in

„ABK-ში ამბობენ ხოლმე – აუ, ეს ისევ კახეთში თუ წავიდა, აღარ ჩამოვაო“ – ანასტასია ახვლედიანი

როდესაც სარეკლამო სააგენტო გაქვს, საქმე ძალიან მრავალფეროვანი და სახალისოა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანისთვის ბუნებასთან ახლოს ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვისაც, ქალაქიდან მოშორებით ყოფნა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო – ბავშვობიდან მიყვარს ბოდიალი. მეღვინეობიდან თავდაპირველი მოლოდინი და მოტივაცია სწორედ საქმის ქალაქიდან მოშორებით კეთება იყო. როდესაც ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებაზე მიდგება საუბარი, პირველი შვილები მახსენდება, რადგან სწორედ მათგან წამოვიდა ის გაასმაგებული მოტივაცია, რითაც ვეკიდები საქმეს, მეორეზე უკვე იცით – სააგენტო ABK, რომელიც 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს დავაარსეთ, ამჯერად, „მეღვინეობა ართანაზე“ გიამბობთ.

ჩემი პაპები კახეთიდან იყვნენ. დედაჩემს სოფელ ართანაში ვენახები ჰქონდა. გადავწყვიტეთ,  შორიდან, თბილისიდან მოგვევლო. 2015 წელს დავიწყეთ. მიღებული მოსავალი ისეთი დიდი ბედნიერება აღმოჩნდა, რომ შორიდან მოვლა ადგილზე მაქსიმალური ჩართულობით შეიცვალა. ნელ-ნელა განვვითარდით და ნატურალურ მევენახეობა-მეღვინეობად ჩამოვყალიბდით.

თელავში სახლი გვაქვს, სადაც გავიზარდეთ. ყოველ ზაფხულს იქ დავდიოდით. ამიტომ, კახეთი ჩემთვის ძალიან საყვარელი კუთხეა. დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, რომელშიც ტრიალებ და იმ ადამიანებს, რომლებიც მაგალითებად იქცევიან ხდებიან. გამიმართლა, რომ ასეთი ადამინები აღმოჩნდნენ კახეთში და სანამ ამ საქმეს დავიწყებდი, მათ მუდმივად ვადევნებდი თვალს. ჩემთვის მისაბაძი იყო სოფო გორგაძე, რომელიც მთელი ოჯახით, თბილისიდან თელავში გადავიდა და თხის ყველის კეთება დაიწყო. გოგა მაისურაძე, რომლის საქმესაც პირველი კოტეჯიდან ვადევნებ თვალს, სოლიკო ცაიშვილი რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ბუნებრივი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაში და ჩემ შემთხვევაში, მანვე მომცა ბუნებრივი ღვინის კეთების მოტივაცია. საქმეში, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი, სწორ დროს სწორ ადგილზე გყავდეს ისეთი ადამიანები, რომლებიც დაგანახებენ – ყველაფერი, რასაც ჩაიფიქრებ და მოინდომებ, გამოვა.

ABK-ში ამბობენ ხოლმე – აუ, ეს ისევ კახეთში თუ წავიდა, აღარ ჩამოვაო… ABK-სა და მის გუნდს დიდი წვლილი აქვს, რომ ეს წამოწყება რეალურ საქმედ იქცა. როდესაც ღვინის კეთებამდე მივედით, ბრენდის შექმნის იდეა გაჩნდა. მიზანი ძვირფასი ქართული ღვინის ბრენდის შექმნა იყო, რაც ძალიან საინტერესოა სარეკლამო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის.

ამ გადაწყვეტილებამ შეცვალა ცხოვრების სტილი და რიტმი. გაჩნდა ორი საყვარელი საქმე და მთავარია, რომ ორივე ძალიან მიყვარს. მნიშვნელოვანია გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ. ამის გარეშე, ალბათ, უფრო ძნელი იქნებოდა მიზნის მიღწევა.

ერთადერთი, რასაც შევცვლიდი, გადავიდოდი კახეთში საცხოვრებლად და უფრო დიდ დროს იქ გავატარებდი, რომ ABK-ს თელავში გადაყვანა რომ შემეძლოს. ბევრი კარგი საქმეა გასაკეთებელი, რის კეთებაც ყველას და რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანას დიდ წარმატებას მოუტანს.

ევროპის ჩემპიონატი და სოციალური მედია

როგორ ცვლის „2 ნაბიჯი“ ყიდვის გამოცდილებას? – ვყვებით ბრენდის ახალ სტრატეგიასა და კამპანიაზე, „დაზოგვა ჭკვიანურია“