in

რამდენად კარგად იყენებს თქვენი კომპანია ანალიტიკას?

მონაცემებისა და ანალიტიკის შედეგების გამოყენებას ყველა კომპანია ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ Amazon-მა და Alibaba-მ ეს უკვე წარმატებით მოახერხა, უმეტესობა ჯერ კიდევ ვერ ხვდება, თუ საიდან უნდა დაიწყოს ეს. მრავალი კვლევით დადასტურდა, რომ აღმასრულებელი ხელმძღვანელების უმეტესობა ანალიტიკით მიღებული შედეგებით კმაყოფილი არც არის, 39%-ს სჯერა, რომ მათი ორგანიზაციები აქტივების მსგავსად მართავენ მონაცემებს, უფრო ნაკლები კი თვლის, რომ ორგანიზაცია სწორედ ამ მონაცემებს ეყრდნობა. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

და როგორ უნდა გაუწიონ კომპანიებმა ერთმანეთს ანალიტიკის გამოყენებაში კონკურენცია? ამისთვის, B2B ინდუსტრიის 300 აღმასრულებელი დირექტორის გამოკითხვით ანალიტიკური შესაძლებლობების შვიდი განზომილება გამოავლინეს:

  • კულტურა
  • ლიდერობის ვალდებულება
  • ოპერაციები და სტრუქტურა
  • უნარები და კომპეტენციები
  • ანალიტიკისა და სტრატეგიის შეთანხმება
  • ბაზრის პროაქტიული ორიენტაცია
  • თანამშრომლების გაძლიერება

ამაზე დაყრდნობით, კომპანიების სამი დონეც გამოვლინდა: მონაცემებსა და ანალიტიკაში ჩამორჩენილები, მონდომებულები და ლიდერები. შემდეგ კი შექმნეს ინსტრუმენტი, რომელიც ლიდერებს იმის განსაზღვრაში დაეხმარება, თუ სად არის კომპანია მოცემულ სპექტრში და იმ ორგანიზაციულ მახასიათებლებსა თუ შესაძლებლობებს გამოავლენს, რომელიც, შესაძლოა, ანალიტიკური მოგზაურობის შემდგომი წინსვლისთვის დასჭირდეთ.

შედეგები კომპანიის ანალიტიკის ძლიერ და სუსტ მხარეებს გამოავლენს, დაეხმარება მათ ინვესტიციების პრიორიტეტიზაციასა და რესურსების განაწილებაში, ხელს შეუწყობს საერთო ენისა და აზროვნების ჩამოყალიბებას, გამოავლენს განსხვავებულ შეხედულებას კომპანიის შესაძლებლობების შესახებ, საბოლოოდ კი ხელმძღვანელებს დაეხმარება, გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანი კომპანიის მმართველები. 

შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები

ამ მოგზაურობას ყველა ერთი ადგილიდან არ იწყებს, ზოგის შესაძლებლობები მეტად არის განვითარებული, ზოგის კი ნაკლებად. თუმცა ორივე მათგანმა შემდეგ სამ კითხვას უნდა უპასუხოს: რა არის ჩვენი ამჟამინდელი გამოცდილების დონე? რა სფეროებში გვჭირდება განვითარება? და რისი გაკეთება დაგვჭირდება ჩვენი მონაცემებისა და ანალიტიკის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის?

თქვენი კომპანიის მონაცემებისა და ანალიტიკის ცოდნის შესაფასებლად, ძირითადი თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული მხარეები უნდა შეკრიბოთ, რომლებიც მენეჯმენტის დონისა და ბიზნეს ფუნქციების მთელ რიგს წარმოადგენენ. დარწმუნდით, რომ მრავალფეროვანი პერსონალი გყავთ, რომლებიც შეძლებენ გუნდების ხელმძღვანელობას ტრანსფორმაციის პროცესში და რომ გყავთ პირველი ხაზის თანამშრომლები, რომლებზეც ამას გავლენა ექნება. იფიქრეთ ამ სავარჯიშოზე, როგორც პატარა ჯგუფის სემინარზე, რომელიც მონაწილეთა შორის ინფორმირებულ დისკუსიას წამოჭრის, რაც, თავის მხრივ, კომპანიის ამჟამინდელი შესაძლებლობების „საწარმოს რეალობის შემოწმებას“ გამოიწვევს. 

სთხოვეთ სემინარის თითოეულ მონაწილეს ინდივიდუალურად უპასუხოს ქვემოთ მოცემულ დიაგნოსტიკური ინსტრუმენტის კითხვებს და შეავსეთ ცხრილი: 

თუ სისუსტეებს იპოვით, ლიდერებმა, შესაძლოა, უპირველესად მათზე მოახდინონ ფოკუსირება. მაღალი ქულების პირობებში კი იმ სფეროებსაც გამოავლენს, სადაც ბიზნესის წარმატების შესანარჩუნებლად ინვესტიციების შემცირებაა საჭირო. საუკეთესო კომპანიებს ძლიერი მხარეების გაორმაგებაც შეუძლიათ, რათა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ. 

ინდივიდუალური კითხვები ეხმარება ხელმძღვანელებს, განსაზღვრონ, რაზე გაამახვილონ ყურადღება, 7 განზომილება კი მათ საშუალებას აძლევს, კომპანიის მთლიან პროგრესს ადევნონ თვალი. 

გაზომეთ თანამშრომელთა კონსენსუსი

თუ კომპანიას სურს, ანალიტიკური მოგზაურობის დროს წინ წაიწიოს, მთავარ მოთამაშეებს შორის კონსენსუსის მიღებასაც უნდა ცდილობდეს და განსაზღვროს, არსებობს თუ არა განსხვავებები შესაძლებლობების აღქმაში. სემინარის მონაწილეების განსხვავებულობა კი უთანხმოების ფარული სფეროების გამოვლენის საშუალებას გვაძლევს. თუ მაგალითად, მარკეტინგის, IT-ისა და HR-ის წარმომადგენლებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, ამაზე დაფიქრება და ზრუნვა ნამდვილად ღირს. ეს არაფორმალური სემინარების დისკუსიებითაც შეიძლება მოხერხდეს.

ამასთან, კონსენსუსი დამატებით სარგებელსაც გვაძლევს, ეს სემინარის მონაწილეთა შორის საერთო აზროვნებისა და ენის გამოყენებაა. მაგალითად, როდესაც სემინარებში განსხვავებული პერსპექტივები ჩნდება, იმის გაგება, თუ რატომ არის უთანხმოება, შესაძლოა, ხელმძღვანელობას მიზნობრივი კომუნიკაციების შემუშავებაში დაეხმაროს, რომელიც აცნობებს და შეუსაბამებს თანამშრომლების აღქმას ორგანიზაციას. ფუნდამენტური ხარვეზები ანალიტიკის შესაძლებლობებში კი გრძელვადიან კულტურულ ჩარევებს მოიცავს ან იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარების მქონე ადამიანების დაქირავება ხდება საჭირო, რომელიც კომპანიას არ ჰყავს. 

დააფიქსირეთ სისუსტეები და გააუმჯობესეთ ძლიერი მხარეები

ამ სისტემით კომპანიის შეფასებისას ხშირად აღმოაჩენენ, რომ კონკრეტულ დაწესებულებას როგორც სუსტი, ისე ძლიერი მხარეები აქვს. მათ კი ინდუსტრიისა და კონკურენციიდან გამომდინარე ყურადღება იმ განზომილებებზე უნდა გაამახვილონ, რომელიც მდგრადი ბიზნესის მუშაობისთვის არის საჭირო და იმ სფეროებს მიმართონ, სადაც უფრო ნაკლები შედეგები აქვთ. ჩამორჩენილი კომპანიებისთვის ეს სისუსტეების ფუნდამენტური სფეროების გამოსწორებას ნიშნავს, წამყვანი კომპანიებისთვის კი ოპტიმიზაციას იქ, სადაც განვითარება ჯერ კიდევ შეუძლიათ.

კულტურის გასაძლიერებლად:

  • ჩართეთ მონაცემთა ანალიტიკა და იდეები ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში
  • ესაუბრეთ მთლიან სამუშაო ძალას, რამდენად ეფექტურია მონაცემების გამოყენება, რომ ეს არის კონკურენტული უპირატესობა და არა, მეორეხარისხოვანი პროდუქტი ბიზნესში
  • დაეხმარეთ თანამშრომლებს, კომფორტულად მიიღონ გადაწყვეტილებები მონაცემებზე დაფუძნებით და არა, ინსტინქტებსა თუ გამოცდილებაზე დაყრდნობით
  • ხაზი გაუსვით „მონაცემთა მოქალაქეობის“ მნიშვნელობას და ღირებულებას ყველა თანამშრომლისა თუ დაინტერესებული მხარისთვის

ლიდერობის ვალდებულების გასაძლიერებლად:

  • წარმოაჩინეთ, რომ მაღალი რანგის ხელმძღვანელები ფლობენ ანალიტიკას და მათი მოვალეობაა აქციონ ის კომპანიისთვის ცენტრალურ საკითხად
  • გახადეთ მკაფიო მონაცემები და ანალიტიკა „გამოყენების შემთხვევების“ მეშვეობით, რომელიც ხილული და ხელმისაწვდომია მთელ ორგანიზაციაში
  • ხაზი გაუსვით ძირითად ინვესტიციებს ანალიტიკურ ტექნოლოგიებსა და ადამიანურ კაპიტალში
  • ყურადღება გაამახვილეთ ანალიტიკის, როგორც აქტივის მნიშვნელობაზე, მონაცემების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებით, რაც კომპენსაციებს, ჯილდოებსა და აღიარებებს უკავშირდება

ოპერაციებისა და სტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის:

  • ხაზი გაუსვით „სისტემების გამოყენების ჰარმონიზაციის“ მნიშვნელობას დეპარტამენტებსა და იმ დონეებზე, როცა საქმე მონაცემებსა და ანალიტიკას ეხება
  • შექმენით შესრულების მართვის სტიმული, რათა წაახალისოთ ჯვარედინი ფუნქციური თანამშრომლობა და პარტნიორობა მონაცემთა და ანალიტიკის გამოყენებაში
  • გახადეთ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა დემოკრატიული დეპარტამენტებში, თუმცა კონფიდენციალურობის, უსაფრთხოებისა და შესაბამისობის საკითხებზე მხედველობის დაკარგვის გარეშე
  • აჩვენეთ, როგორ შეუძლიათ წინა ხაზზე მყოფ თუ სხვა არატექნიკურ თანამშრომლებს მონაცემებზე წვდომა

უნარებისა და კომპეტენციების გასაუმჯობესებლად:

  • ავარჯიშეთ ის თანამშრომლები, რომლებიც ანალიტიკაში არ არიან ჩართული, რათა მონაცემები ბიზნესის წარმართვის ახალ გზად მიიღონ
  • დაეხმარეთ ანალიტიკურ როლებში დასაქმებულ ადამიანებს ტექნიკური ენის ბიზნეს ენად გადათარგმნაში
  • შექმენით და განავითარეთ კარიერული გზა, რაც არატექნიკურ თანამშრომლებს მონაცემების მიღებისა და მათი გაძლიერების საშუალებას მისცემს
  • დაიქირავეთ თანამშრომლები, რომლებიც ანალიტიკის უნარებს კარგად ფლობენ

სტრატეგიისა და ანალიტიკის შესათანხმებლად:

  • წარმოაჩინეთ, როგორ უჭერს ორგანიზაციის ბიზნეს სტრატეგიას მხარს მისი მონაცემთა სტრატეგია
  • დარწმუნდით, რომ ანალიტიკური სტრატეგია ავსებს და არ ანაცვლებს საერთო ბიზნეს სტრატეგიას
  • გამოიყენეთ ანალიტიკოსების ცოდნა და შეხედულებები საერთო ბიზნეს სტრატეგიის სამართავად
  • ეცადეთ, ანალიტიკურმა სტრატეგიამ ბიზნეს სტრატეგიას არ გაუსწროს

ბაზარზე პროაქტიული ორიენტაციის გასაზრდელად:

  • გამოიყენეთ ანალიტიკა მომხმარებელთა მომავალი პრეფერენციების პროგნოზირებისთვის, რომლებიც ახლა, შესაძლოა, აშკარა არ იყოს
  • გამოიყენეთ ანალიტიკა ინოვაციების დასაჩქარებლად, მაშინაც კი, თუ ეს თქვენი პროდუქტებისა და სერვისების მოძველებას ნიშნავს 
  • გამოიყენეთ ანალიტიკა გარღვევის ინოვაციების შესაქმნელად, რომლებიც მომხმარებელს ახალ გადაწყვეტილებებს სთავაზობს
  • გამოიყენეთ ანალიტიკა პროაქტიულად, რათა შეიგრძნოთ და მართოთ ბაზარი

თანამშრომელთა გასაძლიერებლად:

  • დაეხმარეთ თანამშრომლებს, გაეცნონ ანალიტიკის გამოყენების სარგებელს ბიზნეს მიზნების მისაღწევად
  • დაეხმარეთ მათ თავი ძლიერად იგრძნონ იმის ჩვენებით, თუ როგორ ესადაგება ანალიტიკა მათ ყოველდღიურ საქმიანობებს
  • დარწმუნდით, რომ თანამშრომლები თავს მონაცემთა მუდმივი ნაკადის გამო დატყვევებულად არ გრძნობენ
  • ამოიღეთ ბიუროკრატიული დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის სტრატეგიის განხორციელებას

დღეს უამრავი კომპანია მონაცემთა და ანალიტიკის უპირატესობის მოპოვების გზას ადგას, თუმცა საბოლოო დანიშნულება არ არსებობს. ყოველთვის იქნება უფრო მეტი რამ გასაკეთებელი. მოგზაურობის ეფექტური და სტრატეგიული პროგრესისთვის კი საგზაო რუკა არსებობს. ხოლო კონკრეტული დიაგნოსტიკური ხელსაწყო კომპანიებს თავიანთი მონაცემებისა და ანალიტიკური შესაძლებლობების უნიკალური პროფილის შექმნის საშუალებას აძლევს, მსგავსად, ისინი რეალური მდგრადი კონკურენტული უპირატესობის მოპოვებასაც შეძლებენ.

წყარო: HBR



ამ სახალისო კამპანიამ Droga5-ს Cannes Lions-ის გრან პრი მოუტანა

ახალ რობოტს საკუთარ თავზე 1000-ჯერ მძიმე ობიექტის აწევა შეუძლია