11
Oct
2018

„დიზაინი მეოთხე საუკუნიდან“, ანუ ასომთავრული „ანბანის“ ყოველდღიურ სამოსზე

11 Oct 2018

Startauperi
Startauperi


ბოლო პერიოდში, ქვეყნის უნიკალურობის წარმოჩენა უძველესი ქართული ანბანით გახდა შესაძლებელი. ქართული დამწერლობა არაერთი ადამიანისა თუ ბიზნესის შთაგონების წყაროდ იქცა. მარკეტერის დაკვირვებით, მას ხშირად იპოვნით სხვადასხვა ბრენდის კომუნიკაციაში. მსგავსია ახალბედა ბიზნეს „ანბანის“ შემთხვევაც, თუმცა, საქართველოს ისტორიისა და კულტურის წარმოჩენა მათ ყოველდღიური სამოსის სტილისა და უძველესი დამწერლობის ერთ კონცეფციაში მოქცევით გადაწყვიტეს. შექმნეს სამოსი, რომელიც ქვეყნის ისტორიას მოგვითხრობს და ყოველდღიურად შეგიძლია ატარო. პროდუქტი მთლიანად დაუკავშირეს ქართულ დამწერლობას და ასე ცდილობენ, მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რას ყვება ანბანი.

ბრენდის შემქმნელები კი ყვებიან, რომ ქართულ ბაზარზე არსებული სუვენირების მწირი არჩევანიდან გამომდინარე, უნდოდათ შეექმნათ ერთგვარი სუვენირის სახე, რომელიც იქნებოდა თანამედროვე, ყოველდღიური მოხმარების საგანი, თუმცა, უძველესი ისტორიის მატარებელი.

ჩვენ ვქმნით სხვადასხვა სახის ტანსაცმელს და აქსესუარებს. ვიყენებთ სხვადასხვა ტექსტურას, მაგრამ ჩვენი თითოეული პროდუქტის მთავარი კონცეპტი არის გადმოსცეს ანბანის ისტორია. შეიძლება, ეს იყოს ასომთავრული, ან მხედრული ანბანი, ასევე, შეიძლება ქართული ანბანთან ერთად, იყოს ინგლისურიც, რომ უცხოელ სტუმარს ჰქონდეს წარმოდგენა, რომელი ასო რომლის შესაბამისია, ასევე გვაქვს მაისურები, რომელზეც ანბანის ისტორიისა და მისი შექმნის ამბავია ინგლისურად დატანილი“, – გვიყვება ბრენდის თანადამფუძნებელი – ქეთი გეგიძე.

ქართული ანბანის ისტორია III-IV საუკუნიდან იწყება, ყოველდღიური სამოსის ბრენდ „ანბანის“ ამბავი კი წელიწადნახევარს ითვლის. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც იაპონიიაში 18 წლიანი ცხოვრების შემდეგ, თემუკა ლეჟავა საქართველოში დაბრუნდა. როგორც მარკეტერთან საუბრისას ამბობს, უნდოდა საკუთარი საქმე მშობლიური ქვეყნის ისტორიასთან დაეკავშირებინა. იდეაზე მუშაობა დეიდაშვილ ქეთი გეგიძესთან ერთად დაიწყო. „ანბანის“ პროდუქცია პირველად 26 მაისთან დაკავშირებულ Start up Market-ზე გამოჩნდა და მას შემდეგ, სხვადასხვა ონლაინ მაღაზიისა თუ სოციალური ქსელის გამოყენებით გახდა ხელმისაწვდომი.

ქეთი გეგიძე და თემუკა ლეჟავა

 

„ანბანის“ მაისურები, ჰუდები, ჩანთები, საყელოები, შორტები, თუ სხვა სახის სამოსი და აქსესუარი ქეთი გეგიძის დიზაინით იკერება. ახალბედა სტარტაპერების გეგმები კი ასეთია:

გვინდა საქართველოს საზღვრებს გავცდეთ და რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიტყოს ჩვენი უნიკალური ანბანის შესახებ. ასეთი ერთეული შემთხვევები იყო – გვიგზავნიან ფოტოებს, თუ როგორ აცვიათ ჩვენი სამოსი ამსტერდამსა თუ ვენაში. კულტურის დამწერლობის გზით გაცნობა, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის საშუალება, დაინტერესდნენ, ჩაუღრმავდნენ და მეტი გაიგონ ჩვენი ქვეყნის შესახებ“.

განხილვა