20
Oct
2019

ანანო ბოდოკია და ანნა გოროზია Microsoft-ში იმუშავებენ

20 Oct 2019

ანანო ბოდოკია და ანნა გოროზია Microsoft-ში, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები გახდნენ და სავარაუდოდ, ტალინის ოფისში იმუშავებენ. იქ 400-მდე თანამშრომელია და გუნდი შემდეგ პროდუქტზე მუშაობს: Skype, Office365, Microsoft Teams, Azure, Family Products. რაც შეეხება უშუალოდ მათ კომპეტენციას, ამბობენ, რომ გასაუბრების შემდეგ, სხვადასხვა ჯგუფში გაანაწილეს:

 

ანანო ბოდოკია და ანნა გოროზია

ანნა გოროზია: მე ვიმუშავებ Media Delivery Network-ის ჯგუფში. ეს ჯგუფი უზრუნველყოფს მედია ფაილების (ვიდეო, აუდიო, ფოტო) ეფექტურ, სწრაფ და ხარისხიან ტრანსპორტირებას „მაიკროსოფტის“ პროდუქტებში: Skype, Microsoft Teams, Office365.

ანანო ბოდოკია: მე Azure-ში ვიმუშავებ. ჩემი ჯგუფი დევოპს (DevOps) მიმართულებით მუშაობს და ქმნიან არხებს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებისთვის, რათა მათ ავტომატურად და ეფექტურად შეძლონ კოდის დაკომპილირება, გატესტვა და პროდაქშენ ვერსიისთვის გამზადება.

Microsoft-ში მოხვედრამდე მათ რამდენიმე ეტაპი გაიარეს.

„თავდაპირველად, „ლინკდინზე“ მოგვწერა „მაიკროსოფტის“ წარმომადგენელმა. დეტალურად გაგვაცნო ის პროდუქტები, რომლებზეც ტალინის ოფისში მუშაობენ და მათივე პორტალზე აპლიკაციის შევსება  შემოგვთავაზა. შემდეგ გვქონდა 3 საათიანი „ონლაინ“ ტესტირება, სადაც 3-4 პროგრამული ამოცანა იყო ამოსახსნელი. ეს ეტაპი კარგად გავიარეთ და შემოგვთავაზეს „მაიკროსოფტის“ ტალინის ოფისში შეხვედრა. შევხვდით და ვესაუბრეთ თანამშრომლებს და ამოვხსენით რამდენიმე პროგრამული ამოცანაც. თბილისში დაბრუნების შემდეგ, დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ჯგუფის ხელმძღვანელებს სურდათ ჩვენთან გასაუბრება. ინდივიდუალურად გვქონდა მათთან ზარი, დეტალურად გამოგვკითხეს ტექნიკურ სფეროში რა გამოცდილება გვქონდა, რა ტექნოლოგიებზე გვაქვს ნამუშევარი, მიმდინარე პროექტები რაზეც ვმუშაობთ და ა.შ. საბოლოოდ, მოეწონათ ჩვენი კანდიდატურები და შეთავაზებებიც მივიღეთ“.

„მაიკროსოფტში“ გადასვლამდე, ორივე ყავის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია „მეამაში“ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ინჟინრის პოზიციაზე მუშაობდა.

ანანო ბოდოკია

ანანო: დავამთავრე „თავისუფალი უნივერსიტეტის“ კომპიუტერული მეცნიერებების და მათემატიკის ფაკულტეტი. ვმუშაობდი კომპანიაში „აზრი“, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციაზე. ძირითადად, თბილისის ტრანსპორტის და სხვა საინტერესო პროექტებზე. შემდგომ გადავედი კომპანია „მეამაში“.

ანნა: მეც „თავისუფალი უნივერსიტეტის“ კომპიუტერული მეცნიერებების და მათემატიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ვმუშაობდი რამდენიმე კომპანიაში: „აზრი“, სარეკლამო სააგენტო „რედბერი“, კომპანია „კერკეტში“  ელექტრონულ საფულეზე. ამის შემდეგ დავიწყე მუშაობა „მეამაში“. პრინციპში, აქ ერთად გადმოვედით. ეს არის კომპანია, რომელიც საქართველოში იწყებს ყავის პროდუქტების წარმოებას. ექნება რამდენიმე პროდუქტი: ევროპული და ამერიკული სტანდარტის ყავის კაფსულები, მოხალული ყავის მარცვლები და თურქული ყავა. კომპანია ორიენტირებულია ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაზე. ერთ-ერთი გამორჩეული და ინოვაციური პროექტი არის ყავის კაფსულების ვენდინგების სისტემა. ეს სრულად განსხვავდება მსოფლიოში არსებული მოდელებისგან, როგორც ვიზუალური და მექანიკური, ისე სამომხმარებლო კუთხით. „მაიკროსოფტში“ წასვლით ჩვენ არ ვწყვეტთ „მეამაში“ მუშაობას და კვლავ ჩავერთვებით მიმდინარე პროექტებში.

ანნა გოროზია და ბრუტუსი

ამბობენ, რომ „მაიკროსოფტის“ მასშტაბის კომპანიაში მუშაობა, მათთვის, დიდი გამოწვევა და თან, დიდი პასუხისმგებლობაა.

„თავიდან ბევრი რამ გვექნება სასწავლი. განსაკუთრებით, იქაური მუშაობის პროცესზე. როგორც შეთავაზების დროს გვითხრეს, ეს ყველაფერი გათვალისწინებული აქვთ და თავიდან, რამდენიმე კვირა, ტრენინგები, გაცნობითი პროგრამები და ა.შ. გვექნება“.

ახლა რამდენიმე ფორმალობის მოგვარებას ელოდებიან, „მაიკროსოფტის“ ტალინის ოფისში სამუშაოდ, სავარაუდოდ, დეკემბრიდან გადავლენ.

განხილვა