in

არგაჩერება პროფესიულ გზაზე — ანანო ჩხიკვიშვილის 8 წელი საქართველოს ბანკში 

მართალია, კონკრეტული პროფესია ოცნებად არასდროს ჰქონია, მაგრამ რიცხვები და ლოგიკა მაინც განსაკუთრებულ როლს იკავებდა მის ცხოვრებაში. ამიტომ, მომავალი საქმიანობაც მას დაუკავშირა. პირველი სამუშაო გამოცდილება აუდიტორულ კომპანიაში მიიღო, თუმცა, როგორც გვიყვება, აქ მაინც გარე დამკვირვებლად რჩებოდა, მას კი შიდა სამზარეულოში ჩახედვა და პროცესების აქტიურ მონაწილედ ყოფნა სურდა. სწორედ ამ სურვილმა მიიყვანა საქართველოს ბანკში და დღეს ჯგუფის ბიუჯეტირების და ხარჯების კონტროლის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებს. თუმცა, სანამ აქამდე მივიდოდა და ბანკის ყველა კუთხე-კუნჭულში ჩახედვას მთავარ საქმიანობად აქცევდა, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, ახლა კი გვიყვება, რა შედეგები მოაქვს არგაჩერებას პროფესიულ გზაზე.

მათემატიკის სიყვარულიდან ბიზნეს ადმინისტრირებამდე

ბავშვობაში კონკრეტულ პროფესიაზე არასდროს მიოცნებია. ყოველთვის ვთვლიდი, რომ რასაც ხელს მოვკიდებდი და რაშიც შრომას ჩავდებდი, აუცილებლად გამომივიდოდა. ჩემი ინტერესები მრავალფეროვანი იყო, თუმცა ამ ბევრ ინტერესს შორის, მათემატიკა ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. თან ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი, ამიტომ რიცხვები და ლოგიკა ჩემთვის ყველაზე ბუნებრივი სფერო იყო და ადრევე ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი საქმიანობაც სწორედ მას დაუკავშირდებოდა.

უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი იყო, მაქსიმალურად გამოწვევებით სავსე გარემო მეპოვნა, რომელიც ჩემი შესაძლებლობების ზღვარზე მამუშავებდა და მიბიძგებდა, ყოველდღე გავმხდარიყავი უკეთესი. ამიტომ, ჩემი არჩევანი თავისუფალ უნივერსიტეტზე შეჩერდა, რომელიც ყველაზე რთულად დასაძლევ ბარიერად ითვლებოდა. თუმცა მიზნად დავისახე და მივაღწიე კიდეც — ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მასშტაბით ათეულშიც მოვხვდი. ასე აღმოვჩნდი ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე, ფინანსების კონცენტრაციით. ეს იყო იდეალური კომბინაცია — ერთი მხრივ, რთული და კონკურენტული გარემო, მეორე მხრივ კი, სფერო, სადაც ჩემი ანალიტიკური და მათემატიკური უნარების გამოყენებას შევძლებდი.

პირველი გამოცდილება 

კარიერა დავიწყე აუდიტორულ კომპანია EY-ში. ჩემი როლი მაძლევდა საშუალებას, დეტალურად გავცნობოდი სრულიად განსხვავებული ბიზნესების სამუშაო პროცესებს. მაგალითად, ვმუშაობდი ჰიდტროელექტროსადგურის, ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიის, სატრანსპორტო/ლოჯისტიკური კომპანიის და, ასევე, ერთ-ერთი ბანკის აუდიტზე. ეს იყო ძალიან დინამიკური და საინტერესო პროცესი, სადაც რიცხვებთან მუშაობის გარდა, მათ ობიექტებზეც ვახორციელებდით ვიზიტებს.

ყველაზე დიდი სირთულე კი, ალბათ, ტემპი იყო. ძალიან მოკლე დროში უნდა შეგესწავლა ახალი სფერო და კომპანია, თან ამას საკმაოდ მკაცრი დედლაინების პირობებში აკეთებდი. თუმცა, ამ გამოცდილებამ მასწავლა არა მხოლოდ სამუშაოს დროში სწორად დაგეგმვა და ინფორმაციის სწრაფად ათვისება, არამედ სწორი კითხვების დასმა და, დეტალებში ჩაძიების მიღმა, დიდი სურათის დანახვაც, რაც დღესაც ძალიან მადგება.

EY-ში მუშაობა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. აუდიტი გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაიხედო სხვადასხვა კომპანიის „სამზარეულოში“, თუმცა ყოველთვის გარე დამკვირვებლად რჩები, ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ მინდოდა, „მეორე მხარეს“ გადავსულიყავი, სადაც არა მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ პროცესის მონაწილე ვიქნებოდი. ეს იყო ლოგიკური ნაბიჯი — გარე, ფართო ხედვიდან შიდა, სიღრმისეულ ანალიზზე გადასვლა. სწორედ ამიტომ გადავედი საქართველოს ბანკში, სადაც დეტალურად შევძლებდი გამეგო, როგორ მუშაობს ასეთი მასშტაბური ფინანსური ინსტიტუტი და ჩემს ცოდნას კონკრეტულად ერთი კომპანიის განვითარებისთვის გამოვიყენებდი.

დასაქმება საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკში მუშაობა ფინანსური რეპორტინგის დეპარტამენტში დავიწყე, თავდაპირველად ანალიტიკოსის, შემდეგ კი უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე. ჩემი პასუხისმგებლობა თანდათან გაიზარდა: თავიდან ბანკის და მისი ცალკეული ქვესეგმენტების ანალიზით და რეპორტინგით ვიყავი დაკავებული, მოგვიანებით კი უკვე მთლიანი ჯგუფის რეპორტინგზე გადავედი, სადაც ჯგუფში შემავალი კომპანიების შედეგების კონსოლიდაცია, ანალიტიკა და რეპორტინგი მევალებოდა.

ამ სამუშაომ მომცა უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი და ბანკის სტრუქტურის სიღრმისეული ცოდნა. სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე გადავედი ჩემს ამჟამინდელ პოზიციაზე, როგორც ბიუჯეტირების და ხარჯების კონტროლის სამსახურის უფროსი. ეს იყო ძალიან საინტერესო გამოწვევა და თვისებრივად ახალ როლზე გადასვლა — ფინანსური სურათის აღწერიდან მის აქტიურ დაგეგმვასა და მართვაზე. ჩემი და საქართველოს ბანკის თანამშრომლობა კი უკვე 8 წელს ითვლის.

ანანოს როლი საქართველოს ბანკის განვითარებაში

ამჟამინდელი საქმე, ბიუჯეტირება, ჩვენს გუნდში ვხუმრობთ ხოლმე, რომ უფრო ხელოვნებაა, ვიდრე ზუსტი მეცნიერება, რომელიც მოითხოვს ხედვას და მომავლის შეგრძნებას. ეს არის პროცესი, სადაც წარსულის ანალიზით მომავალს ვგეგმავთ და სწორედ ეს ორმაგი ბუნება ხდის მას ასე საინტერესოს.

ერთი მხრივ, ხარ ანალიტიკოსი, რომელიც ციფრებზე, მონაცემებსა და ტრენდებზე დაყრდნობით ცდილობს, შექმნას მაქსიმალურად რეალისტური ფინანსური მოლოდინები მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოსთვის. მეორე მხრივ კი, შენი როლია, იყო ერთგვარი ორიენტირის მიმცემი, რადგან ბიუჯეტი არის ინსტრუმენტი, რომლითაც კომპანიის ფინანსურ შედეგებს მართავ, ეხმარები გუნდებს, რომ იმოქმედონ მაქსიმალურად ეფექტიანად და მიაღწიონ საუკეთესო შედეგს.

ხარჯების კონტროლის კომპონენტი კი მაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩავიხედო ბანკის ყველა კუთხე-კუნჭულში. ვეცნობი თითოეული დეპარტამენტის საქმიანობას, მათ საჭიროებებს და გამოწვევებს. ამ პროცესში ჩანს, თუ რაოდენ მრავალფეროვანი და კომპლექსური მექანიზმია ბანკი და რამდენი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო მისი გამართული მუშაობისთვის.

სამუშაო გარემო

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამუშაო გარემო ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი უდიდესი კომფორტი და მოტივაციაა. ეს არის გუნდი, სადაც მეგობრული და მხარდამჭერი ატმოსფერო სუფევს, სადაც მხარდაჭერას გრძნობ არა მხოლოდ მაშინ, როცა წარმატებას აღწევ, არამედ მაშინაც, როცა სირთულეებს აწყდები. სწორედ ასეთი კულტურა ქმნის შესაძლებლობას ზრდისთვის, ექსპერიმენტებისთვის და, საბოლოო ჯამში, საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

თვითგანვითარება არგაჩერების გზაზე

ჩემთვის თვითგანვითარება არ არის ცალკე აქტივობა, ეს უფრო ყოველდღიური პროცესია, რომელიც ჩემსავე სამუშაოსთანაა ინტეგრირებული. პერიოდულად ვეცნობი პროფესიულ სტატიებსა თუ პოდკასტებს, რომ არ ჩამოვრჩე სფეროს სიახლეებს და ტრენდებს. ვცდილობ, მუდმივად ვეძებო გზები, რომ ჩემი საქმე უფრო ეფექტიანად ვაკეთო. მაგალითად, ვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს რუტინული ამოცანების ავტომატიზაციისთვის, სხვადასხვა საკითხის მოკვლევისას ან, უბრალოდ, ახალი პერსპექტივის მისაღებად.

როგორც თავიდან ვახსენე, ჩემი ინტერესები არასდროს შემოიფარგლებოდა ერთი სფეროთი და მუდმივად ვცდილობ, რაღაც ახალი ვისწავლო. მაგალითად, ძალიან მაინტერესებს არქიტექტურა და თავისუფალ დროს ვეცნობი სიახლეებს, სხვადასხვა არქიტექტურულ პროექტებს, ნახაზებს და თავადაც ვცდილობ, დავეუფლო არქიტექტურულ პროგრამებს.

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება შორს ჩანდეს ჩემი საქმიანობისგან, მაგრამ მე გარკვეულ კავშირებს ვხედავ. არქიტექტურა მოითხოვს სიზუსტეს, რომლის შედეგადაც იქმნება ფუნქციური, მყარი და ესთეტიკურად მიმზიდველი სტრუქტურა. ჩემი საქმეც, გარკვეულწილად, ორგანიზაციის ფინანსური „არქიტექტურის“ შექმნაა, რომელიც უნდა იყოს მდგრადი, ეფექტიანი და მომავალზე ორიენტირებული ფუნქციური ინსტრუმენტი კომპანიის მართვისთვის.

 

[პარტნიორის კონტენტი]

Babolat X Lamborghini – „კუს ტბა პადელის“ ახალ კორტებზე სამოყვარულო ტურნირი გაიმართა

წინანდლის მამულის ღვინოების დებიუტი ნიუ-იორკში