18
Dec
2018

„საუკუნის პროექტად“ წოდებული ანაკლიის პორტი მალე პირველი გემის მიღებას შეძლებს!

18 Dec 2018

10 კმ სიგრძის დამბა (ჯებირი), „ვან ოორდის“ მიერ ჩამოტანილი 3500 კგ სიგრძის სადრენაჟო მილები, დამაღრმავებელი სამუშაოებისთვის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე გემი „ათენა“, ზღვიდან ამოტუმბული 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა, 8 მეტრით ამაღლებული 110 ჰექტარი ტერიტორია, 30 მლნ დოლარი გაღრმავებისა და სარეკრეაციო სამუშაოებისთვის… დახარჯული 600 მლნ აშშ დოლარი, პორტის სამუშაოებზე სამომავლოდ, 1500-ზე მეტი დასაქმებული ადგილობრივი სამუშაო ძალა… 

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის I ფაზა, რომლის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო, აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. 

საქართველო პატარა აღარაა… ჩვენ ვემსახურებით, კავკასიის რეგიონში, 17 მილიონიან მოსახლეობასა და 10 მილიარდის ეკონომიკას…

როგორ ვითარდებოდა, 1 წლის განმავლობაში, საუკუნის პროექტად წოდებული პორტის მშენებლობა და როგორია მასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები? – 13 დეკემბერს, Holiday Inn-ში, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და „ანაკლია სითიმ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობის პირველი წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. 

„საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა შავ ზღვაზე, რომელსაც არ გააჩნია ღრმაწყლოვანი პორტი და შავ ზღვაზე შემოსული საკონტეინერო გემების 75 %, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ვერ შემოდის საქართველოში“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა. მისივე თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უზრუნველყოფს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას და ჩვენი ქვეყანა შეძლებს, მაქსიმალურად გამოიყენოს ის ეკონომიკური ღირებულება, რომელიც თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო გააჩნია.დერეფნის კონკურენტიანობის პირველ ეტაპზე, საქართველოს მხრიდან, პირველი ნაბიჯი გადაიდგა და 2018 წლის მაისში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „შუა დერეფნის“, იგივე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR)“ ასოცირებული წევრი ორგანიზაცია გახდა. 

გაერთიანები, სადაც წამყვანი საზღვაო და სატრანსპორტო კომპანიები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან არიან, მიზნად ისახავს შუა დერეფნის პოპულარიზაციას, აზიასა და ევროპას შორის ტვირთის გადაზიდვის პროცედურების დაჩქარება-გამარტივებასა და სპეციალური, შეღავათიანი ტარიფების შემუშავებას. საქართველოს მიზანს კი, ანაკლიის პორტის – ევროპისა და აზიის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ საზღვაო წერტილად, სატრანზიტო ჰაბად ქცევა წარმოადგეს. ანაკლიის პროექტის თანადამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე: „ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გვაქვს როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე დიდი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და გავლენიანი პოლიტიკური წრეების საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ მნიშვნელობას“.

შეხვედრაზე, ასევე, ითქვა, რომ ანაკლიის პორტის ბიზნესმოდელი პირველ რიგში, ქართული კომპანიებისთვის გაფართოების შესაძლებლობის მიცემასა და საერთაშორისო კომპანიებისთვის რეგიონში შემოსასვლელი პლატფორმის შექმნას გულისხმობს.

როგორც „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ბოჭორიშვილი ამბობს: ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა იქნება ადგილი, სადაც ქართველ და საერთაშორისო კომპანიებს ექნებათ საშუალება, განათავსონ საკუთარი საწარმოები, საწყობები და სხვა ტიპის სამრეწველო ინფრასტრუქტურა. ზონა სრულიად ინტეგრირებული იქნება საზღვაო, საგზაო და სარკინიგზო ინფრასატრუქტურასთან. ასევე ექნება სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსი და საგადასახადო შეღავათები“. 

ანაკლიის ღრმაწყლვან პორტს სამი ნავმისადგომი ექნება: ორი საკომტეინერო, მესამე კი – ნაყარი ნავმისადგომის ფუნქციას შეასრულებს. როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ამბობენ, პორტი 100%-ით, ყველა იმ გემის მიღებას შეძლებს, რომლებიც კონტეინერებს, აქამდე, შავი ზღვის აკვატორიაში, სხვადასხვა პორტში ანაწილებდნენ. ამ ეტაპზე 2 ტენდერი მიმდინარეობს:

  1. მსოფლიოს რომელი წამყვანი კომპანია უზრუნველყოფს პორტს თანამედროვე, დისტანციური მართვის შესაძლებლობის მქონე ამწეებით;
  2. ვინ იქნება გენერალური კონტრაქტორი.

მას შემდეგ, რაც 2019 წლის იანვარში, გენერალური კონტრაქტორის ვინაობა ცნობილი გახდება, უკვე ივლისში, ის ტერმინალის მშენებლობას დაიწყებს. რაც შეეხება პორტის პირველი ფაზის გახსნასა და გემების მიღებას, 2020 წლის მიწურულსაა დაგეგმილი. 

განხილვა