in

BDO Georgia-ს ბრენდისა და მარკეტინგის მიმართულებას ანანო ციცვიძე უხელმძღვანელებს

BDO Georgia-ს ბრენდისა და მარკეტინგის ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, ეს მიმართულება ანანო ციცვიძემ ჩაიბარა. BDO Georgia-მდე ანანო, განათლების სფეროში იყო და წლების განმავლობაში, GAU-ს კომუნიკაციებს უძღვებოდა. ამას გარდა, არაერთ დამოუკიდებელ მარკეტინგულ პროექტზეც იმუშავა. კომუნიკაციების ინდუსტრიაში მუშაობა უნივერსიტეტის პირველსავე კურსზე დაიწყო და როგორც თავად ამბობს, მაშინვე მოიხიბლა, მივხვდა, რომ სწორ სფეროში აღმოჩნდა. მარკეტერთან ანანო ციცვიძემ ახალ პოზიციასა და პროფესიულ განვითარებაზე ისაუბრა:

„ჩემი პროფესიული გზა მჭიდროდ უკავშირდება განათლების მარკეტინგს, რომელიც თავისი არსით ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. დიდ შესაძლებლობებს გაძლევს მოქნილობის თვალსაზრისით და მუდმივად დაკვირვების რეჟიმში გამყოფებს – სეგმენტის მოლოდინები მზარდია, შენი მიზანია მათ დაეწიო, საუკეთესო შემთხვევაში კი წინასწარ დაინახო და შესაბამისი სტრატეგია შეიმუშავო. როგორც კომუნიკაციის ლიდი, გუნდთან ერთად, წლების განმავლობაში ვქმნიდით პრეცედენტებს განათლების მარკეტინგში, დაწყებული პროფესიული ორიენტაციის პროგრამებით და bootcamp-ებით, დასრულებული პირველი საუნივერსიტეტო სერიალით საქართველოში – ვგულისხმობ „ცვალებადი ნიშნების”, Cavea+ის და GAU-ს ერთობლივ ნამუშევარს. ასევე, არაერთ დამოუკიდებელ მარკეტინგულ პროექტზე მიმუშავია, როგორც განათლების, ასევე ტექნოლოგიების სფეროში.“

M: გვიამბე, რითაა საინტერესო BDO Georgia შენთვის?

BDO ჩემთვის არა მხოლოდ გლობალური ბრენდია, არამედ პლატფორმა, სადაც ინოვაცია და პროფესიონალიზმი ყოველდღიური რეალობაა. მისი ღირებულებები – გახსნილობა, პასუხისმგებლობა და კოლაბორაცია – ძალიან ახლოსაა ჩემს ხედვასთან. საინტერესოა ის, რომ BDO არ შემოიფარგლება მხოლოდ სტანდარტული ფინანსური და საკონდულტაციო სერვისებით, არამედ ცდილობს შექმნას მეტი ღირებულება ბიზნესებისთვის, იყოს ტექნოლოგიურად პროგრესული და თანამედროვე. ჩემთვის ეს არის სივრცე, სადაც შემიძლია ვიყო არა მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ აქტიური მონაწილე ცვლილებების პროცესში.

M: როგორია შენი, როგორც მარკეტერის როლი ახალ პოზიციაზე?

ჩემი როლს ახალ პოზიციაზე ვხედავ ბრენდისa და მისი კომუნიკაციის გაძლიერების ამბასადორად. მარკეტინგული კომუნიკაცია B2B სექტორში ძალიან დიდი გამოწვევაა, ამიტომ ჩემი მთავარი მიზანი იქნება ბრენდი მეტად მეტყველი გავხადო. ჩვენი მარკეტინგული სტრატეგია, არა მხოლოდ არსებული სეგმენტების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე იქნება ფოკუსირებული, არამედ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაზე, რაც კომპანიაში თვისობრივად ინოვავიური მარკეტინგული პრაქტიკის დანერგვას გულისხმობს.

M: როგორია გეგმები და მოლოდინები?

გეგმები იმდენად დიდია და მრავალფეროვანი, რამდენადაც BDO-ს 25 წლიანი ისტორია და გამოცდილება ქართულ ბაზარზე. ბრენდს მნიშვნელოვანი ექსპერტიზა და სათქმელი დაუგროვდა, რომელსაც ეტაპობრივად მოვუყვებით ჩვენს აუდიტორიას. შესაბამისად, ამ მიმართულებით შრომატევადი და საინტერესო პროცესი გველოდება. წელს, BDO მასშტაბურ ცვლილებებს გეგმავს, როგორც ლოკალურ, ასევე რეგიონალურ ჭრილში, მარკეტინგის გუნდის მთავარი ამოცანა კი, ცვლილებების სწორი კომუნიკაცია იქნება.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ფოკუსი სტრატეგიული კოლაბორაციების გაძლიერებაა, რომელიც მეტწილად განსაზღვრას ბიზნესის ბიზნესთან ურთიერთობის ეფექტურობას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას. დიდი სურვილი გვაქვს წარმატებით გავაგრძელოთ სხვადასხვა CSR და მდგრადი განვითარების პროექტები, რომლებიც წლებია ეფექტურად ხორციელდება კომპანიაში.

მჯერა, რომ ენთუზიაზმით და გამოცდილებით, BDO-ში შევძლებთ და ერთად შევქმნით B2B კომუნიკაციის საინტერესო მაგალითს საქართველოში.

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ახალი ლოგო წარადგინა

3 სტრატეგიული კითხვა პროაქტიული ბრენდის შესაქმნელად