4
Dec
2017

ანასტასია ახვლედიანი – ქართული ფილმის, კინომუსიკისა და ლიტერატურის შთამომავალი

4 Dec 2017

ანასტასია ახვლედიანი, სარეკლამო სააგენტო ABK Communication-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1987 წლის 9 აპრილს დაიბადა და მემკვიდრეობით ერგო მწერალი ბაბუის, გურამ რჩეულიშვილის შემოქმედება, პიანისტი დედის, ია რჩეულიშვილისა და ბებიების – ლინა ბეგიშვილისა და ნანა ავალიშვილის გენები, კინოოპერატორი მამისა და ბაბუის, არჩილ და ლომერ ახვლედიანების გადაღებული ფილმები, მაგალითად, „მზე შემოდგომისა“. თუმცა, ჩვენი ყურადღება მაინც მის მწერალ ბაბუაზე გამახვილდა:

-ანასტასია, თქვენი ბაბუა, ყველამ რომ ვიცით, ის გურამ რჩეულიშვილია?
-დიახ, ასე გამოდის.
ასაკით უკვე პაპა გურამზე დიდია, მისი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად უყვარს „სიყვარული მარტის თვეში“. გარეგნულად თვითონ არ ჰგავს, დედისგან განსხვავებით.

ლომერ ახვლედიანი უმცროსი, ია რჩეულიშვილი, ანასტასია ახვლედიანი

M: რამდენად იქონია გენეტიკამ გავლენა თქვენს პროფესიულ არჩევანზე?
შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან გავიზარდე ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან გარემოში. ოჯახმა თავისთავად დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე. იმის გამო, რომ ხშირად მიწევდა მოსკოვში ფრენა, პირველ პროფესიად „სტიუარდესობა“ მინდოდა. ვუკრავდი ფლეიტაზე, თუმცა მუსიკოსი არ გამოვედი. სწავლას რაც შეეხება ძალიან ბევრი სკოლა შევიცვალე, მოსკოვშიც ვსწავლობდი ცოტა ხანს, თუმცა შემდეგ ისევ საქართველოში დავბრუნდით.

მას შემდეგ, რაც არქიტექტურულზე გადავწყვიტე ჩაბარება, ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა. გავიცანი ჩემი ქმარი კუკუშა, ნიკოლოზ მოწონელიძე. პირველ კურსზე ორსულად ვიყავი და ხაზვა და ხატვა ვეღარ შევძელი. ამის გამო გადავედი ფოტოგრაფიაზე. პარალელურად, ჯიპაში ვსწავლობდი ფოტოზე, სადაც ძალიან საინტერესო სადიპლომო გავაკეთე ფსიქიკურად დაავადებულ პირებზე და დიდი გამოცდილება მივიღე ჩემს ძმასთან, ლომერ ახვლედიან უმცროსთან ერთად. დავდიოთ ასათიანზე, სადღაც 1 თვეზე ცოტა მეტი, მათთან ვატარებდით ძალიან დიდ დროს და თან ფოტოებს ვიღებდით. ძალიან საინტერესო ადამიანები შეგვხვდნენ, რამაც ბევრი ნამდვილი და მოგონილი ისტორია გაგვაცნო, დიდი ემოციები და ცხოვრებისეული გამოცდილება მოგვიტანა.

ისე გამოვიდა, რომ შემდეგ ეს საქმეც მივატოვე და გადავედი სარეჟისორო ფაკულტეტზე „აიბი ევროკავკასიურ უნივერსიტეტში“. როგორც ჩანს, გენეტიკამ მაინც დიდი როლი ითამაშა მომავალ საქმიანობაში, საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ გავხდი პროდიუსერი.

 #პირველისამსახური იყო მაშინ, ჯერ კიდევ სკოლაში რომ ვსწავლობდი. თიხისგან ვაკეთებდი მძივებს, სხვადასხვა ფერად ვღებავდი და მიწისქვეშა გადასასვლელში ვაბარებდი მაღაზიებში, თითო მძივს 10 ლარად ვყიდდი, რაც იმ დროს ძალიან მაგარი იყო. ფულს რომ ვიღებდი, მთელი კლასის გოგოები მივდიოდით „შატალოზე“ დონატებში, კეკელიძეზე. პირველი ნამდვილი სამსახური იყო „financial-ი“, რომლისთვისაც ფოტოებს ვიღებდი და ძალიან მიხაროდა, ჩემს გადაღებულ ფოტოს გაზეთში დაბეჭდილს რომ ვხედავდი.
M: როგორ შეიქმნა ABK და სააგენტოს შესრულებული პროექტებიდან რომლით ამაყობთ?
1996 წლიდან მამაჩემს ჰქონდა “АБК – Aвтомобиль Бизнес Коммерция“, რომელიც ერთ-ერთი პირველი და წარმატებული იყო საქართველოში. აქვე გაკეთდა სტუდია, რომელიც რეკლამას უკეთებდა ბადრი პატარკაციშვილის მანქანების ბიზნესს. შემდეგ, როგორც მამაჩემისგან ვიცი, რთული იყო შპს-ს დარეგისტრირება და ამ სახელით დატოვეს. სამწუხაროდ, 2008 წლისთვის უკვე დახურვის პირას იყო. სწორედ ამ წელს, აგვისტოს ომის დასრულების დღეს, ჩემმა ძმამ, ლომერო ახვლედიან უმცროსმა, კუკუშამ, ჩვენმა მეგობარმა, ბუბა რადიანმა და მე გადავწყვიტეთ სარეკლამო სტუდიის გაკეთება. დავიწყეთ თამაშით და დიდი შრომის შედეგად,  საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო სარეკლამო სააგენტოდ გადავიქეცით. მამის სტუდიის სახელი არ შეგვიცვლია, თუმცა, გახდა “ABK Graphics“ იმის გამო, რომ დიზაინის მიმართულებით დავიწყეთ საქმიანობა. თუმცა, დღეს უკვე სარეკლამო სააგენტო “ABK Communication“ ვართ.

პროექტებიდან, რომლებმაც განსაკუთრებული წარმატება მოგვიტანა, გამოვყოფდი სილქნეტის სარეკლამო რგოლსა და „კაპაროლის“ სარეკლამო კამპანიას:


M:
რა არის ანასტასია ახვლედიანის ამჟამინდელი გამოწვევა?

ამ ეტაპზე, ჩვენი ოჯახის ღვინის – ღVINO განვითარება მაქვს გეგმაში. დედის მხრიდან კახელი ვარ და ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი უკავშირდება ქალაქ თელავს. 10 წლის წინ, დედაჩემმა სოფელ ართანაში იყიდა ვენახები, რომელსაც მე და ჩემი ძმა ვუვლიდით. ნელ-ნელა ეს საქმე მეღვინეობად გადაიქცა. ABK-ში გაკეთდა ლოგო, ბრენდინგი და საყვარელი საქმე რეალობად იქცა. ძალიან მინდა, ისე ავაწყო საქმე, რომ თელავში გადავიდე საცხოვრებლად და მეღვინეობაში განვვითარდ.

M: ვის მიმართ გამოხატავდით მადლიერებას და მისი რა წვლილისთვის, თქვენს ცხოვრებაში?
ჩემ გარშემო ბევრი ადამიანია, ვისაც #მადლობას გადავუხდიდი, თუმცა პირველ რიგში, ეს დედაჩემია, რომლის გარეშეც, ალბათ, არცერთ ადამიანს არაფერი გამოსდის. ასევე, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, შვილებს, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს ჩემი ცხოვრება და მიმახვედრეს, რომ მარტო აღარ ვარ და მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია…

განხილვა