16
Oct
2018

„ვიზუალი უფრო მეტის მომცემია, თუ იდეა?“ – ანანო მარცვალაძის #აზრები

16 Oct 2018

M2
M2


ვიზუალი თუ კონცეპტი? ბევრი ვიფიქრე, თუ რა დამეწერა. ალტერნატივების სიღრმისეული ანალიზი ჩემი ხასიათის განუყოფელი ნაწილია. ზოდიაქოს ნიშნითაც სასწორი ვარ და როდესაც არჩევანის წინაშე ვდგები, დიდ დროს ვუთმობ ვარიანტების შესწავლას, დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვას.

ძალიან საინტერესო თემაა, რაზეც არაერთი დისკუსია და განხილვა გვქონია გრაფიკულ დიზაინერებს და სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ყოველთვის იყო კითხვა, ვიზუალი თუ კონცეფცია, ემოცია თუ რაციონალური ფაქტორები, მხოლოდ ვიზუალი უფრო მეტის მომცემია თუ მხოლოდ იდეა? როდესაც ორ, თანაბარწონიან ფაქტორს სასწორზე შემოვდებ, ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალური გადაწყვეტა იყოს ლამაზი, პოზიტიური და ჰარმონიული და თუ ამას კრეატიულ, კონცეპტუალურ მარცვალსაც დაუმატებ, მივიღებთ იდეალურ შედეგს.

„ელიტის“ რედიზაინი და გრაფიკული სტილის შემუშავება

ვფიქრობ აქ მარტივია პასუხი, ყველაფერი დამოკიდებულია იმ მიზანზე და იმ ინდუსტრიაზე, სადაც ხდება ნამუშევრის შექმნა. მე ამ შემთხვევაში სარეკლამო და მარკეტინგული კომუნიკაციის ინდუსტრიაში ვმუშაობ, სადაც ვიზუალური კომუნიკაციის უმთავრესი მიზანი (განსხვავებით არტისგან) მომხმარებელი და მომხმარებლამდე ინფორმაციის მიტანა არის, მისთვის გასაგები ფორმით. ამისთვის ვიყენებთ სხვადასხვა სიმბოლოებს, ფერებს, ფორმებს, გრაფიკულ დიზაინს, ტიპოგრაფიას, ანიმაციას, სხვა ელემენტებს და მათ კომბინაციას.

ვიზუალური კომუნიკაცია კომპლექსური პროცესია, სადაც ბევრი ფაქტორია ჩართული და  ცალსახად, იმის თქმა, ვიზუალი უფრო მნიშვნელოვანია თუ კონცეფცია, არ იქნება მართებული. ვიზუალიც და კონცეპტუალური ნაწილიც ერთ მთლიანობას წარმოადგენს და ადამიანის ტვინიც შესაბამისად აღიქვამს ნამუშევარს. თვალი და ტვინი ერთად ამუშავებს ძალიან რთულ და მრავალმხრივ ინფორმაციას, არის ერთიანი პროცესის ნაწილი და არ შეიძლება განვიხილოთ ცალ-ცალკე.

კომუნიკაციის ინდუსტრიაში ვიზუალურ ნაწილს კრიტიკული როლი აქვს. ადამიანების უმრავლესობა ინფორმაციას უფრო მარტივად აღიქვამს ვიზუალურად, სურათებით და კომპოზიციებით, ვიდრე ტექსტის წაკითხვით ან მოსმენით. ადამიანის ამ თვისების გააზრება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელიც იყენებს ვიზუალურ კომუნიკაციას, როგორც მომხმარებელთან ურთიერთობის ფორმას.

სამუშაო პროცესი

გრაფიკულ დიზაინზე მუშაობა საკმაოდ რთული და საინტერესო პროცესია. ერთი მხრივ, ნამუშევარი გასაგები უნდა იყოს მიზნობრივი აუდიტორიისთვის, მეორე მხრივ, ნამუშევარზე მუშაობა სასიამოვნო და საინტერესო უნდა იყოს დიზაინერისთვის. ხშირ შემთხვევაში, ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ის რაც დიზაინერს მოსწონს, ინსპირაციას აძლევს, ახალისებს და აბედნიერებს, ხშირ შემთხვევაში, აცდენილია იმას, თუ რა უნდა მომხმარებელს და რა ვიაზუალი არის ოპტიმალური მისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის. ვფიქრობ, აქ არ არსებობს რადიკალური მიდგომა, რომ ან ერთი მხარე, ან მეორე. გრაფიკულმა დიზაინერმა უნდა იპოვოს ოქროს შუალედი და გააკეთოს ის, რაც მას მოსწონს მიზნობრივი აუდიტორიისთვის გასაგები ფორმით.

დიზაინი არის ის, რაც შემიძლია ვაკეთო და ამისთვის მაქსიმალურად დავიხარჯო. ძალიან მიყვარს ეს საქმიანობა და არასდროს მომბეზრდება ამ თემაზე საუბარი და დამწყებთათვის გამოცდილების გაზიარება. სამუშაო პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს განწყობას. არ უნდა იყოს ძალდატანებითი. ამისთვის მნიშვნელოვანია იცხოვრო ისეთი ესითრომ ეს განწყობა დღეში დაახლოებით 5 საათი გაგრძელდეს. კონტროლორომ არ გამოიფიტო და მუდამ იზრუნო სასიამოვნო პროცესებითა და გარემოთი ინსპირაცია გაიმდიდრო.

ინსპირაციის მიღება

ჰარმონია

ჩემი წარმატების ფორმულა და პასუხი კითხვაზე აქ ასეთია, ვფიქრობ ვიზუალური ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს მიმზიდველი, ხოლო შემოქმედებითი პროცესი – სასიამოვნო. პირველ რიგში, ვიზუალით შეიძლება მომხმარებლის ყურადღების მიქცევა კომუნიკაციაზე. მეორე მხარეა უკვე ის კონცეფცია და ინფორმაცია, თუ რას მიიღებს მომხმარებელი ამ ვიზუალით. მაგრამ ორივე ნაწილი თითქმის თანაბარი წონის არის. ამიტომ 51%-ს მივანიჭებ ვიზუალს და 49%-ს  –  კონცეფციას.

ანანო მარცვალაძე – გრაფიკული დიზაინერი, ფრილანსერი

განხილვა