ანაკლიაში პორტის მშენებლობაზე, მთავრობა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საჭირო პროცედურებს იწყებს. მიზეზად, კონსორციუმის მხრიდან, საინვესტიციო ხელშეკრულების 7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას ასახელებენ. კონსორციუმში კი ამბობენ, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავენ.
სამინისტროს ინფორმაციით, კონსორციუმმა ვერ მოიზიდა 120 მილიონი აშშ დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად.
„[ასევე] ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებები 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე საერთაშორისო ბანკებთან, პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან, რითაც მთავრობას წარმოეშვა ხელშეკრულების მოშლის სრული და უპირობო უფლება მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ინვესტორის მიმართ გამოიჩინა უპრეცენდენტო ძალისხმევა პროექტის მხარდასაჭერად და კონსორციუმს, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, 2017 წლიდან რამდენჯერმე გადაუვადა პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი და ძირითადი ვალდებულებების შესრულების ვადები, კონსორციუმმა ვერ შეძლო ვადის დაცვა, ვერ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და ვერ წარმოადგინა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების რეალური სამოქმედო გეგმა ან ხედვა“.
სამინისტროში ამბობენ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, 2017 წლიდან დღემდე, ვერ შეძლო პროექტის განხორციელებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულება, ვერ მიაღწია ხელშესახებ შედეგს და ვერ წარმოადგინა პროექტის განვითარების რეალური ხედვა. მათი თქმით, ამიტომ ამბობენ უარს ვალდებულებების შესრულების კიდევ ერთხელ გადავადებაზე და ხელშეკრულების შეწყვეტისთვის პროცედურებს იწყებენ.
„[ასევე დაიწყება] ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები”.
ამ თემაზე ბრიფინგი გამართა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა ლევან ახვლედიანმა. მისი თქმით, ბრალდება ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.
„უსაფუძვლოდ მიმაჩნია იმის თქმა, რომ ჩვენ ვერ შევასრულეთ ვალდებულებები – პირდაპირ გეტყვით, ამ ბრალდებებს ვერ მივიღებთ. დიდი შრომა გავწიეთ, დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ პროექტის წარმატებაში, ჩადებულია ინვესტიცია, შესრულებულია გარკვეული სამშენებლო სამუშაოები. მოზიდულია თანხები, გავაფორმეთ ხელეშეკრულება, 2 ოპერატორთან. ვერ მივიღებთ ბრალდებას, რომ ვალდებულებები ვერ შევასრულეთ. აქ მთავრობას უნდა მიეღო მოწინავე როლი, ძალიან ცოტა იყო დარჩენილი, რომ შეთანხმება შემდგარიყო. თუმცა, არათუ გადამწყვეტი როლი ითამაშა მთავრობამ, იმის ნაცვლად, რომ მოეწვია მხარეები, ესაუბრა, არც მოისურვა, რომ საუბარში შემოსულიყო ჩვენთან. ჩვენი წინადადებები, რომელზეც ვთვლით, რომ იყო ძალიან დაბალანსებული, მცირე დათმობები იყო საჭირო მთავრობის მხრიდან, რომ ეს პროექტი წარმატებით დასრულებულიყო, მთავრობამ არ მოისურვა კონსორციუმთან საუბარში შემოსვლაც კი”.
ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტა უსაფუძვლოა. შესაბამისად, არ შეიძლება ახალი ტენდერი გამოცხადდეს.
„ვფიქრობ, ეს ცოტა კომიკურიც არის. ერთი მაგალითი მაინც დამისახელეთ, მსოფლიოში, სადაც ასეთ რეზონანსულ და მნიშვნელოვან პროექტზე ხელშეკრულება წყდება, იწყება სასამართლო – საარბიტრაჟო დავა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ინვესტორების მოძიება ხერხდება, ეს წარმოუდგენელია“.
როგორც ლევან ახვლედიანი ამბობს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და პროექტში უკვე განხორციელებული 75 მილიონი დოლარის ინვესტიციის გამო, კონსორციუმი საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს.
„გვაქვს კონსულტაციები, სარჩელი ჯერ არ გვაქვს მომზადებული, კონკრეტული იურიდიული სტრატეგიაა შესამუშავებელი, რაც გათვალისწინებულია საინვესტიციო ხელშეკრულებით. საარბიტრაჟო სასამართლო გათვალისწინებულია ჟენევაში. ეს პროცესები უნდა გავიაროთ და შემდეგ უფრო დეტალურად შევძლებთ საუბარს“.
ხელშეკრულება ანაკლიაში, შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმდა.