9
ნოე
2018

„ათენა“ და მისი ტყუპის ცალი და „არტემისი“ – გემები ანაკლიის პორტის მშენებლობიდან

9 ნოე 2018

ანაკლიის პორტი, 2020 წელს, პირველ გემებს მიიღებს. შავი ზღვის აუზში, რუმინული „კონსტანცას“ შემდეგ, ეს იქნება ყველაზე ღრმაწყლოვანი ნავსადგური (სიღრმე – 16 მეტრი), დიდი ზომის საკონტეინერო გემებისთვის (პანამაქსი, პოსტპანამაქსი).

statiebi-bog
statiebi-bog

ამ ეტაპზე, დასრულებულია საზღვაო სამუშაოები, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“  ინფორმაციით, 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მსოფლიოში სიდიდით მესამე გამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“, პორტის ტერიტორიაზე, 5 000 000 კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა და ხმელეთზე სპეციალური მილების საშუალებით გადაიტანა. როგორც კონსორციუმის წარმომადგენლები ამბობენ, ახლა ამ მიწის დამუშავება და წყლისგან გამოთავისუფლება მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით ხდება, რათა ქვიშას სასურველი სიმკვრივე მიეცეს და ტერიტორია იდეალური გახდეს ტერმინალის მშენებლობის დასაწყებად.

„ათენა“ და მისი ტყუპისცალი და „არტემისი“ 

ანაკლიის პორტის ტერიტორიიდან ამოტუმბვის სამუშაოებს ჰოლანდიური საზღვაო საინჟინრო კომპანია „ვან ოორდი“ აწარმოებდა. სწორედ მისი საკუთრებაა „ათენა“. როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები ამბობენ, 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშის ამოტუმბვას, ალტერნატიული მეთოდით, 2 წელი და 450 000 სატვირთო მანქანა დასჭირდებოდა. „ათენამ“ კი, იგივე მოცულობის სამუშაო, დაახლოებით, 2 თვეში შეასრულა, რადგან, მათივე თქმით, განსაკუთრებული სიმძლავრისაა (მსოფლიოში სულ 5 ასეთი სიმძლავრის გემია), არ სჭირდება დამხმარე გემები და თვითგადაადგილებადია. „ათენა“ 6 წლის არის,  სიგრძეში კი, დაახლოებით, 150 მეტრია. მისი საშუალებით ისეთი პროექტები განხორციელდა, როგორიცაა სუეცის არხის გაფართოება და „დუბაის პალმების“ მშენებლობა. სამართლიანობის ქალღმერთი (ათენა – ქალღმერთი ბერძ. მითოლოგიაში) შავი ზღვის აკვატორიას უახლოეს მომავალში დატოვებს. საზღვაო სამუშაოების შემდეგ, დაგეგმილია პორტის ფსკერის საოპერაციო სიღრმემდე (-16 მეტრამდე) დაღრმავება. თუმცა, მანამდე ნიადაგის დაჯდომაა საჭირო. პროცესი,  2019 წელსაა გეგმაში. სამუშაოებს ან ისევ „ათენა“, ან მისი ტყუპისცალი და, „არტემისი“ (ნადირობის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში) შეასრულებს, რომელიც, კონსორციუმის წარმომადგენლების თქმით, ასევე დიდი სიმძლავრის გამაღრმავებელი გემია და იმავე კომპანიას ეკუთნის.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, დაღრმავებასთან ერთად, დასრულდა სადრენაჟე სისტემების მონტაჟი, რომლის ჯამური სიგრძეც 2,5 მილიონ მეტრია. მათი თქმით, მოწყობილობა პორტის ტერიტორიაზე გადმოტანილი ქვიშის ავტომატურ რეჟიმში წყლისგან გასაფილტრად გამოიყენება. პროცესის დასრულებისა და ნიადაგის დაჯდომის შემდეგ კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზღვაო სამუშაოების მეორე ეტაპი, ფსკერის საოპერაციო სიღრმემდე დაღრმავების სამუშაოები დაიწყება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 

ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეა, ჯერ კიდევ, მე-20 საუკუნეში გაჩნდა. მცირე, მაგრამ პირველი სამუშაოები 60-იან წლებში დაიწყო – აშენდა პირსი (ზღვაში შეჭრილი ნაგებობა ორივე მხრიდან გემების მისადგომად). თუმცა, პროცესი ამ ეტაპს არ გასცდენია. ჩვენამდე მოღწეული პირველი ოფიციალური დოკუმენტი, პროექტის მონახაზი, 1974 წლით თარიღდება. შემდეგ,1980-იანი წლებიდან კიდევ რამდენჯერმე გახდა ეს საკითხი აქტუალური. საბოლოოდ, 2016 წლის ოქტომბერში, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, საქართველოს მთავრობასთან ხელი მოაწერა საინვესტიციო ხელშეკრულებას, განახორციელა სამუშაოები ანაკლიის პორტის საპროექტო ტერიტორიის საკვლევად და მშენებლობის მოსამზადებლად. ნავსადგურის ასაშენებლად, საზღვაო სამუშაოები 2018 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი სულ 9 ფაზას მოიცავს და  3000 ჰა-ზე მეტ ფართობზე, 32 ნავმისადგომის აგებას ითვალისწინებს. წინასწარი გათვლებით, ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა, წელიწადში, 100 მლნ ტონა იქნება. პროექტის ღირებულება, 2,5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.



განხილვა