ერთ-ერთი ავტორ-შემსრულებელი, ვისზეც შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებული შემოქმედია ქართულ მუსიკალურ სამყაროში, არის ანამარია ბურდული. ახალგაზრდა არტისტს მსმენელი საავტორო მუსიკით, ქართულ-ინგლისური ტექსტებითა და სახასიათო გამოსვლებით იცნობს.
ანამარია 8 წლის იყო, საცხოვრებლად ოჯახთან ერთად ლონდონში რომ გადავიდა და მუსიკითა და სცენით დაინტერესდა. ის ხშირად მონაწილეობდა საბავშვო თეატრის სპექტაკლებსა და პოეზიის რეპბატლებში. შესაბამისად, მისი განათლებაც ამ მიმართულებით განვითარდა და გაფართოვდა – Brit Award-ების დაფინანსებულ თეატრალურ-მუსიკალურ სკოლაში ჩააბარა, სადაც პიესებს წერდა და ექსპერიმენტალურ საუნდტრეკებსაც ქმნიდა. „რადგან არაფერზე არ ვიცოდი დაკვრა, ქართული ენის ფენებიდან და ჩაწერილი ხმებისგან ვაწყობდი კომპოზიციებს. ხმას და სიტყვას ვიყენებდი როგორც ინსტრუმენტს”, – იხსენებს ანამარია.
როგორც უკვე მიხვდით, ანამარია ბურდული მუსიკალური რუბრიკის მორიგი სტუმარია. ის მოგვიყვება, რა გზა გაიარა დღევანდელობამდე და როგორია მისი სამომავლო ხედვა.
M: გვითხარით, რა სირთულეებს გაიხსენებდით მუსიკალურ გზაზე და როგორ იპოვეთ მათი გადალახვის თქვენეული გზა?
სულ მაქვს შეგრძნება, რომ ბოლომდე არაფერში ვჯდები, რადგან არც სუფთა გაგებით მუსიკოსი არ ვარ და არც კლასიკური მსახიობის გზას არ მივყვები. სიმღერის, რეპის და ზოგადად პერფორმანსის გარდა ხელოვნების ბევრი განხრა მაინტერესებს და ჩემს „აჯაფსანდალურ” შემოქმედებას ხანდახან არ ვიცი, რა უნდა მოვუხერხო, ეს ყველაფერი არსებულ სისტემასა და ინდუსტრიაში რანაირად ჩავატიო. როგორც კი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღება მიწევს და გაყიდვადობას უნდა მივაქციო ყურადღება, ეგრევე მეკარგება მოტივაცია და ინტერესი. მსგავს სიტუაციაშია ბევრი დამოუკიდებელი არტისტი ჩემს გარშემო.
M: რომელმა ჟანრმა/მუსიკოსმა იქონია გავლენა თქვენი მუსიკალური სტილისა და გემოვნების ჩამოყალიბებაზე?
ბავშვობაში ჩემზე დიდი გავლენა ჰქონდა დევიდ ბოუის პერსონაჟს და ფრედი მერკურის პერფორმანსებს. ასევე, ქართულ პოლიფონიასა და ხალხურ სიმღერებს. სკოლიდან ახლო შეხება მქონდა ლონდონის ალტერნატიულ ჰიპ-ჰოპთან, ჩემი მეგობრები სულ რაღაცას აკეთებდნენ, უსმენდნენ…მეც ჩავერთე ამ ყველაფერში და გრაიმიც (მუსიკალური მიმდინარეობა ბრიტანეთში) შემიყვარდა, მაგრამ, ზოგადად, ავანგარდული, მაქსიმალისტური ხელოვნებას მიტაცებს.
M: როგორია თქვენი მუსიკალური შემოქმედების პროცესი, რა გეხმარებათ ამ დროს, სად პოულობთ ინსპირაციას და რამდენი დრო სჭირდება ერთ კომპოზიციაზე მუშაობას?
ყველა პროექტი სხვადასხვანაირია, ხან მელოდიებს და ტექსტს დიდი ხნის მანძილზე ვოისნოუთებში ვიწერ სრულიად უდროო დროს და მერე სადღაც იკვრება; ზოგჯერ ვიწყებ ვოკალების ფენებად დალაგებას, რასაც ვიყენებ ინსტრუმენტად და შინაარსს მოგვიანებით ვავსებ. ჩემთვის მთავარია, ნამუშევარი ერთფეროვანი არ იყოს, შინაარსსაც და სტრუქტურასაც სხვადასხვანაირი დატვირთვა ჰქონდეს, რომ ჩემსავით ადვილად გაფანტვადი ყურადღებაც კი დაიპყროს.
M: რა არის ის მესიჯი ან ემოცია, რომელიც გსურთ ხოლმე, რომ გამოხატოთ თქვენი მუსიკით?
რაზეც არ უნდა იყოს პროექტი ან სიმღერა, ყოველთვის მინდა. გამოვხატო კონფლიქტური ემოციები და რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს ხოლმე.
ყოველთვის არის მეორე, მესამე და მეასე კუთხე, საიდანაც ნებისმიერ ემოციას ან შთაგონებას შეიძლება რომ შეხედო, თუ გაქვს კრიტიკული აზროვნება და არ ხარ საკუთარი თავის ტყვე. მთელი სერიოზულობით არაფერს არ მინდა ვუყურო. განსაკუთრებით საკუთარ იდენტობას.
ამასთან ერთად, ჩემთვის მთავარია კონსერვატიული ღირებულებების ამოყირავება, ავტორიტარიზმისა და დოგმების კარიკატურიზირება, რადგან ჩარჩოები ყველაზე მეტად ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას.
M: რას ფიქრობთ დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიაზე საქართველოში, თქვენი აზრით, რა სჭირდება მას მეტი განვითარებისთვის?
ვფიქრობ, Tbilisi Open Air-ის ნიუქამერების ფორმატში მეტი ინიციატივა რომ იყოს, კარგი იქნებოდა, რათა ახალი, დამოუკიდებელი მუსიკა მეტმა ადამიანმა მოისმინოს და მუსიკოსები გაიცნოს.
ასევე, მესმის, რომ რადიო აღარ არის ის მთავარი არხი, რომელსაც უსმენენ, მაგრამ საინტერესო რადიოგადაცემები ახალი მუსიკის შესახებ კარგი იქნებოდა, სადაც არტისტებს თავიანთი შემოქმედების გაგზავნა შეეძლებოდათ.
ისე, ეს ზოგადი სოციო-პოლიტური ფონი უკან რომ არ გვხევდეს, ნელ-ნელა კარგად ვითარდება მუსიკალური ინდუსტრია საქართველოში.
M: რამდენი დრო სჭირდებათ მუსიკოსებს, რომ იმუშაონ საინტერესო მუსიკალურ პროექტებზე და რამდენად აქვთ ეს ფუფუნება, რომ რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ საყვარელ საქმეს?
დროც და რესურსიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ძალიან პრივილეგირებულ დამწყებ მუსიკოსებს აქვთ. ლონდონში, მაგალითად, არსებობს დაფინანსება და უფასო რესურები ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის, მაგრამ სამაგიეროდ, აქ ისეთი ძვირია ცხოვრება, რომ ხშირად ეს დაფინანსება დიდ შეღავათს არ იძლევა.
ამიტომ საჭიროა, გქონდეს არტისტის რეზიდენცია, რომ გარკვეული დრო იყოს გამოყოფილი მხოლოდ ერთ მუსიკალურ პროექტზე და კონცენტრირდე შემოქმედებაზე. რეზიდენცია გაძლევს სივრცეს, რომ მუშაობის პროცესსა და შუალედებში არც საქმეებზე იფიქრო, არც პოსტვაზე. უბრალოდ იყო შენს ხელოვნებაში და ნახო, რა გამოვა.
M: რაზე მუშაობთ ამჟამად და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ახლა გავხდი წლევანდელი Youth Music Next Gen არტისტი და ჩემი ახალი პროექტის დაფინანსება მივიღე. საკმაოდ ბევრი დაუსრულებელი მუსიკა მაქვს, რომლებსაც პროფესიონალური რესურსები და დრო აკლია, მინდა, რომ ისინი ბოლომდე მივიყვანო…
ბოლო ორი თვეა, რეპეტიციები მაქვს ლონდონის Arcola თეატრში, სადაც რეპ-ოპერა სპეკტაკლში ვთამაშობ. პრემიერა ორ კვირაშია დაგეგმილი le Grand Théâtre Luxembourg-ში, ლუქსემბურგის სახელმწიფო ორკესტრთან ერთად.
M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
ხშირად, როცა დრო გადის, ჩემი ნამუშევარი აღარ მომწონს ხოლმე ბოლომდე. ამასაც აქვს თავისი მინუსები, მაგრამ კონკრეტულად ეს კომპოზიცია უნიჭიერეს მუსიკოსთან, ანუკა ყიფშიძესთან კოლაბორაციის შედეგია და ამიტომ ძალიან მიყვარს.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი