28
Sep
2018

ანასტასია ახვლედიანი – #პირველისამსახური

28 Sep 2018

დედა ქსოვდა და კერავდა, მე ეს ძალიან მომწონდა… მქონდა საქარგები, პატარა მძივები, ნაჭრები, ფერადი თივა, ნიჟარები და სხვა პატარა წვრილმანი, რაც ხელსაქმისთვის გამოსადეგია. დედასთან ერთად ვაკეთებდი თოჯონებს. ცოტა მოგვიანებით, თიხისგან დავიწყე მძივების კეთება. სხვადასხვა ფორმისა და ფერის მძივებს ვაწყობდი. ერთხელ, დედას მეგობარმა საჩუქრად თიხისგან გაკეთებული მძივი მოუტანა. გადავწყვიტე მძივების გაყიდვა, მიწისქვეშა გადასასვლელში მივიტანე რამდენიმე მაღაზიაში, ძალიან მოეწონათ და დაიტოვეს გასაყიდად. კვირაში 3-4 მძივს ვყიდდი… ასე გამიჩნდა პირველად საკუთარი ფული.
ძალიან მიყვარდა ფოტოგრაფია. “ფაინენშელს” სხვადასხვა კომპანიაში, მაღაზიების გახსნასა და ინტერვიუებზე დავყავდი, სადაც ვიღებდი ფოტოებს. ფოტოები გაზეთში იბეჭდებოდა, თითო გამოყენებულ ფოტოში 10 ლარს მიხდიდნენ. ეს იყო ჩემი პირველი და ბოლო დაქირავებული სამსახური.

0.5 ანაბარზე

17 წლის ასაკში გავთხოვდი. 18 წლისას უკვე ჩემი პირველი შვილი ნინო მყავდა, 20 წლის რომ ვიყავი, მეორე შვილი – კატო. მუშაობა არსად აღარ დამიწყია. 2008 წელს ომის დამთავრების შემდეგ, მე, ჩემმა ძმამ – ლომერო ახვლედიანმა, ჩემმა ქმარმა კუკუშამ (ნიკუშა მოწონელიძე) და ჩვენმა მეგობარმა ბუბა (შალვა) რადიანმა, გავაკეთეთ სარეკლამო სააგენტო – ABK Advertising. ეს ჩვენი სამსახურიც იყო და ოჯახიც. დიდი შრომა და ძალისხმევა დაგვჭირდა. კლიენტებში გაგვიმართლა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდები და გამოუცდელები ვიყავით, გვენდნენ და დაგვიჯერეს, ეს დიდ ძალას გვაძლევდა და ვცდილობდით, რაც შეიძლება ხარისხიანი და კარგი რეკლამა გაგვეკეთებინა. წელს, ABK 10 წლის გახდა უკვე დიდი და საამაყო ოჯახია. ჩემი პირველი და ყველაზე საყვარელი სამსახური.

ანასტასია ახვლედიანი – ABK-ს თანადამფუძნებელი.

განხილვა