დონალდ რობერტსონი, კოგნიტიურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტი და თანამედროვე სტოიციზმის ერთ-ერთი დამფუძნებელია. თავის ახალ წიგნში – „როგორ ვიფიქროთ სოკრატესავით: ანტიკური ფილოსოფია როგორც ცხოვრების გზა თანამედროვე სამყაროში“ – რობერტსონი ძირითად შეხედულებას გვიზიარებს.
როგორ გამოვიყენოთ სოკრატესეული მეთოდი პრაქტიკაში
ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსს, სოკრატეს, არაფერი დაუწერია. თუმცა, პლატონის ცნობით, სიკვდილის მოლოდინში მყოფმა სოკრატემ ციხეში პოეზია წერა დაიწყო. უფრო საინტერესოა, რომ ოთხი საუკუნის შემდეგ მცხოვრები სტოიკოსი ფილოსოფოსი ეპიქტეტე ამბობდა – სოკრატეს უამრავი პირადი ჩანაწერი ჰქონდა თვითგანვითარების მიზნით, რომელთა გამოქვეყნებასაც არ აპირებდაო. სხვა მოწაფის თქმით, სოკრატე ახალგაზრდებს ფილოსოფიას ფორმალური წერილობითი სავარჯიშოების მეშვეობით ასწავლიდა.
ამ სავარჯიშოსთვის სოკრატე ორ სვეტს ხაზავდა – „სამართლიანობა“ და „უსამართლობა“. მოწაფეს უნდა ჩამოეწერა არასწორი ქმედებები „უსამართლობის“ ქვეშ, როგორიცაა ქურდობა და სიცრუე. ჩვენი ღირებულებების გაგება ხშირად უფრო ადვილია, როცა მათ საპირისპიროს მკაფიოდ ვსაზღვრავთ. თუმცა, სოკრატესეული მეთოდის მთავარი უნარი შემდეგ ნაბიჯში ვლინდება. ის თავის მეგობარს სთხოვდა, წარმოედგინა სიტუაციები, სადაც „უსამართლობის“ სვეტში ჩამოწერილი რამ შეიძლება „სამართლიანობის“ სვეტში მოხვედრილიყო. მაგალითად, გენერალი, რომელიც ომში მტრის იარაღს იტაცებს, შეიძლება ითქვას რომ იპარავს, მაგრამ ეს უსამართლობა არ არის. ასევე, მშობელი შეიძლება გამართლებული იყოს, როცა ავადმყოფ შვილს წამალს საჭმელში უმალავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოტყუების ფორმაა. სოკრატე ასეთი მაგალითების მოფიქრებაში განსაკუთრებით გამოცდილი იყო.
წესებისა და განმარტებების გამონაკლისების მოფიქრება გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ მათი ზედმეტად ხისტად გამოყენება. ეს უნარი მნიშვნელოვანია, რადგან თვითდახმარების წიგნებიდან მიღებული რჩევები და ტექნიკები ხშირად შეზღუდული ღირებულებისაა. სიბრძნე ისაა, რომ დამოუკიდებლად იფიქრო და წესები ახალ სიტუაციებს მოარგო.
განავითარე ალტერნატიული პერსპექტივები
ეპიქტეტეს თქმით, „ადამიანებს აწუხებთ არა მოვლენები, არამედ მათი შეხედულებები ამ მოვლენების შესახებ“. ეს იყო კოგნიტიური თერაპიის – თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიის წამყვანი ფორმა -ერთ-ერთი მთავარი შთაგონების წყარო. ეს იდეა სოკრატემდე უკვე არსებობდა, სტოიკური ფილოსოფიის სკოლის დაარსებამდე საუკუნით ადრე. თანამედროვე ფსიქოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ჩვენი რწმენები უფრო მეტად აყალიბებს ჩვენს ემოციებს, ვიდრე ჩვენ ჩვეულებრივ გვგონია. აზროვნების შეცვლით შეგვიძლია შევცვალოთ ის, თუ როგორ ვგრძნობთ თავს.
თუმცა ჩვენი რწმუნებულება იმდენად ღრმად არის გამჯდარი, რომ გვიჭირს წარმოვიდგინოთ მოვლენების სხვაგვარად დანახვა. როცა ძლიერი ემოციები გვიპყრობს, მაგალითად შიში ან ბრაზი, შეიძლება ბუნებრივად გვეჩვენებოდეს გარკვეული მოვლენების კატასტროფად აღქმა ან გარკვეული ადამიანების აუტანლად მიჩნევა. სოკრატე დროდადრო თანამედროვე კოგნიტიური თერაპევტივით იქცეოდა. ის თავის მეგობრებს სთხოვდა, წარმოედგინათ, შეიძლებოდა თუ არა, რომ მოვლენები, რომლებიც მათ აღელვებდათ, სხვა ადამიანებს სხვაგვარად აღექვათ. რასაც შენ კატასტროფად აღიქვამ, სხვამ შეიძლება ცუდ, მაგრამ დროებით მოვლენად ჩათვალოს, მესამემ კი შესაძლებლობადაც კი მიიჩნიოს. როცა აცნობიერებ, რომ მრავალი ალტერნატიული პერსპექტივაა შესაძლებელი, შეგიძლია უკეთ დაინახო, როგორ ახდენენ შენი რწმენები შენს ემოციებზე გავლენას.
განაცალკევე აზრები გარე მოვლენებისგან
კოგნიტიური თერაპევტები ამბობენ, რომ ჩვენი რწმენები იმ ფერადი ლინზების მსგავსია, რომლითაც სამყაროს ვუყურებთ. წარმოიდგინეთ, რომ გიკეთიათ ლურჯი ლინზები, რომლებიც სამყაროს სევდით აფერადებს. განსხვავებაა იმაში, რომ სამყაროს ლურჯი, სევდიანი ლინზებით უყურებ და იმაში, რომ თავად ლინზებს აკვირდები. ეს პერსპექტივის ცვლილება შეიძლება შევადაროთ საკუთარი მიკერძოებების დაკვირვებას ისე, თითქოს სხვის მიკერძოებებს აკვირდებოდე.
როცა ჩვენი აზრების გარე რეალობისგან განსხვავება შეგვიძლია, ორ მთავარ სარგებელს ვიღებთ. ყველაზე აშკარა ის არის, რომ ჩვენი ემოციების ინტენსივობა მცირდება. მეორეც – უკეთ გამოგვდის პრობლემების დანახვის ალტერნატიული გზების ძიება. ამ მოქნილობით, ჩვენ ვპოულობთ კრეატიულ გადაწყვეტილებებს, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთესად წარიმართოს საქმეები.
თერაპევტებს დღეს ამისთვის სპეციალური ტერმინები აქვთ, როგორიცაა კოგნიტიური დისტანცირება ან დეფუზია, მაგრამ მთლიანობაში, ეს ნიშნავს რწმენებისა და იმ საგნების განცალკევების სწავლას, რომლებსაც ისინი მიემართება. ეს საშუალებას გაძლევს, საკუთარი აზროვნება მეტი ობიექტურობით დავინახოთ. აღმოჩნდა, რომ ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი ემოციური პრობლემებისთვის, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია. ამის გაკეთების ყველაზე მარტივი გზაა აზრების ჩაწერა და მათი დისტანცირებული პერსპექტივიდან დაკვირვება.
წყარო: Fastcompany