in

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „ძნელია თქმა, კარგი იქნებოდა თუ არა, რაღაცებზე წინასწარ რომ მქონოდა ნაფიქრი“ – ანანო დოლაბერიძე

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომლებსაც საფუძვლიანი ცვლილებები მოჰყვება ხოლმე ჩვენს გზაზე. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებას. ხანდახან ახსნაც კი გვიჭირს, რატომ გვირჩევნია სწორედ ამ გეზით წასვლა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გზაჯვარედინი დიდი ხნის გავლილია და მთლიანი სურათის აღქმის საშუალება გვეძლევა, ვამბობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამჯერად, საკუთარ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე Phubber-ის თანადამფუძნებელი ანანო დოლაბერიძე გვიყვება.

მოდის ინდუსტრიაში 12 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ამიტომ ბუნებრივია, ჩემი მომდევნო გადაწყვეტილებებიც სწორედ ამ სფეროსთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, თუმცა ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ გეზს სტარტაპისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ავიღებდი. ვფიქრობ, ზოგადად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როცა რაღაც საკუთარს იწყებ. მით უფრო, რომ არაა მარტივი და უამრავი რამ არ მქონდა გააზრებული. იმის თქმაც ძნელია, კარგი იქნებოდა თუ არა, რაღაცებზე წინასწარ რომ მქონოდა ნაფიქრი, ვინაიდან ბევრმა დაბრკოლებამ შეიძლება შეაშინოს კიდეც გამოუცდელი ადამიანი. გადამწყვეტი მომენტი სწორედ ის იყო, როდესაც ჩემი და მოდის სიყვარული ტექნოლოგიებს დავუმეგობრე.

ქართული მოდის ინდუსტრია ადრე უფრო აქტიურად იზრდებოდა და ვითარდებოდა, დღეს კი საკმაოდ პასიურია. თუ გინდა, რომ ქართული მოდის სფეროში იმუშაო, საზღვარგარეთ პოპულარიზაციაზე უნდა ფიქრობდე. მოდის თემაზე საერთაშორისო გამოცემები ჩვენთან არ არის და არც ამ მიმართულებით ვითარდება პროფესიები. ამ სფეროში ერთი ალტერნატივა გრჩება – ფროდაქშენისა და მარკეტინგის მიმართულებით ჩამოაყალიბო სააგენტო. მთლიანობაში, ქართული მოდის სფეროში ყოფნა დიდ რისკთანაა დაკავშირებული, შემოსავლიანობის არასტაბილურობის გამო. ჩემ შემთხვევაში, სწორედ ამ გარემოებამ მიმიყვანა Phubber-ის დაწყების გადაწყვეტილებამდე. სტარტაპამდე ხუთ სხვადასხვა სამსახურს ვუთავსებდი ერთმანეთს, საქმე ძალიან მიყვარდა და ადამიანებშიც მიმართლებდა, უბრალოდ საკუთარი საქმე მინდოდა მქონოდა. დღეს, რომ ვაანალიზებ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო ტექნოლოგიებისა და ჩემი საყვარელი პროფესიის შეთავსება.

ამ გადაწყვეტილებამ ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. Phubber-მა ჩემში გამოაღვიძა უნარი, წინასწარ განვსაზღვრო რა მინდა და ამ მიზნისკენ წავიდე. როცა სტარტაპის დამფუძნებელი ხარ, ალბათ, სწორედ ისაა მთავარი – გქონდეს ხედვა და მისკენ მიდიოდე. მთელი ამ კარიერის გზაზე, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის ბევრი კითხვა, ძიება და სწავლა, გამოცდილების გაზიარება, რათა შეცდომები ნაკლებად დაუშვა. ვისწავლე, თუ რაიმე არ გამომდის, დავჯდე და ვიფიქრო, რას არ ვაკეთებ სწორად, რომ მომდევნო ნაბიჯები ნაკლებრისკიანი, ნაკლებშეცდომიანი და მეტად შედეგიანი იყოს. ეს მიდგომა ყველაფერში მეხმარება. ვერ წარმომიდგენია, რომ დავნებდე – კარგი გუნდი ვართ და საკმაოდ რთული გზა გამოვიარეთ ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ გამოვიარეთ პანდემია, შევძელით და ეს პერიოდი სასარგებლო გამოცდილებად ვაქციეთ. შემდეგ, უკრაინაში ახალი შესულები ვიყავით, როცა ომი დაიწყო. 2023 წელი ურთულესი იყო საინვესტიციო თვალსაზრისით, თუმცა მაინც შევძელით თანხების მოზიდვა. გავედით სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე, ვემზადებით ყაზახეთში შესასვლელად. ამ ყველაფრის მენეჯმენტი ძალიან რთულია, ასეთი მცირე რესურსების პირობებში. უამრავი მიმართულებით გვიწევს ფიქრი და მუშაობა, თუმცა იმ გადაწყვეტილებამ, რომ Phubber დავიწყე ჩემს პარტნიორთან, გიორგი ჩუგოშვილთან ერთად, მოგვიყვანა იქამდე და დღეს, სამ ქვეყანაში ვმართავთ კომპანიას. გადაწყვეტილების მიღების მომენტში ამას ვერც წარმოვიდგენდი.

ამ გადაწყვეტილების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ Phubber-ის დაწყებისას ორსულად ვიყავი. ამან გააჩინა კითხვები, რამდენად სტაბილურად გავაგრძელებდი საქმის კეთებას. ყოველ ეტაპზე აქტიურად ვიყავი ჩართული Phubber-ის შექმნაში და არასოდეს ყოფილა დაბრკოლება დედობა სტარტაპის მართვისას. ვფიქრობ, ქალებს გვაქვს ძალა, შევიგრძნოთ დედობა და თან ეფექტურად ვაკეთოთ საქმე ისე, რომ ერთმა მეორეს არ შეუშალოს ხელი.

რუბრიკას „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” წარმოგიდგენთ Wissol.

Pepsico-მ Rockstar-ის ვიზუალური იდენტობა განაახლა

კამპანია, რომელიც შეურაცხმყოფელი სიტყვების სიმძაფრეს უსვამს ხაზს