლობაში მარკეტინგული, კორპორაციული კომუნიკაციების და სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით მუშაობს სხვადასხვა ტიპის კომპანიებსა და ორგანიზაციებთან.
ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საინტერესო, განსხვავებული ხედვის ადამიანების აღმოჩენა და მათთან ერთად მუშაობაა. სწორედ ამიტომ, ანაგრამელები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ეძებენ პატარა საწარმოებს, საინტერესო წამოწყებების ავტორებს, ადამიანებს განსხვავებული უნარებით და ცდილობენ პარტნიორთა წრე სულ უფრო გააფართოვონ და ახალი თანამოაზრეები შემოიკრიბონ.
„პირველი, რითიც კომპანიის შეცნობას იწყებ, მისი სახელწოდება და ლოგოტიპია. სახელის იდეა თავიდანვე გვქონდა, რადგან სიტყვა ანაგრამა თავისი არსით სწორედ იმას გულისხმობს, რაც ჩვენი მუშაობის მთავარი იდეაა; მცირე გადანაცვლებით, თემის ახლებურად დანახვითა და გადმოცემით, როგორ შეიძლება სრულიად ახალი და განსხვავებული მნიშვნელობა შესძინო უკვე არსებულ მოცემულობას, გადაახალისო და სხვა კუთხიდან დაანახო საზოგადოებას.
რაც შეეხება ლოგოტიპს, ამ კუთხით ბევრი ვერსია და აზრთა სხვადასხვაობა იყო, ერთი რამ ყველამ ზუსტად ვიცოდით: გვინდოდა ჩვენი ლოგო სრულიად სხვა კუთხიდან დაენახა მის ავტორს და ჩვენი საქმიანობის განსხვავებულობა გადმოეცა. ზუსტად ამ აზრთა ჭიდილის დროს, პანდემიის დაწყების სულ პირველ ეტაპზე, გავიცანით ანა და მისი ნამუშევრების თვალიერებისას აღმოვაჩინეთ, რომ ანაგრამელები ანას ნახატებში ცხოვრობდნენ.“
ასე გაჩნდა იდეა, ანას ნამუშევარი გამხდარიყო ანაგრამას ლოგო. ძალიან ბევრი მიმზიდველი ვერსია არსებობდა, თუმცა ყველას ერთმა, ანაგრამული სამუშაო სივრცის იდეამ აჯობა, სახლმა, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას შეუძლია, მარტივად დაიდოს ბინა და თავის არჩეულ გეზს არ გადაუხვიოს.
„ჩვენ ყოველთვის გვქონდა მოძრავი ოფისის იდეა. სურვილის მიხედვით, მარტივად რომ გადაიტან სხვადასხვა ადგილას და ნებისმიერი წერტილიდან შეძლებ მუშაობას. ანას ნახატი რომ დავინახეთ, ჩვენი სამუშაო სივრცე მაშინვე ამოვიცანით.“
ამ აღმოჩენამ კი მნიშვნელოვან თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი; ანა კალანდია ანაგრამას კრეატიული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გახდა, რომლის ნამუშევრების მრავალმხრივი შესაძლებლობების განვითარებაზე ჯგუფი ერთობლივად იმუშავებს.
„ჩვენი მიზანია ამ თანამშრომლობით კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ჯგუფის მუშაობის მთავარი მიმართულება, რაც გულისხმობს კომუნიკაციის სფეროში პასუხისმგებლიანი მიდგომების დამკვიდრებას და ყველა ჩვენთან მომუშავე ორგანიზაციისა თუ კომპანიის სწორედ ამ მიმართულებით გაძლიერებას. ჩვენ გვინდა ყველას ვაჩვენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ხედვის, შესაძლებლობების ადამიანებთან ერთად მუშაობა, რაც სრულიად განსხვავებულ, ახლებურ შედეგს გვაძლევს. ანასთან თანამშრომლობით ჩვენ გვინდა ყველა კომპანიისთვის გავხდეთ ერთგვარი მოტივატორი, რამდენად მნიშვნელოვანია სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების დასაქმება და ამ კუთხით მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობა.”
ამ ახალი ფორმების აღმოსაჩენად ყველა დაინტერესებულ კომპანიას და ორგანიზაციას საინტერესო იდეების გასაზიარებლად ელის ანაგრამა. ახლა, წინასაახალწლოდ, ანას სულ სხვანაირი ნაძვის ხეებით მათ შეუძლიათ განსაკუთრებული განწყობა შექმნან ადამიანების სადღესასწაულო გარემოში.