30
Jan
2020

ანანო კეკელია – #პირველისამსახური

30 Jan 2020

ჩემი პირველი სამსახურეობრივი გამოცდილება ტელევიზიით დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვა მიმართულებით მაქვს განათლება მიღებული (ფსიქოლგია შედმეგ მარკეტინგი და პიარი). ისე მოხდა, რომ ჩემთვის ძალიან უჩვეულო მაგრამ საინტერესო და ძალიან დინამიკურ გარემოში მოვხვდი. თუ არ ვცდები, 17 წლის ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე და პირველი ხელფასიც ავიღე, ახლაც მახსოვს – 180 ლარი. მას შემდეგ, ფაქტობრივად, უწყვეტად ვმუშაობ. როდესაც ჩემს სატელევიზიო გამოცდილებაზე ვსაუბრობ, არ შემიძლია ნინო დარასელი არ გავიხსენო, რომელიც ძალიან მგულშემატკივრობდა და ძალიან მოვწონდი ეკრანზე. პირველ არხზე, როდესაც მოამბის კულტურის ბლოკის წამყვანი და ჟურნალისტი ვიყავი, სწორად მან მირჩია გასაუბრებაზე მისვლა. ვიყავი როგორც წამყვანი, ასევე თავადაც ვამზადებდი რეპორტაჟებს, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და ამავდროულად სრულიად ახალი გამოცდილება იყო.

არ ვიცი, ამას დაბრკოლება შეიძლება დავარქვა თუ არა მაგრამ, ამ პერიოდში ყველაზე დიდ გამოწვევად მაინც პირდაპირ ეთერში მუშაობა მახსენდება, როდესაც იცი, რომ კამერის მიღმა ძალიან ბევრი ადამიანი გიყურებს და შეცდომას თუ დაუშვებ, ვერაფერსაც ვერ იზამ იმიტომ, რომ პირდაპირი ეთერია. ძალიან დიდი ადრენალინი და ბევრი სასიამოვნო ემოცია მახსენდება, კარგი მეგობრებიც შევიძინე, თუმცა როგორც ყველა ადამიანს, ყველა სამსახურში, სირთულეებიც მახსენდება. ესეც ერთგვარი გამოცდილებაა.

ამ სამსახურმა ჩემი თავის რწმენა მომცა და მასწავლა ისეთი რაღაცეების კეთება და გაბედვაც, რისიც მეშინოდა. ტელევიზიის შემდეგ, მქონდა საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მარკეტინგის და პიარის მიმართულებით, რამდენიმე კერძო კომპანიაშიც. ამჟამინდელ სამსახურში – ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში უკვე ბევრი წელია ვმუშაობ. ამის მთავარი მიზეზი ალბათ ისაა, რომ ჩემი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ვერც ვფიქრობ სხვაგან სად შევძლებდი იმ მასშტაბის და მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას, რისი საშუალებაც აქ მეძლევა.

ანანო კეკელია – ტურიზმის ადმინისტრაციის ბრენდის განვითარების სამმართველოს უფროსი.

განხილვა