“Dreams are what keep a man going”
ეს ფრაზა ამერიკელი კინორეჟისორის, ტიმ ბარტონის ძველი ფილმიდან „დიდი თევზი“ დღემდე ძალიან პოპულარულია. პრინციპში, ადამიანს, მართლაც, საკუთარი ოცნებები ამოძრავებს და მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მიზნის მისაღწევად თავს არ ზოგავს. ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ანანო მიმინოშვილზე, პირველად რომ შევხვდი – მისი საქმეც და დასვენებაც ხატვა და ილუსტრაციებია. სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევს, არასოდეს ჩერდება. ტიმ ბარტონი კი შემთხვევით არ მიხსენებია, გოთიკური სტილითა და შავი იუმორით გამორჩეული რეჟისორი, რომელმაც თან „დისნეის“ ყველაზე ფერადი გმირები გააცოცხლა, მისი ერთ-ერთი საყვარელი ხელოვანია.

ახლა რომ ვფიქრობ, ანანოს ილუსტრაციებში და ჩანახატებშიც ხშირად, ორი, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული წერტილი ერთდება. პრინციპში, მის ცხოვრებაშიც. წარმოიდგინეთ, ერთ მხარეს იყო, ან ახლაც არის ქსოვა, ქარგვა, ფიგურული სრიალი, მეორე მხარეს – დრამი და ელექტრო გიტარა. ერთ მხარეს მხიარული, ლაღი პერსონაჟები და ფერად-ფერადი ბუნებაა, მეორე მხარეს – ფართოდ გახელილი, შეშინებული თვალები, რომელსაც ახლა ბოლო რამდენიმე ვიზუალს დაამატებს და Blooming Eyes-ის სერია ამით დასრულდება. ასეთი განსხვავებულობის მიუხედავად, წარმოუდგენელია, მისი ილუსტრაციები ვერ იცნოთ, ან სხვა არტისტის ნამუშევრებში აგერიოთ. მომრგვალებული ფორმები, ცხოველები, მცენარეები, თვალები. წითელი, მწვანე, შავი ფერები. წითელი ფერი ძალიან უყვარს, სხვა დანარჩენს კი ალბათ, უფრო ქვეცნობიერად იმეორებს.
„სულ ექსპერიმენტებს ვატარებ, ვეძებ იმას, რაც მომწონს. საერთოდ, რაც არ უნდა ეცადოს და თუნდაც, ყოველ დღე, რაღაც ახალი აკეთოს არტისტმა, საკუთარი სტილი მაინც ყველას აქვს. სულ რომ ვიღაცის პორტფოლიო გადმოხატო, იქაც კი იქნება შენი ხელწერა“.
თვლის, რომ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, არტისტმა სტილი უნდა შეიცვალოს, ყოველი მომდევნო წინას გაგრძელება, მაგრამ თან, განვითარების ახალი საფეხური უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მის შემთხვევაშიც ასეა. ამაში ძალიან მარტივად დარწმუნდებით, თუ ანანო მიმინოშვილის ნამუშევრებს კიდევ ერთხელ გადახედავთ.

ხატვისა და მუსიკის სინთეზი, ერთმანეთისთვის ისეთივე ორგანული მგონია, როგორც მაგალითად, ყვავილი და ფოთოლი. ამიტომ, არც გამკვირვებია, როცა მითხრა, დილით ვიღვიძებ თუ არა, მუსიკას ვრთავ და მთელი დღე ვუსმენო – „როცა ვმუშაობ, რაღაც მელოდია აუცილებლად უნდა მესმოდეს“. და ეს რაღაც, როგორც წესი, ერთმანეთისგან ჟანრობრივად ძალიან განსხვავებულია ხოლმე. მალე ერთ პროექტზე იწყებს მუშაობას, სადაც მთავარი მუსიკაა და ამიტომ, იმ ვინილის „ფლეილისტს“ მოუსმენს, რომლისთვისაც მთავარი ვიზუალი უნდა შექმნას.

მართალია, ხატვაზე, როგორც პროფესიაზე ფიქრი საკმაოდ გვიან დაიწყო, მაგრამ ბოლოს, რა თქმა უნდა, სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. მეორე კურსიდან მუშაობაც დაიწყო და 2014 წლამდე, სანამ „ლივინგსტონში“ მოხვდებოდა, 11 სამსახური გამოიცვალა. რა არის ამაში გასაკვირი? მით უმეტეს, როცა საუბარი ძალიან ცნობისმოყვარე, დამოუკიდებელ და მიზანდასახულ ადამიანზეა?!

სინქრონული მთარგმნელი, დიზაინერი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასა და „ალიანს გრუპში“, More is Love-ს ვებდიზაინერი და კიდევ ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე კომპანიის გუნდის წევრი. ბოლოს იყო „ლივინგსტონი“, სადაც 3 წელი იმუშავა. ყველა ეტაპი გაიარა, დამწყებიდან სინიორ დიზაინერობამდე და თითქმის, ყველაფერი აქ ისწავლა, რაც ახლა იცის.
„ძალიან გამიმართლა, რომ „ლივინგსტონში“ მის ,,ოქროს ხანაში’’ მოვხვდი. დიზაინის სასწავლად და „სქილების“ განსავითარებლად უკეთეს ადგილს ვერც ვინატრებდი, ვიდრე ეს ,,შავი ოთახი’’ იყო, ნიკა კუმბარის არტ-დირექტორობის პერიოდში“.
თუმცა, დამოუკიდებლობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, უკვე 2 წელზე მეტია, რაც ფრილანს დიზაინერი და ილუსტრატორია.
ანანო მიმინოშვილი: დედაჩემი როგორც ყვება, ხატვა ლაპარაკზე ადრე დავიწყე. ვხატავდი გუაშებით, მარკერებით, რაც ხელში მომხვდებოდა. 6 წლის რომ ვიყავი, ხატვაზე შემიყვანეს, სამხატვრო ათწლედში. ფერწერას, გრაფიკას, ქანდაკებას და გამოყენებით ხელოვნებას ვსწავლობდი. ბოლო კლასებში უკვე ცოცხალ ნატურას ვხატავდი. სამხატვრო აკადემიაში რომ ჩავაბარე, უკვე სერიოზული პრაქტიკა მქონდა, არა და, იქ სფეროსა და კონუსის ხატვას ასწავლიდნენ პირველ კურსზე. თითქმის, არავინ იცოდა ხატვა და ეს ცოტა დემოტივატორი იყო ჩემთვის. ყოველთვის მირჩევნია, ისეთ გარემოში ვიყო, სადაც ყველა ჩემზე უკეთესია. არ ვიცი, ეს კარგია თუ – ცუდი, მაგრამ მირჩევნია, მათგან ვისწავლო, თან მოტივაცია მქონდეს, რომ გავაუმჯობესო ჩემი „სქილები“. საერთოდ, საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ყოველთვის ჩემი უნარებით ვახდენ. ბავშვობიდან მქონდა ჩაბეჭდილი, რომ „ანანო ნიჭიერი ბავშვია, კარგად ხატავს“, სულ ამას მეუბნებოდნენ და მეც ასე აღვიქვამდი საკუთარ თავს.
შენ მიმართ ასეთ მოლოდინს და განწყობას, ხელი არ შეუძლია?
ნეგატიური გავლენა ამას არ ჰქონია. ალბათ, ისეთი პატარაობიდან ვხატავდი და მაშინვე გააკეთეს აქცენტი ამაზე, რომ პირიქით, ჩემთვისაც ეს იყო საკუთარი თავის განსაზღვრება.
და პროტესტი არასოდეს გქონია?
კი, ხანდახან მქონდა. ოღონდ უფრო მოგვიანებით. მაგალითად, როდესაც სამხატვრო სკოლაში ჩემი მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ ბატალური სცენები, დაკუნთული სხეული უნდა მეხატა, რაც მე საერთოდ არ მინდოდა. ხელოვნების ისტორიასაც რომ გვასწავლიდნენ, და ვინჩის, რაფაელის ბიოგრაფიაზე გვესაუბრებოდნენ, მე სხვა ინტერესები მქონდა, უფრო თანამედროვე ილუსტრაციები და ნახატები მომწონდა და თავადაც რაღაც მსგავსის გაკეთებას ვცდილობდი. ალექსანდრე დიუმას ცენტრში დავდიოდი და თანამედროვე, ილუსტრირებული წიგნები გამომქონდა. განსაკუთრებით, კომიქსები მიყვარდა. იქ ვნახე შონ ტენის გრაფიკული ნოველა, თითქმის, ტექსტის გარეშეა. ამ წიგნმა აბსოლუტურად შეცვალა ჩემი წარმოდგენა, თურმე, რამდენად განსხვავებულად შეგიძლია გამოიყენო სახვითი ხელოვნება და ტექნიკური ცოდნა. მისი გავლენით გავაკეთე ჩემი სადიპლომო ნამუშევარიც, რომლის თემაც იყო „თამაში ჭვავის ყანაში“.

ახლაც ასე გამოხატავ ხოლმე პროტესტს, როცა შენი და გარშემომყოფების შეხედულებები არ ემთხვევა, ან მათგან სხვა მოლოდინი გაქვს?
არ ვიცი. იდეაში, დღეს ალბათ, უფრო კომპლექსიანი ვარ, ვიდრე პროტესტანტი. ზოგადად, ძალიან მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, რა პროტესტზეა საუბარი?! Dribbble-ზე რომ დავიწყე ნამუშევრების ატვირთვა, ბევრჯერ თავს ვიკავებდი ხოლმე, მეშინოდა, ვინმესთვის გამაღიზიანებელი არ გავმხდარიყავი. არა და, სულ პატარა პირიქით ვიყავი, ყოველთვის, ყველაფერში ძალიან დიდ ინიციატივას ვიჩენდი. მეტი თავდაჯერებულობაც მქონდა. ახლაც რომ ისეთივე ვიყო, ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდი. საკუთარ თავზე ადეკვატური წარმოდგენა და თავდაჯერება უნდა გქონდეს ადამიანს. ბავშვობის მერე, რაღაც პერიოდი, საერთოდ დავკარგე ეს თვისებები. ცოტა ხნის წინ ისევ გაიღვიძა ჩემში ამ ყველაფერმა. მაგრამ იმ დოზით, ნამდვილად არა.

ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პროექტზე ვისაუბროთ. Blooming Eyes-ს ვგულისხმობ. ანანო მიმინოშვილის ხსენებაზე, პირველ რიგში, ეს სერია ახსენდებათ. განსაკუთრებით ახლა, როცა ჩვენი ცხოვრება სავსეა შფოთვითა და შიშებით . . .
თავიდან, Blooming Eyes სერიის სახით არ მქონდა ჩაფიქრებული. სულ პირველი ჩანახატი ხელით გავაკეთე, მარკერებით, ფერადი. ძალიან მომეწონა, შემდეგ გავაციფრულე. აღმოჩნდა, რომ სხვებიც იმავეს ფიქრობდნენ და კიდევ რამდენიმე ილუსტრაცია გავაკეთე, უკვე კონკრეტული კონცეპტით. ზოგადად ასე ვარ, ჩანახატით ვიწყებ და მუშაობის დროს მიჩნდება იდეები. ამ სერიის მთავარი იდეა არის შიში, რომ ყველგან ვიღაც გიყურებს – სადაც მიცხოვრია, ყველა სახლს ძალიან დიდი ფანჯრები ჰქონდა და სულ მქონდა განცდა, რომ თითქოს, ვიღაც მიყურებდა. კამერებიც არ მსიამოვნებს, „სტიკერებს“ ვაკრავ ხოლმე ლეპტოპის, კომპიუტერის კამერაზე. კიდევ ერთი – მაშინაც მეგონა და ახლაც მგონია რომ, სოც. მედია შფოთვებისა და მენტალური პრობლემების ერთ-ერთი წყაროა. მოკლედ, ასეთი პატარ-პატარა გამოცდილებებით შეიქმნა Blooming Eyes. ზოგადად, ისეთი მშიშარა არ ვარ, ნივთების, მწერების, სიბნელის რომ ეშინიათ. უფრო გაუბედავი ვარ და გადაწყვეტილების მიღების დროს მეშინია ხოლმე.

ემოციები, რომელიც იმ მომენტში გაქვს, ყოველთვის აისახება ხოლმე შენს ნამუშევრებზე?
შეიძლება, იმ მომენტში არ ვფიქრობდე, მაგრამ რაღაცას როცა ვაკეთებ, ჩემი ემოციის პატარა ნაწილი მაინც მოხვდება ნამუშევარში. ყველაფერს ვერ დაბლოკავ, სადღაც აუცილებლად გამოჩნდება, თუნდაც, ქვეცნობიერად.


Blooming Eyes-ის სერია შემდეგ ვიდეოილუსტრაციის სახით გაგრძელდა. შენი ნამუშევრებით გაფორმდა The Darcys-ის “Look Me In The Eyes”. ამ გამოცდილებაზე რა შეგიძლია გვითხრა?
ეს ვიდეო კარანტინის პერიოდში გადაიღეს, მწვანე ფონზე და შემდეგ გაკეთდა ანიმაცია. ამ პროექტზე რამდენიმე ილუსტრატორმა ვიმუშავეთ. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი. ზოგადად, სააგენტოსთან მუშაობა, ილუსტრატორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც წესი, ერთხელ თანამშრომლობას მერე სხვა საერთო პროექტებიც მოჰყვება ხოლმე. დამკვეთი რომ ბევრჯერ მიბრუნდება, დამატებითი მოტივაციაა ჩემთვის, ეს ნიშნავს, რომ მოეწონათ ჩემი ნამუშევრები და კმაყოფილები არიან. ამავე სააგენტოს Blooming Eyes-ის, თითქმის, ყველა პრინტი აქვს ოფისში, რაც ასევე სასიამოვნოა.
წიგნების ილუსტრაციაზეც რომ ვისაუბროთ, რამდენი ასეთი პროექტი იყო შენს შემოქმედებაში?
სულ ორი სერია გავაკეთე, ერთში 1 წიგნი და მეორეში – 2. სიმართლე რომ გითხრა, ბოლო ნამუშევრით ძალიან კმაყოფილი არ ვარ. ფრილანსზე მუშაობა 2018 წლის აპრილში დავიწყე. ძალიან კარგი წელი და პროექტები მქონდა. 2019-ში უფრო დიდი შეკვეთები დაიწყო. ერთ-ერთი ქართული ბრენდის ვიზუალურ ბრენდინგზე ვიმუშავე, რომელიც 6-7 თვე ვაკეთე. პარალელურად, მქონდა ეს წიგნები. თითოში 100-ზე მეტი ილუსტრაცია იყო. ძალიან სწრაფად მიწევდა ხატვა, პროცესშიც ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებდი, რომლითაც მალე შევქმნიდი ამ ილუსტრაციებს და ამიტომ, თითქოს, ვერ აღვიქვი, რას ვაკეთებდი. შესაბამისად, არ ვიყავი აღფრთოვანებული შედეგით. ძალიან ბევრმა საქმემ და სწრაფმა ტემპმა იმხელა ბედნიერების შეგრძნება არ მომცა, პროცესიც, თითქოს, გაიწელა. ემოციურ დონეზე ცოტა მომბეზრდა კიდეც ერთსა და იმავეზე მუშაობა. საერთოდ, მირჩევნია, პატარა პროექტები ვაკეთო, მალე ვნახო შედეგი და ამისგან მივიღო დადებითი ემოციური მუხტი. ფიზიკურად, დასრულებულ ნამუშევარს რომ ვუყურებ, ამ განცდას ვერაფერი მიცვლის. თუნდაც ახლა, უკვე დაბეჭდილ ილუსტრაციებს რომ ვხედავ, სულ სხვა სიხარულია.

ცოტა ხნის წინ, სააგენტო Gramafilm-თან ერთად, BAFTA-ს ვიდეოთამაშების დაჯილდოებისთვის იმუშავე ილუსტრაციებზე. ამ პროექტზე რა შეგიძლია, გვითხრა?
ამ პროექტზე რომ შემომთავაზეს მუშაობა, ძალიან გამიხარდა. თვითონ BAFTA (British Academy Games Awards) ისეთი ორგანიზაციაა, ძალიან სასიამოვნოა ამ მასშტაბის კომპანიასთან თანამშრომლობა. უკვე ჰქონდათ გამზადებული ჩანახატი, კონცეფცია. თუმცა, ჩემი კონტრიბუციაც ჩავდე, თამაშის ერთი გამოგონილი პერსონაჟი შევქმენი, რომელიც სხვადასხვა ვიზუალზე ჩანს. ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის, რომ ღონისძიებაზე დამსწრე ადამიანებს, ვისი შექმნილი ვიდეოთამაშებიც ძალიან მიყვარს, ჩემი ილუსტრაციებით გაფორმებულ ბროშურებს დაურიგებდნენ. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ღონისძიება „ონლაინ“ შედგა. იმედი მაქვს, ისე მაინც გაუგზავნიდნენ მათ ბროშურებს.
შენ ის ქართველი ილუსტრატორი ხარ, ვინც ყველაზე ხშირად თანამშრომლობს უცხოურ სააგენტოებთან თუ დამკვეთებთან.
სხვათა შორის, მეც ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი ამაზე. მე, როგორც ილუსტრატორს, უფრო სააგენტოებთან მიწევს მუშაობა, რაც საშუალებას მაძლევს, ჩავიხედო მათ შიდა სამზარეულოში და მათგან ვისწავლო. ძალიან მივეჩვიე უცხოელ დამკვეთებთან მუშაობას. არ ვიცი, შეიძლება, ეს ჩემგან ძალიან პრეტენზიულად ჟღერდეს, მაგრამ მათ შემთხვევაში ყველაფერი ბევრად დალაგებულია – შენს დროს, რესურსს, შრომას დიდ პატივს სცემენ. ბრიფსაც ძალიან დალაგებულად გაწვდიან და ყველა პირობას გიქმნიან, რომ რაც შეიძლება კომფორტულად იმუშაო და შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინო, ბოლომდე დაიხარჯო. ბუნებრივია, შედეგსაც ამის ადეკვატურად გთხოვენ.

„ემოჯინარიუმის“ იდეა როგორ გაჩნდა? ეს ნამუშევრები როგორ შეიქმნა?
ამ გაზაფხულზე, დასვენება გადავწყვიტე. ძალიან გადაღლილი და მართლა „გადამწვარი“ ვიყავი, ახალი პროექტები აღარ ავიღე. ამას კარანტინიც დაემთხვა და შესაბამისად, მეც სახლში ვიჯექი, ვქარგავდი, ვძერწავდი. ხშირად ვიყენებდი ტელეფონს. გადავწყვიტე, როგორც ერთ-ერთი სავარჯიშო ისე გამეკეთებინა – თავიდან, სოციალურ ქსელში, მეგობრებს ვთხოვე, ერთი სიტყვა ან ერთი ემოჯი მოეწერათ ჩემთვის და მეორეს მე ავარჩევდი. მერე აღმოჩნდა, რომ თავადვე მიგზავნიდნენ წყვილებს და ასეც მერჩივნა. რომ ვხატავდი და თავიანთი იდეებით შექმნილ ახალ ემოჯიებს ხედავდნენ, ყველა ძალიან ბედნიერი იყო. ეს მეც დადებითი ემოციებით მავსებდა. ასე შეიქმნა „ემოჯინარიუმი“.
თანამონაწილეობა ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, ამიტომ ჰქონდათ ეს განცდა მათაც და შენც . . .
კი, რა თქმა უნდა. ზოგადად, დამკვეთებისთვისაც ასეა, რაც უფრო ჩართულია პროექტში, მით უფრო მოსწონთ შედეგიც. გრძნობენ, რომ თავისი კონტრიბუციაც არის და უფრო მეტად ამაყობენ. ჩემთვისაც, როგორც არტისტისთვის ასეა, როცა საკუთარ წვლილს ვხედავ ნამუშევარში. ზოგადად, ძალიან გამიმართლა, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს. ანუ სხვა პროფესია რომ მქონოდა, ალბათ, ამას უფასოდ მაინც გავაკეთებდი. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი იდეალურად არ არის, სტრესიც ახლავს, დაძაბულობაც, მაგრამ მთლიანობაში, ეს პროფესია ჩემთვის სასიამოვნო განცდებთან ასოცირდება.

კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც მინდა ვისაუბროთ, არის „ადამიანები სეულიდან“.
ეს სერია სამხრეთ კორეაში მოგზაურობისას გავაკეთე, უფრო სწორად, ჩანახატები გავაკეთე იქ. სეულში ჩემი მეგობარი ცხოვრობდა და მასთან ვიყავი სტუმრად. სულ 14 დღით ჩავედი, თითქმის ყველა ტურისტული ლოკაცია მომატარა. ერთ დღესაც ვთხოვე, უბრალოდ პარკში წავსულიყავით. ჩემი „აიპედი“ მქონდა წაღებული და დავიწყე ხალხის ხატვა, მერე მეტროშიც ვხატავდი. იქ მხოლოდ ჩანახატებს ვაკეთებდი. ერთ სერიად უკვე თბილისში რომ ჩამოვედი, მერე შევკარი.
შენს ილუსტრაციებში უფრო მეტად ცხოველებს, მცენარეებს, სხვადასხვა საგანს შევხდებით. და ადამიანები?
კი, დასრულებულ ილუსტრაციებში ძირითადად, მცენარეებსა და ცხოველებს ვხატავ. ადამიანებს უფრო – ხელით ჩანახატებში, რომელიც შეიძლება, საერთოდ არ გარდავქმნა ილუსტრაციად. ასე ადამიანების ხატვა ძალიან მომწონს. მზიურში დავდიოდი მთელი ზაფხული და ვხატავდი ხალხს. „ლაივში“ რომ ვხატავ, ანუ ფოტოდან რომ არ ვიხატავ, ეს ბევრად უფრო მომწონს. ასეთ დროს ნამუშევარი სხვანაირი გამოდის – იცი, რომ ცოტა დრო გაქვს, ნებისმიერ წამს შეიძლება ადგეს და წავიდეს. საერთოდ, ხალხი ხომ სულ მოძრაობაშია – ვიღაც ჭამს, ან თავი უდევს ვიღაცის კალთაში, ერთმანეთისგან განსხვავებულად აცვიათ. ამიტომ, ნამუშევრები უფრო დინამიკური და ცოცხალი გამოდის.

შენს ბოლოდროინდელ და გამორჩეულ პროექტებზე ვისაუბრეთ. მათ გარდა, რომელ ნამუშევარს ან სერიას გაიხსენებდი?
ძალიან მიყვარს „თოლიას“ ვებგვერდი, რადგან მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ამ პროექტით ჩემს ცხოვრებაში. თან დიდი სიამოვნება მივიღე და ნამუშევარიც კარგი გამოვიდა. ასევე გამოვარჩევდი მაიმუნების სერიას. მაშინ ჩემთვის ეს ტექსტურა და ტექნიკა ახალი იყო, შემთხვევით მივაგენი – ერთი პროექტი მქონდა, რომელიც სწრაფად უნდა დამესრულებინა და მაშინ აღმოვაჩინე. მერე დავიწყე მაიმუნების სერია. ამ მაიმუნებს, მალე, ბრიტანული რომის შეფუთვაზეც შეხვდებით.
ერთი უცნაურობაა – საქმეს რომ ვიწყებ, თავიდან ყველაფერი ძალიან კარგია. თუ გაიწელა, სადღაც, შუა ეტაპზე, თითქოს, აღარ მომწონს. და რომ მთავრდება, ისევ ძალიან მიყვარდება. როგორც წესი, ამ გზას გადის ჩემთვის ყველა პროექტი.

„კანისა“ და „ევრობესტის“ სარეკლამო ფესტივალებზეც ვისაუბროთ
პირველად, „ევრობესტის“ ადგილობრივ კონკურსში, 2015 წლის შემოდგომაზე მივიღეთ მონაწილეობა მე და ავალამ (გიორგი ავალიანი). ამხელა წარმატებას არ ველოდებოდი, ნამდვილად. მეორე ადგილზე რომ გავედით, მართლა ვერ ვიჯერებდით. ჩვენს პროექტზე საუბრობდნენ და წამიერად გავიფიქრე, რა ნაცნობი პროექტია-მეთქი, ბოლომდე ვერ ვიაზრებდით, რა ხდებოდა, ისეთი გახარებულები ვიყავით. მგონი, ასე არც ერთს, არაფერი გაგვხარებია ცხოვრებაში. ავალამ წინასწარ, ოქროსფერი ხელთათმანები იყიდა და იმით ავედით სცენაზე. ცოტა ხანს სამსახურშიც იმ მედლებით დავდიოდით. რაც შეეხება „ახალგაზრდა კანების“ ფესტივალს, რომელიც 2017 წელს მოვიგეთ, არც აქ ველოდებოდი გამარჯვებას. ბოლო ბრიფზე ძალიან გავიჭედეთ და დიზაინიც ბოლო წამს გავაკეთეთ, არ გვეგონა, წარმატებას თუ მივაღწევდით. მერე უკვე მთავარ კონკურსზე, კანში, ქალების „ჰარასმენტზე“ შეგვხვდა თემა. მართალია, იქ საპრიზო ადგილზე ვერ გავედით, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება იყო.
შენს პროფესიაში რა სირთულეები გხვდება და როგორ უმკლავდები მათ?
სირთულეებს ბევრად უკეთ ვუმკლავდები, ვიდრე მარტივ სიტუაციებს. Სულ ერთი დღე რომ მქონდეს პროექტისთვის, შეიძლება, ბევრად უკეთესად გავაკეთო, ვიდრე – ერთ კვირაში. როცა რთული და საპასუხისმგებლო „თასქი“ მაქვს, ძალიან მინდა, დამკვეთიც კმაყოფილი დარჩეს, იდეაც გამოვიდეს და პანიკის რეჟიმი მერთვება, ამ ქაოსში უფრო მობილიზებული ვხდები და საბოლოოდ, ყველაფერი უკეთ გამომდის. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მქონდა ერთი პროექტი, თან კატა მყავდა ავად, დღე ხომ ვმუშაობდი, შუალედებში ვეტერინართან დავდიოდით, ღამითაც ვმუშაობდი. საბოლოოდ, მაინც მოვახერხე სამ დღეში პროექტის გაკეთება – pitch-მაც კარგად ჩაიარა და ვაგრძლებ ამ პროექტზე მუშაობას, რომელიც ჯერჯერობით, ყველაზე მასშტაბური იქნება რაც აქამდე მქონია. პანიკის რეჟიმი რომ ჩამერთო, ვხატე და ვხატე. ზოგადად, მიყვარს ასეთი გამოწვევები.
ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ამ პროფესიაში?
ყველანაირ გარემოსა და სიტუაციაში ვცდილობ, კარგი შედეგი მქონდეს. თუ პირობებიც ხელს მიწყობს, ხომ უკეთესი. იდეალურია, როცა კლიენტი არის კარგი – იცის რა უნდა, ბრიფი არის გამართული, სწორად გაძლევს დავალებას და კარგ „ფიდბექს“. საერთოდ, ყველანაირად ვცდილობ, საკუთარ თავს კომფორტი შევუქმნა, ახლა სტუდიას ვაკეთებ, მინდა, გიგანტური მაგიდა მქონდეს და ყველაფერი იქვე იყოს, სკამით რომ გავსრიალდები ხელით დავხატო, გამოვსრიალდები – კომპიუტერში. პლანშეტი, პლასტელინი ერთი ხელის გაწვდენაზე მქონდეს. მაგრამ ეს უფრო კომფორტი და ჩემი ოცნების ასრულებაა. ასეთი კომფორტი უბრალოდ საშუალებას გაძლევს, უფრო სწრაფად აკეთო საქმე. მაგრამ ამ ყველაფრის გარეშე, მინიმალური რესურსითაც შეგიძლია, ძალიან კარგი, ხარისხიანი პროდუქტი შექმნა.

ინსპირაციას საიდან იღებ? ან კრიზისს როგორ უმკლავდები?
შეიძლება, გქონდეს პერიოდი, როდესაც ისე ძალიან არ გეხალისება რაღაცის კეთება, როგორც ჩვეულებრივ პერიოდში. მაგრამ გააჩნია სიტუაციას, თუ დროში არ ხარ შეზღუდული და რამე პროექტი სასწრაფოდ არ გაქვს დასასრულებელი, შეგიძლია, ცოტა დაისვენო, სხვა რამეზე გადაერთო, ბუნებაში გახვიდე, გარემო შეიცვალო, მუსიკას მოუსმინო. ამბობენ, „ინსპირაციას მოყვარულები ელოდებიან და პროფესიონალები ვმუშაობთო“, ნამდვილად ასეა. ძალიან ბევრი პრაქტიკული სავარჯიშოა იმისთვის, რომ „გამოძვრე“ ამ კრიზისიდან. ყველაზე მარტივი რომ გავიხსენო, თუ სკამი გაქვს დასახატი, აიღე და დახატე 100-ჯერ და ბოლოს აუცილებლად მიაგნებ გასაღებს. ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებს გარემოს შეცვლა, სულ დავდივარ ხოლმე, ყველაფერს ვაკვირდები, შეიძლება რაღაც ისეთი კადრი დავიჭირო, რაზეც მერე მთელი კონცეფცია ავაგო.
პირველი სერიოზული და ბოლო ნამუშევრები რომ შეადარო, როგორ შეიცვალე ამ გზაზე?

პირველი სეროზული, რაც მახსენდება, 17 წლის რომ ვიყავი და ფანქარში ვხატავდი, ალბათ, იქიდან ერთ-ერთია. ზუსტად ამ პერიოდში დავიწყე უცხოური ბლოგების თვალიერება, Behance-ზე ნამუშევრების ატვირთვა. ბოლო ნამუშევრებიდან, ალბათ, Blooming Eye-ს შევადარებდი. და საოცარი იცი, რა არის? სხვაობა თითქოს, არ არის – ბევრი თემა, ვიზუალი, დეტალი მეორდება. ცოტა ხნის წინ, ვნახე ჩემი ადრინდელი ნახატები, 2011 წელს გაკეთებული სიები, რა მინდა გავაკეთო, რაზე ვიმუშაო და ა.შ. ახლაც სულ ვიწერ, რამე პროექტს რომ მოვიფიქრებ, ან იმ სააგენტოებსა და დამკვეთებს, ვისთან მუშაობაც მინდა. ჯერ ერთი, არ გავიწყდება და მეორეც – სურვილების და გეგმების ვიზუალიზაცია ყოველთვის გეხმარება მიზნისკენ სვლაში. ძველი და ახალი სიები რომ შევადარე, ძალიან ბევრი ერთი და იგივე რაღაც ვნახე – იდეები, რა პროექტი მინდა გავაკეთო. ამ შედარებისას ასევე ვხედავ, რომ მომემატა გამოცდილება, ცოდნა, მაგრამ მგონია, რომ იგივე ნარატივი მოსდევს, ბუნებრივია, სხვა ხარისხში.
ეს პროფესია რომ არა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ანანო მიმინოშვილი?
ძალიან მინდოდა, დრამერი ვყოფილიყავი – პატარაობაში გობელენის საქსოვი ჩხირებით „ვუკრავდი“ ყველაფერზე. მერე, 14 წლის ასაკში მიმიყვანეს დრამზე და ელექტრო გიტარაზე. რამდენიმე წელი ვიარე. ახლაც დიდი სიამოვნებით ვუკრავ ხოლმე გიტარაზე, დრამზე უფრო იშვიათად, რადგან პროფესიიდან გამომდინარე, კარპალური არხის სინდრომი მაწუხებს ხელზე და ამ ჰობის დათმობა მომიწია. ალბათ, რომ არა ილუსტრატორი, დრამერი ვიქნებოდი. თან მშვენიერი თერაპიაა დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა. თუმცა, ეს პროფესიად რამდენად შეიძლება გამომადგეს, არ ვიცი. ამიტომ რეალურ სამყაროში, ილუსტრატორის მაგივრად, ალბათ, პროგრამისტი ვიქნებოდი, რადგან, სამხატვრო აკადემიასა და „თავისუფალი უნივერსიტეტის“ MACS პროგრამას შორის მქონდა არჩევანი ჩაბარებისას.
და ბოლოს, სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
ახლა ყველაფერი ისე აირია, თითქოს, რთულია რამის გათვლა. დიდ სტრესში ვართ და მენტალურად მძიმე გადასატანია ეს ყველაფერი. მაგრამ ამ სიტუაციაში ბევრ რაღაცას აბსოლუტურად განსხვავებულად შევხედე და გარემოზე მორგებაც მომიწია, რადგან რაც წინასწარ მქონდა დაგეგმილი, უკვე შეუძლებელი გახდა, ახალ პირობებში. ვფიქრობ, კურსი გავაკეთო, რაც აქამდე არც დამიშვია. ბევრჯერ მქონია შეთავაზება და სულ უარს ვამბობდი. ჩემი აზრით, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და არ ვთვლიდი, რომ ის რესურსი, ცოდნა და გამოცდილება გამაჩნდა, რომ სხვებისთვის მესწავლებინა. ბოლო დროს კი, მეტი სურვილი გამიჩნდა, სხვებს დავეხმარო. რაც ეს პანდემია დაიწყო, ვგრძნობ, უფრო მშვიდი და გაწონასწორებული გავხდი, მივხდი, რომ არსად მეჩქარება, და ისეთი სიტუაციაა, ყველა პატარა რაღაც უნდა მიხაროდეს. და კიდევ, ძალიან მინდა, ჩემი პატარა Gift Shop მქონდეს.

P.S. ჩვენი 2-საათიანი საუბრის შემდეგ ნამდვილად დავრწმუნდი, ანანოს მართლა საკუთარი ოცნებები ამოძრავებს, უფრო სწორად იდეები და გეგმები, რომლის შესასრულებლადაც შეუძლია, დღე-ღამეში, 24-ის ნაცვლად, 36 საათი გამოძებნოს და ისე იმუშაოს, რომ მხოლოდ რამდენიმე წამით, „ფლეილისტის“ შესაცვლელად მოწყდეს თავის ილუსტრაციებს.
ლილე ხმალაძე












