in

გაიცანით Analog AI – ქართული სტარტაპი, რომელიც Nvidia-სა და Microsoft-ის სტარტაპ-პროგრამაში მოხვდა

Startauperi
Startauperi

„გამარჯობა, მე ვარ Analog AI – ციფრული ადამიანი“, – ასე შედგა პირველი კომუნიკაცია ხელოვნურ ინტელექტთან, რომელიც ციფრულ კლონად უნდა ჩამოყალიბდეს და დისტანციურად მომუშავე ადამიანებს საათობრივ სხვაობასთან დაკავშირებული გამოწვევები მოუგვაროს. ციფრულ ადამიანს აქვს ემოციური ინტელექტი, პერსონალიზაცია და მსჯელობის უნარი. Analog AI ქართული სტარტაპია. ის სულ ცოტა ხნის წინ, ჯერ Microsoft for Startups-ში შეარჩიეს, შემდეგ – Nvidia Inception-ის პროგრამაში მოხვდნენ, სადაც მთლიანობაში, დაახლოებით, ერთი მილიონი ლარის ტექნოლოგიურ რესურსებზე ექნებათ წვდომა.

„მე თვითონ ვმუშაობდი ფრილანსერად და ვიცი რამდენად რთულია, როდესაც გიწევს ღამეების თენება, იმისთვის, რომ შეძლო შენ მიერ შესრულებული სამუშაოს გადაბარება გუნდის სხვა წევრებისთვის, რომლებიც განსხვავებულ საათობით სარტყელში ცხოვრობენ. ამისთვის ხშირად მიწევდა ღამის თენება. ამ ეტაპზე, ვქმნით სამგანზომილებიან ციფრულ ადამიანებს, რომლებიც ჰოლოგრამის სახით გვინდა წარმოვადგინოთ. ისინი უზრუნველყოფენ სხვადასხვა პროდუქციის გაყიდვასა და სტუმრების მიღებას,“ – გვიყვება Analog AI-ის დამფუძნებელი გიორგი ბაძაღუა.

M: რამ განაპირობა, რომ სწორედ ეს მიმართულება აირჩიე AI სტარტაპისთვის. რით დაგაინტერესა ამ სეგმენტმა?

ციფრულ ადამიანებზე მუშაობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა და თავის დროზე, პროგრამირების სწავლის ერთ-ერთი მოტივაციაც სწორედ ეს იყო. ალბათ, ყველა პროგრამისტის მოტივაცია ეს არის, რომ შექმნა რაღაც არსება ან სამყარო.

ამ პროექტზე მუშაობა მარტომ დავიწყე. თავიდან, ეს პერსონალური კვლევითი პროექტი იყო. კვლევაზე დაახლოებით 4 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ახლა ვფიქრობ, რომ ეს არარეკომენდებული გზაა. შემდეგ, კვლევა უკვე კონკრეტულ პროდუქტად იქცა. თებერვლის ბოლოს, პრეზენტაცია მქონდა მილანში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონფერენციაზე მოდის და ტექნოლოგიების სფეროში. ეს იყო ციფრული მოდის კვირეული, სადაც არაინტერაქციული ვერსია ვაჩვენე. ახლა კი, უკვე ინტერაქციული ვერსიაც მზადაა და Microsoft-მა და Nvidia-მაც დაგვიჭირა მხარი.

M: როგორია Analog AI-ის ფუნქციონალი და რა გამოარჩევს კონკურენტებს შორის?

ორი მთავარი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით, რაც ფუნქციონალიდან შეიძლება გამოვყოთ არის ადამიანური თვისებები და ფოტორეალისტური გრაფიკა. რაც შეეხება ადამიანურ თვისებებს, სამი რამ, რაზეც გვაქვს აქცენტი არის ემოციური ინტელექტი, პერსონალიზაცია და მსჯელობის უნარი. მსჯელობის უნარს რაც შეეხება, წელს ტრენდული მიმდინარეობაა ხელოვნურ ინტელექტში.

M: ვის მოიაზრებთ სამიზნე სეგმენტად?

გრძელვადიან პერიოდში, სამიზნე სეგმენტი ალბათ ფრილანსერები იქნებიან, ხოლო მოკლევადიან პერიოდში სამიზნე სეგმენტი შეიძლება იყოს სავაჭრო ცენტრები, ასევე სასტუმროები და ივენთები.

M: გვიამბე გუნდზე – ვინ ქმნის Analog AI-ს?

თავიდანვე ვეძებდი ადამიანებს, რომლებსაც კომპიუტერული გრაფიკის მიმართულებით ჰქონდათ ცოდნა, თუმცა ვერ ვიპოვე და ჩემით მომიწია სწავლა. შემდეგ MIT-ის ანტრეპრენერშიპის პროგრამაში მოვხვდი და ჩემი მენტორი მრჩეველის როლში, მექსიკიდან შემოუერთდა პროექტს. რამდენიმე თვის წინ კი, ჰონგ-კონგიდან დაგვემატა CTO. ახლა, მოლაპარაკებები გვაქვს გუნდის სხვა პოტენციურ წევრებთან, რათა საერთაშორისო გუნდად ჩამოვყალიბდეთ.

M: Microsoft for Startups-ში როგორ აღმოჩნდით და რატომაა პროგრამაში მონაწილეობა თქვენთვის მნიშვნელოვანი?

Microsoft for Startups-თვის პრიორიტეტულია, რომ პროდუქტი იყენებდეს მაიკროსოფტის სერვისებს (რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება), იყოს განვითარების ადრეულ ეტაპზე და იყოს მზარდი. ისინი ეტაპობრივად გაგვიხსნიან წვდომას სხვადასხვა ტექნოლოგიურ რესურსებზე, რომელთა ჯამური ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღემატება.

M: გვიამბე Nvidia Inception-ზე, როგორ შეგარჩიეს და როგორ დაეხმარება სტარტაპს განვითარებაში?

Nvidia Inception-ც ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს უჭერს მხარს. მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ იყენებდე Nvidia-ს სერვისებს. ჩვენ ფოტორეალისტურ გრაფიკაზე გვაქვს აქცენტი, შესაბამისად, Nvidia-ს სერვისები ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მაღალი ხარისხის გრაფიკის სფეროში ის არის წამყვანი კომპანია დღესდღეობით. ისინიც ასევე დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ტექნოლოგიურ რესურსებზე გვიხსნიან წვდომას, ამას გარდა, აქვთ Venture Capital ქსელი, რომელთან წვდომაც ჩვენთვის შესაძლოა ბევრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე ის რესურსი, რასაც დღეს ვიღებთ. ორივე პროგრამა გვაძლევს ძალიან მნიშვნელოვან რამეს, პირადად მივიღოთ რჩევები ექსპერტებისგან, ასევე ორივე მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტარტაპის რეპუტაციისთვის.

M: როგორია Analog AI-ის მასშტაბირების პერსპექტივა და როგორ გეგმავთ მის განვითარებას სამომავლოდ?

ამჟამად, განვითარების გეგმას ასე ვხედავთ – გვინდა, ფრილანსერებისთვის საათობრივი განსხვავების პრობლემაზე ვიმუშაოთ, ანუ SaaS მოდელზე გადავიდეთ, თუმცა ამისთვის დიდი რესურსია საჭირო და ბევრი მუშაობა მოგვიწევს.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

რას სთავაზობს Wyndham Grand Residences Tbilisi ინვესტორებს?

ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია – საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია