in

„პროექტებზე მუშაობის პარალელურად, საკუთარი ოფისის ინტერიერს ხელით ვქმნიდით“ – გზა დიზაინის ქართული სტუდია Anakonda-მდე

შემოქმედებით ინდუსტრიაში წარმატებული სააგენტოების ისტორიები განსხვავებულად იწყება, თუმცა ყველაზე ცოცხალი და ნამდვილი ამბები იქ იბადება, სადაც მთავარი მამოძრავებელი ძალა ადამიანური სინერგია, საერთო ღირებულებები და საქმისადმი დიდი სიყვარულია. სწორედ ასე დაიწყო ახალი ქართული დიზაინსტუდია Anakonda-ს ამბავი. ორი სრულიად განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანით, რომელთა უნარებიც ერთმანეთს იდეალურად ავსებს. ანუკი კონიაშვილს სააგენტოებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, კანის ლომების ახალგაზრდა კონკურსზე 3-ჯერ მოიპოვა მედალი და 2-ჯერ იასპარეზა ქვეყნის სახელით. გიორგი ველიჯანაშვილი კი განათლებით ფსიქოლოგია, რომელმაც საკუთარი ხედვა 3D დიზაინის, მოუშენისა და ანიმაციის სამყაროში იპოვა. სანამ გლობალურ ბაზარზე ხმამაღლა განაცხადებდნენ საკუთარი თავის შესახებ, მათ საერთო მიზნისთვის გაერთიანება გადაწყვიტეს.

დღესდღეობით, სტუდიას 40-ზე მეტი ქართული თუ უცხოური პროექტი აქვს შესრულებული. ამ დროის მანძილზე, ანუკი და გიორგი პარალელურ რეჟიმში მუშაობდნენ – თან კომპიუტერებთან საერთაშორისო ბრენდების დიზაინს აწყობდნენ, შესვენებებზე კი ანუკის ბავშვობის სახლში სააგენტოს აწყობდნენ და კედლებს საკუთარი ხელით ღებავდნენ. დღეს ეს სივრცე უკვე სრულფასოვანი ოფისია, „ანაკონდას“ მთავარი ფილოსოფია კი – Hypnotizing eyes & minds – ზუსტად ასახავს მათ ხედვას შექმნან ისეთი დიზაინი, რომელიც ვიზუალურადაც იპყრობს ყურადღებას და შინაარსობრივადაც ძლიერია. უფრო ვრცლად, ანუკი კონიაშვილი და გიორგი ველიჯანაშვილი გვიყვებიან.

M: როდის დადგა მომენტი, როცა მიხვდით, რომ ცალ-ცალკე დაგროვილი გამოცდილება უკვე ერთობლივ სააგენტოდ უნდა გექციათ?

გიორგი: მე და ანუკი კარგი მეგობრები ვართ. ამ წლების განმავლობაში ერთად მუშაობამ გვაჩვენა, რომ ერთმანეთს პიროვნულად და პროფესიულად კარგად ვუგებდით. სააგენტო „ჰოლი მოტორსში“ მუშაობისას დავრწმუნდით, რომ ჩვენი ხედვა, სამუშაო ეთიკა და პასუხისმგებლობა თითქმის იდენტური იყო.

თუმცა, საკუთარი სტუდიის შექმნის იდეა თავიდანვე ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ანუკის დამოუკიდებლად საქმიანობის სურვილი ჯერ კიდევ სააგენტოში მუშაობის ბოლო პერიოდში გაუჩნდა. მე მაშინ იქ აღარ ვმუშაობდი, ფრილანსპროექტებით ვიყავი დაკავებული და ახალ გამოწვევებს ვეძებდი. მას შემდეგ, რაც ანუკიც წამოვიდა სააგენტოდან და ფრილანსზე გადაერთო, მალევე დავიწყეთ ფიქრი საკუთარი სტუდიის ერთობლივად შექმნაზე. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხედვები და სამომავლო მიზნები სრულ თანხვედრაში იყო, რამაც გადაწყვეტილების მიღება გაგვიმარტივა.

სააგენტოს დაფუძნება არ გვიჩქარია – თავდაპირველად რამდენიმე პროექტზე ერთად ვიმუშავეთ. ამ პერიოდში ვაკვირდებოდით, რამდენად კარგად ვუთავსებდით ჩვენს პროფესიულ მიმართულებებს ერთმანეთს, რამდენად ეფექტურად ვმართავდით სამუშაო პროცესს და შეიძლებოდა თუ არა, ამ თანამშრომლობას სრულფასოვანი სააგენტოს სახე მიეღო. როცა ამაში საბოლოოდ დავრწმუნდით, გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი სივრცის შექმნის დროც მოვიდა.

დიდი ბიუჯეტი ან საწყისი კაპიტალი არ გვქონდა, ამიტომ ანუკის ბავშვობის სახლი ჩვენს პირველ ოფისად ვაქციეთ. თითქმის ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთეთ. მახსოვს, იმ პერიოდში Leavingstone-თან ერთად Hisense-ის საერთაშორისო პროექტზე ვმუშაობდით და პარალელურად, კედლებს ვღებავდით. ნელ-ნელა იქმნებოდა სივრცე, რომელიც „ანაკონდას“ ხასიათს ასახავდა.

M: როგორ დაემთხვა ერთმანეთს თქვენი ხედვები და რა გახდა ის მიზეზი, რის გამოც სააგენტოს ერთად დაფუძნება გადაწყვიტეთ?

ანუკი: როდესაც საკუთარი სტუდიის შექმნის იდეა გაჩნდა, კითხვა – „ვისთან ერთად?“ – პრაქტიკულად არც დამდგარა. ორივემ ვიცოდით, რომ ჩვენი გამოცდილება და უნარები საუკეთესო სინერგიას შექმნიდა.

ვფიქრობ, წარმატებული სააგენტოს შესაქმნელად მხოლოდ პროფესიული ცოდნა არ კმარა. ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა, სწორი კომუნიკაცია და საერთო ღირებულებები. როცა რთულ პროექტებზე მუშაობ, ყოველდღიურად იღებ გადაწყვეტილებებს და დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია, აუცილებელია, გვერდით გყავდეს ადამიანი, ვისთანაც ერთ ენაზე საუბრობ.

ჩვენი პარტნიორობის მთავარი საფუძველიც სწორედ ეს გახდა – ერთმანეთის მიმართ ნდობა და სურვილი, შეგვექმნა სტუდია, სადაც დიზაინი მხოლოდ ვიზუალი კი არა, კარგად გააზრებული იდეებისა და ხარისხიანი შესრულების ერთობლიობა იქნებოდა.

M: ანუკი, ლივინგსტონში, ჰოლი მოტორსში, Young Lions Georgia-სა და კანის მსოფლიო კონკურსზე მიღებული გამოცდილებიდან რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს „ანაკონდას“ ხედვაში გადმოიტანე?

ანუკი: თითოეულმა ეტაპმა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ყველა ადგილი, პროექტი და გამოწვევა რაღაც ახალს მასწავლიდა – დაწყებული დიზაინის ტექნიკური მხარით, გაგრძელებული სტრატეგიული აზროვნებით, დამკვეთებთან ურთიერთობით, პროექტების მართვითა და გუნდური მუშაობით.

საბედნიეროდ, ამ სფეროში თითქმის ყველა ეტაპი გავიარე – ვყოფილვარ ფრილანსერი, სტაჟიორი, ჯუნიორდიზაინერი, სენიორდიზაინერი, არტდირექტორი, პროექტის ლიდი და აქტიურად ვიყავი ჩართული პროექტების მენეჯმენტშიც. სწორედ ამ მრავალფეროვანმა გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, სააგენტო მხოლოდ დიზაინერის თვალით კი არა, მთლიანად ბიზნესისა და პროცესების კუთხითაც დამენახა.

ფრილანსისა და Leavingstone-ის პერიოდი ჩემთვის ის ეტაპები იყო, როცა ტექნიკურად და სტრატეგიულად ვისწავლე ბრენდებთან მუშაობა. „ჰოლი მოტორსში“ გამოცდილება ბევრად უფრო მასშტაბური გახდა.

ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს Young Lions Georgia-საც. მაშინ პროფესიულ წრეში უფრო ფართოდ გამიცნეს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია კონკურსებში მონაწილეობა მუდმივი განვითარებისთვის. მოგვიანებით, Cannes Lions-ზე მიღებულმა გამოცდილებამ გლობალური სტანდარტებით მუშაობის სპეციფიკა და მნიშვნელობა დამანახა.

არანაკლებ ფასეულები არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ გზაზე შემხვდნენ. კოლეგები, მენტორები, დამკვეთები თუ პარტნიორები. ამ გამოცდილებათა ერთობლიობა გახდა ის საფუძველი, რომელზეც დღეს „ანაკონდას“ ხედვა დგას: პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, შემოქმედებითობა, მუდმივი განვითარება და ხარისხზე კომპრომისის გარეშე მუშაობა.

M: გიორგი, შენს გამოცდილებაზე მოგვიყევი…

გიორგი: ჩემი პროფესიული გზა დიზაინით არ დაწყებულა. განათლებით ფსიქოლოგი ვარ, თუმცა ხელოვნება, ვიზუალური მედია და შემოქმედებითი საქმიანობა ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემი ჰობი და ინტერესის მთავარი სფერო იყო. დროთა განმავლობაში ეს ინტერესი ყოველდღიურ პრაქტიკად იქცა და საბოლოოდ, ჩემს პროფესიად ჩამოყალიბდა.

ვიზუალურ სამყაროში ჩემი პირველი ნაბიჯები ფოტოგრაფიას უკავშირდება. ამ სფეროთი ადრეული ასაკიდან დავინტერესდი და სწორედ იქ შევიძინე ვიზუალური აზროვნების, კომპოზიციის აღქმისა და მნიშვნელოვანი დეტალების შემჩნევის უნარი. ეს გამოცდილება დღემდე განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აღვიქვამ და ვამუშავებ ვიზუალურ იდეებს.

მოგვიანებით, ჩემი მეგობრების მუსიკალურ ბენდთან – Mellow-სთან ერთად დავიწყე მუშაობა. ვიღებდით მუსიკალურ კლიპებს, ვამონტაჟებდით, ვაკეთებდით ანიმაციასა და Motion Design-ს. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას შემოქმედებითი პროცესი მანიჭებდა – იდეის დაბადებიდან მის საბოლოო რეალიზებამდე და გავიაზრე, რომ ეს უკვე მხოლოდ ჰობი აღარ იყო. ამას მოჰყვა ფრილანსპროექტები, სადაც ქართველ და უცხოელ დამკვეთებთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ სააგენტოში მუშაობის სურვილი გამიჩნდა. მაინტერესებდა, როგორ იქმნებოდა მასშტაბური პროექტები, როგორ მუშაობდა ძლიერი გუნდი და როგორი იყო სააგენტოს შიდა პროცესები. ეს ყველაფერი Holy Motors-ში გამოვცადე, სადაც Motion Design-ისა და 3D მიმართულებით არაერთ საინტერესო პროექტზე ვიმუშავე. სწორედ იქ დაიწყო ჩემი და ანუკის თანამშრომლობაც. საერთო ხედვამ, სამუშაო პროცესმა და მეგობრობამ კი საბოლოოდ „ანაკონდას“ შექმნის გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა.

M: რა მიმართულებებზე იმუშავებთ და სეგმენტი თუ გყავთ განსაზღვრული?

ანუკი: ვმუშაობთ ყველაფერზე, რაც დიზაინს უკავშირდება და ამავდროულად, კონცეპტუალურია. ჩვენი სერვისები მოიცავს ბრენდინგს, ვიზუალურ იდენტობას, შეფუთვის დიზაინს, ტიპოგრაფიას, ილუსტრაციას, Motion Design-ს, 3D-ს… დიდ ყურადღებას ვუთმობთ იდეასა და შემოქმედებითობას. ჩვენთვის დიზაინის მთავარი ხიბლი მხოლოდ ვიზუალში კი არა, კონცეპტუალურ მიდგომაშია. ამას გამოხატავს ჩვენი გზავნილიც – Hypnotizing eyes & minds. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მომნუსხველი დიზაინი, რომელიც ერთდროულად თვალწარმტაციც იქნება და გონებასაც მოხიბლავს.

ვთანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან და თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად ვუდგებით. ჩვენთვის მთავარი დამკვეთებთან იდეოლოგიური თანხვედრაა – გვინდა ვიმუშაოთ ბრენდებთან, რომლებსაც საკუთარი უნიკალურობის გამოხატვა სურთ, აფასებენ შემოქმედებითობას, გამბედავ იდეებს და ჩვენსავით, კონცეპტუალური დიზაინი ხიბლავთ.

სტუდიის შექმნის შემდეგ არაერთ პროექტზე სხვადასხვა დიზაინერთან ერთად ვიმუშავეთ. დღეს უკვე 40-ზე მეტ ქართულ თუ საერთაშორისო პროექტზე გვაქვს ნამუშევარი. მათ შორისაა: „მეტროპოლი“, „მინისო“, „თბილისი გარდენსი“, „ქრონომეტრი“, „რედბერი“, „სილქ ბანკი“ და სხვა. ნამუშევრების გამოქვეყნებას ეტაპობრივად ვგეგმავთ როგორც სოციალურ ქსელებში, ისე ჩვენს ვებსაიტზე: www.anakonda.design.

M: სააგენტოს სახელდება როგორ შეიქმნა?

გიორგი: საწყის ეტაპზე, როცა ანუკი სტუდიის შექმნას მარტო გეგმავდა, ერთ-ერთ წამყვან ვერსიად განიხილებოდა სახელობითი ნეიმინგი, დამფუძნებლის სახელსა და გვართან დაკავშირებული სიტყვა. როცა მეც შევუერთდი, სხვა ვერსიებზეც დავიწყეთ ფიქრი, თუმცა, ყველაზე მეტად, განწყობით, სტილით, ჟღერადობით, ორივე Anakonda-მ მოგვხიბლა და გადაწყვეტილება მალევე მივიღეთ. Anakonda-ს კონცეფცია ანუკის სახელიდან და გვარიდან მოდის (Ana Kon – ანა კონიაშვილი). DA Design Agency-ს ინიციალებია. დამატებით, როგორც „და“, კავშირი, ადამიანების, ბრენდების, პროექტების მრავალფეროვნებას გამოხატავს. კიდევ ერთი სასაცილო დამთხვევა ისაა, რომ ჩემი სახელისა და გვარის კომბინაციით სიტყვა „გ.ველი“ იქმნება (გიორგი ველიჯანაშვილი). ასე რომ, სიმბოლოებს დავუჯერეთ, Anakon და G.veli გავაერთიანეთ და Anakonda შევქმენით.

M: როგორია თქვენი ხელწერა – რა უნდა იგრძნოს დამკვეთმა თქვენთან მუშაობისას განსხვავებულად?

გიორგი: ვფიქრობ, ჩვენი მთავარი ხელწერა საქმისადმი დამოკიდებულება და შემოქმედებითობაა. ყველა პროექტს ერთნაირი პასუხისმგებლობით ვუდგებით, მიუხედავად მისი მასშტაბისა. სანამ უშუალოდ დიზაინზე მუშაობას დავიწყებთ, ყოველთვის ვცდილობთ, კარგად გავიცნოთ ბრენდი, მისი სფერო, აუდიტორია და ის კონტექსტი, რომელშიც მას არსებობა მოუწევს. არ გვიყვარს ზედაპირული გადაწყვეტილებები – გვინდა, რომ თითოეულ ვიზუალურ ელემენტს თავისი დანიშნულება და არგუმენტი ჰქონდეს.

დიდ ყურადღებას ვაქცევთ დეტალებსაც. ხშირად სწორედ ისეთი პატარა გადაწყვეტილებები ქმნის საბოლოო შთაბეჭდილებას, რომლებსაც შესაძლოა ერთი შეხედვით ვერც ამჩნევ, მაგრამ მთლიან ნამუშევარს ბევრად სრულყოფილს ხდის.

გვინდა, ჩვენთან მუშაობისას დამკვეთმა იგრძნოს, რომ მის პროექტზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, მაქსიმალურად ჩასწვდნენ ბრენდის არსს და დადონ შედეგი, რომელიც როგორც ვიზუალურად გამორჩეული, ისე შინაარსობრივად ძლიერი იქნება.

M: როგორ ხედავთ სააგენტოს განვითარებას?

ანუკი: ჩვენი მიზანი ძალიან დიდი, კორპორაციული სააგენტოს შექმნა არ არის. უფრო მეტად გვსურს, ჩამოვაყალიბოთ ძლიერი სტუდია, სადაც ჩვენი ხედვის, დამოკიდებულებისა და ხარისხის სტანდარტების გამზიარებელი ადამიანები იმუშავებენ. გვინდა, შევქმნათ გარემო, სადაც გამოცდილების გაზიარება, განვითარება და ერთმანეთისგან სწავლა ყოველდღიური პროცესის ნაწილი იქნება.

ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც განსაკუთრებით დიდი რესურსის ჩადებას ვგეგმავთ, ქართული ტიპოგრაფიის განვითარებაა. უკვე ვმუშაობთ ჩვენს პირველ ფონტების ოჯახზე, რომელიც საწყის ეტაპზე 70-მდე ფონტს გააერთიანებს. ეს მხოლოდ დასაწყისია – მომავალში ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარებასა და ახალი შრიფტების შექმნას ვაპირებთ.

ამასთან, გვინდა ჩვენი სიტყვა ვთქვათ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. გვჯერა, რომ საქართველოში არაერთ სააგენტოს აქვს საერთაშორისო დონის პოტენციალი და გვსურს, „ანაკონდაც“ იყოს იმ სტუდიებს შორის, რომლებიც ქართულ დიზაინს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ღირსეულად წარმოაჩენენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო ბუნებრივად გაიზარდოს და არა – ხარისხის კომპრომისის ხარჯზე. გვინდა, თითოეული ახალი პროექტი, თანამშრომლობა და ნაბიჯი იმავე სტანდარტს პასუხობდეს, რომელსაც დღეს ვუწესებთ საკუთარ თავს.

ბოლოს, აუცილებლად გვინდა აღვნიშნოთ ადამიანები, რომლებმაც „ანაკონდას“ შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ჩვენმა მეგობრებმა, პავლე გაბრიჭიძემ და ელენე დანელიამ სააგენტოს ბრენდის სტრატეგიასა და ნეიმინგზე იმუშავეს. არაერთ საინტერესო პროექტზე ვიმუშავეთ ერთად და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ასევე, დიდი მადლობა ჩვენს კოლეგებს, პარტნიორებსა და მეგობრებს, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე ჩვენი პროექტების ნაწილი გახდნენ. თითოეულმა მათგანმა საკუთარი წვლილი შეიტანა იმ გზაში, რომელსაც დღეს „ანაკონდა“ გადის. გვჯერა, რომ მომავალში ერთად კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს შევქმნით.

INTEX.GE – საქართველოში INTEX-ის ვებგვერდი უკვე ხელმისაწვდომია

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს