in ,

ანანო გაბუნია Future Lions-ის კონკურსში გამარჯვებაზე გვიყვება!

კარგი ამბები კანის ლომების ფესტივალიდან! ანანო გაბუნიამ და მისმა მეწყვილემ კანის ლომების კრეატიულ ფესტივალზე Future Lions-ის ჯილდო მოიპოვეს. ესაა კანის ლომების კრეატიული ფესტივალის ერთადერთი კონკურსი სტუდენტებისთვის. ანანო გაბუნია Miami Ad School-ის სტუდენტია, სადაც ორი წლის წინ, საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამით მოხვდა. სტუდენტური კონკურსისთვის ქართველმა არტ-დირექტორმა მეწყვილესთან, ჟოაო პახერესთან ერთად, Spotify-ის ბრიფისთვის შექმნა პროექტი EarSafe, რომელიც სმენის დაქვეითებისგან იცავს მსმენელებს. კონკურსში 3000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. ეს ნომინაცია უკვე 19 წელია არსებობს და სტუდენტებისთვის დიდ შთაგონებას წარმოადგენს.

ანანომ მარკეტერთან კონკურსში მონაწილეობაზე ისაუბრა, თუმცა სანამ მის პასუხებს გაეცნობით, ნახეთ Future Lions-ის გამარჯვებული ნამუშევარი.

M: გვიამბე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ კონკურსში მონაწილეობა შენთვის?

სტუდენტებისთვის, ვინც სარეკლამო მიმართულებით სწავლობს, Future Lions ძალიან პრესტიჟული და ცნობილი კონკურსია. როგორც წესი, უამრავი ნამუშევარი იგზავნება საკონკურსოდ და კონკურენცია ძალიან დიდია. მახსოვს, ბავშვობაში სულ მაინტერესებდა, ვათვალიერებდი ხოლმე გამარჯვებულ ნამუშევრებს ოფიციალურ ვებგვერდზე და აღფრთოვანებული ვიყავი.

Future Lions არის ერთადერთი სტუდენტური კონკურსია კანის ლომების ფესტივალზე. ის 19 წელია იმართება. ყოველწლიურად, ცხადდება ბრიფი, რომელზეც 25 წლამდე ასაკის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია გაგზავნოს ნამუშევარი. ნამუშევარი სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს – ძირითადად, ქეის ვიდეოს სახით გზავნიან ხოლმე. ყოველწლიურად არის ხოლმე წარმოდგენილი რომელიმე ბრენდი – მაგალითად, შარშან იყო Volvo, წელს კი – Spotify. კონკურსში არჩევენ რამდენიმე რჩეულ გუნდს, რომლებიც მიემგზავრებიან კანში, დაჯილდოების ცერემონიაზე.

M: როგორი იყო წლევანდელი მონაწილეების დავალება?

ბრიფის მიხედვით, თანამედროვე განვითარებადი ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა შეგვექმნა Spotify-თვის რაღაც ისეთი, რაც მომხმარებლის გამოცდილებას გააუმჯობესებდა, დააკავშირებდა მათ ერთმანეთთან, არტისტებთან და ა.შ.

ჩვენი ნამუშევარი დაეფუძნა იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში 1,1 მილიარდი ახალგაზრდა სმენის დაზიანების რისკის ქვეშაა. მოგეხსენებათ, Spotify-მ სრულიად გადააფასა მუსიკის მოსმენის გამოცდილება და რაოდენობრივად, უფრო მეტს და უფრო ხმამაღლა ვუსმენთ ახლა, ვიდრე ოდესმე. ყურსასმენებში ხმამაღლა მოსმენაც სმენის დაქვეითების გარანტიაა. ამიტომაც, შევქმენით ფუნქცია EarSafe, რომლის ჩართვის შემდეგად, შეგიძლია საყვარელი ფლეილისტიდან აირჩიო სიმღერა და გამოცადო შენი სმენა. ხშირად ჰგონიათ ხოლმე, რომ სმენის შემოწმება ასაკიანი ადამიანებისთვისაა, ამიტომ ახალგაზრდები თითქმის არ იმოწმებენ სმენას. ამავდროულად, ზეტ თაობის 17% და მილენიალების 10% სმენის პრობლემას განიცდის. იმისათვის, რომ სმენის შემოწმება სახალისო პროცესად გვექცია, ამ ტესტის გავლის შემდეგ, Spotify ფლეილისთების ხმას მომხმარებლის სმენის მიხედვით გადააწყობდა.

M: სამუშაო პროცესზეც გვიამბე…

მე და ჟოაო უკვე წელიწადზე მეტია ერთად ვმუშაობთ. Miami Ad School-ის ყველა სტაჟირება ერთად გავიარეთ. სკოლაში სწორედ ეს იყო წახალისებული, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან გვემუშავა და შემდეგ გვეპოვა მეწყვილე. ჩვენს გუნდში მე არტ-დირექტორი ვარ, ჟოაო – ქოფირაითერია. ასეთ დროს, როდესაც გუნდი კარგად მუშაობს ერთად, სჯობს ერთად გაიაროს სტაჟირება.

როდესაც EarSafe-ზე ვმუშაობდით და უკვე იმ ეტაპზე ვიყავით, როცა თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს, უცებ გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი წაგვეშალა და უკეთესი და სახალისო გზა გვეპოვა მის განსახორციელებლად. სულ ერთი კვირა იყო დარჩენილი, როდესაც იდეაზე თავიდან დავიწყეთ მუშაობა. საკმაოდ დატვირთული დღეები იყო, თუმცა ყველაფერი კარგად გამოვიდა.

M: ელოდით გამარჯვებას? 

კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო. წინა წელთან შედარებით, წელს, სამჯერ მეტი აპლიკაცია შევიდა კონკურსზე. ბუნებრივიცაა, რადგან ძალიან კარგი ბრიფი იყო და ბრენდიც – არაჩვეულებრივი.

ჩვენთვის, ეს გამარჯვება იყო აბსოლუტურად დაუჯერებელი. სხვა კონკურსში მონაწილეობისას უფრო გვაქვს ხოლმე გამარჯვების მოლოდინი. ამჯერად კი, იდეის გვჯეროდა ძალიან და ვთვლიდით, რომ პორტფოლიოსთვის გადასარევი ნამუშევარი იქნებოდა. შესაბამისად, არ ველოდით გამარჯვებას. ფესტივალიდან მოგვწერეს – კითხვები გვაქვსო და დაგიკავშირდებითო. როდესაც დარეკეს, გვკითხეს – გინდათ თუ არა იყოთ წლევანდელი გამარჯვებულიო. გაოგნებულები ვიყავით სიხარულისგან.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

რა ვქნათ, თუ ჩვენი ხელმძღვანელი მიკრომენეჯერია

„მეტროპოლი“ Open Air-ის პარტნიორია – დეველოპერული კომპანია Lisi Wonderland-ში