წარმატებულ ქალებზე არაერთხელ მოგვიყოლია, ბევრი ჯილდოც ერთად გვიზეიმია და გამარჯვებაც. თუმცა, რადგან მარტი ქალების თვეა, ახლა შესანიშნავი დროა მათთან პირდაპირ სასაუბროდ, რათა გავიგოთ, რა შექმნეს, რა შეცვალეს, რა შეცდომები დაუშვეს და რას გვირჩევენ დღეს… სწორედ ამიტომ, მარკეტერი წარმატებულ ქართველ ქალ მეწარმეებსა და ხელოვანებს დაუკავშირდა. მათ შორისაა ანანო დოლაბერიძე, ფაბერის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, დანარჩენი კი, მოდით, ერთად გავიგოთ:
M: ანანო, რამდენიმე სიტყვით გაგვაცანით თქვენი სტარტაპი…
ფაბერი ინოვაციური მობილური აპლიკაციაა, სოციალური ქსელისა და ელ.კომერციის მიქსი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და სილამაზის პროდუქტების მყიდველებსა თუ გამყიდველებს. ფაბერი ოპერირებს საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე, ხელს უწყობს მდგრად ცვლილებებს სამომხმარებლო სექტორში და ავთენტიფიკაციისა თუ უსაფრთხო სერვისების მიწოდებით უნიკალურს ხდის შოპინგის გამოცდილებას.
M: საერთოდ შეცვალა თუ არა თქვენი ცხოვრება „ქალი დამფუძნებლის“ სტატუსმა?
რა თქმა უნდა, შეიცვალა, რადგან როდესაც ფაბერს ვიწყებდით არ მქონდა გააზრებული ეს კონტექსტი — 250 000-ზე მეტი მომხმარებლის ყოლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მომხმარებლებზე ზრუნვა და მათი კმაყოფილება. ცალკე ნაწილია ის გამოწვევები და სირთულეები რაც ამ ექვსი წლის განმავლობაში გავიარეთ. ამ ყველაფერმა ძალიან გამაძლიერა და შეუწყო ხელი ჩემს განვითარებას.
როგორც ქალი დამფუძნებლისთვის, ჩემთვის, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე გახლდათ Cartier Women’s Initiative Award, როდესაც ათასობით აპლიკანტიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ევროპის TOP 5-ში მოვხვდი, როგორც მეწარმე ქალი.
M: როგორ ფიქრობთ, რა იყო/არის თქვენი წარმატების გასაღები?
ალბათ, უპირველესად, შრომისმოყვარეობა, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და, რაღა თქმა უნდა, საქმის სიყვარული. გლობალურად არის ცნობილი, რომ ხშირად დამფუძნებლები სტარტაპს როგორც საკუთარ შვილს, ისე მოიხსენიებენ და ეს ასეა რეალურად. სტარტაპის ქონა 9-იდან 6-მდე სამუშაოს კი არა, 24/7 მუშაობას ნიშნავს.
თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, ეს საქმე არ მღლის, არასდროს მაქვს იმის სურვილი და შეგრძნება, რომ შვებულება ან დასვენება მჭირდება. თითქოს ცხოვრების ნაწილია, რომელიც სულ არის ჩემს ყოველდღიურობაში და მზად ვარ მაქსიმუმი გავაკეთო იმისთვის, რისი წარმატებისაც ასე ძალიან მჯერა.
M: გვესაუბრეთ შეცდომაზე, რომელიც დიდი გაკვეთილი გამოდგა თქვენი სტარტაპისთვის…
ალბათ, ნაჩქარევი ბიზნესგადაწყვეტილებები, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან იმ პერიოდში რომ დამაბრუნო, ისევ იმავე შეცდომებს დავუშვებდი, რადგან გამოცდილება რაც იმ მომენტში, იმ ეტაპზე მივიღე, ბევრად უფრო ღირებული და მნიშვნელოვანია — როდესაც სტარტაპი გაქვს, შეცდომების დაშვება აუცილებელია, რადგან სხვანაირად ვერ განვითარდები.
M: ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოთ ქალებისთვის სტარტაპეკოსისტემაში, რა იქნებოდა ეს?
თუ გჯერა შენი ბიზნესიდეის, გააკეთე ყველაფერი, რომ სხვებმაც დაიჯერონ. საკუთარი თავის რწმენა დაბრკოლებების შესაძლებლობად გარდაქმნისა და წარმატების გასაღებია.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი











