in ,

“ანანკეს” ხელნაკეთი ზურგჩანთები ანტიოკუპაციური გზავნილით

Startauperi
Startauperi

როგორ შეიძლება გავაგებინოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული? ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას, 23 წლის ნანუკა კაკაბაძეს მოქარგული ზურგჩანთების იდეა მოუვიდა. მალევე შექმნა ესკიზი და ბებიასთან ერთად, წყალგაუმტარ, სამოგზაურო ზურგჩანთებზე დაიწყო მუშაობა, რომელზეც საქართველოს რუკაა მოქარგული, ხოლო წარწერა მისი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ იტყობინება. ნანუკა პროფესიით სოციოლოგია, თუმცა, ჰობის საქმიანობად ქცევის იდეამ გაიტაცა და ჯერ რეკლამისა და გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა GIPA-ში, ახლა კი მარკეტინგს სწავლობს, რათა საქმის პოპულარიზაციაზე თავად ეზრუნა. ზურგჩანთებს, სტარტაპ “ანანკეს” სახელით, სოციალური ქსელის საშუალებით ყიდის.

M: რა სიმბოლური დატვირთვა აქვს თქვენს პროდუქტს?

მთავარი მიზანი, რატომაც დაიბადა და შეიქმნა „ანანკეს“ ზურგჩანთები იყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია საქართველოში არსებული ამ პრობლემის შესახებ. ანანკეს ზურგჩანთების ტარებით კი, ადამიანებს შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ.

მე ვქმნი და ვატარებ ამ ზურგჩანთას იმიტომ, რომ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ვამცნო ადამიანებს, რომ არ ვთვლი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაკარგულ ტერიტორიად და მიმაჩნია, რომ ის საქართველოა. ასევე, მინდა ვამცნო, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ოკუპაცია გრძელდება ყოველდღიურად. სწორედ ეს წარწერაა დატანილი ზურგჩანთის წინა ნაწილზე, საქართველოს რუკასთან ერთად.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?

ჩვენი სამიზნე სეგმენტი არ არის შეზღუდული ასაკის ან რაიმე სხვა მახასიათებლის მიხედვით, რადგან ნებისმიერ მსურველს შეუძლია ატაროს ის. ზურგჩანთა არის ყველანაირი ხარისხობრივი სტანდარტის დაცვით შექმნილი, წყალგაუმტარი მასალისგან, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის მას და ასევე, ის არის ვიზეარის ხელბარგის ზომის მიხედვით შექმნილი, ზომებია: 40-30-20 სანტიმეტრი, რაც გულისხმობს, რომ ადამიანებს ზურგჩანთებთან ერთად შეუძლიათ საქართველოსა თუ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა.

M: სახელი “ანანკე” რას ნიშნავს?

„ანანკე“ თავიდან იყო საყვარელი საქმიანობა, სხვადასხვა დიზაინის შექმნა, რასაც რეალობად ბებიის დახმარებით ვაქცევდი. „ანანკე“ არის საოჯახო სტარტაპი, რომელიც ფუნქციონირებს დაახლოებით 2 წელია და ამზადებს სხვადასხვა ტანსაცმელს, ქურთუკებს, ახლა კი განსაკუთრებული შინაარსის მქონე ზურგჩანთებს.

რაც შეეხება სახელს, ეს შემთხვევითი არ არის. სახელი „ანანკე“ უკავშირდება ძველ ბერძნულ მითოლოგიას. ეს იყო ქალღმერთი, ბუნებაში ურღვევი კანონის განმასახიარებელი. გარკვეულწილად ზურგჩანთების შექმნის იდეასაც უკავშირება, რადგან ეხმაურება ისეთ პრობლემას, რომელიც არღვევს გარკვეულ ბუნებრივ კანონს, ვგულისხმობს უკანონოდ, ძალადობრივი მეთოდით მითვისებულ საქართველოს ტერიტორიებს, რომელსაც კიდევ ერთხელ აქაც აღვნინავ, რომ არ ვეთანხმები და დროებით მდგომარეობად მივიჩნევ, რომელიც  ჩვენი შესაცვლელია.

M: როგორ ხედავთ “ანანკეს” განვითარებას?

ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ეს არ იყოს ერთჯერადი წამოწყება, ამ ეტაპზე „ანანკეს“ პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის მისი გაცნობა ხდება მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით. ვგეგმავ მაქსიმალურად ბევრი სხვადასხვა სახის პროდუქტის დამზადებას, ამ შინაარსის თემატიკით, რადგან როგორც აღვნიშნე, ჩემი მამოტივირებელი სწორედ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი ქვეყნის შესახებ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ საქმეში, მაქსიმალური ბევრ ადამიანს მივწვდეთ, გავუზიაროთ ჩვენი დამოკიდებულება პრობლემის მიმართ, ჩვენს ქევაყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ და ამ გზით, ვეცადოთ შევიტანოთ ჩვენი წვლილი პრობლემის მოგვარებაში.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

3-5 მაისს ექსპოჯორჯიაში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება

სადილი ცაში – საქართველოში ახალი რესტორანი იხსნება