in

რა თქმა უნდა, გავაკეთებ! რა თქმა უნდა, გამოვა! – ანანო დოლაბერიძის ამბავი

ერთი აზრი მოუსვენრად დაქრის გონებაში – რა შემიძლია გაგიზიაროთ ძალიან მნიშვნელოვანი? აქ.ახლა, ვირუსთან და ეკონომიკურ სტაგნაციასთან გახნილ ორმაგ ფრონტზე ჩასანგრებულებს, ძალიან დაღლილებს, იმედგადაწურულებს თუ ჯერ კიდევ საბრძოლოდ გამზადებულებს, რა შემიძლია გითხრათ, თვალებში შემართება რომ აგენთოთ? რომ თქვათ: “დანებება?! რა დანებება! როგორ გეკადრებათ – კვლავინდებური სიჯიუტით გამოვცრი კბილებში ფორელის ცნობილ სიტყვებს Not Today!”… და რაკი “გზა სულ არის”, მოდი, მოგიყვებით ძახილის ნიშნებზე, კითხვის ნიშნების ნაცვლად, გააზრებულად ნათქვამ უარებზე, მტკიცე გადაწყვეტილებებზე, ამოუწურავ შემართებასა და დამოუკიდებლად გაკვალულ ბილიკებზე. ჩაუსხედით, იქნებ, ანანო დოლაბერიძის ამბავი წერტილების შეერთებაში დაგეხმაროთ…

“ჩემს ყველა პროფესიას თავად მივაგენი. არც მისწავლია, არც სხვა ვინმე არსებობდა, ვისაც სწავლება შეეძლებოდა. საკუთარ თავს არასოდეს ვზოგავდი. არასოდეს მეცოდებოდა.”

წლების განმავლობაში, ანანო დოლაბერიძეს მოდის ინდუსტრიიდან ვიცნობდით. სხვადასხვა დროს, დაკავებული იყო ბლოგინგით, სტაილინგით, ბრენდ მენეჯმენტით, ღონისძიებების ორგანიზებით, ფროდაქშენით, საკომუნიკაციო საქმიანობით თუ მოდის ჟურნალების ხელმძღვანელობით. დღეს, სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელია, რომელმაც დაარსებიდან პირველსავე წელიწადნახევარში, 700 000 ლარიანი ინვესტიცია მოიზიდა. თუმცა, ანანო დოლაბერიძის კარიერულ გზაზე არანაკლებ საინტერესო ის ხასიათია, რაც მასთან საუბარში უპირობოდ იგრძნობა – მოტივაცია და ბრძოლისუნარიანობა, სიმტკიცე და თავდაჯერებულობა, საკუთარ ცხოვრებისეულ მიდგომებზე რომ დაგაფიქრებს და შემართებით აგავსებს.

  • გზა სულ იყო. წარმოიდგინეთ, პრანჭია ბავშვი, ყველაფერს რომ ასწრებდა, ახერხებდა და ძალიან მოსწონდა ვაჭრობა….

“ჩვენს სახლთან ადრე ბაზარი იყო და ბებიაჩემი მაგზავნიდა ხოლმე საყიდლებზე. ყველა “ბაჯის” ვიცნობდი – დავაკლებინებდი ხოლმე ფასს, ვიყიდდი ჩემთვის კანფეტებს, კიდევ დამრჩებოდა ხურდა და იცინოდნენ – ეს არ დაიკარგებაო. როგორც წესი, ბებიის გაზრდილი ბავშვები ხომ უფრო გათამამებულები არიან ხოლმე – ჩემი ბებია ძალიან ამაყობდა ჩემით, მაგრამ ბევრსაც ითხოვდა. მახსოვს, ფრანგული კოლეჯიდან, ESM-ში უნდა გადავსულიყავი, ინგლისური მქონდა სამეცადინო – ძალიან კარგად მოვემზადე, 97 ქულა მივიღე და სახლში მოსულს, პირველი ეს მკითხა – 3 ქულა რაში დაგაკლდაო?! შეიძლება ამანაც განაპირობა მოთხოვნილება – მეტი გავაკეთო, არასოდეს ვიყო მიღწეულით კმაყოფილი. “კიდევ უფრო მეტი შეგიძლია! მეტი უნდა გააკეთო!” – მესმოდა სულ და ძალიან დადებითად იმოქმედა. ამავდროულად, ჩემი ოჯახის წევრებს არასოდეს გასჩენიათ ეჭვი, რაიმე გამომივიდოდა თუ არა. არ არსებულა ეს კითხვის ნიშანი. ყველაფერში ყველაზე დიდი მხარდამჭერი და გვერდში მდგომი დედაჩემია ჩემთვის, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. ვფიქრობ, რა გარემოშიც იზრდები, ისეთი ხარ ადამიანი, ძირითადად.”

  • “არა ამ ფასად!” – მოგვიანებით, თინეიჯერი საკუთარ ღირებულებებზე თანატოლების ქცევამ დააფიქრა 

“სენტ-ეგზიუპერის ფრანგულ სკოლაში ვსწავლობდი. საკმაოდ ძვირი იყო, იმ დროისთვის ასეთი საფასური, მაგრამ ოჯახი როგორღაც ახერხებდა გადახდას. ძალიან არ მომწონდა, იქაური მოსწავლეები საკუთარ ფუფუნების საგნებზე რომ ამახვილებდნენ ყურადღებას. პროტესტის შეგრძნებას მიჩენდა, ადამიანების რაიმე ნიშნით დაყოფა, რომ ერთ ბავშვს შეეძლო მეორესთვის თავისი ფინანსური უპირატესობა ეგრძნობინებინა. რა თქმა უნდა, თვითრეალიზაციაზე მუშაობა კარგია, მაგრამ არა ამ ფასად, არა სხვისი დაზარალების ხარჯზე. ეს ორივე მხარისთვის ცუდია – ვინც ამით სოციუმში თავის დამკვიდრებას ცდილობს და მათთვისაც, ვისაც ამ მორალურ ზიანს აყენებს. ჩემთვის ფუნდამენტური ცვლილებების ნაწილია, რომ მშობელმა აღზრდაში ასეთ რამეს ყურადღება მიაქციოს.”

  • პროფესიის შერჩევაზე ბევრი არ უყოყმანია. GAU-ში ჩააბარა, ბიზნესის ადმინისტრირებაზე. ამ დროს, მოდის ინდუსტრია უკვე ძალიან იზიდავდა, მეგობრებთან ერთად იღებდა ფოტოებს, ინტერესდებოდა ხელოვნებით, მოდური გამოცემებითა და საერთაშორისო ტენდენციებით. აქტიური სოციალური ცხოვრებისკენ მისწრაფებამ და Tbilisi Fashion Week-ზე მოხვედრის სურვილმა უჩველო იდეამდე მიიყვანა – საკუთარი ბლოგი შეექმნა.

“ძალიან მიყვარდა ყველგან წასვლა, ის ასაკი მქონდა, ივენთი რომ ძალიან გიხარია. მაშინ სხვანაირი კლუბური ცხოვრება იყო – ადამიანებს ხედავდი, რაც ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტია. იქ მივდიოდი მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად და არამხოლოდ მუსიკისთვის. იმ დროისთვის ძალიან კარგი კლუბები იყო Cubic, Bamba Rooms, Night Office, Wakanda… ტარდებოდა Secret Message-ები – MySpace-ზე აქტიური ადამიანები დახურულ ივენთებს აკეთებდნენ და მხოლოდ მიწვეულმა სტუმარმა იცოდა, სად და როდის მისულიყო. ივენთზე იყო კარგი მუსიკა, კოქტეილები, გართობა… Fashion Week-იც ახალი დაწყებული იყო და დავფიქრდი, თუ მოდის ბლოგერი გავხდები, იქნებ, აკრედიტაცია ავიღო და ამგვარად დავესწრო ღონისძიებას-მეთქი.

რაღაც რომ მოგწონს, იმ მიზნისკენ მიდიხარ ავტომატურად. მივხვდი, რომ ბლოგი იქნებოდა ძალიან კარგი საშუალება, რომ ზედმეტი რეკვისა და “მოსაწვევი გამიჩითეს” გარეშე მიმეღო მოსაწვევი. Fashion Week-ის გახსნამდე ორი კვირა იყო დარჩენილი და ეს დრო მასალებზე მუშაობას მოვანდომე, რომ დარწმუნებულიყვნენ – ჩემი ბლოგი Anobano მოქმედი და აქტიური იყო და აკრედიტაცია მოეცათ. აკრედიტაცია რომ მივიღე, დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი ამ პირველი წარმატებით. თუკი, მანამდე უფრო გასართობად ვაკეთებდი ამ ყველაფერს, ახლა უკვე მასალები უნდა შემექმნა. გადავწყვიტე ქართველ დიზაინერებზე ჩემი შეფასებები დამეწერა. ასე გავიცანი ბევრი ადამიანი, მაგალითად, გიორგი ქებურია.

საინტერესოა, ბევრისთვის მოდის ბლოგერობა კრიტიკასთან ასოცირდება. სინამდვილეში, ეს ნიშნავს, უბრალოდ საკუთარი აზრის დაწერას – რა მოეწონა და რა – არა. ეს ჯერ კიდევ ის დროა, Street Style-ის გადასაღებად, “ლუქებს” რომ სპეციალურად ვარჩევდით. მახსოვს, ერთხელ, შარდენზე მეგობარი ფოტოგრაფები დავიბარე ფოტოსესიისთვის და გამოპრანჭულები რომ შევიკრიბეთ. ახლა მეღიმება, მაგრამ რა ტენდენციებსაც მსოფლიო ასპარეზზე ვხედავდი, ვცდილობდი აქაც გამეკეთებინა მსგავსი. ეს ინსტინქტი იყო.”

  • ბლოგინგმა განსხვავებული თვითგამოხატვისკენ უბიძგა. სულ მალე, “ანობანოს” სავიზიტო ბარათად მისი სათვალე იქცა – ასე უფრო ადვილად ამახსოვრებდა თავს საზოგადოებას…

“ერთხელ, მეგობარმა ლონდონიდან ჩამომიტანა სათვალე. მაშინ, ჯერ არ იყო გავრცელებული Cat-eye სტილი და იმდენად ხშირად მეკეთა, სათვალით მცნობდნენ ხოლმე. შემდეგ, დავაკვირდი, მოდის სფეროში ბევრ ცნობილ ადამიანს თავისი დამახასიათებელი უნიკალური შტრიხი აქვს, რაც გამოარჩევს. ჩემ შემთხვევაშიც – სადაც უნდა წავსულიყავი, განუყოფელი ნაწილი იყო. ერთხელ ისეც მოხდა, ინტერვიუ უნდა აეღოთ ჩემგან და ჟურნალისტმა მითხრა, სათვალე რომ არ გიკეთია, ვერ გიცანიო.

ბლოგის წარმოებასთან ერთად, მოქცევაც სხვანაირად დავიწყე. ერთხელ, GAU-ში უკუღმა ჩაცმული ჟაკეტით მივედი. არა იმიტომ, რომ ყურადღება მიმექცია, არამედ, ასე ვგრძნობდი თავს კომფორტულად. მაგ დროს არ მიფიქრია, გამბედავი ქცევა თუ იყო. ალბათ, იმანაც განაპირობა, მოდური ტრენდების გაცნობაში აქტიურად რომ ჩავები.”

  • 18 წლის იყო, მოდური წვეულების მოწყობა რომ გადაწყვიტა. მერე რა, რომ გამოცდილება არ ჰქონდა – ადგა და გააკეთა.

“მსოფლიო მოდის ბლოგების თვალის მიდევნებისას, Fashion წვეულებების ტენდენცია შევამჩნიე და ძალიან მომინდა, საქართველოშიც ყოფილიყო. ამ დროს, შედარებით მიცნობდნენ საქართველოში. გადავწყვიტე გამეკეთებინა Fashion Night Out. დახმარება ვთხოვე მეგობარ ივენთ მენეჯერს, დავითანხმეთ ახლობელი კლუბის მეპატრონე, ვიღაცამ უფასოდ დაგვიბეჭდა ბანერი, მოსაწვევები, პოსტერი… ამ ივენთის იდეა იყო, რომ ადამიანებს საყვარელ დიზაინერებთან ერთად შეძლებოდათ დროის გატარება. პოპულარიზაციისთვის, სტუმრებს ვთხოვდი, პროფაილ ფოტოდ დაეყენებინათ ბანერი. თავის მხრივ, დიზაინერებს ვთხოვე, შეერჩიათ თითო ნამუშევარი და წვეულებაზე მოსულიყვნენ ამ სამოსში გამოწყობილ მოდელთან ერთად. ამგვარად, ღონისძიებაზე გავერთობოდით კიდეც, დიზაინერების ნამუშევრებსაც ნახავდნენ სტუმრები და უფრო მჭიდრო ურთიერთობა დამყარდებოდა. თან, ისეთი დიზაინერებიც მოვიდნენ, რომლებთანაც კონტაქტზეც შეიძლება ვერ გასულიყავი.”

  • პირველი სამსახურის ამბავი ასე იყო: როგორც წესი, ვაკანსიას იქით ეძებენ ხოლმე, მესამეკურსელმა ანანომ თავად აირჩია, სად ემუშავა. იმის მიუხედავად, რომ Zara რამდენიმეწლიან გამოცდილებას ითხოვდა, მაინც იბრძოლა სასურველი პოზიციისთვის.

“2011-12 წელი იქნებოდა. საქართველოში Inditex ჯგუფი შემოდიოდა (Zara, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius…). მაგ დროს, მესამე კურსზე ვიყავი. გადავწყვიტე, რომ Zara-ში უნდა დამეწყო მუშაობა. ზოგადად, რაღაცას რომ ვიტყვი, ეს უნდა გავაკეთო-მეთქი, იქ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია – აუცილებლად გავაკეთებ და აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. არადა, არც გამოცდილება მქონდა, მაშინ, როცა Zara ვიზუალ მერჩენდაიზერის პოზიციაზე რამდენიმეწლიან სტაჟს ითხოვდა. მაინც გავაგზავნე CV და თან, უნივერსიტეტშიც ისე მოვაგვარე, რომ სამსახურის შეთავსება არ გამჭირვებოდა – მაშინ უნივერსიტეტების ცხრილი არ იყო სტუდენტებზე ასე მორგებული. Zara-ში 5-6 გასაუბრება გავიარე. ძალიან დიდი კონკურსი და საკმაოდ რთული ეტაპები იყო. როდესაც ბოლო გასაუბრებაზე მივედი, მითხრეს მომენიშნა სასურველი პოზიცია – მეც მივუთითე Zara-ს მერჩენდაიზერი. ამიყვანეს. არადა, გოგოს, რომელიც ჩემთან ერთად დაიქირავეს, ევროპაში 4 წლის განმავლობაში ჰქონდა ნამუშევარი ამ პოზიციაზე. მე კი, არაფერი ვიცოდი, უბრალოდ, იქამდე ჩემი Fashion ბლოგი მქონდა. მაგრამ ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, არასოდეს ვაყენებდი კითხვის ნიშნის ქვეშ საკუთარ შესაძლებლობებს და ეს მეტყობოდა.

პირველ სამუშაო დღეს მოუთმენლად ველოდი. სამუშაო ადგილი “თბილისი მოლში” უნდა გვქონოდა. Zara-ს გახსნამდე, მოსამზადებელი ორკვირიანი ეტაპი საკმაოდ რთული იყო – ყუთების თრევა საწყობში, სიცივეში… მთელი კოლექცია ჩამოვიდა და ვახარისხებდით. გვასწავლეს კიდეც, რა არის და როგორ უნდა გაკეთდეს მერჩენდაიზინგი. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალ მერჩენდაიზერის პოზიციაზე სხვა მოლოდინი მქონდა, ჩვეულებრივად ვიმუშავე. გაიხსნა Zara და პირველ სამუშაო დღეს, მენეჯერმა რომ მიმითითა, ჩვეულებრივად უნდა მოემსახურო მომხმარებლებსო, ძალიან დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი. შრომა არასოდეს დამზარებია, არც მითაკილია, მაგრამ იმდენი გასაუბრებების შემდეგ რომ არ უთქვამთ, როგორ იწყება შენი სამუშაო ეტაპი და გიწევს აკეთო, რაც არ გევალება და რაზეც არ ყოფილა კომუნიკაცია… ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. ძალიან განვიცადე, ამ პოზიციის მოსაპოვებლად გაწეული დიდი შრომის მერე, მაგრამ იმ დღესვე წამოვედი. მახსოვს, Zara-ს უცხოელმა ტრენერმა მითხრა – “არაუშავს, ანანო, შენ Zara არ დაგიკარგავს, Zara-მ დაგკარგა შენ”. ზოგადად, რაღაც თუ არ მომწონს, არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდები.

  • ღრმად სჯეროდა, თუ უარს იტყოდა არასასურველ გარემოში ყოფნაზე, აუცილებლად გამოჩნდებოდა მისთვის საინტერესო შესაძლებლობაც:

“დაახლოებით, ორ კვირაში, ვაკეში მდებარე “რობერტო კავალის” მაღაზიის ბრენდ მენეჯერობა შემომთავაზეს. არც იქ მომეწონა და ძალიან ცოტა ხანს გავჩერდი. წამოსვლიდან ზუსტად ერთ კვირაში, ლაკო ბუკიამ მომწერა, მენეჯერს ვეძებ ჩემი ბრენდისთვისო. წელიწადნახევარი გავატარე ლაკოსთან. ის ნიუ-იორკში ცხოვრობდა, მე კი, მის ბრენდს სრულად ვმართავდი აქ. ეს იყო უდიდესი გამოცდილება ჩემთვის. დამოუკიდებლად ვიღებდი გადაწყვეტილებებს. ყველანაირი მიმართულება მებარა. შაბათი დღის ჩათვლით ვმუშაობდი და საღამოობით, ლექციებზეც დავდიოდი. 19 წლის ვიყავი მაგ დროს.”

  • ყოველთვის დაკავებული იყო იმ საქმით, რაც იზიდავდა. საქმეს იწყებდა იმ შემთხვევაშიც, თუ ვერ ერკვეოდა – დარწმუნებული იყო, მონდომებითა და შრომისმოყვარეობით, შეისწავლიდა და გამოუვიდოდა. ამჯერად, ცნობისმოყვარეობამ ახალგაზრდა ბრენდ მენეჯერი მოდურ ჟურნალებამდე მიიყვანა.

“ერთხელ, გადაღება დავნიშნე და მომზადების პროცესში, სამოსი მოდელისთვის თავად რომ შევარჩიე, ბომონდის ფოტოგრაფ საშა პრიშვინს მოეწონა და შემომთავაზა, სხვა გადაღებებზეც გვეთანამშრომლა. ასე დავიწყე Fashion Styling-ზე მუშაობა. უბრალოდ, მინდოდა გამოცდილება მიმეღო და ორი წლის განმავლობაში, ვმუშაობდი “ბომონდში”. საშამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ის რომ არა, დღეს, აქ არ ვიქნებოდი. ერთად ვექსპერიმენტობდით და დიდი სამუშაოს მიუხედავად, ძალიან მსიამოვნებდა.”

  • EGO

“ერთხელ, საშამ მითხრა, ჟურნალ “ეგოში” რედაქტორს ეძებენო. არც ამ საქმის გამეგებოდა რამე, მაგრამ ვთქვი: რა თქმა უნდა, ვისწავლი. დავიწყე მუშაობა და პარალელურად, “ბომონდის” საქმეებსაც ვასწრებდი. მახსოვს, მარიანო დივაიოს მივწერე – ძალიან ცნობილი ბლოგერი იყო მაშინაც (ახლა 6.2 მლნ გამომწერი ჰყავს). ინტერვიუც ჩავწერეთ და ფოტოებიც გამომიგზავნა. ამ ყველაფერს ძალიან ჩვეულებრივად აღვიქვამდი – მერე რა, რომ ის ცნობილი ბლოგერია და ჩემზე არც გაუგია.

  • მოდა “მოყოლით” ანუ ანანო “ჯეომოდელსში”

“თაკო ჩხეიძემ შემომთავაზა მოდის მიმართულებით წამეკითხა ლექციები. ასე აღმოვჩნდი “ჯეომოდელსში”. ვთვლიდი, რომ სტუდენტებს უნდა ჰქონოდა მოდის გარშემო განათლება და საფუძვლიანად უნდა მივდგომოდით ამ საქმეს. მოვამზადე სალექციო კურსი. ვუტარებდი ზეპირ გამოცდებს. მახსოვს, ჰოლში რომ ისხდნენ და საკითხებს იმეორებდნენ. რამდენიმე ჩემი კურსდამთავრებული, დღეს, Phubber-ში მუშაობს.”

“ნარგისშიც” თაკო ჩხეიძემ მიმიწვია. Fashion რედაქტორად ვმუშაობდი. შემდეგ, GAU-ში მოდის ბლოგინგსა და სტაილინგზე ვკითხულობდი ლექციებს. Fashion Week-ის ფარგლებში, Marketer-თან ერთად გავაკეთეთ talks ფორმატი, რომელზეც მარანგონის უნივერსიტეტის ლექტორები ჩამოგვყავდა.”

  • იქნებ, როდესაც Anobano-ს ბლოგის წერა გადაწყვიტა, წამით მაინც გაიფიქრა, წლების შემდეგ თბილისის მოდის კვირეულის მწვერვალებზე რომ აღმოჩნდებოდა და Tbilisi Fashion Week-ს საერთაშორისო მედიას ამ მასშტაბით გააცნობდა…

“ჯეომოდელსში” მუშაობისას ძალიან დავმეგობრდი თაკო ჩხეიძესთან და Tbilisi Fashion Week-ის გუნდთან. ჩვენებებზეც დავდიოდი – მილანის, პარიზის მოდის კვირეულებზე და ნაცნობებიც შევიძინე. მილანში იყო ძალიან ცნობილი Streetstyle ფოტოგრაფი ადამ კაც სინდინგი. ის თუ გადაგიღებდა, ძალიან ადვილად მოხვდებოდი შემდეგ სხვა გამოცემების ფურცლებზე. რომ შევხედე, გავიფიქრე, აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს-მეთქი. ამასობაში, მოახლოვდა Tbilisi Fashion Week და რაკი მრჩეველთა საბჭოს წევრი ვიყავი, გადავწყვიტე მიმეწერა ადამ კაც სინდინგისთვის და თბილისში მომეწვია. მაშინ W Magazine-სთვის იღებდა. თუკი იქამდე საქართველოს მიმართ ბევრს ჰქონდა უნდობლობა, გაჩნდა ინტერესი და ადამის ჩამოსვლამ გზა გაუხსნა სხვებსაც. მის გარდა, მოდის კვირეულზე ჩამოვიყვანე Vogue-ს, Now Fashion-ის, Style.com-ის ფოტოგრაფები. ეს იყო პირველი მსხვილი საერთაშორისო გაელვება თბილისის მოდის კვირეულზე. ასე ბუნებრივად იქცა ჩემს მიმართულებად საერთაშორისო პრესასთან და ბაიერებთან ურთიერთობა. ამერიკული ELLE-ისთვის ორი ვიდეო გადავიღეთ, თბილისსა და საქართველოზე. ძალიან ვამაყობ, რომ ამერიკულ ELLE-ს ფეისბუკ ქოვერზე, 6 თვის მანძილზე, ეს ვიდეო ედო და მის ყველა ვიტრინაზეც ეს რგოლი ტრიალებდა.

რეალურად, თბილისის მოდის კვირეულმა ძალიან კარგად იმუშავა საქართველოს პოპულარიზაციაზე. პროექტი, რომელიც 2009 წელს სამი დიზაინერით დაიწყო, აქამდე განვითარდა. 2014 წლამდე რომ ბევრმა არ იცოდა საქართველოს შესახებ და შემდეგ გაიგო, ეს თბილისის მოდის კვირეულის დამსახურებაცაა. Fashion Week-მა მეც შემქმნა – ეს პროექტი რომ არა, მეც არ დავიწყებდი ბლოგერობას, რამაც აქამდე მომიყვანა.”

  • დღეს, სტარტაპს უძღვება და საკუთარ მენეჯერულ გამოცდილებაზეც საუბრობს:

“როგორი მენეჯერიც ჩემთვის იქნებოდა იდეალური, განვლილი წლების პერიოდში, ვცდილობ ისეთი ვიყო. პირველ რიგში, Phubber-ში არ ამყავს გამოცდილი თანამშრომლები. ვფიქრობ, ადამიანს უნდა ასწავლო და თავიდან პროფესიონალიზმი არავის მოსთხოვო. ამიტომ, ჩვენი ბევრი თანამშრომლისთვის, Phubber არის პირველი სამსახური. ერთ-ერთი პირველი კადრი, რომელიც ავიყვანეთ ერთი წლის წინ და გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა, დღეს ბრენდის გამოცდილებას ხელმძღვანელობს. სამი თვის წინ, ავიყვანეთ თანამშრომლები და ვურჩიეთ, ყველაფერი ეცადათ და შემდეგ აერჩიათ, რაც ყველაზე მეტად მოსწონთ. მართლაც, ერთი უკვე კონტენტ მენეჯერია და მეორემ გაყიდვები აირჩია. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩვენთან მოსული ადამიანი ძალიან განვითარდეს. ამ მიდგომას განაპირობებს ხედვა – ჩვენ ვმუშაობთ, რომ რამდენიმე წელიწადში Phubber იყოს მილიარდიანი unicorn კომპანია. თანამშრომლებს ვეუბნებით, რომ ჩვენ ერთად ვვითარდებით და ვაძლევთ მათაც ამ შანსს. მინდა, წლები რომ გავა, ამ ბავშვებმა იამაყონ, აქ რომ მუშაობენ. მსოფლიო დონის ბრენდებსაც რომ დავაკვირდეთ – კომპანიებში პირველი წლებიდან ვინც მივიდა სამუშაოდ, დღეს, ათეულობით წლების შემდეგაც ამაყობს იქ მუშაობით და ქმნის ღირებულებას. ჩვენთანაც ასეა – რამდენიც არ უნდა გვემუშავა დამფუძნებლებს, ჩვენი გუნდი რომ არა, დღეს აქ არ ვიქნებოდით.”

  • არავითარი კითხვის ნიშნები. არავითარი ეჭვის შეტანა საკუთარ თავში…

“არასოდეს უნდა დასვა კითხვის ნიშანი საკუთარ თავთან. უნდა გარისკო. დამარცხდები, მაგრამ ეს მარცხიც ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. ყველანაირი შანსი უნდა გამოიყენო. Grab the chance! წლების მანძილზე მიმუშავია დაბალ ხელფასზე ან საერთოდ, უხელფასოდ, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, ეს იყო ინვესტიცია ჩემს განათლებაში, განვითარებასა და მომავალში. ვფიქრობ, უნდა იმუშაო, უნდა ისწავლო, დიდი გამოცდილება მიიღო, შემდეგ რაღაც ასაკში ზუსტად იცოდე, რა გინდა და დრო არ დაკარგო. სწორედ 20-22 წლამდე ასაკი არის ის დრო, მაქსიმალურად ბევრი რომ უნდა ნახო ცხოვრებაში. შემდეგ კი, ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვე. მე არ მჯერა მყისიერი წარმატების. მე მჯერა თანმიმდევრულად განვითარების, რომელსაც გამარჯვება მოსდევს.”

  • ყველაზე დიდი დაბრკოლება…

ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო სტარტაპისა და ჩემი შვილის ერთდროული “დაბადება”. ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ორივე მხარეს ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა გამეღო. თუმცა, ეს აზრი მუდმივად ტრიალებს ჩემს გონებაში – რა თქმა უნდა, გამოვა! რა თქმა უნდა, გამოვა! ყოველთვის ამ განწყობით ვარ ყველაფერში. და მნიშვნელოვანია შეინარჩუნო ადამიანურობა. პირველ რიგში, უნდა ვიყოთ ადამიანები, შემდეგ პროფესიონალები და სხვა დანარჩენი.

  • ბევრისთვის საკმაოდ რთული ამოცანაა საქმისა და პირადი ცხოვრების ბალანსი. ანანოს აზრით:

“ოჯახი გაცნობიერებულ ასაკში უნდა შექმნა. ძალიან რთულია ოჯახისა და სამსახურის ხელშეწყობა, მით უმეტეს, როცა ეს სამსახური საკუთარი სტარტაპია. თუმცა, ჩემი მეუღლე ისევე არის ოჯახურ საქმიანობასა და ბავშვის აღზრდაში ჩართული, როგორც მე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ჯანსაღმა გარემომ განაპირობა ყოველივე ეს. ქალმა არ უნდა აიღოს სრული ტვირთი საკუთარ თავზე.”

  • თვლის, რომ ადამიანებთან აქტიური ურთიერთობა წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

“სანამ მიხვდები, რა გააკეთო, ადამიანს ნეთვორქინგი ყველაზე მეტად გეხმარება. რაც შეიძლება მეტ ადამიანთან უნდა იურთიერთო. ძალიან რომც გეზარებოდეს სადმე ღონისძიებაზე წასვლა, უნდა მიხვიდე – შეიძლება იქ ძალიან საინტერესო ადამიანი გაიცნო, რაღაც ახალი გაიგო. ძალიან ხშირად წავსულვარ ღონისძიებაზე ახალი ადამიანების გასაცნობად. სხვანაირად ვერ დაგინახავენ, ვერ გაიგებენ ვინ ხარ და რა შეგიძლია. ხომ არის ფრაზა, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენაზე – აი, ეგ რომ შედგეს, უნდა გინდოდეს და შრომობდე ამისთვის.”

  • აი, ასე წარმოუდგენია მომავალი…

“როგორ წარმომიდგენია არა – ზუსტად ვიცი, როგორი იქნება. მიზნები დაკავშირებულია Phubber-თან და გეგმაც გაწერილი გვაქვს – 2021 წლის დასაწყისში უნდა ვიყოთ უკრაინაში. იქაც, პანდემიის სირთულის მიუხედავად, კითხვები არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ 1.5 წელი საკმაოდ პატარა დროა, მუდმივად ვამატებთ რაღაცებს. მაგალითად, მალე გავხსნით LUXURY RESALE შოურუმს, სადაც “ფაბერის” ინდივიდუალური სელერების ნივთები იქნება წარმოდგენილი. ეს იქნება eco-minded აზროვნების ხელშეწყობა, რომ უკვე არსებული გამოიყენოს ადამიანმა და ამგვარად გაუფრთხილდეს ბუნებას.

წარმატების ფორმულას ჩემთვის რამდენიმე ფაქტორი აქვს: პირველ რიგში, უნდა იყო კარგი ადამიანი – აქ ბუმერანგის თეორიის მჯერა. მეორე – გამოცდილება და პროფესიონალიზმი, რომლის გარეშეც საქმეს ხელი არ უნდა მოკიდო. და კიდევ, თავდაუზოგავი შრომა და თავდაჯერებულობა, რომ ყველაფერი აუცილებლად გამოგივა. ამიტომაც, არ გვაქვს სურვილები, არამედ, გეგმები ამ მიზნების მისაღწევად. მართლა გვჯერა, რომ Phubber უნდა გახდეს ამიერკავკასიაში #1 “შოპინგ მარკეტფლეისი” – ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.”

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

სტივ ბლანკი „სტარტაპ გაინდის“ ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერი იქნება

ისევ ვიკეტებით! – ჩვენი დღევანდელობა Alta-ს რეკლამაში