5 წლიანი მოლოდინის შემდეგ, „საოცრებათა პარკში“ მდებარე ანბანის კოშკი ივნისში გაიხსნება და მომხმარებელს უამრავ საინტერესო სანახაობას შესთავაზებს. მათ შორის იქნება მბრუნავი რესტორანი, ობსერვატორია და პანორამული ლიფტები. კოშკი მართველობაში 20 წლის ვადით გადაეცა ესპანურ კომპანიას.
როდის გაიხსნება კოშკი და რა სერვისებს შესთავაზებს მომხმარებელს, ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით “მარკეტერი” ანბანის კოშკის მარკეტინგის მენეჯერს ირინა ხომასურიძეს ესაუბრა.
M: რა ობიექტებია განთავსებული ანბანის კოშკში?
კოშკი სიმაღლით 137 მეტრია და 5 პანორამული ლიფტითაა აღჭურვილი. ზედა სართულზე იქნება ობსერვატორია და ტურისტური ზონა. ობსერვატორიის ქვედა სართულს მბრუნავი რესტორანი დაიკავებს, რომელიც 1 საათში სრულ ბრუნს აკეთებს და აქედან ბათუმის პანორამა იშლება. საღამოობოთ აქ საინტერესო ღონისძებებს ვგეგმავთ, სადაც კლასიკური მუსიკის ფონზე შეგეძლებათ ვახშმობა. ქვედა სართულზე სამომავლოდ განთავსდება ოფისები , საკონფერენციო სივრცეები და VIP MEMBERSHIP კლუბის ოთახები. პირველ სართულზე, კოშკის გარეთ კი ტერასა და ლაუნჯი ეწყობა, სადაც წელს საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებები იგეგმება: ჩამოვიყვნათ სხვადასხვა არტისტებს და დატვირთული იქნება საინტერესო სანახაობებით.
M: ოფიციალურად როდის გაიხსნება ანბანის კოშკი?
ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ობსერვატორიისა და ქვედა ტერასის გახსნა იგეგმება 21 ივნისს, ხოლო რესტორნის, – ივლისის ბოლოს. საკონფერენციო დარბაზები კი, 2016 წლის ბოლოს დაიწყებს ფუნქციონირებას.
M: რა სერვისებს შესთავაზებთ მომხმარებელს?
მბრუნავი რესტორანი მყუდრო გარემოსა და არაჩვეულებრივ ინტერიერს შესთავაზებს მომხმარებელს. შესანიშნავი ხედი იშლება ობსერვატორიიდან, ასეთი ხედი ბათუმის სხვა არც ერთი წერტილიდან არაა. აქ განთავსებული ფართო ეკრანები საქართველოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციას გვამცნობს და ვფიქრობ, ტურისტები ამით ძალიან დაინტერესდებიან. ობსერვატორია ჯერ არ გახსნილა და უკვე ბევრი უცხოელი ტურისტი მოდის კოშკზე ასვლის სურვილით. ასევე, პანორამული ლიფტები და სხვა სანახაობები ნამდვილად დააინტერესებს არა მხოლოდ უცხოელ ტურისტს, არამად საქართველოს მოსახლეობასაც.
M: გაგვიზიარეთ თქვენი გეგმები …
ვთანამშრომლობთ თბილისისა და ბათუმის ტურიზმის დეპარტამენტებთან და გვინდა, რომ კოშკში ამოსულ ტურისტებს მივაწოდოთ მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება. ახლა ვგეგმავთ მომსახურე პერსონალის შერჩევას და შესაბამისად, აჭარის მთავრობასთანაც ვთანამშრომლობთ. იმედი გვაქვს, კიდევ ბევრ პარტნიორს შევიძენთ.
ასევე, პერიოდულად მოვამზადებთ სხვასხვა რეკლამებს. ძირითადი აქცენტი სოციალურ ქსელებზე გაკეთდება და შემდეგ, ეტაპობრივად შემოგთავაზებთ სხვადასხვა ღონისძებებსა და აქტივობებს. ანბანის კოშკი ბევრ საინტერესო საღამოსა და დღეს ჰპირდება მომხმარებელს.