in ,

ანანო მიმინოშვილის ილუსტრაციები New York Times-ში დაიბეჭდა

ქართველი გრაფიკული დიზაინერისა და ილუსტრატორის, ანანო მიმინოშვილის ნამუშევრები  The New York Times-ში დაიბეჭდა. მსოფლიოში ცნობილ, ამერიკულ გამოცემაში მისი ილუსტრაციები, წელს, მესამედ გამოქვეყნდა.

„ილუსტრაცია Book Review სექციაში დაიბეჭდა. ეს არის ალექსანდრა კლიმანის სტატია ჰელენ ოიეიემის [ბრიტანელი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი] ახალი რომანის „Peaces“ შესახებ, რომელიც ავტორისთვის მეშვიდე წიგნია. მოქმედება მატარებელში ხდება, სადაც არც ერთი მგზავრი არ არის ორდინალური, არც  მატარებელია ჩვეულებრივი – ადამიანების გარდა ვაგონში 2 მანგუსტიც მგზავრობს. რომანი პოსტმოდერნისტული ზღაპარია, რაც ილუსტრაციის ფერებზეც აისახა. არტ  დირექტორები არიან: აურორა კოლონი და მეტ დორფმანი“, – გვიყვება ანანო მიმინოშვილი. 

რაც შეეხება წინა ორ შემთხვევას, გეტყვით, რომ ქართველი ილუსტრატორის ნამუშევრები The New York Times-ში, 2021 წლის აპრილიდან, ჯერ At Home-ის, შემდეგ კი Book Review-ს სექციაში გამოქვეყნდა.

„პანდემიის დაწყების შემდეგ, მოგზაურობის თემისთვის მიძღვნილი გვერდები „ნიუ იორკ თაიმსმა“ დროის შინ გასატარებლად სასარგებლო სტატიებს დაუთმო, Travel სექცია გახდა At Home. არტ დირექტორ ქეთრინ გილმორ-ბარნსთან ერთად, ვიმუშავე 2021 წლის 4 აპრილის ყდაზე. თემა გაზაფხულის, ყვავილობის და ახალი საწყისის გარშემო ტრიალებდა, რაც ორმაგად სასიამოვნო იყო, რადგან ჩემი დაბადების დღე 3 აპრილს არის და გაზაფხულის ათვლასაც ამ დროს ვიწყებ ხოლმე.

ამის შემდეგ, ჩემი ილუსტრაცია The New York Times-ის Book Review-ში, ჰელენ ფილიფსის ნამუშევარს დაერთო. ეს იყო სტატია ჯეფ ვან დერმირის (ამერიკელი ავტორი, რედაქტორი და ლიტერატურის კრიტიკოსი) ახალი ეკო-ტრილერის „კალიბრი სალამანდრა“ შესახებ, რომელიც ავტორის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, უფრო ზუსტად კი ტრილოგიაა. პირველი ნაწილია „ანიჰილაცია“. მის მიხედვით ფილმიც არის გადაღებული ნატალი პორტმანის მონაწილეობით. ახალი რომანი ეკო-ტერორიზმისა და გლობალური დათბობის თემებს ეხება, მთავარი სიუჟეტი კი ჯეინ სმიტის ისტორიას გვიყვება, რომლის ხელშიც აღმოჩნდება ტაქსიდერმირებული კალიბრი და შეცვლის მის ცხოვრებას, თუ როგორ ჯერჯერობით მეც არ ვიცი, რომანის კითხვის პროცესში ვარ. ილუსტრაცია სტატიის მიხედვით დავხატე, რამდენიმე ჩანახატიდან ეს კონცეფცია აირჩია არტ დირექტორებმა (აურორა კოლონი და მეტ დორფმანი). იდეა მარტივია – კალიბრი, როგორც ველური ბუნების, ფაუნის გადაშენების სიმბოლო (წიგნში კალიბრი გადაშენებული ჩიტია) და თავის ქალა, როგორც ადამიანთა რასის მოსალოდნელი დასასრულის სიმბოლო. როგორც აღმოჩნდა, თავად ავტორსაც მოეწონა ჩემი ნამუშევარი, მოგვიანებით დამიკავშირდა და პრინტიც შეიძინა“.

ანანო მიმინოშვილსა და მის ნამუშევრებს „მარკეტერის“ მკითხველი კარგად იცნობს. აქვე გაგახსენებთ ამბავს, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გიამბეთ და ბევრ, ძალიან საინტერესო რამეს აღმოგაჩენინებთ.

„ადამიანს ოცნებები ამოძრავებს“ – ანანო მიმინოშვილის ამბავი

„ფოლადის სახლი“ – ევროპული სტანდარტების სამშენებლო მასალების ქართული საწარმო

მკვლევრებმა თავისუფლად მოძრავი ანიმაციური ჰოლოგრამები შექმნეს!