პროფესიით ვარ გრაფიკული დიზაინერი და სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე, 21 წლის ასაკში, დავიწყე საინტერესო სამსახურის ძებნა. მეგობრის რეკომენდაციით, პირდაპირ მივადექი სარეკლამო სააგენტო Windfor’s-ის კარს პორტფოლიოთი ხელში. ეს გახდა ჩემი პირველი სამსახური, სადაც 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ჯუნიორ არტ დირექტორის პოზიციაზე. ძალიან მეგობრული და კომფორტული გარემო დამხვდა. იყო გამოწვევებიც და სირთულეებიც. გამოუცდელობის გამო რთული აღმოჩნდა თავის გამოჩენა. სამუშაო პროცესი თამაშივით იყო, სადაც ყოველ შემოსულ ბრიფზე დაახლოებით 10 “კრეატივშიკი” იბრძოდა თვისი იდეის გამარჯვებისთვის. ასე, თამაშ-თამაშით შევიძინე გამოცდილება და ცოდნა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ კარიერული ზრდისთვის და ჩემს სფეროში წარმატების მიღწევისთვის აუცილებელი იყო გრაფიკული რედაქტირების პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა და გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი CES-ში, ლადო კობახიძესთან.
კურსის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა გია ბოხუას სტუდიაში გრაფიკულ დიზაინერად. აქ მივხვდი, რომ სარეკლამო სფეროში ეს იყო ის კონკრეტული მიმართულება, რომელიც განსაკუთრებულად მომწონდა. სწორედ ამან მომცა მეტი თავდაჯერებულობა და სურვილი იმისა, რომ უფრო დიდ გამოწვევებს შევჭიდებოდი. ძირითადად, ლოგოებზე ვმუშაობდი. უფრო დეტალებზე ორიენტირებული გავხდი. მომწონდა, რომ ერთ პატარა სიმბოლოში უნდა გამომეხატა კომპანიის მთელი არსი. ის, რომ დღეს ჩემი საქმიანობა ასე ძალინ მიყვარს, გია ბოხუას დამსახურებაა, რომელიც დღესაც დიდ ინსპირაციას მაძლევს.
შემდგომი გამოცდილება მივიღე Leavingstone-ში, სადაც, ძლიერ გუნდთან ერთად, ბევრ საინტერესო პროექტებზე მიწევდა მუშაობა.
ამჟამად, ვმუშაობ ჩემთვის ყველაზე პოზიტიურ სარეკლამო სააგენტო HOLMES & WATSON-ში გრაფიკულ დიზაინერად.













