in

ამ სტიპენდიამ წინ სრულიად ახალი გზა გამიხსნა; გზა, რომელზე სიარულსაც არაფერი სჯობს- ანანო გაბუნია- ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი

არც თუ ისე დიდი დროა გასული იმ მომენტიდან რაც ლეპტოპში გახსნილ
ნიკას სტიპენდიის პოსტს, საკუთარ თავთან პოლემიკაში შესული, დასაშვებზე
მეტხანს მივჩერებოდი – ,,ღირს თუ არ ღირს აპლიკაციის გაგზავნა?
გამარჯვებით მაინც ხომ ვერ გავიმარჯვებ და ვცადო მაინც? ყველაფერი
გამარჯვება ხომ არაა? საკუთარი თავის გამოცდას ვერიდები? მგონი, ის უფრო
დიდი დანაშაული იქნება რომ არ ვცადო. კარგი, ბრიფს შევხედავ და მერე
გადავწყვეტ…“
ბრიფი მომეწონა – რომ კითხულობ და თვალწინ სიტყვების ნაცვლად ფერები,
სურათები და იდეები გეშლება, უტყუარი ნიშანია, რომ ბრიფი მოგწონს და ამ
ჰაერში დატრიალებულ იდეებს ვეღარსად წაიღებ, უნდა ,,აამუშავო“.
ჰოოოდა, სცადე და მალე ძალიან ფერად, ბერლინურ თავგადასავალშიც ამოყოფთ თავს.

რაც აქ ჩამოვედი მას მერე დღეები საგრძნობლად დაგრძელდა. ხანდახან,
როცა გადავწყვეტ ხოლმე თითო წინადადებით მაინც ჩავიწერო რა მოხდა
დღის მანძილზე, ჩემი არცთუ ისე წარმატებული მეხსიერების იმედად რომ არ
დავრჩე, წერას საათზე მეტხანს ვანდომებ ხოლმე და ფურცლებიც მელევა.
როგორ შეიძლება დღის მანძილზე ამდენი რამ მოხდეს? იღვიძებ და
წარმოდგენა არ გაქვს რა ამბებით დაიძინებ. ხანდახან დღე ისეთი გრძელია,
შეიძლება არც კი დაიძინო და 48 საათიან თავგადასავალშიც გადავარდე,
როგორც მე დამიცდა ფეხი და მოულოდნელად იოჰან სებასტიან ბახის
მშობლიურ ქალაქში ამოვყავი თავი მარტო იმიტომ რომ დილით ლექტორმა
პატარა ინსპირაციული ბიძგი მოგვცა, უკეთ რომ წეროთ, უცხო-უცხო ამბების
შეგროვება დაიწყეთო.
დღეები გრძელია, მაგრამ არ უნდა შეცდე და გეგონოს, რომ დრო ბევრი გაქვს.
სემესტრი 10 კვირისგან შედგება.
სწავლას სტანდარტულს ვერ დავარქმევდი – აქ მთავარი ისაა, რას ქმნი. შესაბამისად, თეორიული
ცოდნებსაც პრაქტიკულ ჭრილში იღებ. ყოველი ლექციის შემდეგ გეძლევა
ბრიფი, რომელიც შემდეგი კვირისთვის უნდა მოამზადო, რაც იმას ნიშნავს,
რომ კვირაში დაახლოებით 5 პროექტის „შეკოწიწება“ გიწევს. ვერ ვიტყოდი,
რომ მარტივია. თუმცა, აქ რაც ნამდვილად ვისწავლე, საკუთარი დროისა და
რესურსების მაქსიმალურად გამოყენებაა. დრო ძალიან ზუსტი ცნებაც არაა და
სადამდეც გაწელავ, იქამდე გაიწლება.
ის კი უნდა ვთქვა, რომ მიუხედავად ძალიან დატვირთული რეჟიმისა, მუშაობას
არასდროს დავუღლივარ, რადგან ადამიანები, რომლებიც შენს გარშემო არიან
შემოკრებილნი ენერგიით და ინსპირაციით გავსებენ. ასეთი ,,შენიანი“ ხალხის
პოვნას ბევრგან ვერ შეძლებ. ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ამდენად
განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებს შეგვეძლო ასე ერთნაირები
ვყოფილიყავით. აქ ყველას საერთო ბედნიერება და საერთო გასაჭირი აქვს
(ბერლინში სახლის მარადიული ძიების ჭირისა არ იყოს). ქალაქიც ისეთია,
არასდროს მოგაწყენს. ყველა ნაბიჯზე რაღაც ახალი გელოდება. ხანდახან
უბრალოდ გავდივარ გარეთ და თითქოსდა ჩვეულებრივ ქუჩებში, თითქოსდა
ჩვეულებრივად ვსეირნობ. მაგრამ თითქმის არასდროს დავბრუნებულვარ
სახლში ისე, რაღაც ახალი რომ არ მენახა ან გადამხდენოდა. სწორედ ესაა
მთავარი ჯადოსნობაც, აგროვებ ამ პაწია თუ დიდზე დიდ ამბებს, სადღაც
გონების უკან ინახავ და ერთ მშვენიერ დღესაც, ძალიან რომ გჭირდება,
მოულოდნელად გიტივტივდება.

ხშირად, როცა ერთად შეკრებილი მეგობრები უბრალოდ ვლაპარაკობთ,
ვხვდებით რა ძვირფასია თუნდაც ეს ჩვეულებრივი საუბარი ათას სხვადასხვა
თემაზე. მე, ჩემი ქართული გამოცდილებით , თვალებგაფართოებული ვუსმენ
ჩემს ჩილეელ, პორტუგალიელ, იტალიელ, ამერიკელ თუ ინდოელ მეგობარს და
ჩემი აზრების ტილოც თვალსა და ხელს შუა ფართოვდება. ახლა ჩემი ფიქრები
ბევრად უფრო შორს მიდიან.
ფიქრები რაც შეიძლება შორს უნდა გაუშვა, კი. ხანდახან შეიძლება გეგონოს,
რომ მეტი აღარ შეგიძლია, ამოწურე შენი თავი, რაღა უნდა მოიფიქრო, რაღა
უნდა შექმნა? მაგრამ გახვალ ქუჩაში და უბრალო ხის ფოთოლი, ნახევრად
ჩამოხეული პოსტერი თუ რომელიმე u-bahn-ის (მეტროს) მგზავრი იდეის
ნაპერწკალს გაგიჩენს; შენც მიყვები და ალბათ, იმ საოცარ შეგრძნებამდეც
მიხვალ, როცა იგრძნობ, რომ შენი იდეა მუშაობს – და, აი, ამ დროს
მნიშვნელობა არ აქვს ღამის ორი საათი იქნება თუ დილის ექვსი – ენერგია
თავისით მოვა და შენც დაიწყებ შექმნას, ჯერ ზუსტად რომ არც იცი რის.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ლექტორმა დაგვავალა მინიმუმ ასი უბრალო
დაკვირვება ჩამოგვეწერა. თურმე რა მარტივი ყოფილა დააკვირდე სამყაროს.
ახლა, სადაც არ უნდა იყოთ, სულ ერთი წუთით მიიხედ-მოიხედეთ და
მიხვდებით რა სავსეა გარემო ჩვეულებრივი უცნაურობებით. მაგალითად,
რატომ ველოდებით ადამიანები საათის ,,დამრგვალებას“ მანამ საქმეს
დავიწყებდეთ და რატომ ვწელავთ 12:27 წუთს 12:30მდე?..

ამდენი იდეა ერთდროულად მგონი არასოდეს გამჩენია; დავდიოდი ქუჩაში და
ერთის ჩაწერას ვერ ვასწრებდი, მეორე ,,აღმოჩენას“ ვხედავდი. ამ დროს
ხვდები, რომ ინსპირაციის პოვნა აბსოლუტურად ყველაფერში შეიძლება.
Miami Ad School Europe-მა მგონია, რომ სწორედ ეს მომცა – იდეები, რომლებიც
დაუპატიჟებლად გსტუმრობენ და რომლებიც ახლა უკვე იცი, სად დააბინაო.
იდეების დაბინავებაში, როგორც წესი, ერთმანეთს ვეხმარებით. კარგია, თუ
თქვენი ჭკუის არტ დაირექტორს ან ქოფირაითერს მალევე მიაგნებთ და
საქმეშიც ერთდროულად გადაეშვებით. რაღაც პროექტებთან, შესაძლოა,
მარტო შეჭიდება გერჩივნოთ, მაგრამ საქმის უმეტესობას მაინც ჯგუფურად
ვაკეთებთ. სწორ ხალხთან ერთად ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო
ხდება; სად არ შევკრებილვართ, საიდან არ ,,დაგვიშტორმავს“.
ბოლო დღეებია, როგორც იქნა, ამინდები გამოვიდა და მთელი ქალაქი ერთ
ღამეში შეიცვალა. ახლა ყველა გარეთაა. ჯერ ქალაქი ხომ ისეთია, ერთი
გამწვანებული პარკი რომ მთავრდება, მეორე იწყება და მერე წარმოიდგინეთ
რომ თითოეული მათგანი ისეა სავსე, შეიძლება, ადამიანებს შორის ბალახიც
კი არ მოჩანდეს. ჰოდა ჩვენც, შევკრავთ ხოლმე გუდა-ნაბადს, მოვიკალათებთ
მიწაზე და მზესთან ერთად ვფიქრობთ.

ახლა მნიშვნელოვანი გზის გასაყარზე ვარ. უნდა გადავწყვიტო სტაჟირებებზე
საით წავიდე. არჩევანი იმხელაა, ყველაფერი გინდა სცადო, იაპონიიდან
დაწყებული, ბრაზილიით დამთავრებული. მთავარია, იცოდე შენ რა გინდა,
რომელ ბრენდებს ემუშავებოდი და როგორი ტიპის სააგენტოში მიიღებდი
გამოცდილებას – დიდი, უსაშველო ბრენდებითა და ჯგუფებით თუ პატარა,
ოჯახური გუნდებით. რას მოგცემს ქალაქი, სადაც მიდიხარ, როგორ კრეატორად
გაქცევს? ერთ-ერთმა ლექტორმა გაგვიმხილა, არ მოგატყუებთ და მშურს
თქვენი – ასე კიდევ როდის მოგეცემა ადამიანს შესაძლებლობა სამი თვით
მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში წახვიდე საცხოვრებლად და უბრალოდ კი
არ ესტუმრო ქვეყანას, არამედ, რეალურად იცხოვრო, იმუშავო და ნამდვილი
ამბები დააგემოვნოო. ამაზე რომ ვფიქრობ, გული უკვე მიფანცქალებს, თუმცა
ჯერ არ ვიცი საით გამიწევია.

გაგრძელებული სიტყვას ამით დავასრულებ – ცოტა ხნის წინ მეგობარმა
მკითხა რა იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი და არც კი
დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე, რომ საუკეთესო პერიოდში სწორედ ახლა ვარ.
ამაზე მეტს ვერც ვერაფერს ვიტყვი. ნიკას სტიპენდიამ წინ სრულიად ახალი
გზა გამიხსნა; გზა, რომელზე სიარულსაც არაფერი სჯობს.

თუ უკვე დაინტერესედით ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით, და გინდათ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ როგორ ისწავლოთ Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის ან Copywriting-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით, მაშინ ამ ბმულს უნდა გაეცნოთ.

როგორ მოიპოვებ სტიპენდიას?
შეაგროვე და გაგზავნე მოთხოვნილი საბუთები
ჩააბარე 2 პროგრამიდან ერთ-ერთზე

გამარჯვებულს სპეციალურად შექმნილი ჟიური გამოავლენს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 25 ივლისია

[პარტნიორის კონტენტი]

7 სტრატეგიული გზა კომპანიის აუდიტორიის გასაზრდელად

მუსიკალურ ფესტივალზე iPhone-ს ცეკვა ავარიაში აერია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა