in

როგორ აღმოჩნდა ეს გოგო თქვენს feed-ზე? – გაიცანით, ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიანტი ანანო გაბუნია

„ვინაა? როგორ აღმოჩნდა ეს გოგო ჩემს feed-ზე?“ – ეგ ამბავი თავადაც არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცი იმას გიამბობთ.“ 

დღეს, ანანო გაბუნიაზე უნდა მოგიყვეთ. ფიზიკა-მათემატიკის მოყვარულ ფინანსისტზე, რომელიც ბავშვობისდროინდელმა ჰობიმ ქოფირაითინგს შეახვედრა. ეს ის გოგოა, Miami Ad School Europe-ში (MASE) ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიით რომ ჩაირიცხა. ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამა უკვე მესამე წელია რჩეულ ქართველ კონკურსანტს შემოქმედებითი ინდუსტრიის მექაში მოხვედრაში ეხმარება. ეს ამბავიც ასე მოხდა – ანანომ ღუზა ბერლინში ჩაუშვა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ქოფირაითინგის პორტფოლიო პროგრამაზე სრული დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას. MASE-მდე, ანანო გაბუნია ჯერ Redberry-ის შემოქმედებითი გუნდის წევრი იყო, შემდეგ – Leavingstone-ის სტრატეგიებში ჩაიძირა, თუმცა ქოფირაითინგი სამუდამოდ დაბინავდა მის ცნობიერებაში. ამიტომაც თვლის, რომ ცნება „ნაქოფირაითერალი“ არ არსებობს. ისე, მასში ქოფირაითერი, ცნობისმოყვარე და მუდმივად სიახლის მაძიებელი ბავშვი ცხოვრობს, ამიტომაც, საკუთარ შინაგან „მეს“ (თუ „მე-ებს“) ხშირად „ანანოებს“ უწოდებს…

M: გაგვეცანი, ვინ იყო ანანო გაბუნია ქოფირაითერობამდე?

„იყო და არა იყო რა“ არ გვინდა და ქოფირაითერობამდე ერთ კოხტა გზატკეცილს სულაც არ დავდგომივარ. უფრო იმას ვგავდი, რომელიმე ზღაპრის გმირი გუდა-ნაბადს რომ შეკრავს და გაუყვება გზას, რომელიც თავადაც არ იცის საით წაიყვანს.

ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში რომ ვსწავლობდი, ალბათ, მაგას თუ დავაბრალებთ, ზურგის ქარმა უნივერსიტეტში ფინანსების არჩევისკენ რომ მიბიძგა და რიცხვებით სავსე დიპლომი ჩამიჯიბა. მას მერე უკან აღარც გამიხედავს, მოსახვევში, ბარე, 137 გრადუსით დავტრიალდი და სტრატეგიაში, კვლევასა და კარგი, ჰოო, ცოტაოდენ რიცხვებშიც ამოვყავი თავი. აი, მანდ იყო, ზუსტად რომ მივხვდი რა მინდოდა ცხოვრებაში და ზურგის ქარსაც აქეთ ვუკარნახე, საით უნდა გაგვეწია.

M: ჯერ ფიზიკა-მათემატიკაო, მერე – ფინანსებიო და ქოფირაითინგში როგორ აღმოაჩინე საკუთარი თავი?

ძალიან უცებ, ძალიან მოულოდნელად, ერთი შეკოწიწებული pdf ფაილით (a.k.a დავალებით) Redberry-ში, ქოფირაითერად ამოვყავი თავი და ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რომ სამსახურში დავდიოდი, საქმეს ვაკეთებდი, ოღონდ არ ვმუშაობდი, არცერთი წამით.

აქ ხომ მშვენიერი „ჭირი იქა, ლხინი აქას“ დრო უნდა იყოს – მივაგენი საყვარელ პროფესიას, ორი წელი გავატარე კამპანიების დუღილში, სიტყვების სროლასა და კონტენტ-იქით-კონტენტ-აქეთში, მაგრამ არა! გამოხდა მნიშვნელოვანი ოდენობის ხანი და სულმაც ახალი მოსახვევისკენ წამძლია. ასე, არანაკლებ ზღაპრულად და მოულოდნელად აღმოვჩნდი სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით, კოხტა და დაწყობილ სტრატეგიაში, რომლის კარიც Leavingstone-მა გამიღო. მახსოვს, როგორ მახარებდა ჩემი თანამშრომლების გულწრფელი კომენტარები: ვახ, რა კარგია, „ნაქოფირაითერალი“ სტრატეგი რომ ხარ, სულ სხვანაირად გესმის ჩვენიო.

ცნება „ნაქოფირაითერალი“ არ არსებობს – Once A Copywriter, Always A Copywriter.

M: შენთვის, რა არის ქოფირაითინგი?

ბავშვობაში რომელიმე სიტყვა რომ დამიჯდებოდა ხოლმე გონებაში და იქამდე არ ადგებოდა, ვიდრე ამ სიტყვის შექმნის სრულ ისტორიას არ შევთხზავდი, მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რომ ბოლომდე წერას ავყოლოდი და პლიუს-მინუსისთვის სულ ცოტათი მომეკლო – „ქვაკუთხედი“; „სულთამხუთავი“; „ჩიჩილაკი“ – უუუჰ, რა ისტორიებია… სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის წერა ყველაფერია. თუ მიჭირს – ვწერ, თუ მილხინს – ვწერ და ამასობაში, ცოტა არ იყოს, საყვარელ ფრაზად მექცა: „ოღონდ ნუ მალაპარაკებთ და რასაც გინდათ დაგიწერთ!“

M: გაიხსენე შენი რჩეული კამპანია, რომელზეც გიმუშავია…

კამპანია, რომელზეც მიმუშავია და განსაკუთრებით მიყვარს „მინისო ახალი წელია“; ეს, ალბათ, იმიტომ, რომ მთელი კამპანია რაღაცნაირად ხასიათით წამაგავსთქო, მგონია.

M: რამ გადაგაწყვეტინა MASE-ს კონკურსში მონაწილეობა და როგორ ფიქრობ, რა იქცა შენი გამარჯვების გადამწყვეტ ფაქტორად?

Miami Ad School-ის სახელი ჯერ კიდევ იმ დროიდან მხვდებოდა ყურში, ჩვენს სამყაროში ცალი ფეხიც რომ არ მქონდა შემოდგმული. ამასობაში, რამდენიმე კურსდამთავრებულიც გავიცანი და აბსოლუტურად ყველასგან ერთი კომენტარი მოვისმინე: ,,როცა მიდიხარ, წარმოდგენაც კი არ გაქვს რა საოცრება გელის წინ!”. მერედა, როგორ ძალიან მიყვარს გზები, რომლებიც სადღაც შორს მიდის, ისე შორს, რომ არც კი იცი სად. დავუძახოთ ისევ ზურგის ქარს, ახალი გრეხილების დროა!

მახსოვს, საკონკურსო დავალების უშველებელი ფაილი რომ ჩავამთავრე და ჩემი illustrator-ი ამოვასუნთქე, გავიაზრე, რომ თავად მუშაობის პროცესი ისე მეგემრიელა, რომ შედეგს მნიშვნელობა იმდენად აღარც კი ჰქონდა.

რაც შეეხება გამარჯვების ჯერ კიდევ დაუჯერებელ ამბავს, ერთ რამეს მივხვდი – მიხვეულ-მოხვეულ-აღმა-დაღმა გზებით სიარული საუკეთესო რამ ყოფილა, რისი გაკეთებაც შემეძლო. შეფასებისას, ასეც მითხრეს – სტრატეგიულად, ვიზუალურად, ქოფირაითერულად და „რეკლამშიკურად“ გამართული დავალება იყოო და ჩემს ზურგის ქარსაც დიდზე დიდი ფრთები შეესხა, დაკლაკნილ გზებზე ტყუილად რომ არ ვუტარებივარ.

M: როგორ ფიქრობ, რას შეცვლის შენს პროფესიულ განვითარებაში მომდევნო ორი წელი?

MASE შესაძლებლობებით სავსე სამყაროა, სადაც ყველაფერი გეძლევა იმისთვის, რომ მაღლა იფრინო (თოლიებს დავესესხები), შენ უბრალოდ უნდა მოინდომო. გადასალახი 9 ზღვა, თავისი 9 მთით, აუცილებლად შეგხვდება და სწორედ ეს მთა-ზღვებია, რამაც უკეთეს პროფესიონალად უნდა გაქციოს და გზად წარბშეკრული დევებიც დაგამარცხებინოს.

ჩემთვის, როგორც ქოფირაითერისთვის, უზარმაზარი გამოწვევაა, ვწერო უცხო ენაზე. ჩვენ ხომ სიტყვებით არ ვწერთ, ჩვენ ხომ სიტყვებით ვჭრით და ვკერავთ. ჰოდა, აჰა, ესეც ერთ-ერთი ცხრათავიანი დევი.

M: ვინ არის ანანო გაბუნია, ქოფირაითინგის მიღმა?

ქოფირაითერ ანანოსთან ერთად არსებობენ სხვა ანანოებიც. ამიტომ, ყველა ერთად რომ ვერსად დავატიე, ავდექი და ჩემს ინსტაგრამ გვერდსაც ანანოები დავარქვი. აქ, ძირითადად, ფოტოგრაფ ანანოს ღვიძავს, თუმცა, ხანდახან, ცრუ-მხატვარი ანანოც ახელს თვალს, რომელსაც ჭკუამხიარული ანანო შემთხვევითი კონტენტით ტბორავს ხოლმე. შეხვდებით მეზღაპრე, ჟურნალისტ, მსახიობ ანანოსაც. მოკლედ, გააჩნია, რომელი საათია და ზურგის ქარი საითკენ ქრის.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

მანქანების სარეკლამო ისტორია – როგორი იყო პირველი რეკლამები?

Arkive — პირველი დეცენტრალიზებული მუზეუმი