in ,

ფიზიკური არყოფნა, რომელიც ერთიანობას ვერ არღვევს – განუსაზღვრელი ანანო ბაკურაძე

„საკუთარი თავის შეცნობა, ალბათ, დავიწყე მაშინ… როგორ გითხრა, საკუთარ თავს ვიცნობდი, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ, ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო: ნიკას ამბამდე და მის შემდეგ… ასეთ დროს, ყოველთვის გაქვს არჩევანი: იარსებო, თუ იცხოვრო. მე ავირჩიე, რომ სავსე ცხოვრებით მეცხოვრა. მე ამ ტკივილის გამოსაშვებად შემოქმედებითი გზა ვიპოვე“.

ეს MOVEMENT-ის, როგორც იტყვიან, „უჩინარი კამერით“ მოყოლილი ამბავი არაა. და ჩვენ არც იმ ანანო ბაკურაძეს ვესაუბრებით, სულ რამდენიმე თვის წინ რომ იყო. „დღეს სულ სხვანაირი ვარ. უფრო კეთილი და შემწყნარებელი“, – გვიყვება და რენტგენის სურათივით გამჭვირვალე და ნამდვილი ხდება. ზუსტად იმ ადამიანებივით, თავისი ჯადოსნური ხელსაწყოთი აქამდე გამოუთქმელ ამბებს რომ აყოლებს.

ანანო ამბების მთხრობელია, MOVEMENT-ის თანადამფუძნებელი. ნიკა კი – ნიკა გუჯეჯიანია.

15 დეკემბერს, ანანო Spotlight 2019-ზე ამბის თხრობის სოციალურ ზეგავლენაზე მოგვიყვება. ნიკამ კი, გასულ წელს, Spotlight-ის სცენიდან გვამცნო, რომ „ძალა ერთიანობაშია და არა – ერთნაირობაში“.  სწორედ „ერთიანობაზე“ აიგო წლევანდელი მარკეტინგული ღონისძიებაც. ამის მიზეზი კი, ნიკაა. როგორც ანანო ამბობს „მისთვის ცოცხლებზე უფრო ცოცხალი ნიკა“, რომელსაც ტრაგედიის მერეც, გადარჩენის ინსტინქტის უზენაესობიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფორმით ვაცოცხლებთ.

ანანო, რა არის შენთვის ერთიანობა?
ჩემთვის ნიკა არის ჩემი ერთიანობა. არ ვიცი, როგორ ვთქვა. ფიზიკურად აქ არის, თუ არ არის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით. მან სხვა რაღაც იცოდა, მე სხვა და ერთმანეთს სულ ვუზიარებდით. ის ნაწილი, რაც ნიკა ჩემთვის იყო, ის ნაწილი ჩემშია. და ეგ არის, ალბათ, ერთიანობაც, როცა მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანთან ფიზიკურად ხარ, თუ არა.

თეატრი
ანანო ბაკურაძე თეატრალების ოჯახიდანაა. მამა, ბებია, ბაბუა, დიდი ბაბუა, მამიდა, ძმა – ყველას საქმიანობა თეატრს უკავშირდება. იქნება ეს რაჭის, ამბროლაურისა თუ მოძრაობის თეატრის დამფუძნებლობა, თეატრის დირექტორობა, რეჟისორობა, მსახიობობა, თუ უბრალოდ, კულტურულ მსმენელად ყოფნა…

თეატრი, რაღაცნაირად, ჩვენი ოჯახის სახლია. მამაჩემი სულ ამბობს ხოლმე, სადაც არ უნდა ჩავიდეთ, სახლი სულ გვექნება იმიტომ, რომ თეატრი ყველგან არისო“.

ანანო და მამა, კახა ბაკურაძე, „მოძრაობის თეატრის“ დამფუძნებელი

თუმცა კი, ანანოს თავშესაფარი კინოა. საქართველოში, ფრანგულ სკოლაში სწავლისა და ამ ენის მშობლიურივით შეყვარების გამო, 17 წლისამ, თავადვე გადაწყვიტა სწავლის საფრანგეთში გაგრძელება. ოღონდაც, აქ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე პრესის ჟურნალისტიკასთან ერთად, დამოუკიდებლად ცხოვრებასაც გაუგო გემო.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხრივ შეეძლო ოჯახის მხარდაჭერის იმედი ჰქონოდა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა თავადვე აიღო. რაც უნდოდა, ის პროფესია აირჩია, ძალიან თბილი და მოსიყვარულე კომფორტის ზონა გაარღვია და მარტომ დაიწყო ცხოვრებასთან გამკლავება.

„მერე რაღაცნაირად, ისე დალაგდა, რომ მიმართულებები ცხოვრებამ მომცა“. დარწმუნდა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და გარკვეული მიზეზების გამო, პარიზის ნაცვლად, თავი ნიცაში ამოყო. ზუსტად იმ ქალაქში, კანს ნახევარი საათის გზა რომ აშორებს და ამდენივე საათში კინოსთან აკავშირებს – კანის საერთაშორისო კინოფესტივალთან.

ჩემთვის აღმოჩენა იყო ის, რომ კინოში ფილმი მიდის ისე, როგორც სპექტაკლი. კინოს მსვლელობის დროს, უკრავენ ტაშს, უსტვენენ. ძალიან ცოცხალი პროცესია და ზუსტად მანდ მივხვდი, რა აქვთ საერთო კინოსა და თეატრს. და იმასაც მივხვდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ თეატრში გავიზარდე, მე კინო უფრო მიყვარს.

ხოდა ასე, 2010 წლიდან დღემდე, საშუალება გვაქვს, კანის ფესტივალის ამბები კინოსა და დიდ ეკრანზე შეყვარებული ანანოს თვალით, ყურებითა და გონებით გავიზიაროთ.

ზოგადად, ჰგონია, რომ ის ინდივიდუალური თავისებურება თუ ენერგეტიკა, რომელსაც თან დაატარებს, ასევე შრომისმოყვარეობა ცხოვრებაში ძალიან ეხმარება. რადგან როგორც წესი, ბუნებრივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ხდება ხოლმე მის გარშემო, რაც ხდება. ასეთია Le Figaro-ში, Телеканал Дождь-სა თუ P.S.-ის გუნდში ყოფნის გამოცდილებაც.

დღეს, მის საყვარელ საქმიანობას MOVEMENT ჰქვია. ერთ ადგილას ვერ ჩერდება. სულ სჭირდება, რომ განვითარდეს, რაღაც ახალი ისწავლოს, წაიკითხოს, ნახოს, იმოგზაუროს – ცნობისმოყვარეობა დროებით დაიკმაყოფილოს და შემდეგ მიღებული ინფორმაციის გამტარად, ციფრული მედიაპლატფორმა, სახელად MOVEMENT აქციოს. თავისი ხელწერა რომ აქვს და დამახასიათებელი სტილით, ძალიან მარტივად იცნობა.

MOVEMENT-იც ხომ ერთიანობის შედეგია?! ანანოს მარტო გაკეთებული საქმეების არ სჯერა და პირიქით, სჯერა, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს პოტენციალი აქვთ, ერთად ბევრად უფრო დიდი და საინტერესო რაღაცები აკეთონ. ამიტომ, „მუვმენთი“ ასეთი მრავალფეროვანი ადამიანების ჯგუფისგან შედგება, რომლებიც ფიქრობენ: „არაზუსტ მეცნიერებაში, როცა ეს არის შემოქმედება, იქ რა შეიძლება, შეცდომა იყოს? თუ ასე გრძნობ, ასე გადმოგაქვს, ვინ შეიძლება, გითხრას, რომ ეს შეცდომაა, რომ ასე არ უნდა გექნა?“ – ხოდა, ზუსტად ამიტომ, MOVEMENT არის ისეთი, როგორიც არის და აკეთებს ისე, როგორც აკეთებს.

ნიკას შემდეგ
ახლა ყველაზე მეტად ნიკას ამბავი მავსებს. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც რაღაცებს ქმნის, ამხელა ტკივილი ძალიან დიდი შთაგონების წყარო გახდა. მაგ ტკივილმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამაკეთებინა, რომელიც ახლა ფესტივალებზე მოგზაურობს, მაგან დამაწერინა სცენარი, ქეთი მაჭავარიანთან ერთად… ძალიან დიდი გადაფასებები მოხდა ჩემში… რა თქმა უნდა, ეს ამბავი არაფრად არ მიღირდა, მით უმეტეს, შთაგონებად… მაგრამ ამ ტკივილს მე ძალიან კარგად ვთარგმნი იმაში, რასაც ვაკეთებ.


წარსულზე უფრო ხშირად ფიქრობ, თუ მომავალზე?

ალბათ, უფრო კარგია, როცა იმ მომენტში ცხოვრობ. ნიკა მეუბნებოდა, Future indefinite ხარო. გეგმებს სულ რაღაც განუსაზღვრელ მომავალში აწყობ, დაჯექი, აქ იცხოვრეო. ნიკა მართლა ეგრე ცხოვრობდა. მე ჯერ ვსწავლობ.

როგორია სხვანაირი ანანო?
ყოველდღე უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანებს ერთმანეთთან უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე ის, რაც გვყოფს. ყოველთვის შეგვიძლია, მილიონი მიზეზი ვიპოვოთ, რატომ შეიძლება არ მოგვწონდეს ესა თუ ის ადამიანი, თუმცა ამ ბოლო დროს, სხვების განსჯას შევეშვი. არ მგონია ეგ სწორი.

ვის მოაქცევდი შენს უჩინარ კამერაში?
ვგიჟდები ჯიმ ჯარმუშზე. კანის ფესტივალზე რამდენჯერმე მყავს ნანახი და რა მემართება, იცი, ამ კაცს რომ ვხედავ? აი, ვშეშდები და ვერაფერს ვეღარ ვეკითხები. ჩემი საყვარელი რეჟისორია. ჯარმუში არის ჩემი საოცნებო რესპონდენტი, რომელიც არცთუ ისე მიუწდვომელია, ძალიან რომ შეაწუხო, ალბათ, გამოვა კიდეც.

როცა MOVEMENT-ზე არ ვფიქრობ:
ძალიან გთხოვ, ეს დაწერე, რა: ჩემს ერთ-ერთ ყველაზე ახლო მეგობარ ელენე სულხანიშვილს რომ ვატყუებ რაღაცებს, ეგ არის ჩემი ჰობი. მართლა. და კიდევ ჩემი მეგობრების დატოვებულ ფეისბუკებზე პოსტების წერა. აი, ვგიჟდები. ამდენი წლის ვარ (28-ის) და დღემდე რომ დავინახავ ხოლმე სხვის მიტოვებულ ჩართულ „ფეისბუკს“, თავს ვერ ვიკავებ.

ანანო, ელენე სულხანიშვილი

ანანო, საით გაგიწევია?
ამერიკისკენ გამიწევია! ყველაფერს ვიზამ, რომ იქ წავიდე. ტყუილად არ ამბობენ, რომ დიდი ოცნებების ქვეყანაა. ნიკას ამბის მერე არაფრის აღარ მეშინია დედამიწის ზურგზე. და სანამ ცოცხალი ვარ, მინდა, რაღაცები ვცადო.

ახლა ვიყავით ამერიკაში, ძალიან კარგ უნივერსიტეტში და იცი, როგორი შეგრძნებაა, ვერტმფრენიდან რომ პარაშუტით გადმოხტე, აი, მაგხელა შესაძლებლობებია… პირდაპირ შესაძლებლობებში ხტები.

ანანოზე ამბის დასასრული კი იმ ფილმივითაა, პერსონაჟის მიმართ, რაღაც უსაზღვრო პატივისცემის გრძნობით რომ აგავსებს, ფიქრის საბაბს მოგცემს და გაღიმებულს დაგტოვებს, რადგან კადრებად წარმოიდგენ სადღაც, განუსაზღვრელ მომავალში, რამდენს შეიძლება, ოცნებების ქვეყანაში, მიაღწიოს გოგომ, რომელიც საკუთარ თავს ძალიან კარგად იცნობს და რომელმაც შრომისმოყვარეობისა და უპირობო სიყვარულის ფასი იცის.

ავტორი: თიკა გეგენავა

„თუ წარმატებული არ ვიქნები, არ ვარ არსებობის ღირსი?“- დოდი ხარხელი და „კონტენტის ზღვა“

მარიამ ქავჟარაძე: „კი არ ვიტყუები, სიმართლეს ოდნავ ვალამაზებ ხოლმე“