in

ანანო ნიშნიანიძე – #პირველისამსახური

ბიზნესის ადმინისტრირებაზე ვსწავლობდი, მარკეტინგის მიმართულებით. პირველ კურსზევე გადავწყვიტე, თეორიის პარალელურად, პრაქტიკული ნაწილიც გამემყარებინა და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სარეკლამო კომპანია Betterfly|DDB-ში მივედი გასაუბრებაზე. მაშინ ვიყავი 18 წლის, გამოუცდელი სტუდენტი, რომელსაც ისიც ვერ გადაეწყვიტა გასაუბრებაზე, გრაფიკული დიზაინი უფრო მეტად აინტერესებდა თუ პროექტების მართვა. დათო ჯაშმა მომცა პირველი შანსი და ამიყვანა სამსახურში, რისთვისაც დღემდე უზომოდ მადლიერი ვარ.

სააგენტოში ყველაზე დეფიციტური რესურსი დროა. შესაბამისად, ჩემს ახალ კოლეგებს, ყველა წუთი კონკრეტული საქმისთვის ჰქონდათ გათვლილი, სტაჟიორისთვის არავის ეცალა. თავიდან, ყურადღებას არ მაქცევდნენ, შემდეგ მიმაბარეს არაჩვეულებრივ ექაუნთ მენეჯერს – ქეთი ჯაჯანაშვილს, რომელმაც „ანბანით“ დაიწყო ჩემი გამოწვრთნა და პირველი დავალებაც მომცა. ასე მოვხვდი ღია ზღვაში, რომელში დახრჩობის არც დრო მქონდა და არც უფლება – დათოს ნდობა უნდა გამემართლებინა. ვსწავლობდი მუშაობას, ყოველ ნაბიჯს პრობლემის იდენტიფიცირებიდან, ხორცშესხმულ შედეგამდე.

ვუშვებდი უამრავ შეცდომას და სათითაოდ ყველას ბლოკნოტში ვინიშნავდი. ყველა მარცხი, გამოუვალი სიტუაცია, „არ გამოსვლა“ მქონდა ჩამოწერილი, რაც კარგ „გაიდლაინად“ იკინძებოდა ყოველი მომდევნო პროექტისთვის. პირველ ცდაზე შეიძლება არ გამოვიდეს, გააფუჭო, შეგრცხვეს – მტკივნეულია, მაგრამ ნორმალური. მთავარია, ბევრჯერ ცადო.

სააგენტოში მუშაობისას ჩემი მეორე მენეჯერი ზეპროფესიონალი მარკეტერი და სტრატეგი ნინო კვაჭანტირაძე იყო. ორივემ, ქეთიმ და ნინომ, გამიზიარეს უზარმაზარი გამოცდილება, მასწავლიდნენ, თავისუფლებას მაძლევდნენ. მათი დახმარებით, უამრავი ჯადოსნური პროექტის მონაწილე და შემქმნელი გავხდი. მათ ჩაუყარეს საფუძველი ჩემს მარკეტერად ჩამოყალიბებას.

საბოლოოდ, უკვე ექაუნთ მენეჯერის პოზიციამ მომცა საშუალება ათეულობით პროექტზე მემუშავა როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბრენდებთან. ბრენდინგი, ფროდაქშენი, ივენთ მენეჯმენტი, ბრენდის იმიჯი, ბრენდ პლათფორმა, შეფუთვა, კვლევა… ერთმანეთზე საინტერესო და აზარტული გამოწვევებით მოვიწამლე. ყველა სტრესული მომენტი და გათენებული ღამე მიღირდა წარმატებული შედეგისთვის და მაძლევდა ხალისს ახალი პროექტის დასაწყებად.

ჩემს პროექტში მე ვიყავი ჯუნიორიც და სენიორიც. დამკვეთთან მთელი ჩვენი გუნდის მიერ შესრულებულ საქმეზე მე ვიყავი ანგარიშვალდებული და დამკვეთის მხრიდან ამოცანის ზუსტად ჩამოყალიბებაზე, სწორი ბრიფის მოცემაზეც მე ვიყავი პასუხისმგებელი გუნდთან. ეს არის ექაუნთ მენეჯერის ჯილდოც და სასჯელიც. Betterfly|DDB -ში პირველმა სამსახურმა მაღალი თამასა დაიჭირა როგორც ადამიანურ ისე პროფესიულ ასპექტში.

ანანო ნიშნიანიძე – Hyundai Auto Georgia-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

რატომ გვიყვარს Friends?

მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) პირველი ბიზნეს სამიტი საქართველოში