სამსახურში პრობლემა ჩნდება — რას აკეთებთ პირველ რიგში? ბევრ კომპანიაში პირდაპირ გადაწყვეტილებებზე გადადიან, მაგრამ წლების განმავლობაში მუშაობისა და სწავლის ფონზე დადგინდა, რომ ამას ყოველთვის გადამწყვეტ ნაბიჯებამდე არ მივყავართ.
კვლევის მიხედვით, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მიზანმიმართული ფაზა მაღალკვალიფიციურ გუნდებს ნაკლებად წარმატებული კოლეგებისგან განასხვავებს. ცხადია, ანალიტიკური აზროვნება აუცილებელია პრობლემის ეფექტურად გადასაჭრელად, გადაწყვეტილების მისაღებად და სამართლიანი ლიდერობისთვის. და მაინც, მეტი კვლევა ცხადყოფს, რომ დასაქმებულთა მხოლოდ 38%-ს აქვს განსჯისა და ანალიზის აუცილებელი ბალანსი.
ბუნებრივია, მიმდინარე ტენდენციების ფონზე, ანალიტიკური აზროვნების საიდუმლო ბევრ ჩვენგანს აინტერესებს. ზოგადად, ანალიტიკური აზროვნება საგნების კომპონენტებად დაშლისა და მათი გაგების უნარია, რათა ყველაფერი მეტად ცხადი გახდეს. ასევე, ის კრიტიკული აზროვნების არსებითი ელემენტია და ისეთ მარტივ გადაწყვეტილებებში ვლინდება, როგორიცაა სამოსის არჩევა.
თავის მხრივ, „სწორი“ კითხვების დასმა სათანადოდ გვეხმარება ძირითადი კომპონენტების გამოვლენასა და მათ შორის კავშირის დადგენაში, რაც ჩვენს ანალიტიკურ აზროვნებასაც აძლიერებს. სხვა სიტყვებით, კითხვები საშუალებას გვაძლევს, საკითხები და დაბრკოლებები ზუსტად განვსაზღვროთ, უფრო ობიექტურად შევხედოთ სიტუაციებს — შესაბამისად, რთული პრობლემები მართვად მოცემულობად ვაქციოთ.
მიუხედავად ამ თეორიული ცოდნისა, ცოტა ჩვენგანი მიმართავს კითხვების დასმის პრაქტიკას. აი, როგორ უნდა გადავლახოთ ეს უფსკრული კოლექტიურ პროფესიულ განვითარებაში:
ჩვენი სააზროვნო უნარები შეიძლება დადებითად ან უარყოფითად ჩამოყალიბდეს კონკრეტული თვისებებითა და ფაქტორებით. ამის გაცნობიერებასა და მართვას კი მნიშვნელოვნად შეუძლია ჩვენი შესაძლებლობების გაზრდა. ამასთან, პოლ ელდერის კრიტიკული აზროვნების ჩარჩოს მიხედვით, კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებაზე რვა ინტელექტუალური თვისება მოქმედებს: თავმდაბლობა, გამბედაობა, თანაგრძნობა, ავტონომია, მთლიანობა, შეუპოვრობა, გონიერებისადმი ნდობა და სამართლიანი აზროვნება.
მეორე მხრივ, ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა შემეცნებითი მიკერძოება, ინფორმაციული გადატვირთვა და ჩვენი პირადი ემოციები, შეიძლება ანალიტიკური აზროვნება შეაფერხოს. მაგალითად, დადასტურების მიკერძოება პერსპექტივას ავიწროებს; გვაიძულებს, უყურადღებოდ დავტოვოთ კონფლიქტური ინფორმაცია იმის სასარგებლოდ, რომ ჩვენი შეხედულებები გამართლდეს. ხოლო გადაჭარბებული ემოციური რეაქციები ანალიტიკურ შესაძლებლობებს აფერხებს.
ამ კონტექსტური აღქმის პარალელურად, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ კითხვების დასმის პრაქტიკა. ასე თავიდან აირიდებთ მიკერძოების საშიშროებას, შეძლებთ ძირითადი კომპონენტების იდენტიფიცირებასა და ახალი პერსპექტივების ათვისებას, რაც ასე მნიშვნელოვანია ანალიტიკური აზროვნების განსავითარებლად.
ასევე, ხშირად სიტყვებს სწრაფად და ავტომატურად ვამბობთ, პარალელური მნიშვნელობების თუ ფარული ზრახვების გათვალისწინების გარეშე… შესაბამისად, კითხვა „რას ვგულისხმობ ამაში?“ მონაცემებში არსებული ხარვეზებისა და უნებლიე ინტერპრეტაციების იდენტიფიცირებაში დაგეხმარებათ.